📋 სარჩევი
მოციქულისაჲ: და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან (13,11).
თარგმანი: რაჲ უწყოდეთ? - გარნა თუ ჟამი ესე შეისწავეთო, რამეთუ მოახლებულ არს აღსასრული, რომლისა შიშისათჳს ვითარცა ძილისაგან გჳჴმს განღჳძებაჲ, განყრაჲ უდებებისა და მცონარებისაჲ, და ესრეთ მოქმედებაჲ კეთილთა საქმეთაჲ.
მოციქულისაჲ: აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ ოდეს-ღა-ესე გურწმენა (13,11).
თარგმანი: უსაკუთრეს არს სიტყუად, ვითარმედ: აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ვიდრე მაშინ, ოდეს-იგი გურწმენა. ესე იგი არს, ვითარმედ აწ უფროჲს მიახლებულ ვართ ჟამსა აღსასრულისა და საუ კუნოჲსა ცხორებისასა, ვიდრეღა მაშინ, ოდეს-იგი ახალმორწმუნე ვიყვენით, დასაბამსა სახარებისა ამის ქადაგებისასა, რამეთუ დღითი-დღე შემცირდების საწუთროჲ ესე, და უმახლობელეს იქმნების დღე აღდგომისა და განშჯისაჲ, რომლისათჳს გჳჴმს უმეტესი განმზადებაჲ, რამეთუ უკუეთუ ჯერისაებრ განმზადებულ ვიყვნეთ, მაშინ ოდენ საცხორებელ არს ჩუენდა დღე განკითხვისაჲ, ხოლო უკუეთუ უნაყოფო და განუმზადებელ ვიყვნეთ, მოსასრველ და წარსაწყმედელ გუექმნეს, გარნა აწ მოციქულმან მართალთა ნაწილისაგან საცხორებელ სახელ-სდვა დღესა მას ცოდვილთა დაშჯისასა. და ვინაჲთგან დასაბამსა ახალნათელღებულობისასა ქონებული იგი სიმჴურვალე შეეცვალა ჰრომთა, ამისთჳს ეტყჳს, ვითარმედ: მაშინდელსა აწ უმეტესი გიჴმს მოსწრაფებაჲ, ვინაჲთგან დღითი-დღე უმახლობელეს იქმნების დღე აღსასრულისაჲ.
სევერიანესი: ფრიად უმეტესი უჴმს ჩუენებაჲ მოსწრაფებისაჲ მრავალ ჟამ მქონებელსა სარწმუნოებისასა, უფროჲს ვიდრეღა აწღა მოსწავლესა სარწმუნოებისასა, რამეთუ მიმყოვრებული პყრობაჲ რაჲსაჲცა უმეტესად წარმატებულ ყოფად თანამდებ არს სრულებისა მიმართ. ამისთჳსცა აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ვიდრე მაშინ, ოდეს-იგი ახალმორწმუნე ვიყვენით, რამეთუ ვერ შესაძლებელ არს მყის რწმუნებასავე თანა ქრისტესსა წულილადისაცა მოგებად მეცნიერებისა მცნებათა მისთაჲსა.
მოციქულისაჲ: ღამე იგი განგუეშორა და დღე შემოგუეახლა (13,12).
თარგმანი: ღამედ საწუთროსა ამას უწოდს ცხორებასა, რომლისა შემთხუევანი კეთილთა გინა ჭირთანი არარაჲთ განიყოფებიან სიზმართაგან; ხოლო დღედ — ყოფადსა მას საუკუნესა, რომელსა შინა ცხად იქმნებიან არა ხოლო საქმენი თითოეულისანი, არამედ აწ დაფარულნიცა იგი კეთილნი მის საუ კუნოჲსანი.
მოციქულისაჲ: განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ (13,12).
თარგმანი: ბნელისა საქმედ ბოროტთა საქმეთა უწოდს, ხოლო საჭურველად ნათლისა — სათნოებასა, რომელი-იგი ვითარცა საჭურველი აღგუჭურავს, და ვითარცა ნათელი განგუაბრწყინვებს.
მოციქულისაჲ: და ვითარცა დღესა შინა შუენიერად ვიდოდით (13,13).
თარგმანი: ზემო მახლობელობაჲ ოდენ თქუა დღისა მის საშჯელისაჲ, ხოლო აქა ვითარცა აწვე მოწევნულობითა მისითა შეაძრწუნებს მსმენელთა. და კუალად, რაჲთა არა დაუმძიმოს მათ მარტოებაჲ, ამისთჳს თავსა თჳსსა მათ თანა შეჰრთავს, ვითარმედ: ესრეთ ვიდოდით კრძალულებით, ვითარმცა აწვე მას დღესა შინა ვიყვენით, ხოლო სლვა შუენიერ არს კეთილი მოქმედებაჲ სათნოებათაჲ.
მოციქულისაჲ: ნუ სიმღერითა და მთრვალობითა (13,13).
თარგმანი: არა სუმასა აყენებს, არამედ მომთრვალეობასა, ხოლო სიმღერად თქუმული ესე თჳთ მომთრვალეთა სიმღერისა საკუთარი სახელი არს, რამეთუ სხუანი არიან სიმღერანი მოსუმურთანი, და სხუანი — მოქმედთა და მრორინეთანი, რამეთუ მათი მღერაჲ ჴმითა ოდენ არს, ხოლო ამათი — სხჳთაცა რაჲთმე საქმითა სამღერელითა.
