მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თავი ი̂ჱ. მორჩილებისათჳს მთავართაჲსა

წმინდა იოანე ოქროპირი
მთარგმნელი: წმინდა ეფრემ მცირე
რედაქტორი: Titus

📋 სარჩევი

მოციქულისაჲ: ყოველი სული ჴელმწიფებასა მას უმთავრესისასა დაემორჩილენ, რამეთუ არა არს ჴელმწიფებაჲ, გარნა ღმრთისაგან, და რომელნი-იგი არიან ჴელმწიფებანი, ღმრთისა მიერ განწესებულ არიან (13,1).

თარგმანი: ჯეროვნად ცხად ჰყოფს, ვითარმედ შჯული ქრისტესი არა არს მიზეზ შფოთისა და უწესოებისა, რომელ არს უმთავროებაჲ. არამედ ესრეთ სთნავს ღმერთსა, რაჲთა თითოეული ნათესავი ერთისა მის მთავრისა ნებასა დაემორჩილნენ.

ხოლო კუალად, ვინაჲთგან არა ყოველნი მთავარნი წესიერად მთავრობენ, ამისთჳს არა იტყჳს, ვითარმედ ყოველნი მთავარნი და ჴელმწიფენი ღმრთისა მიერ დაიდგინებიან, არამედ თჳთ პატივი იგი მთავრობისა და ჴელმწიფებისაჲ ღმრთივ-განწესებული არს, ხოლო რომელნი პატივსა მას არა ნებისაებრ ღმრთისა იჴუმევდენ, ესევითარნი იგი არა სათნო არიან ღმრთისა; ვითარ-იგი ქორწინებაჲცა ღმრთისა მიერ განწესებულ არს, ხოლო ქორწინებულნი არა ყოველნი შჯულიერად იქორწინებიან, არცა სათნოდ ღმრთისა, არამედ იგინი ხოლო არიან სათნო მისსა, რომელნი საღმრთოთა შჯულთაებრ ჰყოფდენ მეუღლებასა თჳსსა. ეგრეთვე ყოველი მთავრობაი ღმერთსა განუწესებიეს სიმტკიცისათჳს და კეთილად განგებისა სოფლისა , ხოლო მთავარნი, იგინი ხოლო მთავრობენ მის მიერ, რომელნი საღმრთოდ აღასრულებენ წესსა მთავრობისა თჳსისასა.

მოციქულისაჲ: ამიერითგან, რომელი ადგებოდის ჴელმწიფებასა, ღმრთისა ბრძანებასა ადგების, ხოლო რომელნი ადგებოდიან, თავისა თჳსისა საშჯელი მიიღონ (13,2).

თარგმანი: რაჲთა ზემოჲთგან დაწყებითა უსაკუთრესად-რე წარმოვთქუნე სიტყუანი მოციქულისანი, - ყოველი სული ჴელმწიფებასა უმთავრესისასა დაემორჩილედ, რამეთუ არა არს ჴელმწიფებაჲ, გარნა ღმრთისაგან, ხოლო უკუეთუ რაოდენნი არიან ჴელმწიფებანი, ღმრთისა მიერ განწესებულ არიან. ცხად არს, ვითარმედ რომელი წინა-აღუდგა ჴელმწიფებასა, ღმრთისა განწესებასა წინა-აღუდგა. ხოლო წინააღმდგომთა თავთა თჳსთა საშჯელი მიიღონ.

ესე იგი არს, ვითარმედ: ნუმცა სირცხჳლ უჩნს მონათა ქრისტესთა მონებაჲ მთავართა და ჴელმწიფეთაჲ, რომელნი უკუეთუ ვინმე შეურაცხ-ყვნენ, რეცა მიზეზითა ქრისტიანობისაჲთა, ესევითარი-იგი შეურაცხისმყოფელთა ღმრთისათა საშჯელსა მიემთხჳოს, შეურაცხყოფითა მის მიერ დადგინებულთაჲთა.

მოციქულისაჲ: რამეთუ მთავარნი იგი არა არიან საშინელ კეთილისმოქმედთა, არამედ ბოროტისმოქმედთა გნებავს თუ, რაჲთა არა გეშინოდის ჴელმწიფებისაგან, კეთილსა იქმოდე და მიიღო ქებაჲ მისგან, რამეთუ ღმრთისმსახური არს შენდა კეთილისათჳს (13,3-4).

