📋 სარჩევი
აღდგა პავლე და განუყარა ჴელი, რაჲთა დადუმნენ, და თქუა (13,16).
თარგმანი: ვინაჲთგან ვითარცა თჳთ იტყჳს მოციქული, არა მუნ უნდა ხარებაჲ ქრისტესი, სადა სმენილ იყო ქრისტე, რაჲთა არა სხჳსა საფუძველსა ზედა აშენებდეს, არამედ მუნ, სადა ყოვლად არა სმენილ იყო მისთჳს. ამისთჳს არა იერუსალემს და სხუათა ადგილთა, არამედ ანტიოქიას პისიდიისასა იწყო პირველად დასაბამსა სიტყუათა თჳსთასა, და პირველად ჴელი განუყარა, რაჲთა დადუმნენ, რამეთუ ესეცა ჩუეულებაჲ იყო ჰურიათა შორის, და ეგრეთღა იწყო სიტყუად:
კაცნო ისრაიტელნო და რომელნი მოშიშნი ღმრთისანი ხართ, ისმინეთ: ღმერთმან ამის ერისამან გამოირჩინა მამანი ჩუენნი, და ერი იგი აღამაღლა ჟამსა მას მწირობისასა ქუეყანასა მას ეგჳპტისასა, და მკლავითა მაღლითა გამოიყვანნა იგინი მიერ, და ზრდიდა მათ უდაბნოსა ზედა ორმეოცისა წლისა ჟამთა, და დაარღჳნა ნათესავნი შჳდნი ქუეყანასა მას ქანანისასა და დაუმკჳდრა მათ ქუეყანაჲ იგი მათი (13,16-19).
თარგმანი: იხილე, ვითარ ადგილ-სცა ბარნაბა პავლეს, ტარსოჲთ მოყვანებულსა მის მიერ, რამეთუ არარას სხუასა მიხედვიდეს, თჳნიერ სარგებელსა კაცთასა. ხოლო პავლე ღონიერად ჰყოფს და შესხმისა სიტყჳთა იწყებს დაწყებასა სწავლისასა, რამეთუ მწირობით განთესულთა მათ ისრაიტელ უწოდს და ღმრთის მოშიშ სახელ-სდებს, რაჲთა წადიერებით ისმინონ მისი. ამისსა შემდგომად მსგავსად ჩუეულებისა წინაჲსწარმეტყუელთა და მოძღუართა ჰურიათაჲსა პირველ გარდასრულთა ქველის-მოქმედებათა ღმრთისათა მოაჴსენებს — განპებასა ზღჳსასა, გამოყვანებითურთ და გამოზრდით, ხოლო შჳდნი იგი ნათესავნი, რომელნი მოსრნა მათთჳს ღმერთმან, ესე არიან: ქეტელი და გერგესეველი, ამორეველი და ქანანელი, ფერეზელი და ეველი და იებოსელი. ამათი ქუეყანაჲ მისცა ისრაიტელთა.
და შემდგომად ამისსა, ვითარ ოთხას ერგასის წელ ოდენ მოსცა მათ მსაჯულებ მიდღედმდე სამოელ წინაჲსწარმეტყუელისა (13,20).
თარგმანი: საკჳრველ არს, ვითარ ოთხას და მეორმეოცესა წელსა გამოსლვითგან ძეთა ისრაელისათაჲთ იწყო სოლომონ შენებად ტაძრისა და აქა მოციქული მსაჯულთა ოდენ წელიწადთა ოთხას ერგასის იტყჳს, ვიდრე დღეთამდე სამოელ წინაჲსწარმეტყუელისათა.
მიერითგან ითხოვეს მეფე და მოსცა მათ ღმერთმან საულ, ძე კისისი, კაცი ნათესავისაგან ბენიამენისა, ორმეოც წელ, და ვითარცა გარდაცვალა იგი, აღუდგინა მათ დავით მეფედ, რომელსა-იგი თავადი ეწამა, და თქუა: ვპოვე დავით ძე იესესი, კაცი გულითადი ჩემი, რომელმან ყოს ნებაჲ ჩემი (13,21-22).