მოციქულისაჲ: ნუ საწოლითა და ბილწებითა (13,13).
თარგმანი: არა მეუღლებასა სძაგებს, არამედ სიძვისაგან და მრუშებისაგან გუაყენებს, რაჟამს უსაკუთრესად-რე ესრეთ სთქუა: ნუ ლირწებითა და ბილწებითა; რამეთუ ლირწებაჲ არს დაუპყრობელი გულისთქუმაჲ დედათა მიმართ.
მოციქულისაჲ: ნუ ჴდომითა და შურითა (13,13).
თარგმანი: ჴდომად უწოდს აღტაცებითსა შფოთებასა რისხვისასა, ხოლო შურად — მიმყოვრებულად ქონებულსა მოშურნეობასა.
მოციქულისაჲ: არამედ შეიმოსეთ უფალი იესუ ქრისტე (13,14).
თარგმანი: ამით გამოჩნდების შემოსაჲ ქრისტესი, რაჟამს მოქმედ ვიყვნეთ ყოველთა სათნოებათა, ვინაჲცა განუშორებელ ყოფასა სათნოებათასა უწოდს შემოსად ქრისტესსა, რამეთუ ესე არს შემოსაჲ მისი, რაჲთა განუშიშულებელ ვიყვნეთ მადლთაგან მისთა, რომელ არიან სათნოებანი.
მოციქულისაჲ: და ჴორცთა ზრახვასა ნუ ჰყოფთ გულისსათქუმელ (13,14).
თარგმანი: რაჲთა არა ჰგონო, ვითარმედ საჭიროთა საჴმართა — საზრდელისა და სამოსლისა მოგებად გუაყენებს, ამისთჳს ესრეთ იტყჳს, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, ვითარმედ: ჴორცთა წინა-განგებასა ნუ ჰყოფთ გულის-სათქუმელად; რომლითა ცხად არს, ვითარმედ გჳჴმს წინა-განგებაჲ მორეწისათჳს არა ნამეტნავთა, არამედ საჭიროთა მათ ოდენ საჴმართა ჴორცთასა, რომელ არიან საზრდელი და სამოსელი. ხოლო უმეტეს ამათსა, ყოველი რაოდენი აღემატებოდის საჴმარსა თჳსსა, ესე იგი არს საჭმელი — გამომზრდელი ოდენ და ზომიერი, რომელი კმა-იყოს პყრობად აგებულებისა ჩუენისა, და ეგრეთვე სამოსელი — დამფარველი შიშულოებისაჲ. არღარა შესაწევნელ, არამედ გულისთქუმათა მიერ წინააღმდგომ და დამჴსნელ არს ცხრებისა ჩუენისა. ამისთჳს არა იტყჳს, ვითარმედ: "ნუ იღუწით წინა-განგებასა ჴორცთა საჴმრისასა, არამედ: "ნუ ჰყოფთ გულისსათქუმელად". ესე იგი არს, ვითარმედ უმეტესი ზომიერსა ყოველივე, არა შემწე, არამედ მბრძოლ იქმნების ჴორცთა, ზედა-დართვითა გულისთქუმათაჲთა.
მოციქულისაჲ: და უძლური იგი სარწმუნოებითა შეიწყნარეთ, ნუ ორგულებით, ნუცა გულისსიტყჳთ. რომელსამე ჰრწამნ ჭამად ყოველი, ხოლო უძლური იგი მხალსა ჭამნ (14,1-2).
თარგმანი: იყვნეს ვინმე ჰურიათაგანნი მორწმუნე-ქმნილნი, რომელთა ჯერეთ ფრიადი აქუნდა კრძალვაჲ საჭმელთაჲ, ვითარცა შეგინებულად შერაცხილთაჲ, ხოლო რომელნი-იგი სრულ იყვნეს სარწმუნოებასა შინა, სარწმუნოებით ჭამდეს ყოველსავე წინადაგებულსა. და ამათ კეთილადმორწმუნეთა ამცნებს მოციქული, რაჲთა ვითარცა სრულთა და ყოვლად მრთელთა, შეიწყნარონ ჯერეთ უძლური იგი სარწმუნოებითა, რომლისა ფრიად რაჲმე სამხილებელ ჰყოფს სიტყუათა ამათ, რამეთუ უწოდს უძლურად სარწმუნოებითა, და ძნიად შესაწყნარებელად, და მიზეზად ორგულებისა ყოველთა მახლობელთა მათთა. ვინაჲცა სარწმუნოებით მჭამელსა მას აქებს, ვითარცა სრულსა, ხოლო მხლის მჭამელსა მას უძლურად უწოდს; რამეთუ არა გულისსიტყჳთა მარხვისაჲთა, არამედ ურწმუნოებისაჲთა იყო მარხვაჲ იგი მათი, ვინაჲთგან განეყენნეს ჭამასა ჴორცისასა, მხოლოდ მიზეზითა ამით, რამეთუ საძაგელ უჩნდა მათ ჴორცი ღორისაჲ. ამისთჳს განეყენნეს ჭამასა ყოვლისავე ჴორცისასა, რაჲთა არა განცხადნეს ურწმუნოებაჲ იგი მათი, და რეცა ვითარცა მმარხველნი, მხალსა ჭამდეს.
მოციქულისაჲ: მჭამელი იგი არა-მჭამელსა მას ნუ შეურაცხ-ჰყოფნ, და არა-მჭამელი იგი მჭამელსა მას ნუ განიკითხავნ, რამეთუ ღმერთმან იგინი შეიწყნარნა (14,3).
