მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თავი კ̂. მსგავსებისათჳს ქრისტეს ძჳრუჴსენებლობისა

წმინდა იოანე ოქროპირი
მთარგმნელი: წმინდა ეფრემ მცირე
რედაქტორი: Titus

📋 სარჩევი

მოციქულისაჲ: ხოლო თანა-გუაც ჩუენ, ძლიერთა, უძლურებათა მათ უსუსურთასა ტჳრთვად და არა თავთა თჳსთა სათნო-ყოფად (15,1).

თარგმანი: მრთელთა მიმართ სცვლის სიტყუასა და ასწავებს თანამდებობასა უძლურთა თანა მიყოლისასა, რომლითა ფრიად დაჰქენჯნის უსრულთა მათ სარწმუნოებითა, რამეთუ უძლურ უწოდს, უსუსურ და სატჳრთველ, ხოლო სრულთა მათ არა თავთა თჳსთა, არამედ მოყუასთა სათნო-ყოფასა თანა მიყოლითა დაუმტკიცებს.

მოციქულისაჲ: კაცად-კაცადი ჩუენი მოყუასსა სათნო-ეყოფვოდენ კეთილისათჳს აღსაშენებელად (15,2).

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: ძლიერ ხარა და მორწმუნე? მიიღენ საქმით გამოცდილებაჲ მაგისი მოყუასმანცა მის თანაშთამომავალობითა შენითა. გარნა ვინაჲთგან იქმნების ბოროტსაცა ზედა თანა-სათნო-ყოფაჲ მოყუსისაჲ, ამისთჳს შესძინებს, ვითარმედ: კეთილსამცა ზედა არს და აღსაშენებელსა, და ნურარას ბოროტსა და დასარღუეველსა სულისასა თანა-სათნო-ყოფაჲ შენი მოყუსისა მიმართ.

მოციქულისაჲ: და რამეთუ ქრისტეცა არა თავსა თჳსსა სათნო-ეყო (15,3).

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: უკუეთუმცა ჰნებებოდა ქრისტესა, არამცა ჰვნებოდა, არცამცა გინებულ იყო, გარნა არა თავისა თჳსისასა, არამედ ჩუენსა ეძიებდა უმჯობესსა და ცხორებასა; ამისთჳს იყუედრა და ივნო.

მოციქულისაჲ: არამედ ვითარცა წერილ არს: "ყუედრებანი მაყუედრებელთა შენთანი დამეცნეს ჩემ ზედა" (15,3).

თარგმანი: არა თავსა თჳსსა სათნო-ყოფილი იგი და ჩუენთჳს ყუედრებათა თავსმდებელი ქრისტე პირითა წინაჲსწარმეტყუელისაჲთა სამეოცდამერვესა ფსალმუნსა შინა ესრეთ ეტყჳს მამასა: არარაჲ უცხოჲ ქმნილ არს, არამედ რომელნი-იგი ძუელ სადმე მაგინებელ შენდა იქმნნეს ერნი ებრაელთანი, ღმერთო მამაო, იგინივე აწ ჩემდაცა, ძისა შენისა, მაყუედრებელ იქმნნეს.

მოციქულისაჲ: რამეთუ რაოდენი-იგი წინაჲსწარ დაიწერა, ჩუენდა სამოძღურებელად დაიწერა, რაჲთა მოთმინებითა მით და ნუგეშინის-ცემითა წიგნთაჲთა სასოებაჲ გუაქუნდეს (15,4).

თარგმანი: ვითარ-იგი ქმნაჲ საქმეთაჲ, ეგრეთვე აღწერაჲ მათი ზოგად სამოძღურებელ ჩუენდა არიან, რაჲთა ვებაძვებოდით და ვემსგავსებოდით მათ, რაჟამს კითხვაჲ იგი წიგნთაჲ ნუგეშინის-ცემულ, და ნუგეშინის-ცემაჲ მოთმინე მყოფდენ ჩუენ; რაჲთა ვეგნეთ მტკიცედ სასოებასა შინა ღმრთისასა, რამეთუ მოთმინებაჲ შეიქმს სასოებასა, და სასოებაჲ კუალად — უმეტესსა მოთმინებასა.