თარგმანი: უკუეთუ ამითვე სიტყჳთა ეძიებდე წიგნსა შინა მეფეთასა, არა გეპოოს სიტყუაჲ ესე დავითისათჳს, რომლითა ცხად არს, ვითარმედ საულის მიმართი იგი სიტყუაჲ სამოელისი უფლისა მიერი; ვითარმედ — "არა დაიმარხე მცნებაჲ ჩემი, რომელ გამცნო შენ უფალმან, ამისთჳს არა დაადგრეს მეფობაჲ შენი და იძიოს უფალმან თავისა თჳსისა კაცი გულისაებრ მისისა, და დაადგინოს იგი უფალმან მთავრად ერსა თჳსსა ზედა, რამეთუ შენ არა დაიმარხე რაოდენი გამცნო შენ უფალმან" () ესე სიტყუანი მცირედ-რე შეცვალებულითა სიტყჳთა და მითვე ძალითა თქუნა აქა მოციქულმან.
მისისა მის ნათესავისაგან ღმერთმან აღთქუმისა მისებრ აღუდგინა ისრაელსა მჴსნელი იესუ, რომელსა წინაჲსწარ ქადაგებდა იოვანე წინაშე პირსა შემოსლვისა მისისასა, ნათლის-ღებასა სინანულისასა ყოვლისა მიმართ ერისა ისრაელისა (13,23-24).
თარგმანი: ვინაჲთგან სასურველად აქუნდა ჰურიათა სახელი დავითისი, ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ ძე მისი არს ჴორციელად, რომელსა-ესე ჩუენ ვქადაგებთ — უფალსა იესუს, რომლისა თანა-მდებ ხართ შეწყნარებად მეუფედ თქუენ ზედა, რამეთუ ძე არს მეფისა თქუენისა დავითისი ბუნებითა ჴორცთაჲთა, ხოლო ბუნებითა ღმრთეებისაჲთა არა არაარსისაგან მოყვანებული, არამედ უჟამოდ და დაუსაბამოდ პირველ საუკუნეთა მამისა თანა მყოფი, აწ აღსასრულსა ჟამთასა მის მიერვე თქუენთჳს ჴორცთ-შესხმითა აღდგინებული, რამეთუ აღდგინება არს სახილველ-ქმნაჲ უხილავისაჲ. ამისისა მოსლვისა მოწამედ იოვანეს მოიყვანებს, ხოლო პირად შემოსლვისა იტყჳს ჴორცთ-შესხმასა მისსა, რომლისა განცხადებაჲ ჟამსა მას იქმნა იოვანეს ნათლის-ცემისასა წყლითა სინანულისაჲთა, რამეთუ ესე ჟამი ცხადად საცნაურ იყო ყოველსა შორის ერსა ისრაელისასა წარჩინებულებისაგან იოვანესსა.
ვითარცა აღასრულებდა იოვანე სრბასა თჳსსა, იტყოდა: ვინ-იგი გგონიე მე ყოფად, მე არა იგი ვარ, არამედ ესერა მოვალს შემდგომად ჩემსა, რომელსა-იგი არა ვარ ღირს განჴსნად ჴამლთა ფერჴთა მისთასა (13,25).
თარგმანი: ესე სიტყუანი პირველ ქრისტეს ნათლის-ღებად მოსლვისა თქუნა იოვანე, რამეთუ მახლობელცა იყო ჟამი იგი აღსასრულსა სრბისა მისისასა, რამეთუ შემდგომად ქრისტეს ნათლის-ცემისა მცირედიღა ჟამი წარჴდა ვიდრე თავის კუეთამდე იოვანესსა, და ვინაჲთგან ძეობისათჳს მღდელთმოძღურისა უფროჲს ქრისტესსა საგონებელ უჩნდა იგი ჰურიათა, ამისთჳს მოკლითა ამით სიტყჳთა ჴამლთაჲთა ქრისტეს მეუფებასა აჩუენებს, ხოლო თჳსსა — უუნდოესთა მონათაგანობასა, რამეთუ ფრიად უნდოსა მონასა თჳს-ეყვის ესე, რომელ არცაღა თუ ფერჴთა წარჴდად ღირს იყოს უფლისა თჳსისა.
კაცნო ძმანო და ძენო ნათესავისა მის აბრაჰამისნო, და თქუენ შორის რომელთა ეშინის ღმრთისა, თქუენთჳს სიტყუაჲ იგი ცხორებისაჲ მოივლინა, რამეთუ რომელნი-იგი მკჳდრ არიან იერუსალემს შინა, და მთავარნი იგი მათნი ამას უმეცარ იქმნნეს, და ჴმათა მათ წინაჲსწარმეტყუელთასა, რომელნი-იგი ყოველთა შაბათთა აღმოიკითხვოდეს, საჯეს და აღასრულეს და არცა ერთი ბრალი სიკუდილისაჲ უპოვეს და მოითხოვეს პილატესგან მოკლვად იგი (13.26-28).
