📋 სარჩევი
მოციქულისაჲ: აწ უკუე, რაჲ? [წინა-მე-ვჰმატთა? — არა სამე, რამეთუ წინაჲსწარვე ვაბრალეთ ჰურიათა] და წარმართთა ყოველთაჲ ცოდვასა ქუეშე ყოფაჲ, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: არავინ არს მართალ, არცაღა ერთ, არავინ არს გულისჴმის-მყოფელ, არავინ არს გამომეძიებელ ღმრთისა; ყოველთავე მიაქციეს ერთბამად, უჴმარ იქმნნეს; არავინ არს, რომელმანცა ქმნა სიტკბოებაჲ; არავინ არს მიერთადმდე. სამარე ზე-ღებულ არს ჴორჴი მათი, ენითა მათითა ზაკუვიდეს. გესლი ასპიტთაჲ ბაგეთა მათთა, რომელთა პირი წყევითა და სიმწარითა სავსე არს. მალე არიან ფერჴნი მათნი დათხევად სისხლისა. შემუსრვაჲ და უბადრუკებაჲ არს გზათა მათთა, და გზაჲ მშჳდობისაჲ არა იცნეს. არა არს შიში ღმრთისაჲ წინაშე თუალთა მათთა (3,9-18).
თარგმანი: ვინაჲთგან ორკერძოვე აბრალა ჰურიათა და წარმართთა, აწ შეუდგენს, ვითარმედ არარაჲთ ვჰმატთ ჩუენ მათ, რომელნი-იგი ბრალეულ ვყვენით. არცა რას სხუასა ვიტყჳთ უმეტეს მათსა ქონებასა, თჳნიერ სარწმუნოებისა, რომელი-იგი მადლით განმამართლებს ჩუენ, და არა საქმეთაგან. ხოლო ვინაჲთგან ენება დაწყებად ქადაგებასა ქრისტესსა, რომლისა უზეშთაესობითა უდარეს ყვნა შჯულნი, გონებისაჲცა და წიგნისაჲცა, ამისთჳს პირველად შეუმზადებს სიბორგილესა ჰურიათასა, აღჳრსა ? მრავალფერად თხზულსა, დავითისა და ესაიაჲსგან, რაჲთა მათ მიერითა შესმენითა აღჳრ-სხმულნი ადვილ იყვნენ დადებად მათ ზედა საჯდომელსა, რომელი-იგი იყოს ადგილ აღმჴედრებისა და სიმშჳდით განსუენებისა სიტყჳსა მის სახარებისაჲსა, რომელსა შინა შემუსრვად და ...თა [· · ·] არარაჲ ესრეთ შე[· · ·] სულსა, ვითარ ცოდვაჲ. და გზად მშჳდობისა იტყჳს კეთილსა მოქალაქობასა, რომლისა იგინი უმეცარ იქმნნეს ყოვლითურთ უშიშოებითა ღმრთისაჲთა.
მოციქულისაჲ: ხოლო ესე უწყით, რამეთუ, რაოდენსა შჯული ეტყჳს, მათ ეტყჳს, რომელნი-იგი შჯულსა ქუეშე არიან, რაჲთა ყოველი პირი დაიყოს და საშჯელისა თანამდებ იყოს ყოველი სოფელი ღმრთისა, რამეთუ საქმეთა მათგან შჯულისათა არა განმართლდეს ყოველი ჴორციელი წინაშე მისსა, რამეთუ შჯულისაგან არს ყოველი გამოცნობაჲ ცოდვისაჲ (3,19-20).
თარგმანი: ყოველთავე ძუელთა წიგნთა "შჯულად" სახელ-სდებს მოციქული; ვითარცა, რაჟამს-იგი იტყოდის "დაბადებისაგან", ვითარმედ: "შჯული არა აღმოგიკითხავსა, რამეთუ აბრაჰამს ორ ძე ესხნეს" (), ეგრეთვე აწ ზემო თქუმულთა მათ სიტყუათა ბრალობისათა დავითისთა და ესაიაჲსთა "შჯულად" უწოდს, და შჯულისაგანთა მიმართ თქუმულად, რომელ არიან ჰურიანი, ხოლო დაღაცათუ მათდა მიმართ ოდენ იტყოდეს წინაჲსწარმეტყუელნი, არამედ სამართლად მათითა მით პირითა ყოველსა სოფელსა ამხილეს ზოგად თანამდებობაჲ ცოდვისა", რაჲთა ყოველთა წინა-გზა-უყონ სარწმუნოებისა მიმართ, რაჟამს გულისჴმის-ყოფად მოიყვანნენ, ვითარმედ ვერ კმა არს სრულ-მყოფელად და საცხორებელად მათდა ვერ შჯული წიგნისაჲ, ვერცაღა შჯული სჳნიდისისაჲ, თჳნიერ მხოლოდ სარწმუნოებაჲ იესუ ქრისტესი. ხოლო გესმას რაჲ, ვითარმედ "ყოველთავე ცოდეს", არა ამისთჳს ცოდეს, რაჲთა ყოველი პირი დაიყოს, არამედ, რაჟამს მათ ცოდეს, და შჯულმან ამხილა ცოდვაჲ იგი, მაშინღა მხილებულთა მათ დაეყო პირი, რაჲთა არღარა აქუნდეს სიტყუაჲ, ვითარმედ უმეცრებით ცოდვენ. ამისთჳს არა ხოლო სარგებელ, არამედ უმეტესად დასაშჯელ ეყოფის შჯული გარდამავალთა შჯულისათა ხოლო არა სიბოროტითა თჳსითა, არამედ სიბოროტეთა და ურჩებათა მსმენელთა მისთაჲთა. ამისთჳსცა თქუა რაჲ, ვითარმედ შჯულისაგან არს ყოველი გამოცნობაჲ ცოდვისაჲ, ცხად ყო, ვითარმედ უძჳრესი საშჯელი მიიღონ ჰურიათა, რაჟამს ზედამიწევნით განაკრძალებდა მათ შჯული წიგნისაჲ, ხოლო იგინი მეცნიერებით ცოდვიდეს.