მოციქულისაჲ: ხოლო ღმერთმან მოთმინებისამან და ნუგეშინის-ცემისამან მოგეცინ თქუენ იგივე ზრახვად ურთიერთას ქრისტეს იესუჲს მიერ (15,5).

თარგმანი: აჰა ესერა გჳჩუენებს, ვითარმედ შემდგომად მოძღურებისა და ნუგეშინის-ცემისა ლოცვაჲ საჴმრ არს ჩუენდა, რაჲთა მის მიერ მოწოდებულ იქმნეს ჩუენ ზედა წყალობაჲ ღ, ვითარ-ესე აწ თჳთ მოციქული გულოცავს ურთიერთას სიყუარულისათჳს, არამედ ვინაჲთგან იქმნების ბოროტსაცა ზედა სიყუარული, ამისთჳსცა განსაქარვებელად მისსა დაჰრთავს სიყუარულსა მას ქრისტეს მიერსა, რამეთუ იგი ოდენ სიყუარული საქებელ არს, რომელი იყოს ქრისტესთჳს და ქრისტეს მიერ, რაჲთა ზოგად ყოველთა მიერ, ვითარცა ერთითა პირითა, იდიდებოდის ღმერთი; ვინაჲთგან ესე არს შესაძინელი მისვე ურთიერთას ზრახვისაჲ, რომელ არს ერთზრახვაობაჲ, რაჲთა ერთჴმა ვიყვნეთ ყოველნი დიდებად ღმრთისა.

მოციქულისაჲ: რაჲთა ერთბამად, ერთითა პირითა ადიდებდეთ ღმერთსა და მამასა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა (15,6).

თარგმანი: მარადის ზოგადად შეჰრაცხს მოციქული სამთათჳსვე, რომლისაცა ერთისათჳს თქუას დიდებაჲ, — მამისა გინა ძისა ანუ სულისა წმიდისაჲ, რამეთუ ერთ არს, ვითარცა ღმრთეებაჲ და ბუნებაჲ, ეგრეთვე პატივი და დიდებისმეტყუელებაჲ — რომლისათჳსცა ითქუას, სამთა მათგანისა გუამისა.

მოციქულისაჲ: ამისთჳს შეიწყნარებდით ურთიერთას, ვითარცა-იგი ქრისტემან შეგიწყნარნა თქუენ სადიდებელად ღმრთისა (15,7).

თარგმანი: შეწყნარებაჲ თქუა ნაცვალად დაგებისა, რაჲთა დავეგნეთ და ვიყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა-იგი ქრისტემან დამაგნა თავსა თჳსსა და მამისასა, და აწ ამით უმეტეს იდიდების ჩუენ მიერ, რაჟამს მოქმედ ვიქმნნეთ სახესა მას სიყუარულისა და დაგებისასა, რომელი-იგი მან თავადმან მომცა ჩუენ.

მოციქულისაჲ: ხოლო ვიტყჳ იესუ ქრისტესა, რამეთუ მსახურ იქმნა წინადაცუეთილებისა ჭეშმარიტებისათჳს ღმრთისა, დასამტკიცებელად აღთქუმასა მას მამათასა (15,8).