თარგმანი: რაოდენ მათ ეშინოდა, ვითარმედ განვრდომილ არიან ქრისტესგან, ვითარცა მკლველნი მისნი, ესოდენ მოციქული მათ განუკუთნავს მიზეზსა ქრისტეს ჴორცთ-შესხმისასა, ვითარმედ ცხორებისათჳს მათისა განკაცნა სიტყუაჲ ღმრთისაჲ, რაოდენნი არიან შვილ აბრაჰამისსა და მოშიშ ღმრთისა, და ძმა შჯულითა მით კაცებისაჲთა და თჳსებითა აბრაჰამისითა. ხოლო ბრალსა მკლველობისასა იერუსალემს მყოფთა ოდენ და არა ყოველსა ზედა დასდებს ნათესავსა ჰურიათასა. ამას თანა წინაჲსწარმეტყუელთა მიერ ქადაგებელად იტყჳს ქრისტესა, და ვითარმედ უმშჯავრო იყო მოკლვაჲ მისი მათგან, რომელნი უმეცარ იქმნნეს, რასა-იგი შაბათთა შინა იკითხვიდეს. ხოლო სახელის-დებითა პილატესითა ამას ცხად-ჰყოფს, ვითარმედ მას უნდა განტევებაჲ მისი. ხოლო მათ მოითხოვეს მოკლვად.
და ვითარ-იგი აღასრულეს ყოველივე, რომელი მისთჳს წერილ იყო, გარდამოჰჴსნეს იგი ძელისაგან და დადვეს საფლავსა, ხოლო ღმერთმან აღადგინა იგი მკუდრეთით (13,29-30).
თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ წინა-მოსწავებულ იყო წერილთაგან, რაჲ-იგი უყვეს ჰურიათა ქრისტესა, და საფლავსა დადვეს, რამეთუ რომელმან აღადგინა იგი მკუდრეთით, მას ძალ-ედვა პირველ სიკუდილისა ჴსნაჲ მისი. არამედ ჯერ-იყო აღსრულებაჲ წერილთაჲ. ამისთჳს არა დატევება, არამედ განგებულება იყო სიკუდიდ განცემაჲ მისი. ხოლო შენ რაჟამს მამისა მიერ აღდგინებაჲ ძისაჲ გესმოდის, ნუ უდარესობად მამისა შეჰრაცხ, რამეთუ მამაჲ არარას იქმს თჳნიერ ძალისა თჳსისა, ხოლო ძალ ღმრთისა მამისა არს მე მხოლოდ-შობილი. ამისთჳს, ვითარცა მამაჲ, ეგრეთვე მე ბუნებითა ღმრთეებისაჲთა აღმადგინებელ არს ჴორცთა ტაძრისა დაჴსნილისა.
რომელი-იგი ეჩუენა დღეთა მრავალთა, მათ, რომელნი-იგი მის თანა აღმოსრულ იყვნეს გალილეაჲთ იერუსალემდ, რომელნი-იგი აწ არიან მოწამე მისსა ერისა მიმართ (13,31).
თარგმანი: ვინაჲთგან ათერთმეტთა ეხილვა შემდგომად მკუდრეთით აღდგომისა, ამისთჳს მათ მოიყვანებს მოწამედ და გალილეაჲთ აღმოყოლილად უწოდს, რამეთუ მრავალ დღე ორმეოცთა მათ დღეთა უწოდს ვიდრე ამაღლებამდე. და სხუათასა მას ხილვასა დაიდუმებს, ჩუენებითურთ მისით, რომელ ეჩუენა გზასა დამასკოჲსსა.
და ჩუენ თქუენ გახარებთ მამათა მიმართ ქმნილსა მას აღთქუმასა, რამეთუ ესე ღმერთმან აღუსრულა შვილთა მათთა და ჩუენ აღგჳდგინა იესუ, ვითარცა ფსალმუნსა მეორესა წერილ არს, ვითარმედ: "ძე ჩემი ხარი შენ და მე დღეს მიშობიე შენ" (13,32-33).
თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ მამათა მიიღეს აღთქუმაჲ, ხოლო თქუენ შვილთა — სრულებაჲ საქმისაჲ, რომელ არს ჴორცთა შესხმაჲ სიტყჳსაჲ, რომლისათჳს მამაჲ ჴმობს, ვითარმედ: ძე ჩემი ხარ პირველ საუკუნეთა, თანა-დაუსაბამოჲ ღმრთეებითა, და მევე დღეს, აღსასრულსა ჟამთასა, სათნო-ვიყავ ქუეყანასა ზედა ჴორცითა შობაჲ შენი; რამეთუ კაცობრივსაცა ამას შობასა ძისასა მიიჩემებს მამაჲ, ვითარცა მისითა სათნო-ყოფითა ქმნილსა. გარნა ვინაჲთგან ვიეთნიმე სახელსა იესუჲსსა ორ-ძეობად განჰკუეთენ, ერთსა — ღმრთისა და მამისაგან, და მეორესა - ქალწულისაგან, ამათ პირსა დაუყოფს, თქუას რაჲ, ვითარმედ: ერთი და იგივე სიტყუაჲ და ძე ჩემი ხარ, რომელი-ეგე დღეს მიშობიე ჟამიერად, განგებულებით და სათნო-ყოფით. და რომელი პირველ ჟამთა და საუკუნეთა გშევ ბუნებით და არსებით, იგივე და ერთი ძე განუყოფელი.
ხოლო რამეთუ აღადგინა იგი მკუდრეთით, და არღარა ეგულებოდა მიქცევაჲ განსახრწნელად, ესრეთ თქუა, ვითარმედ: "მიგცე თქუენ წმიდაჲ იგი დავითისი სარწმუნოჲ", რომლისათჳს სხუასაცა ადგილსა იტყჳს: "არა სცე წმიდასა შენსა ხილვად განსახრწნელი" (13,34-35).
თარგმანი: საცნაურ იყავნ, ვითარმედ არა ჯერ-არს ჴორცთა სიტყჳსა ღმრთისათა, რაჲთამცა ანუ პირველ ვნებისა უხრწნელად და უვნებელად ვინ იტყოდა და უკუდავად, ანუ შემდგომად ვნებისა და აღდგომისა კუალად მქონებელად ხრწნილებისა და მოკუდავებისა, ანუ ვნებათა შეწყნარებისა, რამეთუ ბუნებითნი და უცოდველნი ვნებანი და ხრწნილებანი ჩუენნი მიიხუნა ჴორცთ-შესხმითა და აქუნდეს ვიდრე ჯუარ-ცუმადმდე. ხოლო შემდგომად აღდგომისა უხრწნელ და უვნებელ ყო ვნებულებაჲ და მიკუდავებაჲ ჩუენი. ამის პირისათჳს შემოიღო მოციქულმან სიტყუაჲ საწამებელი წიგნისაგან ფსალმუნთაჲსა და ესაიაჲსსა. ხოლო ესაიაჲსი ესე სიტყუაჲ დაღაცათუ სამეოცდაათთა და სხუათა თარგმანთაგან ესრეთ გუაქუს ჩუენ: "აღგითქუა თქუენ აღთქუმაჲ საუკუნოჲ, წმიდაჲ იგი დავითისი სარწმუნოჲ" (), არამედ მოციქული ზედა-დაჰრთავს, ვითარმედ: "მიგცე თქუენ", რამეთუ, ვითარცა ჭეშმარიტად ებრაელი, თჳთ თარგმნის ებრაულისგან, და არა ჩუენთა თარგმანთაგან იჴუმევს სიტყუასა. რამეთუ მათგან თარგმნილსა "მიგცე" არა წერილ არს, არამედ მოციქული თჳთ ებრაულისაგან იტყჳს, ვითარმედ: "მიგცე თქუენ წმიდაჲ იგი დავითისი სარწმუნოჲ". ესე იგი არს, ვითარმედ ძუელისა მის შჯულისა აღთქუმაჲ წუთ ჟამისა არს. ამისთჳს საუკუნოჲ აღთქუმაჲ მიგცე თქუენ, იტყჳს უფალი. ხოლო საუ კუნოჲ აღთქუმაჲ არს დავითის მიმართ თქუმული იგი ფიცით, ვითარმედ ნათესავი მისი, რომელ არს ქრისტე, უკუნისამდე ეგოს, და რომელთა ჰრწმენეს იგი, ცხონდენ ცხორებითა საუკუნოჲთა დაუსრულებელად.