სხუაჲ თარგმანი გენადისი: ამით კეთილ იქმნა შჯული, რამეთუ განმიცხადა ჩუენ სიბოროტე ცოდვისაჲ, არა ხოლო რაჟამს გჳბრძანა არა-ქმნაჲ მისი, არამედ რაჟამს გჳჩუენა საშჯელი გარდამავალთა შჯულისათაჲ. რამეთუ უკუეთუმცა არა ეტანჯნეს მას მოქმედნი ცოდვისანი, არამცა შემეცნებულ ვიყვენით ჩუენ პატივსა მას, რომელი მიელის მოქმედთა სიმართლისათა.
მოციქულისაჲ: ხოლო აწ თჳნიერ შჯულისა სიმართლე ღმრთისაჲ გამოჩინებულ არს, წამებული შჯულისა მიერ და წინაჲსწარმეტყუელთა, ხოლო სიმართლე ღმრთისაჲ სარწმუნოებითა იესუ ქრისტესითა ყოველთა მიმართ და ყოველთა ზედა მორწმუნეთა (3,21-22).
თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ არა ახალშემოღებული რაჲმე არს, არცა უცხოჲ ქადაგებაჲ ესე ქრისტესი, არამედ პირველითგან საიდუმლოდ მყოფი, და შჯულისა მიერ და წინაჲსწარმეტყუელთა მოსწავებული, ხოლო აწ, ჟამსა თჳსსა გამოჩინებული, და არა ერთისა ვისმე ნათესავისა, არამედ ყოვლად ყოველთა ზედა მიფენილი, რომელთა ჰრწმენეს მისსა მიმართ, რამეთუ ვინაჲთგან ძლიერი სული საჴმარ არს, რაჲთა მტკიცედ ჰრწმენეს, ამისთჳს დიდად და მხოლოდ შესაწირავად კმა-იყოფს სარწმუნოებასა, და ყოველთა განამართლებს ღმერთი მამაჲ ძისა მიერ თჳსისა, უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა.
სხუაჲ თარგმანი გენადისი: არა ლიტონად უთქუამს, ვითარმედ ყოველთა მიმართ და ყოველთა ზედა, არამედ "ყოველთა მიმართი" ჰურიათათჳს თქუა, რომელთა-იგი ქონებითა შჯულისაჲთა თავთა შინა თჳსთა ჰქონდეს მიზეზნი ცხორებისანი, და მერმეღა შესძინებს: "ყოველთა ზედა", ესე იგი არს ზოგად ჰურიათა და წარმართთა. კუალად მათგანცა და მათგანცა მორწმუნეთა იტყჳს, ვითარმედ ორთაგანვე იგინი ოდენ განმართლდებიან, რომელთა შეუორგულებელად ჰრწმენეს განმამართლებელი იგი ყოველთაჲ უფალი ჩუენი და ღმერთი იესუ ქრისტე.
მოციქულისაჲ: რამეთუ არა არს განწვალება, რამეთუ ყოველთავე შესცოდეს და დაკლებულ არიან დიდებისაგან ღმრთისა, ხოლო განმართლდებიან უსასყიდლოდ მადლითა მისითა და გამოჴსნითა მით იესუ ქრისტესითა, რომელი-იგი წინაჲსწარ განჰმზადა ღმერთმან სალხინებელად სარწმუნოებითა თჳსითა მით სისხლითა (3,22-25).
თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: ნუ მეტყჳ, — "მე ჰურიაჲ ვარ, ზემოჲთგანვე მეცნიერი ღმრთისაჲ, ხოლო ესე — უცხოჲ ბარბაროზი", რამეთუ ყოველნივე ზოგად შეცოდებულ და დაკლებულ იყვენით დიდებისაგან ღმრთისა, და აწ ზოგად სცხონდებით უსასყიდლოდ. ნუცა შენ იტყჳ, წარმართი ეგე, ვითარმედ: "უმეტეს მიცოდავს, და უფროჲს დაკლებულ ვარ დიდებისაგან ღმრთისა". არამედ შენცა უსასყიდლოდ სცხონდები და გამოიჴსნები მადლითა და ნიჭითა იესუ ქრისტესითა. ხოლო წინა-განმზადებად ღმრთისა მიერ იტყჳს განზრახვასა მას წინაგანსაზღვრებულსა, სათნო-ყოფითა მამისაჲთა, სალხინებელ ყოფად შეცოდებათა ჩუენთათჳს, რამეთუ ზოგადი არს მადლი ესე, რაჟამს სათნო-ყოფითა მამისაჲთა, ძემან სისხლი თჳსი დასთხია საჴსრად და სალხინებელად ჩუენდა, რომლითა არა ლიტონად ვიჴსნენით, არამედ ყოვლად გამოვიჴსნენით, რამეთუ ჴსნა ეწოდების, რომელსა ჯერეთ აქუნდეს-ღა იჭჳ კუალად დამონებისაჲ, ხოლო გამოჴსნა ესე არს, რაჟამს სრულიად განთავისუფლებულ და უშიშ იყოს მისისაგან დამონებისა.