თარგმანი: ორნივე იგი ურთიერთას განიკითხვიდეს: სრულნი იგი სარწმუნოებითა ზოგს-რე ურწმუნოთა მათ შეურაცხ-ჰყოფდეს, ვითარცა ჯერეთ ნაკლულთა სრულებისაგან სარწმუნოებისა; და კუალად, მჭამელთა მათ არა-მჭამელნი იგი, ვითარცა ნაყროვანთა დაშჯიდეს, ვინაჲცა მოციქული, დაღაცათუ ზოგად ორთავე ამცნებს არა-განკითხვასა ურთიერთას, არამედ სარწმუნოებით მჭამელისა მისთჳს იტყჳს ღმრთისა მიერ შეწყნარებულობასა, რაჲთა გამოაჩინოს, ვითარმედ სათნო ღმრთისა არს საქმე მისი, ხოლო ღმრთივმოცემულთა საჭმელთა შეგინებულად შემრაცხელისა და მის ძლით მარხვისა მჩემებელისათჳს არარას ესევითარსა იტყჳს, რამეთუ თავს-იდებს და იტჳრთავს ოდენ უძლურებასა მისსა, არა მაქებელცა ექმნების.
მოციქულისაჲ: შენ ვინ ხარ, რომელი განიკითხავ სხჳსა მონასა? თჳსისა უფლისა დგეს, გინათუ დაეცეს, დგეს სამე, რამეთუ შემძლებელ არს ღმერთი დადგინებად მისსა (14,4).
თარგმანი: ესე სიტყუაჲ სრულისა მის მიმართ არს სარწმუნოებითა, რაჲთა არა განიკითხვიდეს უსრულსა მას; არათუ საქმე იგი მისი არაღირს არს განკითხვისა, არამედ რამეთუ სხჳსა მონაჲ არს, უცხოჲსა უფლისაჲ, და ღმერთსა ოდენ თჳს-ეყვის ცნობად დაცემაჲ და აღდგომაჲ მისი. ვინაჲცა ამათ სიტყუათა მიერ ცხად-ჰყოფს, ვითარმედ არა ხოლო შეურაცხ-ჰყოფდეს, არამედ განიკითხვიდეს-ცა მჭამელთა მხლისათა მჭამელნი იგი ყოვლისავე წინადაგებულისანი. ამისთჳს ეტყჳს, ვითარმედ: დაღათუ იგი განსაკითხავსა ჰყოფენ, შენ ვინ ხარ, რომელი განიკითხავ მონასა სხჳსა უფლისასა? — ხოლო ამით სიტყჳთა მძჳნვარედ შერყეულობასა მათსა განაქიქებს, რომელნი-იგი ჯერეთ ჰურიაობდეს ჭამადთა კრძალვისათჳს, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, რაჟამს სთქუა: თჳსისა უფლისა დგეს გინათუ დაეცეს, დადგეს სადმე, რამეთუ შემძლებელ არს ღმერთი დადგინებად მისსა; რომელი-იგი ჯერეთ შერყეულ და არამტკიცედ მდგომ არს სარწმუნოებასა ზედა.
მოციქულისაჲ: რომელიმე იმარხავნ დღეგამოღებით და რომელიმე იმარხავნ ყოველსა დღესა. კაცად-კაცადი თჳსითა გონებითა გულსავსე იყავნ (14,5).
თარგმანი: უსაკუთრეს არს სიტყუაჲ ესე ესრეთ: რომელიმე შჯის დღესა დღით შუვა, ხოლო რომელიმე — ყოველსავე დღესა. ესე იგი არს, ვითარმედ: რომელიმე შჯის და განიკითხავს დღე-გამოღებით მმარხველსა, და რომელიმე — დღე ყოველ მმარხველსა. ამისთჳს აყენებს მათ ურთიერთას განკითხვისა და ბრალობისაგან, რაჲთა არა უზომოჲთა ბრალობითა დაიჴსნნენ და ყოვლად ურწმუნო იქმნნენ ახალმორწმუნენი იგი.
ხოლო შენ სიტყუასა ამას მოციქულისასა ნუ საყოველთაოდ გულისჴმა-ჰყოფ, რამეთუ არა აწინდელთაცა, არამედ მაშინდელთა ოდენ შეუნდობს თითოეულსა თჳსითა ნებითა გულსავსე-ყოფად, ვითარცა ჯერეთ ჩჩჳლთა და უძლურთა, და არღარას წინა-აღუდგების მარხვისა და ჭამისათჳს, უკუეთუმცა ოდენ დაადგრეს სარწმუნოებასა ზედა, ვინაჲთგან ორნივე იგი საღმრთოდ ჰყოფდეს: მოკრძალენიცა და არა-მოკრძალენი ჭამადთანი. ხოლო აწ ორივე — მარხვაჲცა და ჭამაჲცა მაშინღა საქებელ იქმნებიან, რაჟამს წესთაებრ საეკლესიოთა და განკანონებითა მოძღუართაჲთა იქმნებოდინ თითოეული მათი.
ჳკუმენისი: მათთჳს ოდენ და არა ყოველთათჳს უთქუამს სიტყუაჲ ესე, რამეთუ ჩჩჳლთა სძედ მისცა თითოეულსა თავისუფლებაჲ მარხვისათჳსცა და ჭამისა, უკუეთუ ოდენ ეგნენ სარწმუნოებასა ზედა, ხოლო აწ, აღზრდილთა და ქრისტეს მიერ მამაკაც ქმნილთათჳს, უწესო არს თჳსსა ნებასა შედგომაჲ. თჳნიერ შჯულისა მართლმადიდებელთაჲსა და ბრძანებისა მამათაჲსა.