რამეთუ დავით ნათესავსა შინა თჳსსა ჰმსახურა და ნებითა ღმრთისაჲთა შეისუენა და შეეძინა მამათა თჳსთა და იხილა განსახრწნელი. ხოლო რომელი-იგი ღმერთმან აღდგინა, არა იხილა განსახრწნელი (13,36-37).
თარგმანი: ვინაჲთგან სიტყუაჲ იგი დავითის თქუმული იყო, ვითარმედ "არა სცე წმიდასა შენსა ხილვად განსახრწნელი" (), რაჲთა არა თქუან ჰურიათა, ვითარმედ ეგე თავისა თჳსისათჳს უთქუამს დავითს, ამისთჳს ეტყჳს მოციქული, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, "რამეთუ დავით ნათესავსა შინა თჳსსა ჰმსახურა განზრახვასა ღმრთისასა და დაიძინა და შეეძინა მამათა თჳსთა და იხილა განსახრწნელი". ესე იგი არს, ვითარმცა ეტყოდა, ვითარმედ: ამით ცხად არს ქრისტესთჳს თქუმულთბაჲ განსახრწნელისა არა ხილვისაჲ, და ვითარმედ არა თავისა თჳსისათჳს იტყოდა დავით სიტყუასა ამას, რამეთუ დავით მას ერთსა ოდენ ნათესავსა შინა ცოცხალ იყო, და ამისსა შემდგომად ჰმსახურა ღმრთივ დადებულთა ბუნებითთა შჯულთა სიკუდილისათა, და შეისუენა და იხილა განსახრწნელი. ხოლო ქრისტე, რომელი-იგი ბუნებისათჳს ჴორცთაჲსა ღმრთისა მიერ მამისა აღდგინებულად ითქუმის, არა იხილა განსახრწნელი ჟამსა მას სიკუდილისა თჳსისასა, რამეთუ დაღაცათუ მოკუდა ბუნებითა ჴორცთაჲთა, არამედ ეგრეთცა შეუხებელად დაიცვნა ხრწნილებისაგან სული და ჴორცნი თჳსნი.
უწყებულ უკუე იყავნ ესე თქუენდა, კაცნო ძმანო, რამეთუ ამის მიერ თქუენ მოტევებაჲ ცოდვათაჲ გეხარების, და ყოველთა მათგან, რომელთაგან ვერ უძლეთ შჯულითა მით მოსესითა განმართლებად, ამის მიერ ყოველსა, რომელსა ჰრწმენეს, განმართლდების (13,38-39).
თარგმანი: არა თუ შჯული მოსესი ბოროტ იყო, ნუ იყოფინ, არამედ სიწლოჲთა და სიჴშოჲთა ყოველივე ძნიად წარსამართებელ იყო, და ერთითაცა რაჲთმე ცთომილი ყოვლისავე თანამდებ იქმნებოდა. ამისთჳსცა მოციქული არა ეტყჳს, ვითარმედ შჯული შეუძლებელ იყო განმართლებად, არამედ თქუენ შეუძლებელ იყვენითო განმართლებად, ვითარცა ვერ მოქმედნი ყოველისავე შჯულისა მცნებათანი. ამისთჳსცა ქრისტემან ახალსა ამას შინა არღარა დაშჯაჲ, არამედ ზოგად ყოველთავე პირველ ქმნულთა ბრალთა მიტევებაჲ — დადვა ნათლის-ღებისა მიერ, რომელსა ჭეშმარიტებით ჰრწმენეს მისსა მიმართ, და არცა ერთი ზრუნვაჲ აქუს მორწმუნეთა, პირველ ნათლის-ღებისა ქმნილთა ცოდვათათჳს, ოდენ შემდგომად ნათლის-ღებისა განეკრძალნენ კუალად მიქცევად ნათხევარსა პირველთა ცოდვათა მოქმედებისასა.
იხილეთ, ნუ-უკუე მოიწიოს თქუენ ზედა თქუმული იგი წინაჲსწარმეტყუელთა შინა: იხილეთ შეურაცხის-მყოფელთა მაგათ, დაგიკჳრდინ და განირყუნენით, რამეთუ საქმესა ვიქმ მე დღეთა თქუენთა. საქმესა, რომელი-იგი არა გრწმენეს, უკუეთუ ვინმე გითხრას თქუენ (13,40-41).