მოციქულისაჲ: გამოჩინებად სიმართლისა მისისა, მოტევებითა მით პირველთა ცოდვათაჲთა, თავსდებითა ღმრთისაჲთა, გამოჩინებად სიმართლისა მისისა ამათ ჟამთა, რაჲთა იყოს იგი მართალ და განმამართლებელ სარწმუნოებისაგან იესუჲსისა (3,25-26).
თარგმანი: ვითარ-იგი გამოსაჩინებელ ფრიადისა სიმდიდრისა არს, რაჟამს არა თჳთ ოდენ მდიდარ [იყოს, არამედ სხუათაცა განმამდიდრებელ, და ... ... ... ოდეს არ... ... ეგრეთვე, ფრიადი სიმართლე იგი არს, რაჟამს არა ხოლო თჳთ მართალ არს, არამედ სხუათა განმამართლებელ არს ცოდვათაგან, მაცხოვ... ... ... შეცოდებათა, რომლისათჳს თჳთ სიტყუაჲ ესე] მოციქულისაჲ ესრეთ უსაკუთრეს არს, ვითარმედ: "მოტევებითა მით პირველქმნულთა მათ ცოდვათაჲთა თავს-დებასა შინა ღმრთისასა". ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: მოტევებითა პირველთა მათ ცოდვათაჲთა, რომელ ვქმნენით თავს-დებასა შინა ღმრთისასა. ესე იგი არს, ვითარმედ, არა თუ ლიტონად ცოდვანი ოდენ, არამედ იგი ცოდვანი მოგჳტევნა, რომელნი ჩუენ განგუემრავლნეს ჟამთა მათ, ოდეს-იგი ღმერთი განავრცობდა თავს-დებასა და სულგრძელებასა თჳსსა, რაჲთა სინანულად მოგჳყვანნეს ჩუენ ხოლო ჩუენ ჟამთა მათ, სინანულისათჳს მოცემულთა, ვჰყოფდით ჟამ ცოდვათა განმრავლებისა, რომელი-ესე იყო უმეტესად გამომაჩინებელ სიმართლისა მისისა, რამეთუ მაცხოვნნა და განმამართლნა არაღირსნი ცხოვნებისანი, სარწმუნოებითა იესუჲსითა, რაჲთა იყოს იგი არა ხოლო თჳთ მართალ, არამედ სხუათაცა განმამართლებელ. და ესრეთ, სრულ-ყვნეს აღთქუმანი იგი აბრაჰამის მიმართ თქუმულნი, ვითარმედ: "ნათესავისა შენისა მიმართ იკურთხეოდიან ყოველნი წარმართნი" ().
მოციქულისაჲ: სადა უკუე არს სიქადული იგი? და-მე-ყენებულ არსა? რომლითა-მე შჯულითა? საქმეთაგან-მე-ა? — არა, არამედ შჯულისაგან სარწმუნოებისა, რამეთუ ვიტყჳთ განმართლებასა კაცისასა სარწმუნოებითა, თჳნიერ საქმეთა შჯულისათა (3,27-28).
თარგმანი: არა იტყჳს, ვითარმედ: "სადა არიან მოქმედებანი?", არამედ მოქადულობანი, რაჲთა ცხად-ყოს ვითარმედ ცუდად და უქმად მოქადულ იყვნეს ჰურიანი სიტყუათა ზედა შჯულისათა, რომელთა საქმითა არა აღასრულებდეს, ხოლო აწ დაიყენა დიდად მოქადულობაჲ მისი, რომელსა-იგი ოდენ სიქადული აქუნდა. რაჲ-საგან-მე დაიყენა, ანუ რომლისა შჯულისაგან; საქმითისა ანუ სარწმუნოებითისა? - ცხად არს, ვითარმედ არა საქმითისა, არამედ სარწმუნოებითისა, რამეთუ, ვითარცა-იგი ზემო ორთა შჯულთა თანა (ბუნებითსა და წიგნისასა) მესამე შჯული დააწესა — საქმით მოქმედებად შჯულთა ბრძანებისაჲ. ეგრეთვე, აწ მეოთხედ შჯულად დააწესებს სარწმუნოებასა, და ამას მძლედ გამოაჩინებს სამთა მათსა, და იტყჳს, ვითარმედ: იქმნების განმართლებაჲ კაცისაჲ სარწმუნოებითა ოდენ, თჳნიერ საქმეთა შჯულისათა, რამეთუ "შჯულად სარწმუნოებისა" უწოდს მადლით ცხოვნებასა.
მოციქულისაჲ: ანუ ჰურიათაჲ-მე ხოლო არსა ღმერთი და არა წარმართთაჲცა? — ჰჱ, წარმართთაჲცა! ვინაჲთგან ერთ არს ღმერთი, რომელმან განამართლის წინა-დაცუეთილი სარწმუნოებითა და წინა-დაუცუეთელი მითვე სარწმუნოებითა (3,29-30).
თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: უკუეთუ შჯულისაგანთა მათ და ჰურიათაჲ ხოლო იყოს ღმერთი ღმერთ, ცხად არს, რამეთუ ერთ-კერძოჲსა რაჲსმე და ზოგისად ითქუმოდის ღმერთად და არა ყოვლისადვე. ამისთჳსცა ზოგად ყოვლისაჲვე არს, და ყოველთა განამართლებს სარწმუნოებისა მიერ.
მოციქულისაჲ: აწ შჯულსა ნუ განვაქარვებთა სარწმუნოებითა მით? — ნუ იყოფინ, არამედ შჯულსა დავამტკიცებთ (3,31).