მოციქულისაჲ: რომელი-იგი ზრახვიდეს დღესა მას, უფლისად ზრახავს, და რომელი არა ზრახვიდეს დღესა მას, უფლისადვე არა ზრახავს (14,6).
თარგმანი: რასა ზრახავს? — გარნა ამას, რამეთუ რაჟამს ეკრძალებოდის საჭმელთა, ეშინის გარდასლვისაგან ძუელისა მის შჯულისა, რომელი უბრძანებს ამის რაჲსმე ჭამასა და იმის რაისმე არა-ჭამასა. ხოლო სხუაჲ იგი, რასა არა ზრახავს? წღ-გარნა რამეთუ ქრისტეს მიერ თავისუფალ ქმნილი არღარა ჰმონებს შჯულსა, არამედ ყოველსავე წინადაგებულსა მადლობით მიიღებს და არარას შეჰრაცხს შეგინებულად ღმრთისა მიერ დაბადებულთაგანსა. ამისთჳს ორნივე იგი შეიწყნარებიან მოციქულისაგან, რომელი ფუფუნებით ზრდის სიჩჩოებასა მათსა.
მოციქულისაჲ: და რომელი ჭამს, უფლისად ჭამს და ჰმადლობს ღმერთსა, და რომელი არა ჭამს, უფლისადვე არა ჭამს და ჰმადლობს ღმერთსა (14,6).
თარგმანი: ყოველივე საღმრთოდ ქმნილი კეთილ და შეწყნარებულ არს, და უფროჲსღა მაშინ, რაჟამს მადლობით იქმნებოდის, ხოლო საღმრთოდ ქმნილი მაშინ არს, რაჟამს განკითხვით და ბრძანებით იქმოდის და სხუათა არავის განიკითხვიდეს.
მოციქულისაჲ: რამეთუ არავინ ჩუენგანი თავით თჳსით ცოცხალ არს და არავინ თავით თჳსით მოკუდების (14,7).
თარგმანი: ვინაჲთგან სხუაჲ არს უფალი სიკუდილისა და ცხორებისაჲ, ამისთჳს მას მხოლოსა აქუს ფლობაჲ დაშჯისა და განმართლებისაჲ, და ამისთჳს უსიტყუელ არს ყოველი განმკითხველი მოყუსისაჲ.
მოციქულისაჲ: რამეთუ გინათუ ცხოველ ვართ, უფლისად ცხოველ ვართ, და გინათუ მოვსწყდებით, უფლისა მიერვე მოვსწყდებით; გინათუ ცოცხალ ვიყვნეთ, გინათუ მოვსწყდეთ, უფლისანი ვართ (14,8).
თარგმანი: ესე სიტყუანი უფროჲსღა სრულისა მის მიმართ თქუმულ არიან, ვითარმედ: ნუ განიკითხავ უსრულსა მას, ნუცა გეშინის, ვითარმედ უგულებელს-ყოს იგი მან, რომელი-იგი არა ხოლო ამას ცხორებასა, არამედ მერმესა მასცა იღუწის და განაგებს მისთჳს.
მოციქულისაჲ: რამეთუ ამისთჳსცა ქრისტე მოკუდა და აღდგა და ცხოვნდა, რაჲთა მკუდართაცა და ცხოველთა ზედა უფლებდეს (14,8).
თარგმანი: ზოგად ყოველთა მიმართ ქველისმოქმედებათა ღმრთისათა საჴსენებელ ჰყოფს, რაჲთა საუფლონი იგი ვნებანი მოგუაჴსენნეს, რომელ მან ჩუენთჳს თავს-ისხნა, და ვითარმედ არა ხოლო დამბადებელობით, არამედ მეორედ განმაახლებელობით და ჩუენთჳს ესოდენთა ვნებათა თავს-მდებელობით, მის მხოლოჲსანი ვართ განსაგებელნი და განსაკითხველნი, და არღარა გჳჴმს იჭჳ, ვითარმედ უგულებელს-გუყოფს შემდგომად ესოდენთა მათ წყალობათა, რომელ უქმნიან და იქმს ჩუენ ზედა.
მეთოდისი: მკუდართა და ცხოველთა ზედა უფლებაჲ რაჲ გესმეს მოციქულისაგან, ზოგად სულთა და ჴორცთა აღდგომისა ძალი გულისჴმა-ყავ, ვითარმედ არცა ერთსა მათგანსა უტევებს არაარს ყოფად, რომელთაგან მან თავადმან შეზავა კაცებაჲ ჩუენი, არამედ სრულებით ყოველთავე ძალთა ზედა სულისა და ჴორცთასა განეფინების მერმე იგი მოსაგებელი საშუებელი თუ იყოს, გინათუ სატანჯველი.
მოციქულისაჲ: ხოლო შენ რაჲსა განიკითხავ ძმასა შენსა ანუ თუ შენ რაჲსა შეურაცხ-ჰყოფ ძმასა შენსა? (14,10).
თარგმანი განკითხვისა ესე სიტყუაჲ პირველი მცირედმორწმუნისა მიმართ არს, ხოლო შეურაცხყოფისაჲ — განსრულებულისა მის მიმართ, ხოლო სახელი რაჲ ძმობისაჲ თქუა, ზოგად ყოველსავე მიზეზსა შფოთისა და შურისასა აღმოჰფხურის შორის, ვითარმედ: ვინაჲთგან ძმანი ხართ, არცა ერთი გაქუს მიზეზი ურთიერთას ბრალობისა და გულისკლებისა.