თარგმანი: ვინაჲთგან ქრისტეს მიერ ყოფადი შენდობაჲ ცოდვათაჲ ახარა, აწ პატიჟსა უთხრობს ესევითარისა ამის მადლისა შეურაცხის-მყოფელთასა, სიტყუათაგან ამბაკუმისთა, რომელი-ესე მაშინ თქუა წინაჲსწარმეტყუელმან, რაჟამს სულმოკლე და მწუხარე იქმნა უმშჯავროებასა ზედა ისრაელისა მსაჯულთასა, და ეტყოდა ღმერთსა: "რაჲსათჳს-მე მიჩუენენ მე შრომანი ხილვად უბადრუკებაჲ და უღმრთოებაჲ მათგან, რომელნი უშჯულოებენ იერუსალემს შინა" (). ამას იტყოდა დრტჳნვით სულგრძელებათა მიმართ და ძჳრუჴსენებელობათა ღმრთისათა, ვითარმცა მათ მიერ განლაღებულ იყვნეს უშჯულონი. ხოლო ღმერთმან ყოფადთა საქმეთა წინაჲსწარ ცნობითა ნუგეშინის-სცა ურვასა მისსა, და მისითავე პირითა იწყო სიტყუად მათდა მიმართ, რომელთათჳს-იგი დრტჳნვიდა: იხილეთ შეურაცხის-მყოფელთა მაგათ, დაგიკჳრდინ და უჩინო იქმნენით. რამეთუ საქმესა ვიქმ მე დღეთა თქუენთა, საქმესა, რომელი-იგი არა გრწმენეს, უკუეთუ ვინმე გითხრას თქუენ. ხოლო ძალი სიტყუათაჲ ამათ ესე არს, ვითარმედ: შენ მეტყჳ წინაჲსწარმეტყუელო, რაჲთა ვტანჯნე შეურაცხის-მყოფელნი, გარნა ძე არა ტანჯვითა განვეცხადები ჯერეთ, არამედ საქმითა განსაკჳრვებელითა, რომელსა ვიქმ დღეთა მათთა, ესე იგი არს, მოკლებასა მთავართა იუდაჲსთასა, საქმესა, რომელი თჳნიერ სარწმუნოებისა თხრობითა ოდენ ვერ დასარწმუნებელ არს. რამეთუ რაჲ უსაკჳრველეს და უსაზარელეს არს სმენად ამისსა, ვითარმედ ღმერთმან ჴორცნი შეისხნა და ივნო ბუნებითა კაცობრივითა. ვინაჲთგან უკუე ამის ესევითარისა ქადაგი იყო პავლე, ძნიად დასარწმუნებელობაჲცა ქადაგებისა თჳსისაჲ უჩუენა პირველ თქუმულად ღმრთისა მიერ პირითა წინაჲსწარმეტყუელისაჲთა.
და ვითარცა ეგულებოდა მათ განსლვაჲ შესაკრებელისაგან ჰურიათაჲსა, ჰლოცვიდეს მათ წარმართნი და ევედრებოდეს მერმესაცა შაბათსა თხრობად მათდა სიტყუათა ამათ (13,42).
თარგმანი: იხილე სიბრძნე პავლეს სიტყუათაჲ, ვითარ წყურიელ ყვნა კაცნი იგი ვედრებად თჳსსა, რაჲთა სხუასაცა შაბათსა მიუთხრას მათ ნეშტი თხრობისაჲ მის, რომელი მან ნებსით დაუტევა უსრულად, რაჲთა ძიების მოყუარე ყოს გონებაჲ მათი სწავლად ღონესა, თუ ვითარ მიემთხჳნენ ბრალთა შენდობასა.
და ვითარცა განუტევეს კრებული იგი, მისდევდეს მათ მრავალნი ჰურიათაგანნი და მორწმუნეთა მათ მწირთაგანნი პავლეს და ბარნაბას, ხოლო იგინი ეტყოდეს მათ და არწმუნებდეს მტკიცედ დადგრომად მადლსა მას ზედა ღმრთისასა (13,43).
