📋 სარჩევი
მოციქულისაჲ: ხოლო რომლისათჳს-იგი მოსწერეთ ჩემდა, კეთილ არს კაცისა დედაკაცისა შე-ვე-არა-ხებაჲ (7,1).
თარგმანი: ვინაჲთგან კორინთელთა მიუწერეს მოციქულსა, "უკუეთუ ჯერ-არსა განყენებაჲ ცოლთაგან ანუ არა?" — ამისთჳს მიუწერს, ვითარმედ: უმაღლეს ცოლიერებისასა და უსრულეს ქალწულებაჲ არს; ხოლო უძლურებისათჳს და შემწედ უძლურებისა სჯულიერივე საქმე არს, რაჲთა ესუას კაცსა ცოლი, შჯულიერითა წესითა ხუედრებული მისდა.
მოციქულისაჲ: ხოლო სიძვისათჳს კაცად-კაცადსა თჳსი ცოლი ესჳნ და თითოეულსა თჳსი ქმარი ესჳნ (7,2).
თარგმანი: ვინაჲთგან შენდობით განუწესა ქორწინებაჲ, აწ მიზეზსაცა დაჰრთავს, ვითარმედ: ამისთჳს ბრძანებულ იქმნა მეუღლებაჲ, რაჲთა არა სიძვასა ვინმე შთავარდეს წინადაუდგომელობითა ჴორცთა ბრძოლისაჲთა.
მოციქულისაჲ: ცოლსა ქმარი იგი თანანადებსა პატივსა მისცემდინ; ეგრეთცა ცოლი — ქმარსა (7,3).
თარგმანი: თანანადებობასა საქმისასა ვითარცა შჯულად დაუდებს, ხოლო თუ რაჲ არს პატივი იგი, შემდგომითა სიტყჳთა თარგმნის.
მოციქულისაჲ: ცოლი თჳსთა ჴორცთა ზედა არა უფალ არს, არამედ ქმარი. ეგრეთცა და ქმარიცა თჳსთა ჴორცთა ზედა არა უფალ არს, არამედ ცოლი (7,4).
თარგმანი: აჰა, ესე არს თანანადები პატივი ურთიერთას, რაჲთა არცა ცოლი, არცა ქმარი თჳსთა ჴორცთა ზედა არა უფალ იყვნენ. არამედ ურთიერთას სცვიდენ სიწმიდით საწოლისაგან უცხოჲსა. რამეთუ სხუასა ადგილსა ყოველსავე ზედა ფლობაჲ ქმრისადა მიუცემიეს მოციქულსა, ხოლო აქა სწორად ორთავე მფლობელ ჰყოფს ურთიერთას, ქმარსაცა და ცოლსაცა, ვინაჲთგან ზოგად თანანადებ არს სიწმიდე მამათათჳს და დედათათჳს.
მოციქულისაჲ: ნუ განეშორებით ურთიერთას, გარნა თუ შეთქუმით რაჲმე ჟამ რავდენმე (7,5).
თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ, ვითარმედ: ნუ დააკლდებით ურთიერთას. რამეთუ ზემო თქუმულსა მასვე თანანადებსა მოაჴსენებს, ვითარმედ: ნუ დააკლებთ ურთიერთას პატივსა თანანადებსა, ესე იგი არს, რაჲთამცა ერთი განეყენა თჳნიერ მეორისა ნებისა, და ერთისა მის ჟამერთ მარხვაჲ სიწმიდისაჲ მეორესა მიზეზ ექმნა ცოდვასა შთავრდომისა. ამისთჳს შეთქუმულებით ორთავე ნებითა იქმნებოდენ განყენებაჲ იგი.
მოციქულისაჲ: რაჲთა მოიცალოთ ლოცვად და მარხვად (7,5).
თარგმანი: რაჲთა ზემოჲთ-რე დაწყებითა უსაკუთრესად წარმოვთქუნე სიტყუანი ესე, ვითარმედ: ნუ დააკლდებით ურთიერთას, გარნა თუ შეთქუმულებით ჟამიერად. რამეთუ ესე არს ჟამიერებაჲ, რაჟამს ზოგად ორთავე სთნდეს, რაჲთა მოიცალონ მარხვად და ლოცვად. ამას რაჲ იტყჳს, არა თუ დღეთა მათ ურთიერთას ყოფისათა მარხვისაგან და ლოცვისა განაყენებს, არამედ ამას აუწყებს, ვითარმედ შჯულიერი ურთიერთას ყოფაჲ მეუღლეთა შჯულიერთაჲ არა თუ შეგინება, არამედ უცალოება ოდენ არს. ამისთჳს, დაღაცათუ ერთად ყოფასა მასცა შინა მმარხველ და მლოცველ იყვნენ, არამედ იშჳთ სადმე და ჟამიერად ზოგად ორთავე ნებითა კეთილ არს უმოცალეს-რე მიდევნებაჲ მარხვისა და ლოცვისაჲ.
მოციქულისაჲ: და კუალად ურთიერთასვე იყვენით, რაჲთა არა განგცადნეს ეშმაკმან უთმინოებითა თქუენითა (7,5).
თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, რაჲთა არა მიამყოვრონ განყოფაჲ იგი ჟამ-ერთი, არამედ ურთიერთასვე იყვნენ, რაჲთა არა მიმყოვრებულითა განყოფითა განმცდელ ექმნეს ეშმაკი; არა უთმინოებითა, არამედ, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, უზავ-ყოფითა თქუენითა; ესე იგი არს, რაჟამს არა შეზავებულად გეპყრას ჟამი ურთიერთას კიდე-ყოფისაჲ, და ესრეთ, მიმყოვრებითა განყენებისაჲთა მიიღოს მტერმან მიზეზად მძლავრებაჲ ჴორცთა ბრძოლისაჲ, და ეგრეთ, მემრუშე ყოს ერთი ორთა მათაგანი. ამას თანა ცხად ჰყოფს, ვითარმედ: არა თუ ჴორცნივე ჩუენნი იჴუმინეს საბრძოლელად ჩუენდა, ვერარაჲთ თავით თჳსით გუეკუეთების მტერი. ამისთჳს გჳჴამს, რაჲთა არა განვაძჳნებდეთ ბრძოლასა მისსა უზომოდ შუებითა და განსუენებითა ჴორცთა ჩუენთაჲთა.
მოციქულისაჲ: ხოლო ამას ვიტყჳ შენდობით, არათუ ბრძანებით (7,6).
თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: არათუ სხუად რადმე გაყენებ დამარხვად კრძალულებასა ცოლთაგან მრავალ ჟამ განყენებისასა, არამედ შიშითა უმეტესსა ბრალსა მრუშებისასა შთავრდომისაჲთა შენდობით თანაშთამომავალ უძლურებისა თქუენისა ვიქმნები და გეტყჳ ზოგად ყოფასა, და არათუ, ვითარ-იგი მრუშებისაგან, ეგრეთვე მარხვისა და ლოცვისაგანცა განგაყენებ. რამეთუ უკუეთუ ვიეთნიმე მეუღლენი გამოცდილ და უშიშ იყვნენ მრუშებასა შთავრდომისათჳს ზოგადითა განზრახვითა, არა დაყენებულ არიან მიმყოვრებით მოცლად მარხვისათჳს და ლოცვისა. ხოლო უკუეთუ ერთკერძო საშიშ იყოს მრუშებისა ბრალსა შთავრდომაჲ მძლავრებითა ჴორცთა ბრძოლისაჲთა, მაშინ არღარა კეთილ არს ერთისა მის დაყოვნებითა მოცალებასა შინა მარხვისა და ლოცვისასა მეორისა მის შთაგდებაჲ ბრალსა მრუშებისასა ამისთჳს შენდობით ვეტყჳ და არა ბრძანებით, შემოკლებად დღეთა მათ განყენებისათა. ამისთჳს, რაჟამს ამას ჰყოფდეთ და შიშითა ჴორცთა ბრძოლისაჲთა ვერ მიამყოვრებდეთ განყენებასა მას, შენდობითად შეგერაცხენ, და ნუ ვითარცა ბრძანებისა აღმასრულებელნი ჰზუაობთ.
მოციქულისაჲ: რამეთუ მნებავს ყოვლისა კაცისა ყოფად ვითარცა თავი ჩემი, არამედ კაცად-კაცადსა თჳსი მადლი აქუს ღმრთისაგან; რომელსამე ესრეთ და რომელსამე ეგრეთ (7,7).
თარგმანი: სადაცა ფიცხელსა რასმე და მძიმესა უბრძანებდეს, რაჲთა არა შეუძლებელ ჰგონონ, ამისთჳს თავსა თჳსსა სახედ მისცემს. და კუალად, რაჲთა არა შეაწუხნეს იგინი ყუედრებითა ჴორცთა მძლავრებისაჲთა, ამისთჳს უჩუენებს, ვითარმედ ქალწულებაჲ მადლი არს ზეგარდამო ღმრთისა მიერი. ხოლო არა ამისთჳს ეტყჳს, ვითარმედ ზეგარდამოჲსა ოდენ მადლისა მიერ მომცემის, და არარაჲ კაცობრივი უჴმს მას მოსწრაფებაჲ, არამედ ამისთჳს აღასუბუქებს სიტყუასა თჳსსა, რაჲთა ნუგეშინის-სცეს მათ. უკუეთუ არა, ესე უეჭუელ არს, ვითარმედ ზეგარდამოჲ მადლი მოსწრაფებითა და მოღუაწებითა კაცთაჲთა უმეტესად მოიგებვის, არამედ ესე მათისა ნუგეშინის-ცემისათჳს, ზეგარდამო ღმრთისა მიერად მადლად იტყჳს ორსავე ამას. ვითარ რომელიმე ქალწულებასა იმარხავნ, ხოლო რომელიმე კმა-იყოფნ, რაჲთა ქორწინებისა ოდენ პატიოსნებაჲ დაიცვას შეუგინებელად. ხოლო ამას ნუმცა ვინ იჭუნეულ არს მოციქულისათჳს, ვითარმცა ოდესმე ცოლიერ ყოფილ იყო, და აწ განყენებით მმარხველ სიწმიდისა, რომელი-ესე უეჭუელ არს. რამეთუ ჰასაკსაღა სიჭაბუკისასა იყო, რაჟამს იწოდა უფლისა მიერ, რომლითა ცხად არს, ვითარმედ ყოვლად ქალწულებით დაცვულ იყო.
მოციქულისაჲ: ვეტყჳ უქორწინებელთა მათ და ქურივთა: კეთილ არს მათდა, უკუეთუ ეგნენ ესრეთ, ვითარცა მე. ხოლო უკუეთუ ვერ დაითმინენ, იქორწინედ; რამეთუ უმჯობეს არს ქორწინებაჲ, ვიდრე განკურვებაჲ (7,8-9).
თარგმანი: ესე არს სიტყუაჲ საეჭუ მყოფელი, ვინაჲთგან უქორწინებელთა და ქურივთა უბრძანებს ყოფად, ვითარცა თჳთ, უკუეთუ თჳთ პირველთაგანი ? იყო, ცხად არს, ვითარმედ უქორწინებელთაჲ, და არა შემდგომად დაქურივებისა მმარხველთა სიწმიდისათა[ჲ...]. ? ხოლო შენ იხილე სიბრძნე მისი, ვითარ წინა-უყოფს ოდენ უმჯობესსა და არა თუ ? აიძულებს-ცა, შიშითა უმეტესსა ბრალსა შთავრდომისაჲთა, რაჟამს ქალწულებისა და სიწმიდისა ვერ დამცველნი სიძვისა ანუ მრუშებისა ბრალითა განიცადნენ. ამისთჳს, რომელნი იმძლავრებოდინ ჴორცთა ჴურვებისაგან, მათ ამცნებს შჯულიერად ქორწინებად, რაჲთა არა უშჯულოებისა ბრალსა შთავარდენ ჴურვებისა მიერ.
მოციქულისაჲ: ხოლო ქორწინებულთა მათ ვამცნებ (არა მე, არამედ უფალი) ცოლსა ქმრისაგან არა განშორებად (7,10).
თარგმანი: არათუ ზემოჲ იგი სიტყუაჲ თჳნიერ უფლისა უთქუამს, ანუ ესე მისსა უმეტეს უფლისაჲ არს (რამეთუ ყოველსავე პავლეს მიერ თქუმულსა ქრისტე იტყოდა პირითა პავლესითა), არამედ ვინაჲთგან იგი — წინადადებითი იყო, რჩევითი და განზრახვითი, ხოლო ესე — შჯულ და მტკიცე. ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: "არა მე, არამედ უფალი". ესე იგი არს, ვითარმედ: არღარა ორთა წინა-დაუსხამ გამოსარჩევლად, ვითარ-იგი უყავ ქურივთა და უქორწინებელთა, არამედ ქორწინებულთა მიმართ მტკიცე, და მას ვიტყჳ, რაჲ-იგი უფალმან ბრძანა სახარებასა შინა, რაჲთა არა განიშორებოდინ ურთიერთას თჳნიერ სიტყჳსა სიძვისა, ესე იგი არს მიზეზითა სიძვისაჲთა.