მოციქულისაჲ: რამეთუ ყოველნივე წარდგომად ვართ წინაშე საყდართა ქრისტესთა, რამეთუ წერილ არს: ცხოველ ვარ მე, —იტყჳს უფალი, — რამეთუ ჩემდა მოდრკეს ყოველი მუჴლი და ყოველმან ენამან აღუვაროს ღმერთსა (14,10-11).
თარგმანი: არა კეთილად მორწმნესა ვის ვინმე ჰგმობდეს, არამედ ურწმუნოსა ახლისასა და ჯერეთ დამცველსა ძუელისა მის შჯულისასა შეაძრწუნებს საზარელებითა ამათ სიტყუათაჲთა, ვითარმცა ეტყოდა: ვინაჲთგან ყოველნი ქრისტეს საყდართა წარდგომად ვართ, და იგი არს მსაჯული ცხოველთა და მკუდართაჲ, რაჲ საღა ჯერეთ ზოგს-რაჲმე მივედევნებით შჯულსა და არა ყოვლითურთ შეუდგებით მადლსა ქრისტეს ქადაგებისასა, რომელი-იგი წინა-მოასწავა ესაია, ვითარცა დაუსაბამოჲ და დაუსრულებელი, სამარადისოჲთა ცხოველ-ყოფითა, ხოლო მისდა მოდრეკაჲ ყოვლისა მუჴლისაჲ ყოველთა მეუფებასა მისსა ქადაგებს, და ყოვლისა ენისა მისდა აღსაარებაჲ — ვითარმედ იგი არს მსაჯულ ყოველთა, რომლისა წინაშე ყოველი ენაჲ წარმოიტყჳს დაფარულთა გულისათა, ვითარცა მსაჯულისა წინაშე ყოველთაჲსა.
ჳკუმენისი: თქუმულ არს ღმრთისათჳს მამისა, ვითარმედ არცა ერთსა ვის შჯის, არამედ ყოველი საშჯელი მოსცა ძესა; ვინაჲცა ამის ყოველთა მსაჯულისათჳს იტყჳს პავლე, ვითარმედ: ყოველმან ენამან აღუაროს ღმერთსა; და ჭეშმარიტად ღმრთად ქადაგებს უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა, დაღაცათუ არა სთნავს ესე უღმრთოთა.
მოციქულისაჲ: აწ უკუე კაცად-კაცადმან ჩუენმან თავისა თჳსისათჳს სიტყუაჲ მისცეს ღმერთსა. ნუღარამცა ურთიერთას განვიკითხავთ, არამედ უფროჲსღა ესე განიკითხეთ, რაჲთა არა დაუდგათ შესაბრკოლებელი გინა საცთური ძმასა (14,12-13).
თარგმანი: ესე სიტყუანი ზოგად ორთავე მიმართ არიან, რაჲთა არცა სარწმუნოებით მიმღებელი იგი ჭამადთაჲ განიკითხვიდეს ჯერეთ ჰურიაებრთა წესთა მიდევნებულსა მას, არცა კუალად რეცა მმარხველი იგი დაშჯიდეს ამას, ვითარცა ნაყროვანსა, არამედ ზოგად ორნივე განკრძალულ იყვნენ, რაჲთა არარაჲთ დაბრკოლება-სცენ ურთიერთას.
მოციქულისაჲ: ვიცი და მრწამს უფლისა იესუჲს მიერ, რამეთუ არარაჲ შეგინებულ არს თავით თჳსით, გარნა თუ რომელი-იგი ვინმე შეჰრაცხოს შეგინებულად, იგი არს შეგინებულ (14,14).
თარგმანი: ჯერეთ საჭმელთავეთჳს არს სიტყუაჲ ესე, რაჲთა არა ჰრქუას ჰურიათაგანმან ვინმე, ვითარმედ: "შენ ვინ ხარ, რომელი წინანაღმდგომსა მოსესსა შჯულის-მდებლობ!" — ამისთჳს თჳთ მეუფესა მოსესსა შემოიყვანებს მოწამედ, ვითარმედ: მის მიერ სწავლულ და რწმუნებულ ვარ გულსავსე-ყოფად ყოვლისავე სიწმიდისათჳს, და არცა ერთისა შეგინებულად შერაცხისათჳს. ამისთჳს დავაცხრობ მოსესსა მას და შეუდგები ქრისტესსა ამას ქადაგებასა სახარებისასა, რომლისა შჯულისმდებელი უფალი იესუ ამას ბრძანებს, რაჲთა ყოველივე წმიდა იყოს, თჳნიერ მისსა, რომელი-იგი გონებამან თითოეულისამან შეგინებულად გარდაუქციოს, მას ოდენ, და არა ყოველთა.
მოციქულისაჲ: უკუეთუ საჭმლისათჳს ძმაჲ იგი შენი წუხდეს, არღარა სიყუარულით ხუალ (14,15).
თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: დაღაცათუ არარაჲსა ვთქუ შეგინებულ ყოფაჲ დამტკიცებით რწმუნებითა უფლისა მიერ იესუჲსსა, არამედ შენ ნუცა ეგრეთ აყუედრებ ჯერეთ ჰურიაობასავე მას, რომელი-იგი მათებრ ჰყოფს განყენებასა რომელთამე საჭმელთაგან, რამეთუ მეშინის, ნუუკუე უზომოებითა მხილებისა და ყუედრებისაჲთა არა ხოლო საჭმელთათჳს ვერ განჰმართო, არამედ კუალად დამტევებელ ჰყო სარწმუნოებასა ქრისტესსა, და ესრეთ უყუარულობაჲ დაგესაჯოს ვითარცა სიფიცხით განმწირველსა ძმისასა, რამეთუ მე უწყი, ვითარმედ უკუეთუ ოდენ შენ სიყუარულით ხჳდოდი, მან წარგიმართოს ყოველივე კეთილი.
მოციქულისაჲ: ნუ საჭმლითა შენითა მას წარსწყმედ, რომლისათჳს ქრისტე მოკუდა (14,15).
თარგმანი: კუალად სრულებით მორწმუნესა მასვე ეტყჳს, ვითარმედ: ნუ ამისთჳს, რომელ შენ ყოველსავე წმიდად შეგირაცხიეს და შჭამ, ზედა-დაესხმი და სიფიცხით წარსწყმედ ძმასა შენსა, არამედ მოიჴსენე სიკუდილადმდე თავს-დებაჲ იგი ქრისტესი და სულგრძელებით და სიმდაბლით თავს-დებაჲ იგი მისი, და მითვე სახითა ჰკურნებდ ძმასა შენსა სიმდაბლით და სულგრძელებით, ხოლო ესე ყოველი მაშინ ჰყო, რაჟამს მტკიცედ იპყრა სიყუარული მისი გულსა შენსა.
ჳკუმენისი: აქა საგონებელ მიჩნს, ვითარმედ მორწმუნესა მასცა აწუევს კრძალვასა ჭამადთაგან თანა-სათნო-ყოფისათჳს და არა სავნებელ ყოფისა მცირედმორწმუნისა მის.
მოციქულისაჲ: ნუმცა უკუე იგმობვის კეთილი იგი თქუენი (14,16).
თარგმანი: კეთილ არსო სწავლამ ეგე შენი ჭამადთათჳს, ვითარმედ ყოველივე წმიდა არს, არამედ იხილე, ნუუკუე უზომოჲთა ბრძოლითა ადგილ-სცეთ წარმართთა გმობად, არა ხოლო სწავლისა, არამედ თჳთ სარწმუნოებისაცა მაგის თქუენისა, რამეთუ დაღაცათუ კეთილსა ასწავებდე, ბრძოლაჲ იგი მიზეზ გმობისა იქმნების ყოვლად ურწმუნოთა მიერ.
მოციქულისაჲ: რამეთუ არა არს სასუფეველი ღმრთისაჲ საჭმელ და სასუმელ, არამედ სიმართლე და მშჳდობა და სიხარულ სულითა წმიდითა (14,17).
თარგმანი: დაცხრომაჲ ჰნებავს შფოთებისა მათისაჲ, ამისთჳს ეტყჳს, ვითარმედ: არა საჭმელთა და სასუმელთა მიერ იქმნების ღონე სათნო-ყოფისაჲ, შემყვანებელი ჩუენდა სასუფეველსა ღმრთისასა, არამედ მშჳდობითა და სიმართლითა და სიხარულითა მით, რომელი მოგუეცემის სათნოებით მოქალაქობისაგან, ვინაჲთგან უკუე იქმნების მშჳდობაჲ და სიხარული ბილწთაცა ზედა საქმეთა. ამისთჳს მშჳდობასა თანა დასდებს სიმართლესა, რაჲთა გულისჴმა-ჰყო, ვითარმედ იგი ერთობაჲ საქებელ არს ძმათაჲ, რომელი სიმართლითა სულიერითა იქმნებოდის და ჭეშმარიტისა მშჳდობისა მიმართ მიუძღოდის, ხოლო სიხარულსა გჳბრძანებს არარაჲსა სოფლიოჲსა და საეშმაკოჲსა მიერ, არამედ სულითა წმიდითა. ესე იგი არს, ვითარმედ მით სიხარულითა ჯერ-არს სიხარული, რომელსა შემოიღებდეს ჩუენ შორის მოქმდებაჲ სათნოებათაჲ, ჩუენ თანა დამკჳდრებითა სულისა წმიდისაჲთა.
მოციქულისაჲ: რამეთუ რომელი ამათ შინა ჰმონებდეს ქრისტესა, სათნო არს იგი ღმრთისა და რჩეულ კაცთა (14,18).
თარგმანი: ვინაჲთგან იქმნების ბრალობაჲ ცუდად მზუაობრობისაგანცა, და არა შიშითა ოდენ და სიყუარულითა ღმრთისაჲთა, ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: არა საჭმელთათჳს ჴდომაჲ, არამედ მშჳდობით და სიმართლით მოქალაქობისა მიერი სიხარული სულითა წმიდითა შეირაცხების მონებად ქრისტესსა. და ესევითარი იგი მონებაჲ ღმრთისაჲ გუყოფს ჩუენ სათნო ღმრთისა და რჩეულ კაცთა, რამეთუ ღმრთისმსახურებაჲ არა ხოლო ღმრთისა, არამედ კაცთა მიერცა პატივსა მომატყუებს ჩუენ.
მოციქულისაჲ: აწ უკუე მშჳდობასა შეუდგეთ და აღშენებასა ურთიერთას (14,19).
