📋 სარჩევი
მოციქულისაჲ: აწ უკუე რაჲ-მე ვთქუათ? რამეთუ წარმართნი, რომელნი არა სდევდეს სიმართლესა, ეწინეს სიმართლესა, ხოლო სიმართლესა სარწმუნოებისაგან. ხოლო ისრაჱლი სდევდა შჯულსა მას სიმართლისასა, და შჯულსა მას სიმართლისასა ვერ მისწუთა. რაჲსათჳს-მე? — რამეთუ არა სარწმუნოებისაგან, არამედ ვითარცა საქმეთაგან შჯულისათა (9,30-32).
თარგმანი: ორ-ორი არს სიტყუაჲ ესე საძიებელი: ორი — წარმართთათჳს, თუ ვითარ ეწინეს, და თუ ვითარ, რომელნი არა სდევდეს, ეწინეს სიმართლესა; და ორი - ჰურიათათჳს, თუ ვითარ ვერ ეწინეს, და ვითარ, რაჟამს სდევდეს, ვერ ეწინეს. ხოლო მცირედ ქუემო-რე სამ-სამ იქმნების: წარმართთათჳს სამ, — თუ ვითარ პოვეს სიმართლე, და თუ ვითარ უფროჲს შჯულიერისა მის განმართლდეს და არა-მეძიებელნი განმართლდეს; და ეგრეთვე ჰურიათათჳს სამ: თუ ვითარ ვერ პოვეს, და შემდგომად მოსწრაფებისა ვერ პოვეს, და უდარესიცა მერვე პოვეს. ამისსა აღჴსნასა თჳთვე მოციქული დასდებს შემოკლებულად, ვითარმედ: რომელთა-იგი უშრომელად პოვეს, ესე იგი არიან წარმართნი, სარწმუნოებითა პოვეს, რომლისათჳს-იგი პირველ არა დამაშურალ იყვნეს, რამეთუ, მეყსა შინა ჰრწმენა რაჲ ქრისტე, მყის განმართლდეს; ხოლო ჰურიანი ვინაჲთგან საქმეთაგან ეძიებდეს განმართლებასა, ამისთჳს ვერ განმართლდეს, რამეთუ საქმეთაგან ვერვინ განმართლდების წინაშე ღმრთისა ჴორციელთა კაცთაგანი.
მოციქულისაჲ: რამეთუ შეჰბრძოლდეს ლოდსა მას შებრკოლებისასა, ვითარცა წერილ არს: აჰა ესერა დავსდებ სიონს შინა ლოდსა შებრკოლებისასა და კლდესა საცთურებისასა, და ყოველსა, რომელსა ჰრწმენეს იგი, არასადა ჰრცხუენეს (9,32-33).
თარგმანი: ლოდად შებრკოლებისა და კლდედ საცთურებისა უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა უწოდს წინაჲსწარმეტყუელი ესაია; რამეთუ მისდა მიმართ შებრკოლებულთა და ურწმუნო ქმნულთაგან დასდვა სახელი ესე; ვინაჲცა საცნაურ არს, ვითარმედ შებრძოლებაჲ არა-კრძალვისაგან იქმნების, რაჟამს გზასა მავალსა არა გზად მიმართ, არამედ სხუად სადმე წარტყუენულ აქუნდეს გონებაჲ. ეგრეთ შეემთხჳა ჰურიათა, რამეთუ გზასა შჯულისასა ვიდოდეს და გონებითა ნამეტნავთა მათ წესთა ურგებთა მიმართ წარტყუენულ იყვნეს საჭმელთათჳს და სასუმელთა, და გზისა მის მიერ შჯულისა წინადადებულსა მას მათდა კლდესა ცხორებისასა უგრნობელად ეკუეთნეს და შეუბრკუმა უმეცრებით, შესცთეს და შეიმუსრნეს; და რომელი-ესე ჩუენ კლდე ცხორების გუექმნა სარწმუნოებითა, მათთჳს ლოდ შებრკოლებისა და კლდე საცთურებისა იქმნა ურწმუნოებითა გონებათა მათთაჲთა. ამისთჳს მათთჳს ყოფადნი იგი საქმენი სახელად უწოდნა წინაჲსწარმეტყუელმან.
მოციქულისაჲ: ძმანო, ნებაჲ გულისა ჩემისაჲ და ვედრებაჲ ღმრთისა მიმართ ისრაჱლისათჳს არს საცხორებელად. ვეწამები მათ, რამეთუ შური საღმრთოჲ აქუს, არამედ არა მეცნიერებით (10,1-2).