თარგმანი: ვინაჲთგან კეთილისმოქმედთა — კეთილსა, ხოლო ბოროტისმოქმედთა ბოროტსა უყოფენ მთავარნი, ამისთჳს არა მათი, არამედ მიზეზისაჲ მის გჳჴმს მოძულებაჲ, რომლისათჳს იგინი გუტანჯვენ, ესე იგი არს, მოქმედებაჲ ბოროტთაჲ. და მოქმედებითა კეთილთაჲთა არა ხოლო უტანჯველობასა, არამედ ქებასაცა მივემთხჳნეთ მის მიერ, რომლისათჳსცა-იგი ჩინებულ არს ღმრთისმსახურად, რაჲთა თანა-შეგეწეოდის შენ კეთილისათჳს; რამეთუ თჳთ მებრვე ტანჯვაჲ ბოროტისმოქმედთაჲ დიდი შეწევნაჲ არს კეთილთა წარმართებისაჲ, რაჲთა ეშინოდის ყოველთა ბოროტისმოქმედებად, ტანჯვისათჳს მის მიერისა, და კეთილსა იქმოდინ, რაჲთა მიემთხჳნენ ქებასა მის მიერსა. რამეთუ ამით ჯერითა ღმრთისმსახურ არს იგი და თანაშემწე შენდა კეთილისა ორკერძოვე: ტანჯვითა ბოროტისმოქმედთაჲთა და ქებითა კეთილისმოქმედთაჲთა.

მოციქულისაჲ: ხოლო უკუეთუ ბოროტსა იქმოდი, გეშინოდენ, რამეთუ არა ცუდად ჴრმალ აბს: რამეთუ ღმრთისმსახური არს შენღა რისხვისათჳს, შურისმეძიებელ ბოროტისმოქმედთათჳს (13,4).

თარგმანი: ცხად-ჰყოფს, ვითარმედ არა მთავარი, არამედ ქმნაჲ ბოროტისაჲ არს მიზეზ შიშისა, ვინაჲცა სახელითა მახჳლისაჲთა შეაძრწუნნა სამთავრონი და აღჭურნა მთავარნი, და უწოდა მათ მსახურ ღმრთისა, რამეთუ რომელნი ბოროტად ცხორებულთა სტანჯვიდენ, ესევითარნი-იგი მსახურ ექმნებიან ღმერთსა რისხვისა მიმართ.

მოციქულისაჲ: ვინაჲცა ჯერ-არს დამორჩილებაჲ არა ხოლო რისხვისათჳს, არამედ გონებისათჳსცა იჭვსა (13,5).

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: არა ხოლო რისხვისა მისთჳს, რომლითა განურისხდების ღმერთი არა-მორჩილთა მთავრისათა, არამედ, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, სჳნიდისისათჳსცა, ესე იგი არს, რაჲთა ჰგონებდე მთავრისათჳს, ვითარმედ განჴუებული რაჲმე არს სჳნიდისისაგან, რომელ არს გონებაჲ მამხილებელი კეთილთა და ბოროტთაჲ, არამედ მებრვე ამისთჳს ჰმორჩილობდე, რამეთუ არა უგულისჴმოჲ, არამედ გონიერი მსახური არს ღმრთისაჲ, განმარჩეველი კეთილთა და ბოროტთაჲ.

მოციქულისაჲ: ამისთჳს ხარკსაცა მისცემდით, რამეთუ მსახურნი ღმრთისანი არიან, ამისთჳს მოღუაწებასა განკრძალულ არიან (13,6).

თარგმანი: არა მარტოებითად, არამედ, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, განმრავლებითად იტყჳს, ვითარმედ: ხარკთა მისცემდით.

"ამისთჳს". რაჲსა "ამისთჳს"? — გარნა რამეთუ მსახურებად ღმრთისა შეირაცხების თქუენდა, რაოდენცა მრავლით კერძო ხარკთა მიმცემელ იყვნეთ; ვითარ-ესე ცხად ჰყოფს სიტყუაჲ სამოციქულოჲ, უსაკუთრესად ესრეთ თქუმითა: ამისთჳს ხარკთა მისცემდით, რამეთუ ღმრთისა მსახურ არიან, რომელნი ამას შინა მოთმინე არიან. ესე იგი არს, ვითარმედ დიდად ღმრთისმსახურებად შეირაცხების მოთმინებით თავს-დებაჲ მიცემისა ხარკთაჲსაჲ.