თარგმანი: ვინაჲთგან გამოაჩინა სარგებელი ჯეროვნისა მის მშჳდობისაჲ, აწ ზოგად ყოველთა თანა თავსაცა თჳსსა შეჰრთავს, რაჲთა წადიერ-ყვნეს ყოველნი შედგომად მისსა.
მოციქულისაჲ: ნუ ჭამადისათჳს დაჰჴსნი საქმესა ღმრთისასა (14,20).
თარგმანი: ესრეთ იტყჳს ვითარმედ არა ხოლო ჭამადთა მიმართ რწმუნებად ვერ მოიყვანებ უზომოებითა ბრალობისაჲთა, არამედ მათ ძლით დაჰჴსნი მის შორის მყოფსა მასცა სარწმუნოებასა ღმრთისასა, რომელ არს ჭეშმარიტი საქმე ღმრთისაჲ.
მოციქულისაჲ: ყოველივე წმიდა არს, არამედ ბოროტ არს კაცისა, რომელი შებრკოლებისათჳს ჭამდეს (14,20).
თარგმანი: რაჲთა არა უმეტესად-რე მხილებითა მორწმუნისაჲთა დაამტკიცოს მცირედმორწმუნე ჰურიაებრსა ზედა კრძალვასა ჭამადთასა, ამისთჳს მისსა მიმართ სცვალებს მხილებასა, ვითარმედ: დაღაცათუ შებრკოლებით ჭამდეს შიშისათჳს მხილებათაჲსა, არამედ არავე ერგების, უკუეთუ არა გულითად ჰრწმენეს, ვითარმედ ყოველივე წმიდა არს.
მოციქულისაჲ: უმჯობეს არს არა ჭამაჲ ჴორცისაჲ, და არცა სუმაჲ ღჳნისაჲ, არცა რომლითა ძმაჲ იგი შენი შეჰბრკოლდების, გინა დაჰბრკოლდების ანუ მოუძლურდების (14,21).
თარგმანი: ამათ სიტყუათა მიერ არა ხოლო მხილებისა დაცხრომასა, არამედ ჟამ ერთ თანა-სათნო-ყოფასა უსრულისასა უბრძანებს სრულსა მას, ვითარ-იგი თჳთ ამან მოციქულმან მრავალგზის ყო ტაძარსა შინა განწმედითა, ტიმოთეს წინა-დაცუეთითა და მსხუერპლთა შემწირველობითა, არამედ აქაცა მრავლითა სიტყჳთა ამხილებს უსრულსა მას, დაღაცათუ შეეწევის მას, რამეთუ შებრკოლებულად უწესს, რომელი-ესე ბრმასა თჳს-ეყვის, და დაბრკოლებულად, რომელი-ესე მკელობელსა ერქუმის, და უძლურად, რომელი-ესე მცირედ მორწმუნისა სენ არს.
მოციქულისაჲ: შენ სარწმუნოებაჲ გაქუს? თავისა შენისათჳს გაქუნდინ წინაშე ღმრთისა (14,22).
თარგმანი: აქა სარწმუნოებად არა შჯულისასა, არამედ საჭმელთა მიმართ სარწმუნოებისასა იტყჳს, ვითარმედ: დაღაცათუ სრულ ხარ სარწმუნოებითა, ნუ მიმო-განსთქუამ სრულებასა გონებისა შენისასა, არამედ თავსა შორის თჳსსა იპყარ წინაშე ღმრთისა, რომელსა არარაჲ დაეფარვის.
მოციქულისაჲ: ნეტარ არს მისსა, რომელმან არა განიკითხოს თავი თჳსი, რომელსა შინა გამოიცადოს (14,22).
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ რომელიცა თავსა შორის თჳსსა განჰბჭო, რაჲთა მცირედ თანა-შთამოხჳდოდი განგებულებით სარგებელისათჳს ძმათაჲსა, დაღაცათუ გან-ვინმე-გიკითხვიდეს მას ზედა, გინათუ ჭამაჲ იყოს, ანუ სხუაჲ რაჲმე, მცირედ ნაკლულევანი სრულებისაგან, შენ ნუვე განიკითხავ, ნუცა აბრალებ თავსა თჳსსა, ვინაჲთგან უწყი გამოცდილებით სარგებელ-ყოფაჲ მისი, და არა გამხილებს სჳნიდისი, ვითარცა ამაოდ მოქმედსა მისსა. ვინაჲცა ღირს ხარ ნეტარებისა, რომელი-ესე უფროჲს სამხილებელ არს მცირედ მორწმუნისა მის, რაჟამს ნეტარებაჲ და წამებაჲ სჳნიდისისაჲ მიიღო თავს-მდებელმან მისმან, და არა ბრძანებულმან განკითხვად.
მოციქულისაჲ: ხოლო რომელი-იგი ორგულებდეს, დაღათუ ჭამოს, და-ვე-შჯილ-არს, რამეთუ არა სარწმუნოებით ჭამს. და ყოველი რომელი არა სარწმუნოებით არს, იგი ცოდვა არს (14,23).
თარგმანი: ესეცა სიტყუაჲ სრულისა მის მიმართ არს, ვითარმედ: რაჲსა იძულებითა შენითა მიზეზ უმეტესისა საშჯელისა ექმნები მცირედ მორწმუნესა მას? რამეთუ აჰა განჩინებით ვიტყჳ მისთჳს, ვითარმედ: დაღაცათუ იძულებით ანუ სირცხჳლისაგან ჭამოს, არა სარწმუნოებით ჭამს; და ყოველი ორგულებით ქმნილი — ცოდვა არს.