თარგმანი: ამათ ზემო შეასხმიდა პავლე, ჰურიათა უკუე — ნათესავისაგან, რომელ არს ისრაელ წოდებაჲ, ხოლო წარმართთაგანთა მწირთა — სათნოებისაგან, რომელ არს ღმრთისმოშიშებაჲ. აწ უკუე ორთა ამათგან, ჰურიათაგანცა და მწირთა, უმჴურვალესნი შეუდგეს, არღარა ბარნაბას და პავლეს, არამედ პავლეს და ბარნაბას, რამეთუ ამიერითგან იწყო პავლე სახელითცა და საქმით წინა-მოქცევად ბარნაბაჲსსა, ზეშთა აღსლვად მოწაფეთა და თანა-შესწორებად მოციქულთა. და ზოგად ორნივე იგი, პავლე ბარნაბაჲთურთ, არა მყის ნათელ-სცემენ მათ, რომელნი აწ შეუდგეს მათ, რამეთუ არა იყო ჟამი, არამედ ამას ოდენ კმა-იყოფენ, რაჲთა ჟამისად არწმუნონ მათ მტკიცედ პყრობად სარწმუნოებისა მადლისა მიმართ ღმრთისა, და უცვალებელ ყონ ქონებაჲ ამის სასოებისაჲ, ვითარმედ ქრისტე არს მადლით მიმტევებელი ცოდვათა მათთაჲ.
და მერმესა მას შაბათსა კნინღა და ყოველი იგი ქალაქი შეკრბა სმენად სიტყუასა მას უფლისასა. ხოლო იხილეს რაჲ ჰურიათა მათ ეგოდენი იგი ერი, აღივსნეს შურითა და მჴდომად აღუდგეს სიტყუათა მათ პავლესთა და ჰგმობდეს მათ (13,44-45).
თარგმანი: იხილე სიბოროტე შურისაჲ, რამეთუ რომელნი-იგი პირველ თჳთ აწუევდეს მოძღურებად, აწ იწყეს გმობად, ხედვიდეს რაჲ ერთა მრავალთა მსმენელად მათგან. ამისთჳს ჩუეულებისაებრ მჴდომ იქმნნეს ქრისტესსა, მჴდომობითა პავლეს სიტყუათაჲთა.
განეცხადნეს ბარნაბა და პავლე და თქუეს: თქუენდა ჯერ-იყო პირველად რქუმად სიტყუაჲ ესე ღმრთისაჲ, ხოლო ვინაჲთგან განიშორებთ მას, და არა-ღირსად გიშჯიან თავნი თჳსნი ცხოვრებისა საუკუნოჲსა, აჰა ესერა მივიქცევით წარმართთა მიმართ, რამეთუ ესრეთ მამცნო ჩუენ უფალმან, ვითარმედ: დაგადგინე შენ ნათლად წარმართთა, რაჲთა იყო შენ მაცხოვრად კიდით-კიდედმდე ქუეყანისა (13,46-47).
თარგმანი: განცხადებაჲ ესე ამისი ნაცვალი არს, ვითარმედ კადნიერ იქმნნეს ბარნაბა და პავლე და თქუეს: თქუენდა ჰურიათა ჯერ-იყო პირველად მითხრობად სიტყუაჲ ესე ღმრთისაჲ, რამეთუ წინა-განსწავლულ იყვენით შჯულისა მიერ და წინაჲსწარმეტყუელთა სარწმუნოებისათჳს ქრისტესისა, რომელსა-იგი ნებსით განიშორებთ, და არა ღირს ჰყოფთ თავთა თქვენთა ცხორებისა საუკუნოჲსა, რამეთუ ღმერთსა ყოველთა კაცთადა უშურველად წინა-უყოფიეს გზაჲ ცხორებისაჲ, ხოლო ესე კაცად-კაცადისა ჴელმწიფებასა შინა არს, რაჲთა ანუ შეიწყნაროს, ანუ გარე-მიაქციოს თავისა თჳსისაგან წყალობაჲ. ღმრთისაჲ. ამისთჳს არა თუ მოუქცეველად წარვალთ, არამედ მივიქცევით ოდენ წარმართთა მიმართ, რაჲთა, ოდესცა გინდეს, კუალად მოვიქცეთ თქუენდა, და ესეცა წინაჲსწარმეტყუელებით წინა-მოსწავებულ არს ესაიაჲსგან, რამეთუ სიტყუაჲ იგი მამისაჲ, რომელი ჰურიათა სულთა ტყუეობისაგან ეშმაკისა გამოჴსნად და სიბრმისა თუალთა მათთაჲსა აღხილვად მოივლინა, ქადაგებითა მათდა მიტევებისაჲთა, რაჟამს მათ განიშორეს, სამართლად ესმა მამისაგან, ვითარმედ: აჰა ესერა დავადგინე შენ ნათლად წარმართთა და ზოგად ყოველთა კაცთა მაცხოვრად კიდით-კიდემდე ქუეყანისა. ესრეთ წინა-მოსწავებული ესაიაჲსი სრულ-ყვეს მოციქულთა ყოველთა ნათესავთა ზედა მიფენითა ქრისტეს ქადაგებისაჲთა.