თარგმანი: ესე არს მსახურ წინადაცუეთილებისაჲ, რამეთუ განკაცნა რაჲ, წინა-დაიცჳთა და იქმნა აღმასრულებელ ყოველსავე წესსა შჯულისა. რაჲსათჳს-მე? ნუუკუე და ბისათჳსა შჯულისა, რაჲთა აწცა საძიებელ იყოს წინადაცუეთასი? ვითარ ვინ თქუას სხუათა წესთა ძუელისა მის შჯლისათა. ნუ იყოფინ! არამედ ამისთჳს ოდენ იყო წინადაცუეთაჲ იგი მისი, რაჲთა ჭეშმარიტ ყვნეს აღთქუმანი იგი ღმრთისა მამისანი აბრაჰამის მიმართ, ვითარმედ: "ნათესავისა შენისა მიმართ იკურთხეოდიან ყოველნი ტომნი ქუეყანისანი" (). ვინაჲთგან უკუე სხუათა მათ შვილთა აბრაჰამისთა განაცრუვეს აღთქუმაჲ იგი ღმრთისაჲ. რამეთუ გარდამავალობითა შჯულისაჲთა წყევისა მიმღებელ იქმნნეს უფროჲს, ვიდრე არა კურთხევისა, ამისთჳს უფალი ჩუენი იესუ ქრისტე იშვა თესლისაგან აბრაჰამისსა შვილად აბრაჰამისსა, და მსახურ-ყოფითა წინადაცუეთისაჲთა და აღმასრულებელობითა ყოველთა მათ შჯულიერთა წესთაჲთა მან მხოლომან ჭეშმარიტ ყო აღთქუმაჲ იგი ღმრთისაჲ და თავისა მიერ თჳსისა დაუმკჳდრა შვილთა აბრაჰამისთა კურთხევაჲ იგი ღმრთისა მიერი. და ესრეთ, დაამტკიცა რაჲ აღთქუმაჲ იგი მამათაჲ, მიერითგან დაჰჴსნის შჯულსა, ვითარცა უძლურსა, და მის წილ შემოიყვანებს მადლსა, რომელ არს ქადაგებაჲ სახარებისაჲ.

მოციქულისაჲ: ხოლო წარმართნი წყალობისათჳს, სადიდებელად ღმრთისა, ვითარცა წერილ არს: "ამისთჳს აღგიარო შენ წარმართთა შორის, უფალო, და სახელსა შენსა უგალობდე" (15,9).

თარგმანი: ამათ სიტყუათა მიერ მზუაობრობასა წარმართთასა დაამდაბლებს, რამეთუ ეტყჳს, ვითარმედ: ჰურიათა წინა-აღთქუმით აქუნ ღაცათუ ვერაჲ ირგეს, უკუეთუმცა არა განჴორციელებულ იყო ქრისტე, ხოლო თქუენ, წარმართნი, არარაჲსა სხჳსა თჳნიერ ღმრთისა წყალობათა მიერ იწოდენით სადიდებელად ღმრთისა, რაჲთა უმეტესად ადიდებდეთ მომწოდებელსა და თჳნიერ საქმეთაჲსა სარწმუნოებით განმამართლებელსა თქუენსა ხოლო ადიდებდეთ. ვითარ? — გარნა ესრეთ, რაჲთა, ვითარ-ეგე თქუენ თჳნიერ საქმეთა შეწყალებულ ხართ, ეგრეთვე სულგრძელებით იტჳრთვიდეთ მცირედ-მორწმუნეობასა ჰურიათაგანთა მორწმუნეთასა; თქუენ, რომელთაჲ-ეგე მოწოდებაჲ წინა-მოასწავა წინაჲსწარმეტყუელმან დავით ფსალმუნსა შინა მეათჩჳდმეტესა, ვითარცა წერილ არს წიგნსა შინა მეფეთასა მეორესა.

მოციქულისაჲ: და კუალად იტყჳს: "იხარებდით წარმართნი ერისა მისისა თანა". და კუალად იტყჳს: "უგალობდით უფალსა ყოველი თესლები და აქებდით მას ყოველი ერი". და მერმე ესაია იტყჳს: "და იყოს ძირი იგი იესესი, და რომელი-იგი აღდგომად არს მთავრად წარმართთა, და მას წარმართნი ესვიდენ (15,10-12).