მოციქულისაჲ: ხოლო უკუეთუ განეშოროს, ეგენ უქორწინებელად, გინა ქმარსავე დაეგენ (7,11).
თარგმანი: ესრეთ იტყჳს ვითარმედ: უმჯობეს არს არა-განშორებაჲ, ხოლო განეშოროს თუ ცოლი ქმარსა, ეგენ უქმროდ, ვითარცა მქონებელი ქმრისაჲ, დაღაცათუ არა თანა-ყოფით, არამედ გონებით და შჯულკეთილობით.
მოციქულისაჲ: და ქმარი ცოლსა ნუ დაუტევებნ (7,11).
თარგმანი: ესე თჳთ იგი სიტყუაჲ არს ქრისტესი, რაჲთა თჳნიერ მიზეზთა სიძვისათა არა დაუტეოს ქმარმან ცოლი.
მოციქულისაჲ: ხოლო სხუათა მათ ვეტყჳ მე, არა უფალი: უკუეთუ ძმასა ვისმე ესუას ცოლი ურწმუნოჲ და მას ჯერ-უჩნდეს ყოფაჲ მის თანა, ნუ დაუტევებნ ცოლსა მას (7,12).
თარგმანი: ვინ არიან სხუანი იგი? რამეთუ არა მათ ეტყჳს, რომელნი ქრისტიანობასა შინა იყვნენ, ვითარმცა მეუღლე-იყოფდეს ურწმუნოსა, არამედ მათ, რომელნი ზოგად ორნივე ურწმუნოებასა შინა ყოფილ იყვნენ მეუღლენი, და ერთი იგი მოსრულ იყოს სარწმუნოებად, ხოლო მეორე ჯერეთ იყოს-ღა ურწმუნოებასა შინა. ამისთჳს არა თქუა, ვითარმედ: "რომელსა ენებოს მიყვანებაჲ ურწმუნოჲსაჲ", არამედ - უკუეთუ ვისმე ესუასო პირველ, ურწმუნოებასა შინა თჳსსა მოყვანებული ცოლი ურწმუნოჲ, და შემდგომად ქმრისა მის მოქცევისა ურწმუნოებასა მას შინა დაშთომილსა ცოლსა არა ენებოს განშორებაჲ ქმრისაგან თჳსისა, ნუ განიშორებნ მას მორწმუნე იგი.
ხოლო საძიებელ არს, თუ ვითარ სიძვისათჳს დატევება-სცემს, ხოლო ურწმუნოებისათჳს — არა? — ამისთჳს, რამეთუ დაღაცათუ უძჳრეს სიძვისა არს ურწმუნოებაჲ, არამედ სიძვაჲ საჩინოჲ ბრალი არს, საქმით აღსრულებული, ხოლო ურწმუნოებაჲ გონებისაჲ ოდენ არს, უცნაური და საეჭჳ მოქცევისათჳს. ამისთჳს, უკუეთუ ოდენ ერთკერძოჲ იგი მეუღლე მტკიცედ დგეს სარწმუნოებასა შინა, მოსალოდებელ არს ოდესმე ურწმუნოჲსა მისცა მოსლვაჲ სარწმუნოებად.
ხოლო იტყოდის თუ ვინმე, ვითარმედ: უკუეთუ რომელი შეეყოს მეძავსა, ერთჴორც არს, ცხად არს, ვითარმედ შეყოფილიცა ურწმუნოჲსაჲ ერთჴორც იქმნების მის თანა. ვითარ მას აყენებს და ამას არა? — ვიტყჳ უკუე, ვითარმედ: ჰე, ესეცა ერთჴორც არს, არამედ სძლევს სიწმიდე მორწმუნისა მის კერძოჲსაჲ არაწმიდებასა ურწმუნოჲსა მისსა. რამეთუ სიძვასა შინა ორნივე არაწმიდა არიან, მეძავიცა და რომელი შეეყოს მეძავსა მას; ხოლო აქა, დაღაცათუ ერთკერძოჲ იგი არაწმიდა იყოს ურწმუნოებისათჳს ოდენ, ამით იგიცა წმიდა არს, რამეთუ შჯულიერისა მეუღლისადა შეყოფილ არს, და, რომელსა-იგი შეეყოფვის, თჳთ იგი ორკერძოვე წმიდა არს —მოწმუნეობითაცა და შჯულიერებითაცა ქორწინებისაჲთა. და კუალად, სხჳთ კერძო არს არაწმიდებაჲ იგი ურწმუნოჲსაჲ შჯულისა უღმრთოებითა, და სხჳთ ეზიარების მორწმუნესა მას, — ჴორციელითა შეერთებითა. ხოლო მეძვისა შეერთებაჲ მითვე იქმნების, რომლითა არაწმიდა არს, ესე იგი არს — ჴორციელითა შეერთებითა.
მოციქულისაჲ: და დედაკაცსა თუ ესუას ქმარი ურწმუნოჲ და მას ჯერ-უჩნდეს ყოფაჲ მის თანა, ნუ დაუტევებნ ქმარსა მას, რამეთუ განწმდების ქმარი იგი ურწმუნოჲ ცოლისა მისგან მორწმუნისა, და განწმიდნების ცოლი იგი ურწმუნოჲ ქმრისა მისგან მორწმუნისა (7,13-14).
თარგმანი: იგივე შჯული ამცნო ცოლსა, რაჲ-იგი ქმარსა, და მერმე ზოგად განუქარვებს იჭუსა მორწმუნესა მას კერძოსა, რაჲთა არა განჴადოს ურწმუნოჲ იგი შიშითა შეგინებისაჲთა. ამისთჳს გამოაჩინებს სიმდიდრესა სარწმუნოებისასა, რაჟამს არა თავით თჳსით წმიდად, არამედ მორწმუნისა მიერ განწმედილად უწოდს ურწმუნოსა მასცა, რომლითა ზოგად ნუგეშინის-სცემს მორწმუნესა, და თანად უჩუენებს ურწმუნოსა მას სიმდიდრესა ქრისტიანეთა სარწმუნოებისასა, ვითარ არა ხოლო თჳთ წმიდა, არამედ სხუათაცა განმწმედელ არიან მორწმუნენი, რაჲთა ესრეთ სურვილად სარწმუნოებისა მოიყვანოს იგი.