თარგმანი: ამიერ ცხად-ჰყოფს ვითარმედ ახალი ესე შჯული ძუელსა მას არა დაჰჴსნის, არამედ უფროჲსღა განამტკიცებს, რამეთუ რაჲ-იგი მას ენება ქმნად, რაჲთა განამართლნეს კაცნი, ხოლო ვერ შემძლებელ იყო, ვინაჲთგან ყოველნივე ზოგად ცოდვასა ქუეშე იყვნეს, ესე ამან შეუძლო სარწმუნოებისა მიერ, რაჲთა მყის, ვისცა ჰრწმენეს, იგიცა ცხონდეს.
მოციქულისაჲ: რაჲ-მე უკუე ვთქუათ? [იპოვა-მეა აბრაჰამ, მამაჲ იგი ჩუენი, ჴორციელად? უკუეთუ აბრაჰამი საქმეთაგან განმართლდა, აქუს სიქადუ]ლი, არამედ არა ღმრთისა მიმართ. რასა უკუე იტყჳს წიგნი? — ჰრწმენა აბრაჰამს ღმერთი და შეერაცხა მას სიმართლედ (4,1-3).
თარგმანი: თჳთ სიტყუაჲ ესე მოციქულისაჲ ესრეთ უსაკუთრეს არს: "რაჲ-მე უკუე ვთქუათ აბრაჰამისგან, მამისა ჩუენისა, პოვნად, ჴორციელად?" ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: "აწ უკუე რაჲ ვთქუათ აბრაჰამისთჳს, ჴორციელად მამისა ჩუენისა, ვითარმედ: რაჲ პოვა?" ხოლო ძალი სიტყჳსაჲ ამის ესე არს: ვინაჲთგან ჰურიანი დიდად ზუაობდეს შვილობისათჳს აბრაჰამისსა, ამისთჳს მოციქული თავსა თჳსსა მათ თანა შეჰრთავს და ჴორციელსა ოდენ შვილობასა დაუშთენს ჰურიათა, ხოლო სულიერსა და ჭეშმარიტსა შვილობასა აბრაჰამისსა წარმართთაგანთა მორწმუნეთა დაუმკჳდრებს, და ეტყჳს, ვითარმედ: რაჲ ვთქუათ აბრაჰამისთჳს, ჴორციელად მამისა ჩუენისა, რაჲ-მე უკუე პოვა? — ცხად არს, ვითარმედ განმართლებაჲ. კეთილად იტყჳს, ვითარმედ: "პოვა", რამეთუ არა საქმეთა მიერ მოიგო იგი ჭირით შრომითა, არამედ უჭირველად პოვა სარწმუნოებისა მიერ. აწ უკუე, უკუეთუმცა თავით თჳსით, და თჳსთა საქმეთაგან განმართლებულ იყო, მაშინმცა ვითარცა თავისა თჳსისა მიერ ქმნილსა ზედა იქადოდა, და არა ვითარცა ღმრთისა მიერ მონიჭებულსა. ხოლო აწ, ვინაჲთგან სარწმუნოებითა ოდენ განმართლდა, ვითარცა ღმრთისა მიერ მონიჭებულისა ზედა, საღმრთოდ იქადის. ვინაჲცა, რომელი თავისა თჳსისა მიმართ იქადოდის, და თავსა თჳსსა მიაჩემებდეს წარმატებათა, ესევითარი იგი დაეცეს და განვარდეს კეთილისაგან. ხოლო რომელი ღმრთისა მიმართ იქადოდის და მას განუკუთნებდეს მადლით მონიჭებულთა მათ კეთილთა მისთა, ესევითარი იგი მარადის მდაბლითა გონებითა ჰმა[დლობს და ადიდებს მას... ...დაუცემელად ჰგიეს. და ამისთჳს უვაღრეს არს სიქადული... ... ...ღმრთისა მიმართ და არა თავისა თჳსისა მიმართ. ამისთჳსცა მოციქულმან ... ... ...აბრაჰამისა სარწმუნოებით განმართლებაჲ შემო]იღო სიტყუაჲ საწამებელი წიგნისაგან დაბადებისა, ვითარმედ: "ჰრწმენა აბრაჰამს ღმერთი და შეერაცხა მას სიმართლედ" ().
მოციქულისაჲ: ხოლო მოქმედსა მას სასყიდელი იგი არა შეერაცხების მადლით, არამედ თანანადებით. ხოლო რომელი-იგი არა იქმნ და ჰრწამნ ხოლო განმამართლებელი იგი უღმრთოჲსაჲ, შეერაცხების სარწმუნოებაჲ იგი მისი სიმართლედ (4,4-5).
თარგმანი: განაცხადებს, ვითარმედ უმეტეს არს მადლით მინიჭებული განმართლებაჲ, რომელსა-იგი მიჰმადლებს სარწმუნოებაჲ უფროჲს საქმეთათჳს სასყიდლად მიცემულისა მის, რამეთუ ვინ არს ესოდენ ყოველსავე შინა უნაკლულოჲ სათნოებითა, რომელმან ყოვლითურთ ყოს ღმერთი თანამდებ თჳსსა, სრულებით მოქმედებითა ყოველთა მცნებათაჲთა. ხოლო სარწმუნოებით განმართლებული მადლით განმართლდების. და სადა ქრისტე მიჰმადლებდეს, უეჭუელად დიდთა მიჰმადლებს, ვითარ-იგი არიან: მადლი შვილებისაჲ, ძმა-ყოფაჲ ქრისტესი, მკჳდრ ღმრთისა ყოფაჲ, — რომელთაჲ-ამათ ოდესმცა უძლეთ მოგებად თჳსთა წარმართებათა მიერ! რამეთუ არა მცირე საქმე არს, რაჟამს ესოდენი სარწმუნოებაჲ აქუნდეს კაცსა, ვითარმედ ძალ-უც ღმერთსა არა ხოლო ღმრთისმსახურთაჲ, არამედ უღმრთოჲსაცა განმართლებაჲ, რომელი-ესე საქმე არს სულისა მჴნისა და ახოვნისაჲ. ამისთჳსცა ესევითარი იგი გულისსიტყუაჲ სიმართლედ შეერაცხების მას. ხოლო სიმართლე ბევრეულთა კეთილთა შემომკრებელ არს.