თარგმანი: აჰა სხუანი წამებანი მეორისა შჯულისაგან და ას და მეათექუსმეტისა ფსალმუნისაგან და წიგნისაგან ესაიაჲსსა შემოღებულნი, რომელთა მიერ ცხად ყო მოციქულმან მრავალთა პირთა მიერ წინა-მოსწავებული იგი შეერთებაჲ ჰურიათა და წარმართთაჲ, რამეთუ ერად ღმრთისა ჰურიათა უწოდის წინაჲსწარმეტყუელი მოსე, და მათ თანა წარმართთა სიხარულად მოუწოდს, და ეგრთვე, ყოველ თესლებ, მგალობელ უფლისა — ყოველთა წარმართთა იტყჳს, და ერ, მაქებელ უფლისა — ჰურიათა, ხოლო ჴმამაღალი ესაია ძირით იესესით აღდგომილსა მას არღარაჲთ სხჳთ, არამედ მთავრობითა წარმართთაჲთა შესწავებულ ჰყოფს.

მოციქულისაჲ: ხოლო ღმერთმან სასოებისამან აღგავსენინ თქუენ ყოვლითა სიხარულითა და მშჳდობითა, სარწმუნოებად და აღმატებად თქუენდა სასოებითა და ძალითა სულისა წმიდისაჲთა (15,13).

თარგმანი: კუალად ლოცვად იწყებს მათთჳს, ვითარმედ ღმერთმან გიჴსნენინ თქუენ ურთიერთას ბრძოლისა და ამის მიერისა მწუხარებისაგან, ხოლო წარმო-რაჲ-თქუნა ღმრთისა მიერ მოცემადნი, აწ შესძინებს თქუმად, ვითარმედ: თქუენგან ესე შეიწირვოდენ მისსა, რომელ არს სარწმუნოებაჲ, რომლისა მიერ მოგენიჭების თქუენ მიზეზი იგი ყოველთა კეთილთაჲ — სასოებაჲ ღმრთისა მიმართ, რომელსა შინა განემტკიცნეთ რაჲ, მიერითგან გარდაეცემით აღმატებითა ყოველთა კეთილთაჲთა, რომელი-ესე ვერვინაჲთ სხჳთ იქმნების, თჳნიერ ძალითა სულისა წმიდისაჲთა, რამეთუ რომელსა სული წმდაჲ აქუნდეს, მას ყოველივე აქუს, ვინაჲთგან ესე არს გარდამატებულებაჲ სასოებისაჲ, რაჟამს არა ხოლო მოთმინე, არამედ მხიარულცა იყოს შემთხუევისათჳს ჭირთაჲსა.

მოციქულისაჲ: მრწამს მე, ძმანო ჩემნო, თქუენთჳს, ვითარმედ: თქუენცა სავსე ხართ სახიერებითა და აღსავსე ყოვლითა მეცნიერებითა და შემძლებელ ურთიერთასცა სწავლად (15,14).

თარგმანი: რაჲთა მიჴმსო სხუათა მიერ სწავლად, არამედ თჳთ უწყი აღსავსე ყოფაჲ თქუენი სახიერებითა. სახიერებად უწოდს ყოველთა სათნოებათა მიერ შეზავებულებასა, ხოლო ყოველი მეცნიერებაჲ ესე არს, რაჲთა ჯეროვნად ვინმე უწყოდის ჴუმევაჲ სიყუარულისაჲ; რამეთუ იყვის ვინმე ძმათმოყუარე, ხოლო არა ჯეროვნად მჴუმეველ სიყუარულისა. ამისთჳს უჴმს ძმათმოყუარესა აღსავსე-ყოფაჲ ყოვლითა მეცნიერებითა, რაჲთა ჯეროვნად და საღმრთოდ იჴუმევდეს , და ამას ზედა არა თჳთ ოდენ იყოს არა-მოქენე სწავლისა, არამედ შემძლებელ იყოს მოძღურებად და სწავლად სხუათაცა, რაჲთა საღმრთოდ და წესიერად იყუარებოდინ ურთიერთას.