მოციქულისაჲ: უკუეთუ არა, შვილნიმცა თქუენნი არაწმიდა იყვნეს, ხოლო აწ წმიდა არიან (7,14).
თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: უკუეთუმცა არა სძლევდა სიწმიდე იგი მორწმუნისაჲ არაწმიდებასა ურწმუნოჲსასა, შეემთხუეოდა-მცა მათგან შობილთა მათ, ანუ ყოვლად არაწმიდებაჲ, ანუ ნახევარსა ზედა სიწმიდე; ხოლო აწ სრულებით წმიდა არიან, რომლითა ცხად არს სიმდიდრე სარწმუნოებისაჲ, რომელი სძლევს არაწმიდებასა ერთკერძოჲსასა.
მოციქულისაჲ: ხოლო უკუეთუ ურწმუნოჲ იგი განეყენებოდის, განეყენენ; არა დამონებულ არს ძმაჲ იგი გინა დაჲ იგი ესევითარითა მით, რამეთუ მშჳდობასა გჳწოდნა ჩუენ ღმერთმან (7,15).
თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: უკუეთუ არა სათნო-ეყოფვოდის ურწმუნოსა მას ყოფაჲ მორწმუნესა თანა, განეშორენ, რამეთუ უმჯობეს არს დაჴსნაჲ მეუღლებისაჲ დაჴსნასა სარწმუნოებისასა. ვინაჲთგან თავს-დებად ურწმუნოჲსა მის ამისთჳს უბრძანებ მორწმუნესა, რაჲთა ჰგებდეს მას, უკუეთუ სიმშჳდით იყოფებოდის მის თანა; ხოლო უკუეთუ დღითი-დღე იბრძოლებოდის და ენებოს კუალად მიქცევაჲ მისი თჳსადვე ურწმუნოებად, განეშორენ მისგან! რამეთუ არა ეგოდენ დამონებულ არს მისდა, რაჲთამცა მეშფოთეცა და მბრძოლი იტჳრთა. ამისთჳსცა ჯერ-არს, რაჲთა მშჳდობის-ყოფისათჳს განვაშოროთ მეშფოთე იგი, რამეთუ მებრვე ამისთჳს ჩინებულ ვართ, რაჲთა დავამშჳდებდეთ ურთიერთას.
მოციქულისაჲ: რამეთუ რაჲ იცი, დედაკაცო, აცხოვნო თუ ქმარი შენი? ანუ შენ რაჲ იცი, მამაკაცო, აცხოვნო თუ ცოლი შენი? (7,16).
თარგმანი: კუალად უშფოთველისავე ზოგად ყოფისათჳს სიტყუა-ჰყოფს, ვითარმედ: უკუეთუ ოდენ არა შფოთებდეს, თავს-იდევ კერძოჲ იგი გუამისა შენისაჲ; ნუუკუე და მიმყოვრებასა ჟამისასა მოიყვანო იგი სარწმუნოებისა მიმართ შენისა. იხილე ვითარ არა იძულებით, არამედ რწმუნებით ჰყოფს მათ, რაჲთა თავს-იდებდენ ურთიერთას სასოებითა ყოფადისა კეთილისაჲთა.
მოციქულისაჲ: არამედ კაცად-კაცადსა ვითარცა განუყო ღმერთმან, და კაცად-კაცადი ვითარცა იჩინა უფალმან, ეგრეცა ვიდოდენ (7,17).
თარგმანი: აწინდელსა ამას "არამედსა" "უკუეთუ არაჲ" უსაკუთრეს არს, და ესრეთ, ვიეთმე მიერ სხუებრ წარკითხვითა განცხადნების დაფარულებაჲ ძალისა მისისაჲ: "რაჲ იცი, მამაკაცო, აცხოვნო თუ ცოლი შენი, უკუეთუ არა!" (ესე იგი არს "გინათუ არა"), რაჲთა აქა იყოს სასუენი მკითხველისაჲ. და მერმე ახლად თავად იწყოს: "კაცად-კაცადსა ვითარცა განუყო ღმერთმან..."
ხოლო ძალი სიტყუათაჲ ამათ ესე არს, ვითარმედ: "რაჲ იცი, მამაკაცო, აცხოვნო თუ ცოლი შენი ანუ არა!" რამეთუ "უკუეთუ არაჲ" იგი "ანუ არაჲსა" ნაცვალი არს. და ვინაჲთგან უცნაურ არსო ცხოვნებაჲ და არა-ცხოვნებაჲ მისი, ამისთჳს გეტყჳ, რაჲთა უცნაურისა საქმისათჳს არა განიყვნეთ ურთიერთას, არამედ კაცად-კაცადსა ვითარცა განგიყო ღმერთმან და ვითარცა გიჩინა, გინა თუ სრული გუამი ცოლ-ქმართაჲ, ანუ მეუღლე მორწმუნე მეუღლისაგან ურწმუნოჲსა, მასვე ზედა ვიდოდეთ და ნუ განჰყოფთ ქორწინებასა მიზეზითა ურწმუნოებისაჲთა.
მოციქულისაჲ: და ესრეთვე ყოველთა ეკლესიათა უბრძანებ (7,17).
თარგმანი: ამისვე პირისათჳს თანაზიარად მიცემითა სხუათაჲთა უგულსმოდგინე ჰყოფს მათ სმენად, ვითარმედ: არა თქუენ ოდენ, არამედ სხუათაცა ყოველთა ეგრეთვე უბრძანებ.
მოციქულისაჲ: წინადაცუეთილი თუ ვინმე იჩინა, ნუ იურვინ; წინადაუცუეთელი თუ ვინმე იჩინა, ნუ წინა-დაიცუეთნ წინადაცუეთილებაჲ არარაჲ არს და წინა-დაუცუეთილებაჲ არარაჲვე არს, არამედ დამარხვაჲ მცნებათა ღმრთისათაჲ (7,18-19).
თარგმანი: ზოგადობასა და სისწორესა სარწმუნოებისასა ყოველთა ახარებს, რაჲთა არა უჴდებოდიან ურთიერთსა, არცა ზუაობდეს სხუაჲ სხუასა ზედა, ვინაჲთგან ყოველთა სწორად შეიწყნარებს ქრისტე, რომლისაცა ნათესავისა და შჯულისაგან მოსრულ იყვნენ მისსა, ოდენ დამმარხველმცა არიან მცნებათა მისთა.
მოციქულისაჲ: კაცად-კაცადი ჩინებითა მით, რომლითა იჩინა, მასცა ზედა ეგენ (7,20).