მოციქულისაჲ: ხოლო რომელი-იგი შემძლებელ არს დამტკიცებად თქუენდა სახარებისაებრ ჩემისა და ქადაგებისა ქრისტე იესუისსა (14,24).
თარგმანი: ამიერითგან ულოცავს უძლურთა მათ, რამეთუ ლოცვაჲ საჴმარ იყო მათდა უფროჲს თანა-ზრახვისა, ხოლო დამტკიცებაჲ რაჲ თქუა, მყის ამხილებს, ვითარმედ ირყევიან. ამისსა შემდგომად აუწყებს ღონესაცა დამტკიცებისა მათისასა, ვითარმედ: ვერ-ვინაჲთ სხჳთ, თჳნიერ სახარებითა ჩემითა. ესე იგი არს, რაჲთა მსგავსად შჯულთა წმიდისა სახარებისათა ცხონდებოდინ. ამას თანა დაჰრთავს, ვითარმედ არა კაცთა მიერ, არამედ იესუ ქრისტეს მიერ რწმუნებულ არს მისდა ქადაგებაჲ იგი სახარებისაჲ მის.
მოციქულისაჲ: გამოცხადებითა საიდუმლოჲსაჲთა, ჟამთა მათ საუკუნეთა დადუმებულსა, ხოლო აწ გამოცხადებულსა წიგნთაგან საწინაჲსწარმეტყუელოთა (14,24-25).
თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ საიდუმლოჲ ესე, აწ გამოცხადებული წიგნებითა წინაჲსწარმეტყუელთაჲთა ჟამთა მათ საუკუნეთა, რომელ არს სიმრავლე წელთა ურიცხუთაჲ, დადუმებულ და დაფარულ იყო, ხოლო აწ არა ხოლო ამისთჳს დიდ არს, რომელ სახარება უწოდიან, და ქ[· · ·] იქადაგების, არამედ რამეთუ მედად და უსასყიდლოდ მოგუენიჭა. არა ახალ-მოპოვნებული რაჲმე, არამედ პირველ საუკუნეთა მყოფი, რამეთუ თანადაუსაბამო და თანასამარადისო მამისა იყო ძე, არამედ უკუანაჲსკნელთაღა ჟამთა საცნაურ იქმნა ჩუენდა წიგნებითა წმიდათა წინაჲსწარმეტყუელთაჲთა.
მოციქულისაჲ: ბრძანებითა საუკუნოჲსა ღმრთისაჲთა, დასამორჩილებელად სარწმუნოებისა, ყოველთა მიმართ წარმართთა უწყებულსა (14,25).
თარგმანი: ესრეთ ბრძანა ღმერთმან მამამან, რაჲთა წიგნებითა წინაჲსწარმეტყუელთჲთა და ქადაგებითა მოციქულთაჲთა განცხადნეს აღსაარებაჲ ძისაჲ, რაჲთა ამით ურწმუნონი მორწმუნე ყვნეს, რამეთუ რადღა ეშინის ვის რწმუნებად, ვინაჲთგან რაჲ-იგი წინაჲსწარმეტყუელთა თქუეს, ღმერთმან უბრძანა თქუმად, ხოლო ამათ საიდუმლოთა დასამორჩილებელად სარწმუნოებაჲ ოდენ საჴმარ არს, რაჲთა არავინ გამოეძიებდეს, თუ რაჲსათჳს აწღა გამოცხადნა ანუ რაჲსათჳს პირველთა ჟამთა დაფარულ იყო. ნუცა ვის ეშინის, ვითარმედ თჳთ მარტოჲ არს გამოუძიებელად დამორჩილებული ამის სარწმუნოებისაჲ, რამეთუ აჰა ყოველთა წარმართთადა უწყებულ არს ქადაგებაჲ ესე.
მოციქულისაჲ: მხოლოსა ბრძენსა ღმერთსა, ქრისტე იესუჲს მიერ, რომლისაჲ არს დიდებაჲ უკუნითი-უკუნისამდე ამენ (14,26).
თარგმანი: მხოლო ბრძენ ღმერთ უწოდს მამასა, არა ამისთჳს, ვითარმცა არა ღმერთ იყვნეს ძე და სული; ნუ იყოფინ! არამედ თანა-შეტყუებითა ცუდ-სახელთა მათ კერპთაჲთა ეწოდების მხოლო ღმერთ, და ამის თანა ერთღმრთეებითა ძისა და სულისაჲთა. ხოლო ესე ჭეშმარიტი ღმრთეებაჲ მამისაჲ იესუ ქრისტეს მიერ ექადაგა წარმართთა. და ამას ჭეშმარიტსა ღმერთსა დიდებაჲ უკუნითი-უკუნისამდე, ამენ.
ჳკუმენისი: რაჲთა მცირედ სხუებრ შეწყობითა ამათ სიტყუათაჲთა უცხადეს ვყოთ დაფარულებაჲ ძალისა მათისაჲ, ვითარმედ: რომელი-იგი შემძლებელ არს იესუ ქრისტეს მიერ დამტკიცებად თქუენდა, მხოლოსა ბრძენსა ღმერთსა და მამასა დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე, ამენ. ესე იგი არს, ვითარმედ მხოლოდშობილი ძე მისი არს, რომლისა მიერ დაამტკიცებს ღმერთი მამაჲ ყოველთა შერყეულთა, რომელსა შუენის დიდებაჲ უკუნისამდე.