მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თავი ე̂. განმზადებულისა მისთჳს სასოებისა და მადლისა

წმინდა იოანე ოქროპირი
მთარგმნელი: წმინდა ეფრემ მცირე
რედაქტორი: Titus

📋 სარჩევი

მოციქულისაჲ: აწ უკუე განმართლებულ ვართ სარწმუნოებითა და მშჳდობაჲ გუაქუს ღმრთისა მიმართ, უფლისა ჩუენისა მიერ იესუ ქრისტესსა, რომლისაგანცა მოუჴედით სარწმუნოებითა მადლსა მას, რომლითაცა ვდგათ და გიქადით სასოებითა დიდებისა ღმრთისაჲთა (5,1-2).

თარგმანი: ვინაჲთგან ფრიადი რაჲმე წარმოთქუა სარწმუნოებისათჳს, ამისთჳს აწ დასძენს კეთილთა საქმეთა მიერისა განმართლებისათჳსცა, რამეთუ ესე არს სარწმუნოებასა თანა ქონებაჲ მშჳდობისაჲ, რაჲთა არღარა მიმედევნნეთ ცოდვასა, რამეთუ ცოდვანი არიან მიზეზ ღმრთისმბრძოლობისა. ხოლო მშჳდობისა ქონებაჲ ღმრთისა მიმართ ესრეთ მოიგებვის, რაჲთა შეუდგეს კაცი მცნებათა მისთა და არღარა მბრძოლ იყოს მისსა, მოქმედებითა ცოდვათაჲთა, რამეთუ რომელმან-იგი პირველთა ცოდვათაგან გჳჴსნნა და სარწმუნოებად , ის მიერ ამიერითგან უცოდველად დაცვაჲ ჩუენი. ხოლო შენ იხილე, ვითარ მადლი რაჲ თქუა, აწდელნი კეთილნი მოგუაჴსენნა, მონიჭებულნი ჩუენდა ნათლისღებისა მიერ, რამეთუ მის მიერ ვდგათ მტკიცედ. ხოლო სიქადული რაჲ დაჰრთო სასოებითა დიდებისა ღმრთისაჲთა, მერმეთა მათ კეთილთა სურვილად აღგუძრნა, რაჲთა მათდა მიმართ ცოდვითა უცვალებელად და მტკიცედ ვდგეთ სარწმუნოებასა ზედა და კეთილთა საქმეთა, და ყოველნივე შრომანი ქრისტესთჳს სიქადულად შეგუერაცხნენ, ვითარცა მომლოდეთა მერმისა მის დიდებისა მის-მიერისათა.

მოციქულისაჲ: არა ხოლო ესე, არამედ ვიქადით-ცა ჭირთა შინა. უწყით, რამეთუ ჭირი მოთმინებასა შეიქმს, ხოლო მოთმინებაჲ - გამოცდილებასა, ხოლო გამოცდილებაჲ — სასოებასა, ხოლო სასოებამან არა არცხჳნის, რამეთუ სიყუარული ღმრთისაჲ განფენილ არს გულთა ჩუენთა, სულითა წმიდითა, რომელი მოცემულ არს ჩუენდა (5,3-5).

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: არა ხოლო მერმეთა მათ მოცემადთა კეთილთა ზედა ვიქადით, არამედ, რომელ-იგი წინააღმდგომცა ვიეთმე ჰგონიან, — ჭირთა ზედა ამის სოფლისათა, რომელნი-იგი მოთმინებასა შემძენენ ჩუენ. ხოლო მოთმინებისა შესაძინელი არს, რაჲთა ესოდენი გამოცდილებაჲ მისცეს კაცსა, ვიდრემდის არღარა ეწყინებოდის შემთხუევაჲ ჭირთაჲ. ხოლო გამოცდილებაჲ მოატყუებს სასოებასა საუკუნეთა კეთილთასა. ხოლო რომელი მათდა მიმართ ესვიდეს, ესევითარსა მას არა ჰრცხუენეს რამეთუ კაცთა მიმართ სასოებაჲ მრავალგზის განცრუვნის, ხოლო ღმრთისა მიმართი არაოდეს განცრუვნების. და ვინაჲ ცხად არსო, ვითარმედ უეჭუელად მოგუცემს ღმერთი მერმეთა კეთილთა? - გარნა თუ აქაჲთვე, რამეთუ სული წმიდაჲ მისი მოჰფინა ჩუენ ზედა. [რაჲსათჳს-მე? — გარნა რამეთუ შემიყუარნა ჩუენ და საქმით მოგებულად], არამედ მადლით მონიჭებულად მოგუფინა მადლი სულისა წმიდისაჲ.

სხუაჲ თარგმანი ჳკუმენისი: კეთილად სახელ-სდვა სიყუარულად ღმრთისა ნიჭსა სულისა წმიდისასა, რომელი სიყუარულისათჳს, რომლითა მან შემიყუარნა ჩუენ, მდიდრად მოჰფინა გულთა ჩუენთა. ამისთჳს თქუა გულთა, რამეთუ საცნაურ და უხილავ არს ჩუენ შორის მკჳდრობაჲ წმიდისა და თაყუანის-საცემელისა სულისაჲ.