თარგმანი: აჰა ესერა მიზეზსა იტყჳს, რომლისათჳს განავრცნა სიტყუანი ესე გამოძიებისანი, ვითარმედ: ცხორებისათჳს ისრაჱლისა ფრიად რაჲმე წყურიელ არს. ამისთჳს წამებს მათთჳს, ვითარმედ: შური აქუს არა საღმრთოდ, არამედ რეცა საღმრთოდ, რამეთუ ჰგონებენ, ვითარმედ შჯულისა დამცველ არიან, არამედ შჯულისა გარდამავალ იქმნებიან, რამეთუ არა ირწმუნებენ შჯულისა მიერ და წინაჲსწარმეტყუელთა ქადაგებულსა და სრულ-მყოფელსა მათსა უფალსა. ამისთჳს უმეცრებაჲ სრული დაესაჯების მოციქულისა მიერ.
მოციქულისაჲ: რამეთუ უმეცარ იყვნეს იგინი სიმართლისა მისგან ღმრთისა და თჳსსა მას სიმართლესა ეძიებდეს დამტკიცებად, და სიმართლესა ღმრთისასა არა დაემორჩილნეს (10,3).
თარგმანი: სიმართლედ ღმრთისად უწოდს სარწმუნოებასა ქრისტეს მიმართსა, რომელი-იგი ზეგარდამოჲსა მადლისა მიერ მოენიჭების კაცსა. ხოლო თჳსად სიმართლედ მათდა იტყჳს შჯულისა მას წესსა, რომელი-იგი ანუ ყოვლად შეუძლებელ ანუ ფრიადითა შრომითა და ოფლითა წარსამართებელ არს. ამისთჳსცა, ვინაჲთგან ურჩ იპოვნეს სიმართლისა ღმრთისა და სარწმუნოებისა იესუ ქრისტესსა, ამისთჳს შჯულისაჲცა იგი ბრძანებაჲ ვერვე აღასრულეს და განვარდეს მისგან, რამეთუ მისი აღსრულებაჲ იყო სარწმუნოებაჲ ქრისტესი.
მოციქულისაჲ: რამეთუ დასასრული შჯულისაჲ ქრისტე არს მაცხოვრად ყოვლისა მორწმუნისა. რამეთუ მოსე დასწერს სიმართლესა მას შჯულისაგანსა, ვითარმედ: რომელმან ქმნას იგი კაცმან, ცხონდეს მას შინა (10,4-5).
თარგმანი: ვინაჲთგან ზემო სიმართლე თქუა მოციქულმან, რაჲთა არა ჰგონებდენ ჰურიანი, ვითარმედ რომელიმე აღუსრულებიეს შჯულისა სიმართლეთაგანი, და რომლისამე აღსრულებაჲ წაღმართ ადვილ არს მათდა, ამისთჳს მოკლედ განუსაზღვრებს, ვითარმედ აღსრულება შჯულისა და დასასრულ მისსა ქრისტე არს; და რომელსა-იგი არა ჰრწმენეს, ესევითარსა მას სხუებრ ვერ ძალ-უც ცხორებასა მიმთხუევაჲ, რამეთუ მოსეს მიერ განსაზღვრებულ ღონე ცხორებისა მიმთხუევისა არარაჲ არს სხუაჲ, თჳნიერ სარწმუნოებაჲ ქრისტესი. ამისთჳსცა სიტყუაჲ იგი მეორისა შჯულისაჲ შორის-შემოიღო, და მის მიერ დაამტკიცა მოციქულმან, ვითარმედ ქრისტეს მიმართი სარწმუნოებაჲ არს აღსრულება შჯულისა, ხოლო მისგან ურწმუნოდ დაშთომილი ზოგად განვარდების, შჯულისაგანცა და ცხორებისაგანცა.
მოციქულისაჲ: ხოლო სარწმუნოებისაგანი სიმართლე ესრეთ იტყჳს: ნუ იტყჳ გულსა შენსა: "ვინ აღვიდეს ზეცად?" (ესე იგი არს ქრისტესი გარდამოყვანებაჲ) ანუ: "ვინ შთავიდეს უფსკრულად?" (ესე იგი არს ქრისტესი მკუდრეთით აღმოყვანებაჲ) (10,6-7).