თარგმანი კუალად იგივე სიტყუაჲ წინა-უყო ყოველთა, რაჲთა გარდასრულთათჳს არას ზრუნვიდენ, ოდენ წინამდებარეთა ჟამთათჳს მოიგენ კრძალულებაჲ დაცვისა მცნებათაჲსაჲ.
მოციქულისაჲ: მონაჲ თუ იჩინე, ნურაჲ გეურვებინ; არამედ დაღათუ ძალ-გედვას განთავისუფლებად, უფროჲსღა იჴუმიე (7,21).
თარგმანი: ესე ცხად არს, ვითარმედ არად სავნებელ-ყოფასა მონებისასა დაამტკიცებს, და ესოდენ ფრიად, ვიდრემდის, "დაღათუ ძალ-გედვას განთავისუფლებაჲ, — იტყჳს, — შენ უფროჲსად აღირჩიე მონებაჲ, ვითარცა არა ხოლო არარაჲთ მავნებელი, არამედ ვითარცა წარმმართებელიცა ღმრთისმსახურებისაჲ". ხოლო ამას რაჲ ვიტყჳ, არავე უმეცარ ვარ მე, ვითარ ვიეთმე "უფროჲსღა იჴუმიეჲ" ესე — ესრეთ გულისჴმა-ყვეს, ვითარმედ: "ძალ-გედვას თუ, — განთავისუფლდი მონებისაგან", რომელი-ესე ფრიად წინააღმდგომ არს ნებასა მოციქულისასა, რომელი-იგი ესრეთ იტყჳს, ვითარმედ "დაღათუ ძალ-გედვას განთავისუფლებაჲ, შენ ეგრეთცა იჴუმიე მასვე მონებასა შინა ყოფაჲ, ვითარცა უმეტეს დამამდაბლებელობითა გონებისაჲთა დიდად შემწე ღმრთისმსახურებისაჲ".
მოციქულისაჲ: რამეთუ რომელი უფლისა მიერ იჩინოს მონაჲ, უფლისა მიერ განთავისუფლებულ არს (7,22).
თარგმანი: ესე არს თავისუფლებაჲ მონისაჲ, რაჲთა, ვითარ-იგი ქრისტემან გამოიჴსნა მონებისაგან ცოდვისა, მასვე წესსა ზედა ეგოს, და არარას დაემონოს სულისა სენთაგანსა რომელ არს გულისთქუმაჲ ჴორცთა და საჴმართაჲ. არამედ ეუფლოს გულისთქუმასა და გულისწყრომასა, რამეთუ ამათგან თავისუფალი ვერ სადა დააკუეთოს აზნაურებისაგან ქრისტეს მიერისა, მონებამან განხრწნადთა კაცთამან.
მოციქულისაჲ: ეგრეთცა აზნაური, რომელი იჩინოს, მონაჲ არს ქრისტესი (7,22).
თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: ქრისტეს მიერ ჩინებულნი ყოველნი ზოგად განთავისუფლებულ არიან ცოდვისაგან და სწორებით მონა ქრისტესსა.
მოციქულისაჲ: სასყიდლით სყიდულ ხართ; ნუ იქმნებით მონა კაცთა (7,23).
თარგმანი: რამეთუ მომიყიდნა ჩუენ ღმერთმან მამამან სისხლითა მხოლოდშობილისა მისა თჳსისაჲთა, მონებისაგან მტერისა.
მოციქულისაჲ: კაცად-კაცადი რომლითაცა იჩინა, ძმანო, მას ზედაცა ეგენ ღმრთისა მიერ (7,24).
თარგმანი: ესევე ერთი სიტყუაჲ არს მონათა მიმართ და აზნაურთა; არათუ პირველთა უწესოებათა შინა ყოფად მბრძანებელი, არამედ მასვე ადგილსა და სახლსა, რომელსაცა შინა მორწმუნე იქმნა. ესე იგი არს, რაჲთა არა მიზეზითა მორწმუნეობისაჲთა დაუტევებდენ მონანი უფალთა, ანუ ცოლნი — ქმართა, არამედ მუნვე, სადაცა იყვნენ, მასვე ადგილსა შეიკრძალენ მოქმედებაჲ მცნებათა ღმრთისათაჲ, რომლისა კეთილად მორწმუნენი დაღაცათუ უღელსა ქუეშე იყვნენ მონებისასა, ვერვინ მბრძანებელთაგანმან არწმუნოს მათ საქმე რაჲმე განმარისხებელი ღმრთისაჲ; ვითარ-იგი იყო იოსებ, რომელი ვერ მიდრიკა სიწმიდისაგან სივერაგემან დედოფლისამან. ხოლო რომელი ნიჭთათჳს ანუ ნაყროვნებისა მიჰყვებოდის ნებასა კაცთასა, საქმედ უჯეროებისა, ესევითარი იგი ზოგადი მონაჲ არს კაცთა და ვნებათაჲ, დაღაცათუ ჴორცითა აზნაურ იყოს. ამის სულიერისა მონებისაგან ოდენ დაგუაყენებს მოციქული, ხოლო ჴორციელსა მას უფროჲსღა გუაწუევს, ვითარცა სარგებელსა.
მოციქულისაჲ: ხოლო ქალწულთათჳს ბრძანებაჲ უფლისა მიერ არა მაქუს, ხოლო ვაზრახებ ვითარცა შეწყალებული უფლისა მიერ სარწმუნო-ყოფილ (7,25).
თარგმანი: ვინაჲთგან ჯერეთ ჩჩჳლთა მიმართ მეტყუელებდა, ამისთჳსცა შიშითა მათისა ურჩებისაჲთა, არა ბრძანებით, არამედ განზრახებით ეტყჳს, რამეთუ არა თუ თჳნიერ ბრძანებისა ღმრთისა იტყოდა რას მოციქული, არამედ ამას აუწყებს, ვითარმედ: რასა-ესე გეტყჳ, უფლისა მიერ გეტყჳ; არა ბრძანებით, რაჲთა არა საშჯელი მოგატყუა, ვითარცა გარდამავალთა შჯულისათა, არამედ განზრახებით, რაჲთა თქუენცა გაჩუენო წყალობაჲ, ვითარცა თჳთ შეწყალებულმან უფლისა მიერ. რამეთუ ამისთჳს შევიწყალე უფლისა მიერ, რაჲთა, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, სარწმუნო ვიქმნე. ესე იგი არს, ვითარმედ: ამისთჳს შევიწყალე, რაჲთა მეცა სარწმუნო ვიყო სხუათა მიმართ, ქონებად წყალობისა.