მოციქულისაჲ: მისცემდით ყოველთა თანანადებსა: სახარკოსა - ხარკი; საზუერესა — ზუერი; საშინელსა — შიში; პატივსა —პატივი (13,7).

თარგმანი: ამისთჳს თანანადებ უწოდს, რაჲთა ცხად-ყოს ყოვლითურთ საჴმარებაჲ მისი, ვითარმედ ესოდენ სარგებელ არს, რომელ თანანადებ არს აღსრულებაჲ ხარკთა მიცემისაჲ, რაჲთა არა ვითარცა განმწარებული უნებლიეთ, არამედ ვითარცა ნებსით წადიერებით ჰმორჩილობდეს შჯულიერსა მას შიშსა; არა ხოლო შიშით, არამედ პატივის-ცემითცა, რომელ არს თჳსი გონებისა კეთილისაჲ.

მოციქულისაჲ: ნუმცა რაჲ ვისი თანა-გაც, გარნა ურთიერთას სიყუარული (13,8).

თარგმანი: მო-რაჲ-ვიდა სიყუარულსა თანა, რომელ არს დედაჲ ყოველთა სათნოებათაჲ, ჯეროვნად იტყჳს თანამდებობასა მისსა, რომლისა ქონებად ყოველნი კაცნი თანამდებ არიან.

მოციქულისაჲ: რამეთუ რომელსა უყუარდეს მოყუასი თჳსი, მან შჯული აღასრულა, ვითარმედ: არა იმრუშო; არა კაც-ჰკლა; არა იპარო; არა გული გითქუმიდეს (13,8-9).

თარგმანი: წიგნისაგან გამოსლვათაჲსა შემოღებულნი სიტყუანი ყვნა საწამებელ, ვითარმედ ესოდენ დიდ არს სიყუარული, რომელ მის მხოლოჲსა მიერ სრულ იქმნებიან ყოველნივე მცნებანი, ღმრთივმოცემულნი შჯულსა შინა.

მოციქულისაჲ: და სხუაჲ თუ რაჲმე მცნებაჲ არს, ამითვე სიტყჳთა აღესრულების, ვითარმედ: შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი (13,9).

თარგმანი: ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, არა ესრეთ ლიტონად აღმასრულებელად, არამედ ესრეთ უწოდს სიყუარულსა, ვითარმედ: და სხუაჲ თუ რაჲმე მცნებაჲ არს, ამითვე სიტყჳთა თავდგმულ იქმნების, ესე იგი არს ლევიტელთა წიგნისაგან შემოღებულითა წღ- "შეიყუარო მოყუასი შენი ვითარცა თავი თჳსი" (), რომელ არს მცირითა სიტყჳთა არა ხოლო სავსე, არამედ თავდგმულ ყოფაჲცა ყოველთა სათნოებათაჲ, რამეთუ დასაბამი და აღსასრული მცნებათაჲ სიყუარული არს.

მოციქულისაჲ: სიყუარულმან მოყუასსა თჳსსა ბოროტი არა უყვის; აღმასრულებელი შჯულისაჲ სიყუარული არს (13,10).

თარგმანი: ჰხედავა, ვითარ ორივე აქუს სიყუარულსა? — განდევნაჲ ბოროტთაჲ და მოწოდებაჲ კეთილთაჲ, რამეთუ, რომელ-იგი მოყუასსა ბოროტსა არა უყოფს; ესე ბოროტთა განდევნაჲ არს. ხოლო ვინაჲთგან შჯულისა აღმასრულებელ არს ესე, — ყოველთა კეთილთა მოწოდებაჲ არს, რამეთუ ყოველივე შჯულისა მოსწრაფებაჲ ესე იყო, რაჲთა მოყუასსა კეთილი უყოს და ურთიერთას დააგნეს და დაამშჳდნეს ნათესავნი ძეთა კაცთანი.