თარგმანი: ესე სიტყუანი მეორისა შჯულისაგან შემოღებითა განუმარტებიან მოციქულსა; რამეთუ, თქუა რაჲ შჯულისა მიერი განმართლებაჲ, აწ იტყჳს სარწმუნოებისა მიერსაცა განმართლებასა, და ცხად ჰყოფს, ვითარმედ: ამას ვიეთნიმე მიემთხჳნეს, ხოლო მას - ვერცა ერთი ვინ. და კუალად, რაჲთა არა უნდოდ რადმე და ადვილად წარსამართებელ შეერაცხოს სარწმუნოებაჲ, ამისთჳს ცხად ჰყოფს სიმართლესა მისსა, ვითარმედ იგიცა შრომით მოსაგებელ არს და უჩინოთა გულისსიტყუათა კუეთებისაგან საკრძალავ, რამეთუ არა ხოლო ბაგითა თქუმად, არამედ არცაღა გულსა შინა მოგონებად უტევებს უძლურისა რაჲსმე და ქუემეთრევისა. და რაჲთა შეუორგულებელ იყოს ყოველსავე ზედა, ვითარმედ ღმერთსა ყოველივე ძალ-უც, და შეუძლებელ მის მიერ არცა ერთი რაჲ არს.
მოციქულისაჲ: არამედ რასა იტყჳს: "მახლობელ არს შენდა სიტყუაჲ ეგე პირსა შენსა და გულსა შენსა". ესე იგი არს სიტყუაჲ სარწმუნოებისაჲ, რომელსა ვქადაგებთ, ვითარმედ: აღ-თუ-იარო პირითა შენითა უფალი იესუ, და გრწმენეს გულითა შენითა, რამეთუ ღმერთმან აღადგინა იგი მკუდრეთით, სცხოვნდე, რამეთუ გულსა გრწამს სიმართლედ, ხოლო პირითა აღიარებ საცხორებელად (10,8-10).
თარგმანი: ამასცა სიტყუასა წიგნისაგან მეორისა შჯულისა შემოიღებს და მის მიერ გჳჩუენებს, ვითარმედ მოკლე არს გზაჲ ცხორებისაჲ და არა მოქენე გარეთ შრომისაჲ, რამეთუ გონებასა შინა და ენასა ზედა მდებარე არსი. გარნა ეგრეთცა მტკიცისავე და გონიერისა სულისა მოქენე არს, და ესრეთ მიუძღჳს მას სარწმუნოებად, რაჟამს გულითა გურწმენეს განმამართლებელობაჲ ქრისტესი, ხოლო პირითა აღვიარებდეთ მას მაცხოვრად.
მოციქულისაჲ: რამეთუ იტყჳს წიგნი: "ყოველსა რომელსა ჰრწმენეს მისსა მიმართ, არასადა ჰრცხუენეს"; რამეთუ არა არს განწვალება ჰურიისა და წარმართისა (10,11-12).
თარგმანი: ესაიაჲს მიერ შემოღებითა წამებისაჲთა სარწმუნო ჰყოფს, რამეთუ არა არს განყოფილება შორის ჰურიისა და წარმართისა, ვინაჲთგან, რომელსაცა ჰრწმენეს, მასცა არა ჰრცხუენეს. ამით სიტყჳთა დაამდაბლებს ზუაობასა ჰურიათასა, რომელთა-იგი უზეშთაეს წარმართთა შეერაცხნეს თავნი მათნი ამისთჳს დაუმტკიცებს, ვითარმედ სწორთაგანი სარწმუნოებითა არავინ უდარეს იქმნეს მადლისა ნაკლულევანებითა.
მოციქულისაჲ: რამეთუ თავადი არს უფალი ყოველთაჲ, რომელი განამდიდრებს ყოველთა, რომელნიცა ხადიან მას, რამეთუ ყოველმან რომელმან ხადოს სახელსა უფლისასა, ცხონდეს (10,12-13).