მოციქულისაჲ: ვითარცა-იგი დავით იტყჳს ნეტარებასა მას კაცისასა, რომელსა-იგი შეურაცხა ღმერთმან სიმართლე თჳნიერ საქმისა. ნეტარ არიან, რომელთა მიეტევნენ უშჯულოებანი, და რომელთა დაეფარნენ ცოდვანი; ნეტარ არს კაცი, რომელსა არა შეურაცხა უფალმან ცოდვაჲ (4,6-8).
თარგმანი: საგონებელ არს, რეცა [...თუ] არარაჲთ შეეტყუებოდა ძალსა ზემოთქუმულთა სიტყუათასა აწ შემოღებული ესე წამებაჲ წერილისაჲ, რომელ იტყჳს: ...ნეტარ არს, რომელსა შეურაცხოს სარწმუნოებაჲ სიმართლედ თჳნიერ საქმეთასა. არამედ ფრიად რაჲმე შეეტყუების სიტყუათა ამათ წამებაჲ ესე. რამეთუ უკუეთუ ნეტარ არიან, რომელთა მადლით მიეტევნენ ცოდვანი, ფრიად უფროჲს ნეტარ არიან, რომელნი მადლით განამართლნეს ღმერთმან; რამეთუ ნეტარებაჲ თავი არს ყოველთა კეთილთაჲ, და დასასრული ყოველთა სრულებათაჲ.
მოციქულისაჲ: აწ უკუე ნეტარებაჲ ესე წინადაცუეთილებასა ზედა არს ანუ წინადაუცუეთილებასაცა. რამეთუ ვიტყჳთ, ვითარმედ: შეერაცხა აბრაჰამს სარწმუნოებაჲ იგი მისი სიმართლედ. ვითარ უკუე შეერაცხა; წინადაუცუეთილებასაღა იყო ანუ წინადაცუეთილებასა? - არა წინადაცუეთილებასა, არამედ წინადაუცუეთელობასა და სასწაულად მიიღო წინადაცუეთილებაჲ იგი ბეჭდად სიმართლისა, სარწმუნოებისა მის წინადაუცუეთილებასა მას შინა (4,9-11).
თარგმანი: ამით დაამტკიცებს, ვითარმედ დავითის მიერ თქუმული ესე ნეტარებაჲ წინადაუცუეთილებასა შეეტყუების უფროჲს, ვიდრე არა წინადაცუეთილებასა, რამეთუ წინადაცუეთაჲ საქმე არს, ხოლო იგი თჳნიერ საქმეთა მისცემს ნეტარებასა მას, ვინაჲცა აბრაჰამ პირველ წინადაცუეთისა მიიღო სარწმუნოებისა მიერ სიმართლე. ხოლო რაჲთა არავინ თქუას, ვითარმედ ვინაჲთგან თჳთ მას სარწმუნოებისა მიერ განმართლებულსა საჭიროდ თანა-ედვა შემდგომად განმართლებისა წინადაცუეთაჲ, ამისთჳს თანა-აც აწინდელთაცა მორწმუნეთა, შემდგომად ქრისტეს [მიერისა განმართლებისა წინადაცუეთაჲ. იტყჳს მოციქული, ვითარმედ არარად სხუად, ... არამედ, რეცა აღსანიშნველად მიეცა აბრაჰამს წინადაცუეთაჲ სამთა ამათ მიზეზთათჳს: რაჲთა სასწაულ იყოს სარწმუნოებისა და სახე მოქალაქობისა წმიდისა და განკრძალულისა და საცნაურ-მყოფელ აბრამმანისა ნათესავისა. ხოლო მიეცა არა ვითარცა მომატყუებელი სიმართლისაჲ, არამედ ვითარცა ბეჭედი და სასწაული სარწმუნოებითისა განმართლებისაჲ. ვინაჲცა აწ ქრისტეს მიერ განმართლებულნი არღარა მოქენე არიან წინადაცუეთისა, რაჟამს ნათელ-იღონ სახელსა ზედა წმიდისა სამებისასა. და შენცა, ჰურიაჲ ეგე, ცუდად იქადი წინადაცუეთისათჳს, ვინაჲთგან ცალიერ ხარ საქმეთაგან, რომელთა საბეჭდავ არს წინადაცუეთაჲ. რამეთუ, რადღა საჴმარ არს ბეჭედი, ბალანტსა ზედა მდებარე, რაჟამს არა იყოს საფასე მას შინა მდებარე? რამეთუ არა ბალანტისათჳს, არამედ მას შინა მდებარისა საფასისათჳს დადებულ არს ბეჭედი იგი.