მოციქულისაჲ: რამეთუ ქრისტე, ვიდრე-იგი ჩუენ უძლურღა ვიყვენით, ჟამსა ოდენ უღმრთოთათჳს მოკუდა. რამეთუ ძნიად ვინმე მართლისათჳს მოკუდის, ხოლო კეთილისათჳს ვინ უწყის ნუუკუე და იკადრის-ცა ვინმე სიკუდილი (5,6-7).

თარგმანი: ზემოთქუმულთა მათ სიტყუათა მიერ საუკუნენი მონიჭებადნი კეთილნი დაგჳმტკიცნა, სახედ შემოღებითა აქავე მოცემულისა ამის სულისა წმიდისა ნიჭთაჲსა, ხოლო აწ კუალად სიკუდილსა ქრისტესსა მისვე პირისა დასამტკიცებელად შემოიღებს, და წინა-დაგჳდებს სიკუდილსა მას მეუფისასა; ვითარ მამამან დაუსაბამომან არა ჰრიდა სიკუდიდ განცემაჲ ძისა თანადაუსაბამოჲსაჲ, უძლურთათჳს და უღმრთოთა, უჴმართა და ცოდვილთა მონათა. ხოლო "ჟამსა ოდენ" თქუა, რაჲთა პირი დაუყოს მათ, რომელნი იტყჳან, ვითარმედ პირველ ჟამისა მოვიდა, და რად არა უწინარეს-რე მოვიდა? ამისთჳს დაამტკიცებს, ვითარმედ იგი ოდენ იყო ჟამი განსაზღვრებული და წინა საუკუნეთა განგებული მოსლვისა და ვნებისა მისისაჲ, და არცა პირველ ჟამისა მოსრულ არს, არცა შემდგომად ჟამისა. არამედ ჟამსა ოდენ თჳსსა განჴორციელდა და ივნო ჩუენ ცოდვითა განბოროტებულთა ამათთჳს.

მოციქულისაჲ: რამეთუ გამოაცხადა თჳსი იგი სიყუარული ჩუენდა მომართ ღმერთმან, რამეთუ ვიდრე-იგი ცოდვილღა ვიყვენით, ქრისტე ჩუენთჳს მოკუდა. რავდენ უკუე უფროჲს აწ, ვართ, განვერნეთ მის მიერ რისხ! (5,8-9).

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: მაშინ, ესოდენ ცოდვილ ვიყვენით, ვიდრე საჴმარ იყო განმართლებისა ჩუენისათჳს სიკუდიდ მიცემაჲ სა მისისა, არა უგულებელს-მყვნა ღმერთმან, რაოდენ უფროჲს აწ არა უგულებელს-მყვნეს, არამედ მაცხოვნნეს, ოდეს-ესე არღარა ცოდვილ ვართ, განმართლებულნი სისხლითა ქრისტესითა, არცაღა საჴმარ არს ჩუენთჳს კუალად სიკუდიდ განცემაჲ ძისა მისისაჲ! ხოლო განრომაჲ რაჲ რისხვისაგან გესმას, გულისჴმა-ყავ, ვითარმედ გამოჴსნასა იტყჳს საუკუნეთა სატანჯველთაგან.

მოციქულისაჲ: უკუეთუ მტერ რაჲ ვიყვენით, დავეგენით ღმერთსა სიკუდილითა ძისა მისისაჲთა, რავდენ უფროჲს აწ, და-რაჲ-ვეგენით, ვცხონდეთ მაცხოვარებითა მისითა. არა ესოდენ ხოლო, არამედ ვიქადით-ცა ღმრთისა მიმართ ქრისტე იესუჲს მიერ უფლისა ჩუენისა, რომლისაგან აწ დაგებაჲ ესე მოვიღეთ (5,10-11).

თარგმანი: ვინაჲთგან აწ არღარად საჴმარ არს კუალად სიკუდიდ განცემაჲ ძისა მისისაჲ, არამედ ფრიად რაჲმე უადვილეს არს ცხოვნებაჲ ერთგზის განცხოველებულთაჲ მის მიერ, ამისთჳსცა, რაჲთა არა გურცხუენოდის, ვითარმედ ესოდენ მძიმე იყვნეს ცოდვანი ჩუენნი, რომელ აიძულეს ღმერთსა სიკუდიდ მიცემაჲ ძისა თჳსისაჲ, შესძინებს მოციქული, ვითარმედ: არა ხოლო სირცხჳლისაგან ჴსნილ ვართ, არამედ სიქადულადცა თანამდებ ვართ, ვითარცა ესოდენ შეყუარებულნი ღმრთისანი, რომელ, უღმრთო რაჲ ვიყვენით, ქრისტე ჩუენთჳს მოკუდა, რაჲთა დამიგნეს თავსა თჳსსა.