მოციქულისაჲ: მე ეგრეთ ვჰგონებ, ვითარმედ ესე კეთილ არს მოწევნულისა მისთჳს ურვისა, რამეთუ უმჯობეს არს კაცისა, ესრეთ თუ იყოს (7,26).
თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ: ვჰგონებ უკუე ამისსა კეთილ ყოფასა მოწევნულისა მისთჳს ჭირისა, რამეთუ კეთილ არს კაცისა ესრეთ ყოფაჲ. ესე იგი არს, ვითარმედ წინამდებარეთა ამათ ჟამთა ჭირისათჳს კეთილ არს კაცისა, რაჲთა თავისუფალ იყოს იძულებისაგან, და რომელსაცა შინა იყოს უცოდველთა საქმეთაგანსა, მადლობით მასვე შინა იყოს ნებსითითა აღრჩევითა და წადიერებითა.
მოციქულისაჲ: შე-თუ-ყოფილ ხარ ცოლსა, ნუ განუტევებ. თავისუფალ თუ ხარ ცოლისაგან, ნუ ეძიებ ცოლსა (7,27).
თარგმანი: ესრეთ უსაკუთრეს არს: შეკრულ ხარ ცოლისადა, ნუ ეძიებ განჴსნასა. განჴსნილ ხარ ცოლისაგან, ნუ ეძიებ ცოლსა. რამეთუ ზემოთა მათ სიტყუათა თანა-ეწამების, და განჴსნად აწინდელსა ამას ადგილსა არა თუ შეთქუმულებითსა მას უწოდს ჟამ-ერთ განყენებასა, არამედ თჳნიერ სიძვისა სიტყჳსა დაჴსნასა მეუღლებისასა, რამეთუ პარველთა მათ ბრძანებით უბრძანებს, რაჲთა არა დაიჴსნნენ შჯულიერისა მეუღლებისაგან. ხოლო მეორეთა — რაჲთა უკუეთუ ? თავისუფალ არიან ? ქორწინებისაგან, არღარა მეძიებელ იყვნენ მეუღლისა, წარმავალობისათჳს საწუთროჲსა და სიმცირისათჳს დღეთაჲსა. არამედ ამათ განზრახებით განაზრახებს, არა თუ ბრძანებით შჯულად დაუდებს.
მოციქულისაჲ: იქორწინე თუ, არაჲ სცოდე; და თუ იქორწინოს ქალწული, არაჲ ცოდა (7,28).
თარგმანი: არა-ცოდვითა ქორწინებულისაჲთა განჰმართებს შიშსა ამას, ნუუკუე არა ყოველთა დასატევნელ იყოს ქალწულებაჲ. ამისთჳს ცხად ჰყოფს, ვითარმედ უცოდველი საქმე არს ქორწინებაჲ. ხოლო ქალწულად ამას ადგილსა ქალსა იტყჳს, ჯერეთ გამოუცდელსა ქორწინებისასა, რომელმან, იქორწინოს რაჲ, არა ცოდავს; და არა თუ, მას, რომელსა ღმრთისადა აღეთქუას ქალწულებაჲ. რამეთუ ამან, უკუეთუ იქორწინოს, მემრუშე იქმნების ქრისტესსა, რომლისა სძალ ქმნილ იყო ქალწულებითა.
მოციქულისაჲ: ჭირი ჴორცთაჲ თავს-იდვან ეგევითართა მათ, ხოლო მე თქუენ გერიდები (7,28).
თარგმანი: ესე სიტყუაჲ უქორწინებელთა მიმართ არს, ვითარმედ: ვინაჲთაგან ჭირ ჴორცთა არს მეუღლებაჲ, და ერთგზის შეუღლვილთა არღარა ჴელ-ეწიფების დაჴსნად მეუღლებისა, ამისთჳს მე თქუენ, რომელნი-ეგე არღა ქორწინებულ ხართ, წინა-განგაზრახებ არა-შთავრდომად ჭირსა მას, რამეთუ მეწყალით, ვითარცა შვილნი.
მოციქულისაჲ: ხოლო ამას გეტყჳ, ძმანო, ჟამი ესე შემოკლებულ არს ამიერითგან (7,29).
თარგმანი: რაჟამს თქუა ქორწინებულთა მათთჳს, ვითარმედ: "ჭირი ჴორცთაჲ აქუს", რაჲთა არავინ თქუას, ვითარმედ: "და გემოჲცა!" — ამისთჳს წარმავალობითა საწუთროჲსაჲთა განჰკუეთს გემოსა მას; ვითარმცა ეტყოდა, ვითარმედ: მე წინა-გიყავ ჭირი ჴორცთაჲ, ხოლო თქუენ ნუუკუე და წინა-მიყოთ გემოჲ იგი ჴორცთაჲ, ამისთჳს მე ზედა-დავჰრთავ, ვითარმედ: ქონებასა თანა ჭირისასა არცაღა გემოჲ აქუნდეს შემოკლებითა ჟამისაჲთა; რამეთუ აჰა საწუთროჲ ესე წარვალს: აჰა მახლობელ არს სასუფეველი ქრისტესი, რომლისა მიმართ განსლვად მიწოდებულ ვართ.
მოციქულისაჲ: რაჲთა, რომელთა ესხნენ ცოლ, ესრეთ იყვნენ, ვითარმცა არა ესხნეს (7,29).
თარგმანი: ვითარ იყოს "სხმაჲ" და "ვითარცა არა-სხმაჲ"? — გარნა ესრეთ, რაჲთა არარას ჰმორჩილობდენ მათ სიცოფითა ამით სოფლიოთა გულისთქუმათაჲთა; და კუალად, რაჲთა არა უდებ იყვნენ ჟამად-ჟამად მოცალებად მარხვისათჳს და ლოცვისა.
მოციქულისაჲ: და რომელნი ტიროდიან, — ვითარმცა არა ტიროდეს; და რომელთა უხაროდის, — ვითარმცა არა უხარის, და რომელნი იყიდდენ, — ვითარმცა არაჲ აქუნდა (7,30).
თარგმანი: ესე სიტყუანი ყოველნი ზოგად წარმავალობისა და დაუდგრომელობისა ამის საწუთროჲსა შემასმენელ არიან, რამეთუ ვინაჲთგან მახლობელ არს სიკუდილი, ყოველივე ესე საწუთროჲ არარა არს; არცა ტირილი, არცა სიხარული, არცა სყიდაჲ გინა განსყიდაჲ.