თარგმანი: ზემო მამისათჳს იტყოდა: ანუ ჰურიათაჲ-მე ხოლო არსა ღმერთი, და არა წარმართთაჲცა? ხოლო აქა ძისათჳს იტყჳს, ვითარმედ თავადი არს უფალ ყოველთა, რაჲთა შენ გასწავოს, ვითარმედ ზოგად და სწორად შეურაცხიეს სამთადვე: რაჲცა რაჲ თქუას რომლისაცა ერთისა სამთაგანისათჳს, რამეთუ ერთ არს უფლებაჲ მამისა და ძისა და წმიდისა სულისაჲ. ვინაჲცა შემდგომი ესე სიტყუაჲ ესრეთ უსაკუთრეს არს, ვითარმედ: თავადი არს უფალ ყოველთა, რომელი განმდიდრდების ყოველთა მიმართ, რომელნი ხადოდინ მას, რამეთუ ამით აჩუენებს, ვითარმედ ფრიად სწყურის ქრისტესა ცხორებაჲ ჩუენი, და ესოდენ ფრიად, რომელ თჳსად სიმდიდრედ შეჰრაცხს, რაოდენცა მრავალთა ჰრწმენეს მისსა მიმართ და ცხონდენ. ამას რაჲ იტყჳს, ჰურიათა გონებისა სივიწრესა განავრცობს, ვითარმედ: ნუ გეშინინ მისგან, რომელსა თჳსად სიმდიდრედ შეურაცხიეს ცხოვნებაჲ კაცთაჲ; ვითარმცა გარე-მიაქცია ცხოვნებაჲ მრავალთაჲ, არამედ ყოველთა აცხოვნებს, ვიეთნიცა ხადოდინ მას, წინა-მოსწავებისაებრ იოველ წინაჲსწარმეტყუელისა.
მოციქულისაჲ: ვითარ უკუე ხადონ, რომლისა მიმართ არა ჰრწმენა? ანუ ვითარ-მე ჰრწმენეს, რომლისაჲ არა ისმინეს? ანუ ვითარ-მე ისმინონ თჳნიერ ქადაგებისა? ანუ ვითარ-მე ქადაგებდენ, არა თუ წარივლინნენ? (10,14-15).
თარგმანი: კითხვა-მიგებით ჰყოფს ბრალობასა ჰურიათასა, ვინაჲთგან ზემო იოველისგან შემოღებითა სიტყჳსაჲთა თქუა, ვითარმედ: "ყოველმან რომელმან ხადოს სახელსა უფლისასა, ცხონდეს". მყის რეცა წინააღმდგომსა შემოიყვანებს მოსაჯულად თჳსსა, ვითარმცა ვინ ეშჯოდა მას ჰურიათათჳს, ვითარმედ შენ იტყჳ,- "ყოველმან რომელმან ხადოს სახელსა უფლისასა, ცხონდეს"; აწ უკუე ამათ ჰურიათა ვითარ ხადონ მას, რომელი-იგი არა ჰრწამს? ანუ ვითარ ჰრწმენეს, რომლისათჳს არაჲ ასმიეს? ანუ ვინაჲმცა ისმინეს, არა თუ ვინმე უქადაგოს? ანუ ვინ უქადაგოს, უკუეთუ არა მი-ვინმე-ივლინოს მათდა? — ამას ყოველსა კითხვის სახედ წარმოიტყჳს, ვითარცა პირითა წინააღმდგომისაჲთა, და ეგრეთღა დაჰჴსნის მიზეზთა ამათ შემდგომთა სიტყუათა მიერ, ვითარმედ: მიღებულ არს ჰურიათადა ყოველივე მიზეზი ურწმუნოებისაჲ, რომლითა არა ხადეს სახელსა უფლისასა, და თჳთ დააკლნეს თავნი თჳსნი ცხორებისაგან; რამეთუ აჰა ასმიეს მათ ჩუენგან კუალადცა პირველ წინაჲსწარმეტყუელთა მიერ მოსწავებული ქრისტე, ხოლო რამეთუ ჩუენ არა თავით თჳსით ვქადაგებთ, არამედ მოვლინებულ ვართ, ამას ესაიაჲსგან დავამტკიცებ.
მოციქულისაჲ: ვითარცა წერილ არს: ვითარ შუენიერ არიან ფერჴნი მახარებელთა მათ მშჳდობისათანი, რომელნი ახარებენ კეთილსა! (10,15).