მოციქულისაჲ: რაჲთა იყოს იგი მამად ყოველთა მორწმუნეთა წინადაუცუეთელთა, რაჲთა შეერაცხოს მათცა სიმართლედ და მამად წინადაცუეთილებისა, არა წინადაცუეთილებისათა მათ ხოლო, არამედ რომელნი ჰგიან კუალთა მათ ზედა წინადაუცუეთილებისა სარწმუნოებისათა მამისა ჩუენისა აბრაჰამისთა (4,11-12).
თარგმანი: ამისთჳს მიიღო აბრაჰამ წინადაუცუეთილებასავე შინა სარწმუნოებითა განმართლებაჲ, რაჲთა იყოს იგი მამა ყოველთა მორწმუნეთა წინადაუცუეთელთა, რაჲთა მათცა შეერაცხოს სარწმუნოებაჲ მათი სიმართლედ. და კუალად ამისთჳს წინა-დაიცჳთა შემდგომად განმართლებისა, რაჲთა ზოგადად იყოს იგი მამა ყოველთა, რომელთა ჰრწმენეს ქრისტეს მიმართ, წინადაცუეთილ თუ იყვნენ, გინა წინადაუცუეთელ; და რაჲთა ზოგად ყოველთა უწყოდინ, ვითარმედ, ვითარ-იგი წინადაუცუეთელნი ვერ მოიგებენ ამის მიერ შვილებასა აბრაჰამისსა, რამეთუ იგი წინადაუცუეთელობასა შინა განმართლდა, უკუეთუ არა მოიგონ განმამართლებელი იგი მისი სარწმუნოებაჲ, ეგრეთვე ვერცა წინადაცუეთილნი წინადაცუეთითა ოდენ მიემთხუევიან შვილებასა მისსა, უკუეთუ არა ვიდოდინ მათვე კუალთა წინადაუცუეთელობასა შინა მოგებულისა სარწმუნოებისათა მამისა ჩუენისა აბრაჰამისთა.
მოციქულისაჲ: რამეთუ არა შჯულისაგან იყო აღთქუმაჲ იგი აბრაჰამისი, ანუ ნათესავისა მისისაჲ, რაჲთა იყოს იგი მკჳდრ სოფელსა, არამედ სიმართლითა მით სარწმუნოებისაჲთა (4,13).
თარგმანი: ერეთ იტყჳს, ვითარმედ ძუელი იგი შჯული ვერარაჲთ სრულმყოფელ იყო აღთქუმათა მათ აბრაჰამისთა, რამეთუ პირველ შჯულისა მის წინადაცუეთისა მოეცნეს მას აღთქუმანი, ვიდრე-იგი წინადაუცუეთელღა იყო, და მაშინვე ესმა, რაჲთა იყოს იგი მკჳდრ სოფლისა, რაჟამს განმართლდა სარწმუნოებითა პირველ წინადაცუეთისა. და უკუეთუ შჯული ვერაჲთ სრულ-მყოფელ იქმნა აღთქუმათა, რაოდენ უფროჲს ვერარაჲთ სრულ-მყოფელ იყოს წინადაცუეთაჲ განმართლებისა მიმართ!
მოციქულისაჲ: რამეთუ უკუეთუ შჯულისაგანნი იგი არიან მკჳდრნი, ცალიერ არს სარწმუნოებაჲ, და განქარვებულ არიან აღთქუმანი იგი (4,14).
თარგმანი: ვინაჲთგან გჳჩუენა, ვითარმედ სარწმუნოებაჲ უსაჭიროეს არს, რამეთუ წინადაცუეთისა უხუცეს არს, რამეთუ შჯულისა უძლიერეს არს, რამეთუ შემომკრებელ შჯულისა არს, რამეთუ უკუეთუ ყოველთა ცოდეს, საჭიროდ საჴმარ არს სარწმუნოებაჲ. უკუეთუ წინადაუცუეთელღა იყო, რომელი განმართლდა, უხუცეს იქმნა შჯულისაგანსა მას შემეცნებასა ცოდვისასა განმართლებაჲ, სარწმუნოებისა მიერი. უკუეთუ შემომკრებელ შჯულისა არს სარწმუნოებაჲ, არა მბრძოლ, არამედ მეგობარ არს შჯულისა. ხოლო აწ ამას დაგჳმტკიცებს, ვითარმედ მქონებელი შჯულისაჲ ვერ შემძლებელ არს პყრობად სარწმუნოებისა, რამეთუ უკუეთუ ვის ჰრწმენეს, ვითარმედ შჯული კმა არს განმამართლებელად, ესევითარსა მას დაუჴსნიეს სარწმუნოებაჲ მადლით განმართლებისაჲ და განვრდომილ არს აღთქუმათა მათგან, ვითარმედ სარწმუნოებით და მადლით განამართლებს წარმართთა ღმერთი. ხოლო უკუეთუ განქარდენ აღთქუმანი, მიერითგან არცა ერთისა ვის მამა იყოს აბრაჰამ, რამეთუ შვილნი იგი აღთქუმისანი არიან შვილ აბრაჰამისსა.
მოციქულისაჲ: რამეთუ შჯული რისხვასა შეიქმს, ხოლო სადა არა არს შჯული, მუნ არცა შჯულისა გარდასლვაჲ (4,15).