მოციქულისაჲ: და რომელნი იმსახურებდენ სოფელსა ამას, —ვითარმცა არა იმსახურებენ (7,31).
თარგმანი: ყოველივე საშუებელი ამის სოფლისაჲ, რაჲცა რაჲ იჴუმიოს კაცმან, ვითარმცა არა უჴუმევიეს. რამეთუ არა ამისთჳს შემოყვანებულ ვართ სოფლად დამბადებელისა მიერ, რაჲთა გემოთა მისთა მივსდევდეთ (რამეთუ ამას ჴუმევასა არა-ჴუმევა ჰქჳან, ვინაჲთგან, რაჟამს ვიძლინეთ გულისთქუმათაგან, მაშინ არა ჩუენ სოფელი, არამედ სოფელსა ჩუენ უჴუმევიეთ), არამედ საქმედ კეთილისა, და წარმავალითა მოგებად წარუვალსა დადგინებულ ვართ მეუფისაგან. და რომელმან ყოს ესე, მან ჭეშმარიტებით იმსახურა სოფელი, და არა თჳთ მსახურ იქმნა სოფლისა. ამისთჳს საწყალობელ არს, რომელმან დაუტეოს ქმნაჲ მისი, რაჲსათჳს შექმნულ არს (ცხად არს, ვითარმედ — მოქმედებისათჳს მცნებათა სამეუფოთა), და იქმნეს მონა სოფლისა და სოფლისმპყრობელისა.
მოციქულისაჲ: რამეთუ წარვალს ხატი ამის სოფლისაჲ, და მნებავს თქუენი, რაჲთა უზრუნველ იყვნეთ (7,31-32).
თარგმანი: წარმავალობაჲ რაჲ გესმას, გულისჴმა-ყავ, ვითარმედ აღსასრული აქუს ხილულსა ამას სოფელსა, რომლისაგან პირველი უზრუნველობაჲ ესე არს, რაჲთა არა ჴორციელსა მეუღლებასა შევაკრნეთ თავნი ჩუენნი. ხოლო ხატ ამის სოფლისა, გინა თუ, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, სახე სოფლისა დაუდგრომელობასა მისსა უწოდს, ვითარ არარაჲ ხილულთა ამათგანი არს სამარადისო, არამედ ყოველივე სიზმრებრ და აჩრდილებრ განქარვებად.
მოციქულისაჲ: უქორწინებელი იგი ზრუნავს უფლისასა, ვითარ-ძი სათნო-ეყოს უფალსა, ხოლო ქორწინებული იგი ზრუნავს სოფლისასა, ვითარ-ძი სათნო-ეყოს ცოლსა (7,32-33).
თარგმანი: ჰხედავა, ვითარ სოფლიოჲ ოდენ შეერაცხების ზრუნვად, რომლითა უზრუნველ ყოფაჲ ჩუენი ენება მოციქულსა, ხოლო უფლისა სათნო-ყოფისა ზრუნვასა ჭეშმარიტად უზრუნველობად შეჰრაცხს! ხოლო ესე ყოველთა შორის ცხად არს, თუ რაოდენ უმაღლეს არს სათნო-ყოფაჲ ღმრთისაჲ სათნო-ყოფასა ცოლისსა.
მოციქულისაჲ: განყოფილ არს დედაკაციცა იგი და ქალწული (7,33).
თარგმანი: დედაკაცად აწინდელსა ამას ადგილსა ქორწინებულსა უწოდს, ხოლო ქალწულად —უქორწინებელსა.
მოციქულისაჲ: უქორწინებელი იგი ზრუნავს უფლისასა, რაჲთა იყოს წმიდა ჴორცითაცა და სულითაცა (7,34).
თარგმანი: აჰა თჳთვე გამოსთარგმნის, თუ რაჲ არს ზრუნვათა მათთა არა ერთობაჲ; ? ანუ თუ ვითარ იქმნების ზრუნვაჲ უფლისაჲ. ცხად არს, ვითარმედ — სიწმიდითა; არა ხოლო ჴორცთა, არამედ გონებისაჲთაცა რაჲთა არა ხოლო ჴორცითა ქალწულ, არამედ გონებისა მიერითა კრძალვითა სულითაცა ქალწულებდეს.
მოციქულისაჲ: ხოლო ქორწინებული ზრუნავს სოფლისასა, ვითარ-ძი სათნო-ეყოს ქმარსა (7,34).
თარგმანი: ესე არს სათნო-ყოფაჲ ქმრისაჲ, თუ ვითარ პირშუენიერ იყოს და მაშენებელ სახლისა, და რაჲთა არცა გლახაკთა მიმართ განჰმარტებდეს ჴელსა კაცთმოყუარებისასა.
მოციქულისაჲ: ხოლო ამას თქუენისა უმჯობესისათჳს ვიტყჳ; არა რაჲთა საფრჴე დაგიგო თქუენ, არამედ შუენიერად და კეთილად დადგრომად უფლისა მიმართ უზრუნველად (7,35).
თარგმანი: იხილე, ვითარ მოშიშ არს მოციქული ჴელმწიფებით რასმე ბრძანებად მათდა უსრულესისა, რომლისათჳს ეტყჳს, ვითარმედ: ქალწულებისათჳს რაჲ გეტყჳ, ნუ ჰგონებთ თუ საფრჴედ მძლავრებისად დაგირწყუამ სიტყუათა ამათ (რამეთუ იძულებასა საფრჴედ უწოდს), არამედ ნებსით აღგარჩევიებ შუენიერად და კეთილად დადგრომად უზრუნველობასა შინა ქალწულებისასა, რომლისასა რაჲმცა უშუენიერეს იყო, რაჟამს, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, სახე კეთილ და სლვა კეთილ უფლისა მიმართ განუბნეველ იყოს.
მოციქულისაჲ: უკუეთუ ვისმე სარცხჳნელ უჩნდეს ქალწულებაჲ თჳსი, იყოს თუ გარდასრულ, და ეგრეთ ჯერ-უჩნდეს ყოფად, რომელი უნდეს, ყავნ, არა ცოდავს; იქორწინედ (7,36).
თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ, ვითარმედ: უკუეთუ ვინმე უშუერება-ჰგონებდეს ქალწულისა თჳსისა, აღზრდილ თუ იყოს, ესრეთ უმჯობეს ყოფასა, რომელი ჰნებავს, ყავნ; არა ცოდავს; იქორწინედ. ესე იგი არს, ? ვითარმედ: უკუეთუ ვისმე უშუერება ბუნებისა შეერაცხოს ღმრთისად განკუთნვაჲ, და ვითარ-იგი უმჯობეს არს, ქალწულად დაცვაჲ აღზრდილისა და ჰასაკად მოსრულისა ასულისა თჳსისაჲ, — რაჲცა უნდეს, იგიცა ყავნ. რამეთუ მე უმჯობესობაჲ მითქუამს ქალწულებისაჲ, ხოლო ორივე უცოდველ არს — კრძალულებით ქალწულებაჲცა და შჯულიერად ქორწინებაჲცა.
მოციქულისაჲ: ხოლო რომლისასა დამტკიცებულ არს გულსა მისსა მტკიცედ, და არა აქუს ურვაჲ, და ჴელმწიფებაჲ აქუს თჳსსა ნებასა ზედა, და ესე განაჩინა გულსა შინა თჳსსა, დამარხვად თჳსი ქალწულებაჲ, კეთილად ჰყოფს (7,37).
თარგმანი: რაჲ იყო პირველისა მის უშუერ საგონებელ ყოფაჲ? — ცხად არს, ვითარმედ —დაუმტკიცებლობაჲ გონებისაჲ, რომლითა ვერ გულპყრობილ იქმნა ქალწულებით აღთქუმად [· · ·] ასულისა თჳსისა, ამით შიშითა, ვითარმედ, ნუუკუე ვერ-დაცვითა თჳსისა ქალწულებისაჲთა ექმნეს ასული იგი სირცხჳლ მშობელთა თჳსთა. ამისთჳს აწ მოციქული მრავალსახედ აქებს მეორესა ამას, რამეთუ უწოდს მტკიცედ გულითა, და თჳნიერ ურვისა განმაჩინებელად თჳთმფლობელითა ნებითა ქმნილსა მას აღთქუმასა ასულისა თჳსისა ქალწულად დამარხვისასა. ვინაჲცა ამისისა ქებისაგან ცხად არს მისი ძაგებაჲ, რომელმან-იგი შიშითა ვერ-დაცვისაჲთა არა ყო აღთქუმაჲ ასულისა თჳსისა ქალწულებისაჲ, არამედ აქორწინა. ცხად არს, რამეთუ ვერ დადგრომითა გულისაჲთა მტკიცედ საქმესა შინა ღმრთისასა, ამისთჳს მტკიცესა ამას აწუევს მოციქული დამარხვად; არა თჳსისა ქალწულებისა, არამედ, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, თჳსისა ქალწულისა, რომელ არს ასული მისი.
მოციქულისაჲ: და რომელმან იქორწინოს თჳსი იგი ქალწულებაჲ, კეთილად ჰყოფს; ხოლო რომელმან არა იქორწინოს, უმჯობესსა ჰყოფს (7,38).
თარგმანი: ესეცა სიტყუანი ესრეთ უსაკუთრეს არიან: ვინაჲცა, რომელმან განათხოვოს, კეთილად ჰყოფს, ხოლო რომელმან არა განათხოვოს, უმჯობესსა ჰყოფს. რამეთუ მშობელსა ქალისასა ეტყჳს, ვითარმედ: არა ცოდვა არს, უკუეთუ მიათხოო ასული ქმარსა. და ყოველი რომელი არა ცოდვა არს, იგი კეთილ არს. ხოლო ქალწულებით დაცვაჲ შვილისაჲ — კეთილთა უკეთეს არს. იხილე, ვითარ თანა-შეტყუებითა ქორწინებისაჲთა განმზრახ ექმნების ქალწულებასა.
მოციქულისაჲ: დედაკაცი შეკრულ არს შჯულითა, რავდენ ჟამ ცოცხალ არს ქმარი მისი; ხოლო უკუეთუ მოკუდეს ქმარი იგი, თავისუფალ არს, უნდეს თუ ქორწინებაჲ; გარნა ხოლო უფლისა მიერ (7,39).
თარგმანი: აჰა ამითცა შეკრულებითა ქმრისცოლისაჲთა აღმატებულ ყო პატივი ქალწულისაჲ, ვითარ განჴსნილ არს საკრველისაგან. და კუალად, შემდგომად სიკუდილისა ქმრისა, თავისუფალ წოდებითა მდუმრიად ამას აწუევს, ვითარმედ: ნუღარა შეიკრვი, ერთგზის განჴსნილი კრულებისაგან. ხოლო დაღაცათუ კუალად იქორწინებდეო, ეტყჳს, უფლისა მიერმცა არს ქორწინებაჲ შენი. ესე იგი არს, ნუ მიზეზითა გულისთქუმისაჲთა, არამედ შვილთსხმისა და კრძალულებით სახლისპყრობისაჲთა.
მოციქულისაჲ: ხოლო უსანატრელეს არს, უკუეთუ ეგრეთ დაადგრეს ზრახებისა ჩემისაებრ (7,40).
თარგმანი: არა იძულებით უბრძანებს, არამედ ზრახებით აზრახებს, რაჲთა სურვილითა ნეტარებისაჲთა შეიტკბოს სიწმიდე.
მოციქულისაჲ: ვჰგონებ, ვითარმედ სული ღმრთისაჲ მაქუს მე (7,40).
თარგმანი: ვინაჲთგან ამას თავსა შინა მრავალგზის იტყჳს: "მე, არა უფალი", — ამისთჳს დასასრულსა სიტყჳსასა დაჰრთავს, ვითარმედ დაღაცათუ მეუღლეთაჲ ოდენ განწესებაჲ წარმოვთქუ უფლისა მიერ, და მას ოდენ სახელ-ვსდევ მისდად, ხოლო ქალწულთაჲ — ესე ვთქუ ჩემდად. არამედ ნუვე ჰგონებთ ჩემთჳს, ვითარმცა რაჲმე მეთქუა თჳნიერ ბრძანებისა, რომელი-იგი ჩემდად ვთქუ, რამეთუ არა სახარებისაგან შემოღებული არს, ვითარცა-იგი ქმრის ცოლთათჳს ბრძანებული სიტყუაჲ, არამედ რომელი-იგი მე ვთქუ, სულითა ღმრთისაჲთა მითქუამს. ხოლო "ჰგონებსი" დაჰრთო, არა თუ ამისთჳს, ვითარმცა საეჭუელ იყო პავლესთჳს ქონებაჲ სულისა წმიდისაჲ, არამედ რაჲთა აჩუენოს სიმრავლე სიმდაბლისაჲ სიმაღლესა შინა ნიჭთასა, რომელნი მას აქუნდეს მადლითა სულისაჲთა.