თარგმანი: აჰა განმიცხადებიეს, ვითარმედ: მოვლინებულ ვარო, მოციქული იტყჳს, მახარებელად მშჳდობისა და კეთილისა; მშჳდობისა მის, რომელი ღმრთისა მიერ განჴორციელებულისა კაცთა მოეცა, რომლისათჳს ანგელოზნიცა ჴმობდეს: "ქუეყანასა ზედა მშჳდობაჲ" (). ამისთჳს მიმოვვლი ყოველგან, რაჲთა უქადაგო კაცთა ძალი კეთილთა მათ მიუთხრობელთაჲ. ვინაჲცა, რომელნი-ეგე ურწმუნო ხართ, არა ჩემდა ურწმუნო ხართ, ჵ ჰურიანო, არამედ ესაიაჲსსა, პირველ მრავალთა წელთა მაუწყებელისა, ვითარმედ მოვივლინნეთ და ვქადაგოთ, რასა-ესე აწ ვქადაგებთ.
მოციქულისაჲ: არამედ არა ყოველთა ისმინეს სახარებისაჲ მის, რამეთუ ესაია იტყჳს: "უფალო, ვის-მე ჰრწმენა სასმენელი ჩუენი?" აწ უკუე სარწმუნოებაჲ სამე სმენისაგან არს, ხოლო სმენაჲ — სიტყჳთა ღმრთისაჲთა (10,16-17).
თარგმანი: რომელთანი-იგი ზემო ფერჴნი შეიმკვნეს სახარებითა მით მშჳდობისაჲთა, რაჲთა არავის უკჳრდეს, თუ რაჲსათჳს არა ყოველთა ჰრწმენა ღმრთივ მოვლინებული იგი ქადაგებაჲ მათი, ამისთჳს მისვე ესაიაჲს მიერ შემოიღებს სიტყუასა წინამოსწავებისასა. და ამითცა ჯერითა გულსავსე ჰყოფს მსმენელთა, ვითარმედ ღმერთი არაოდეს დაჰჴსნის თჳთმფლობელობასა კაცთასა, არცა ვის იძულებით მიიყვანებს მორჩილებად ქადაგებისა თჳსისა. რამეთუ ყოველივე ნებსითი უჴმს მას, და არარაჲ იძულებითი. ხოლო ვინაჲთგან მარადის დასაბამად ქადაგებისა სასწაულთა მეძიებელ არიან ჰურიანი, ამისთჳს მასვე წინაჲსწარმეტყუელსა შემოიყვანებს მოწამედ სიტყუათა მათ, ვითარმედ: უფალო, ვის-მე ჰრწმენა სასმენელი ჩუენი? — რაჲთა ცხად ყოს, ვითარმედ არად საძიებელ არიან სასწაულნი, არამედ მხოლოდ სმენასა შეუდგს რწმუნებაჲ; ხოლო სმენაჲ იგი არა ცუდისა რაჲსაჲმე არს, არამედ სიტყჳთა ღმრთისაჲთა; რამეთუ არა კაცობრივ არიან თქუმულნი იგი, არამედ ღმრთისა მიერ.
მოციქულისაჲ: არამედ ვთქუა, ნუუკუე არა ესმაა? არამედ იტყჳს, ვითარმედ: ყოველსა ქუეყანასა განჴდა ჴმაჲ მათი და კიდეთა სოფლისათა — სიტყუანი მათნი (10,18).
თარგმანი: კუალად სმენისათჳს დაამტკიცებს, ვითარმედ: არა უსმენელად დაშთომილ არიან ჰურიანი ქადაგებისა მის, რომელი-იგი დავით წინა-მოასწავა ფსალმუნსა შინა მეათრვამეტესა; რამეთუ, უკუეთუ ვითარ-ესე წამა წინაჲსწარმეტყუელმან, ყოველსა ქუეყანასა ესმა, ჰურიანიმცა უსმენელად დაშთომილ იყვნესა, რომელთა შორის აღმოსცენდეს წყაროჲსთუალნი ქადაგებისანი?
მოციქულისაჲ: არამედ ვიტყჳ, ნუუკუე ისრაჱლმან არა იცნაა? პირველად მოსე ეტყჳს: მე გაშურვო თქუენ არა-ნათესავსა მას ზედა, და ნათესავითა მით უგულისჴმოჲთა განგარისხნე თქუენ (10,19).