თარგმანი: არა თუ მოცემაჲ შჯულისაჲ, არამედ გარდამავალობაჲ შჯულისაჲ შეიქმს რისხვასა, რამეთუ თანამდებ წყევის იყვნეს ყოველნი გარდამავალნი მისნი. ხოლო მოციქული რისხვად წყევასა მას სახელ-სდებს. და ვინაჲთგან არა ხოლო წყევაჲ, არამედ ტანჯვაჲცა აქუნდა შჯულსა, არა-დამცველთა მისთათჳს, ამისთჳსცა შემოვალს სარწმუნოებაჲ, რაჲთა შორის-შემოიყვანოს მადლი, რაჲთა მადლისა მიერ საქმით სრულ-იქმნნენ აღთქუმანი. რამეთუ, სადაცა იყოს მადლი, მუნ არს შენდობაჲ; და სადა იყოს შენდობაჲ, მუნ არცა ერთი არს ტანჯვაჲ; ხოლო ტანჯვაჲ რაჲ აღიფხურას, და სიმართლე სარწმუნოებისა მიერ შემოვიდეს, არღარაჲ დამაყენებელ არს ჩუენდა, რაჲთა მკჳდრ ვიქმნნეთ და მივემთხჳნეთ აღთქუმათა. ხოლო შჯული ამისთჳს შეიქმოდა რისხვასა, რამეთუ ვერცა ერთმან ვინ სრულ-ყო იგი; და ვინაჲთგან არავინ იპოვა სრულ-მყოფელი შჯულისაჲ, ამისთჳს დადებამან შჯულისამან განაცხადა გარდამავალობაჲ შჯულისაჲ.
მოციქულისაჲ: ამისთჳს სარწმუნოებისაგან, რაჲთა მადლით იყოს მტკიცე აღთქუმაჲ იგი ყოვლისა ნათესავისაჲ; არა შჯულისაგანთა ხოლო, არამედ სარწმუნოებისაგანთაცა აბრაჰამისთა, რომელ არს მამაჲ ჩუენ ყოველთაჲ, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: მამად მრავალთა თესლთა დაგადგინე შენ (4,16-17).
თარგმანი: ამისთჳს სარწმუნოებისაგან ვცხონდებით, რაჲთა მადლით მტკიცე იყოს აღთქუმაჲ იგი ყოვლისა ნათესავისაჲ. რამეთუ სარწმუნოებაჲ შემოიყვანებს მადლსა, ხოლო მადლი რაჲ შემოვიდეს, მტკიცე იქმნებიან აღთქუმანი ყოველთავე ზედა; არა ხოლო წინადაცუეთილებისა შჯულითა, არამედ წინადაუცუეთელობისა სარწმუნოებითა შვილთა აბრაჰამისთა. ესრეთ უკუე შეაერთებს ორთა ერთა — ჰურიათა და წარმართთა, და ზოგად მათ ყოველთა მამა ჰყოფს აბრაჰამს; არა ხოლო ლიტონითა სიტყჳთა, არამედ წამებითა სიტყუასა მას დაბადებისასა, რომელი-იგი მისთჳს თქუა უფალმან, ვითარმედ: "მამად მრავალთა თესლთა დაგადგინე შენ" ().
მოციქულისაჲ: წინაშე პირსა, რომლისაჲ-იგი ჰრწმენა ღმრთისაჲ, რომელმან-იგი განაცხოველნის მკუდარნი, და უწესნ არაარსსა მას, ვითარცა არსსა (4,17).
თარგმანი: წინაშე პირსა — ესე იგი არს, ვითარმედ, ვითარცა-იგი ღმერთსა, რომლისა მიმართ ჰრწმენა აბრაჰამს, არა ვიეთმე, არამედ ზოგად ყოველთა ღმერთ არს და ეწოდების, ეგრეთვე აბრაჰამ ზოგად ყოველთა მამა არს. და ვითარ-იგი ღმერთი არა თჳსებითა ბუნებითითა, არამედ მადლით შვილებითა ყოველთა მამა არს, ეგრეთვე აბრაჰამ არა თჳსებითა ჴორციელითა, არამედ ზიარებითა სარწმუნოებისაჲთა ყოველთა მამა არს, რამეთუ ესე მიჰმადლა მას სარწმუნოებით მორჩილებამან ღმრთისა სიტყუათამან, ვითარმედ ძალ-უც მას, რომელი-იგი არაარსისაგან დაჰბადებს არსთა და ცხოველ ჰყოფს მკუდართა, რაჲთა მისიცა მკუდრობაჲ აღადგინოს და მისცეს თესლი შვილიერებისაჲ.
მოციქულისაჲ: რომელსა უსასოჲ იგი სასოებით ჰრწმენა, რაჲთა იყოს იგი მამად მრავალთა თესლთა, მსგავსად თქუმულისა მის, - ესრე იყოს ნათესავი შენი; და არა მოუძლურდა იგი სარწმუნოებითა (4,18-19).
თარგმანი: კუალად [აჩუენებს, ვითარმედ არა ლიტონთა, არცა) ადვილთა საქმეთაგანი არს უსასოჲსაჲ სასოებით რწმუნებაჲ, არამედ მჴნე და ახოვანი სული უჴმს, რაჲთა წინა-აღუდგეს გულისსიტყუათა ურწმუნოებისათა; ვითარ-იგი აწ აბრაჰამ მხოლოჲ უშვილოჲ არა შეორგულდა ნათესავისა მისისა აღურიცხუველ-ყოფად, და ესრე ყოფად სიმრავლითა, სიტყჳსაებრ დაბადებისა, ვითარცა ვარსკულავნი ცისანი.
მოციქულისაჲ: არა განიცადა თავი თჳსი, რამეთუ კნინღა და მკუდარ იყვნეს ჴორცნი მისნი: რამეთუ ას წლის სადმე იყო; და მკუდრობაჲ იგი საშოჲსა სარაჲსი (4,19).