თარგმანი: კუალად იტყჳს, ვითარმედ, დაღაცათუ მრავალთა ვქადაგეთ, თქუას ვინმე: "ნუუკუე ისრაჱლმან ვერ გულისჴმა-ყოა ძალი ქადაგებისაჲ?" არამედ უკუეთუ წარმართთა გულისჴმა-ყვეს, რომელთა პირველ ამისსა არცა ერთი რაჲ სიტყუაჲ ღმრთისაჲ ასმიოდა, ჰურიათამცა ვითარ ვერ გულისჴმა-ყვეს, რომელთა პირველად თჳთ შჯულისმდებელმან მათმან მოსე წინამოსწავებით ჰრქუა გალობასა მას შინა მეორისა შჯულისასა, ვითარმედ: "მე გაშურვო თქუენ არა-ნათესავსა მას"; ესე იგი არს, ერსა მას ზედა ესოდენ უგულისჴმოსა, რომელი არცაღა თუ ნათესავად აღრაცხილ არს გარღარეულისა მისთჳს უგულისჴმოებისა და კერპთმსახურებისა, რომელთა მოქცევაჲ მებრ კმა-გეყოფვოდა თქუენ ადგილად გამოძიებისა და უფროჲსღა მაშინ, რაჟამს თქუენ განითხეოდეთ და იგინი შეწყნარებულ იქმნებოდეს. ამით მხოლოდ ჯერ-იყო სინანულად მოქცევაჲ თქუენი, უკუეთუმცა არა ნებსით დაგევიწყა წინამოსწავებაჲ შჯულისმდებელისაჲ.
მოციქულისაჲ: ხოლო ესაია იკადრებს და იტყჳს: ვეპოე მათ, რომელნი არა მეძიებდეს, და განვეცხადე მათ, რომელნი მე არა მიკითხვიდეს (10,20).
თარგმანი: ესე იყო კადნიერებაჲ ესაიაჲსი, რამეთუ აღირჩია, რაჲთა კადნიერებით განცხადებულად ქადაგებისათჳს მოიკლას წინააღმდგომთაგან, ვიდრეღა მიფარულად თქუმითა უჩინო-ყოფაჲ საიდუმლოსა ჴორცთშესხმისასა და ძალსა საღმრთოჲსა განგებულებისასა, რამეთუ ვითარცა პირითა უფლისაჲთა იტყჳს წარმართთათჳს, ვითარმედ: "ვეპოე მათ, რომელნი მე არა მეძიებდეს, და განვეცხადე მათ, რომელნი მე არა მიკითხვიდეს". და ჭეშმარიტად ზეგარდამოჲსა მადლისა მიერ ქმნითა ყოვლისა კეთილისაჲთა ჯეროვნად დაამდაბლებენ წერილნი ნათესავსა წარმართთასა, რამეთუ თჳნიერ საქმეთასა მადლით ცხოვნებულთა, ყოვლად არა უღირს ზუაობაჲ. გარნა დაღაცათუ მადლმან გამოუცხადა არა მეძიებელთა, არცა მკითხველთა, არამედ ესე მისათუალველ არს წარმართთაჲ, რამეთუ შემდგომად გამოცხადებისა მტკიცედ შეიტკბეს უჭირველად პოვნილი იგი.
მოციქულისაჲ: ხოლო ისრაჱლისა მიმართ იტყჳს: დღესა ყოველსა განვიპყრენ ჴელნი ჩემნი ერისა მიმართ ურჩისა და მაცილობელისა (10,21).
თარგმანი: ჵ განცხადებულსაღა შესმენასა ჰურიათასა, რომელ ჰყოფს ჴმამაღალი ესე წინაჲსწარმეტყუელთა შორის! რაჲთა არა თქუან, ვითარმედ: "რად არა ჩუენ გუეპოა და გამოგუეცხადა?" — ამისთჳს შეასმენს, ვითარმედ ყოველსავე მას ჟამსა განჴორციელებისა და სოფელსა შინა ქცევისასა, და უფროჲსღა მიერ ეგჳპტით გამოყვანებითგან მათით, რამეთუ ორივე ესე ითქუმის დღედ ყოვლად, მარადის განეპყრნეს ჴელნი მოქენედ და მვედრებელად ერისა მის ურჩისა და მაცილობელისა, რაჲთა ვითარ მოაქცინეს იგინი მისსა; რომელი-ესე პოვნისა და განცხადებისა უზეშთაეს არს, რაჟამს ძრვითა ჴელთაჲთა მოქენე ვინმე იყოს ვისსამე, და იგი ყოვლად არა ისმენდეს მისსა. რამეთუ ესე იყო ღმრთისა მიერ მათდა მიმართ განპყრობაჲ ჴელთაჲ, რაჟამს მარადის ენება შეტკბობაჲ მათი წიაღთა თჳსთა, უკუეთუ ოდენ ისმინონ მისი, მოიქცენ და შეუვრდენ მას.