თარგმანი: ესე სიტყუაჲ ესრეთ უსაკუთრეს არს: არა განიცადა თავი თჳსი, აწვე მკუდარ ქმნული. ხოლო ძალი სიტყუათაჲ ამათ ესე არს, ვითარმედ მრავალნი მიზეზნი აქუნდეს ურწმუნოებისანი: პირველად, რამეთუ გარეშე სასოებისა იყო აღთქუმაჲ იგი, ვინაჲთგან ჯერეთ მას არავინ აქუნდა სახედ ბერწთა შვილიერებისა, ვითარ-იგი თჳთ სახე ექმნა შემდგომთა ნათესავთა, რაჟამს ჟამთა გარდასრული შვილიერ იქმნა, და მეორედ, რამეთუ სიბერითა მკუდარ იყვნეს ჴორცნი მისნი, ვინაჲთგან ას წლის სადმე იყო. კეთილად დაჰრთო "სადმე", რამეთუ არღა იყო ას წლის, არამედ ოთხმეოცდაათცხრამეტის, ხოლო მესამედ — მკუდრობაჲ იგი საშოჲსა სარაჲსი, რამეთუ ყოვლად გარდასრულ იყო ჟამთა შვილიერებისათა.
მოციქულისაჲ: რამეთუ აღთქუმასა მას ღმრთისასა არა შეორგულდა ურწმუნოებითა, არამედ განძლიერდა სარწმუნოებითა; მისცა დიდებაჲ ღმერთსა და გულსავსე იქმნა, ვითარმედ, რომელმან-იგი აღუთქუა, შემძლებელ არს ყოფადცა. ამისთჳსცა შეერა[ცხა მას სიმართლედ (4,20-22).
თარგმანი: კეთილად თქუა: არა შეორგულდა, რაჲთა გჳჩუენოს, ვითარმედ არცა თუ მცირედ იჭუნეულ იქმნა, არამედ შეუორგულებელად და მტკიცედ ჰრწმენა. ხოლო განმართლებაჲ რაჲ თქუა სარწმუნოებითა, ამას ცხად ჰყოფს, ვითარმედ ფრიადი ძლიერებაჲ უჴმს შეუორგულებელად მქონებელსა სარწმუნოებისასა, და უფროჲსღა — ესოდენ დიდისა სარწმუნოებისასა, რომელ არღარად სხუად, არამედ მყის ქმნულად შეჰრაცხა აღთქუმული იგი, და ვითარცა აწვე მიცემულისათჳს, მადლობაჲ შეწირა კეთილთა მომცემელისა მის; და არღარა თუ ჰრწმენა, არამედ გულსავსეცა იქმნა ყოვლისავე შემძლებელობისათჳს ღმრთისა; ვინაჲცა ამის მიერ განმართლდა.
მოციქულისაჲ: ხოლო არა დაიწერა მისთჳს ხოლო, რამეთუ შეერაცხა მას სიმართლედ, არამედ ჩუენთჳსცა, რომელთადა-ესე შერაცხად არს, რომელთა გურწამს აღმადგინებელი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი მკუდრეთით (4,23-24).
თარგმანი: რაჲთა არა თქუან მსმენელთა, ვითარმედ: "ჩუენდა რაჲ არს, უკუეთუ იგი განმართლდა სარწმუნოებითა", — ამისთჳს ზედა-დაჰრთო მოციქულმან, ვითარმედ: არა მისთჳს ხოლო, არამედ ჩუენდაცა სამოძღურებელად დაიწერა, რაჲთა სახედ შემოღებითა მით აბრაჰამისითა ვემსგავსნეთ სარწმუნოებასა მისსა, და მსგავსად მისსა ჩუენცა შეგუერაცხოს სარწმუნოებაჲ ჩუენი სიმართლედ, რაჟამს გურწმენეს აღმადგინებელი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი მკუდრეთით. ხოლო თუ ვითარ ჯერ-არს რწმუნებაჲ მისი, შემდგომისა სიტყჳსა თარგმანებისაგან ისმინე.
მოციქულისაჲ: რომელი მიეცა ცოდვათა ჩუენთათჳს, და აღდგა განმართლებისა ჩუენისათჳს (4,25).
თარგმანი: აღმადგინებელი რაჲ გესმას უფლისაჲ მკუდრეთით, გონიერად გულისჴმა-ჰყოფდ, ვითარმედ მამაჲ აღადგინებს ძესა [· · ·] რომელი არა თჳსთა ცოდვათათჳს მოკუდა და არცა ვინ უქმდა სხუაჲ აღმადგინებელი, არამედ მამაჲ თუ ითქუმოდის აღმადგინებელად მისსა, გინათუ თჳთ ძე ითქუმოდის აღმადგინებელად ჴორცთა თჳსთა, ორივე ესე ერთ არს, რამეთუ ბუნებითა ღმრთეებისაჲთა ერთ არს მოქმედებაჲ მამისა და ძისაჲ. და ღმრთეებაჲ არს აღმადგინებელ ჴორცთა, რომელნი-იგი ჩუენთჳს შეისხნა მხოლოდშობილმან ძემან, და ჩუენთა ცოდვათათჳს მოკუდა ჴორცითა, რაჲთა აღდგომითა მისითა განმამართლნეს ჩუენ. რამეთუ არა ამისთჳს განიკუთნნა ცოდვანი ჩუენნი და მიეჴადა საშჯელი სიკუდილისაჲ ჩუენთჳს, რაჲთა ჩუენ კუალად თანამდებ ვიყვნეთ სიკუდილსა და ცოდვასა, არამედ რაჲთა სრულიად განმართლებულ და უბრალო მყვნეს ჩუენ შეცოდებათა ჩუენთაგან.