ესე რაჲ ესმოდა წარმართთა, უხაროდა და ადიდებდეს სიტყუასა მას უფლისასა. და ჰრწმენა, რავდენნიცა იყვნეს დაწესებულ ცხორებასა საუკუნესა. და მიმოეფინებოდა სიტყუაჲ იგი უფლისაჲ ყოველსა მას სოფელსა (13,48-49).
თარგმანი: ყოველთავე წარმართთა უხაროდა წინაჲსწარმეტყუელებით მოსწავებაჲ ცხორებისა მათისაჲ, ხოლო ირწმუნებდეს იგინი ოდენ, რომელნი დაწესებულ, ესე იგი არს წინა-განსაზღვრებულ, იყენეს ნაწილ-ყოფად ცხორებისა საუკუნოჲსა, ხოლო წინა-განასაზღვრებს ღმერთი. არა თუ თჳთმფლობელობასა კაცთასა დაჰჴსნის, არამედ, რომელთანი წინაჲსწარ უწყოდნის გონებანი, ვითარმედ მორწმუნე იქნებიან, მათცა წინა-განასაზღვრებს ნაწილად ცხორებისა საუკუნოჲსა, ყოვლისავე სიბრნით წინაჲსწარმცნობელითა მით ძალითა თჳსითა. რამეთუ იხილე პირველ სოფლის დაბადებისა წინა-განსაზღვრებული პაელე, ჭურ რჩეულ ღმრთისა ყოფად არა საშოჲთგან დედისაჲთ იქმნა, არცა ჰასაკსა სიჭაბუკისასა, არამედ შემდგომად მამაკაც სრულ-ყოფისა, ოდეს-იგი აქუნდა სრული მეცნიერებაჲ კეთილისა და ბოროტისაჲ. რამეთუ ნებითა თჳსითა იყო პირველ მგმობარ და მდევარ, და ნებითა თჳსითა გულისჴმა-ყო უკუანაჲსკნელ მადლი ღმრთისაჲ, და ნებსით შეიშინა ხილვისა მისგან გზასა ზედა, და ნებსით ჰრწმენა იესუჲსი. რამეთუ არა ყოველი კაცი შეიგონებს შიშსა ხილვათასა, არამედ, რომელი გონიერ იყოს, იგი ოდენ შეიცვალების ბოროტისაგან და განბრძნდების სწავლისა მიერ ღმრთისა, ვითარ-ესე პავლე და კორნილიოს და კლემენტოს, რომელთა სხჳსა სწავლულებისა ძალი შესაწევნელ ყვეს გულისჴმის-საყოფელად წმიდისა ამის და ჭეშმარიტისა სარწმუნოებისა ჩუენისა. ხოლო ფარაო, რაოდენცა უმეტესნი იქმნებოდეს მის ზედა სასწაულნი ღმრთისანი, ეგოდენ უფროჲს განფიცხნებოდა.
ხოლო ჰურიათა მათ განარისხნეს მსახურნი იგი დედანი აზნაურნი და მთავარნი იგი მის ქალაქისანი, და აღადგინეს დევნაჲ პავლეს და ბარნაბას ზედა, და განდევნნეს იგინი საზღვრით მათით (13,50).
თარგმანი: მსახურ უწოდს დედაჲ მათ მდიდართა აზნაურთა, რომელნი-იგი ბერძულ-მეტყუელ იყვნეს და შჯულისა ჰურიათაჲსა დამცველ იყვნეს. ამათ მიერ ინებეს ცთუნებაჲ ერისაჲ ჰურიათა მათ, რაჲთა ემსგავსნენ ეშმაკსა ბირებითა ევაჲსითა მაცთუნებელსა ადამისსა, და ზოგად განარისხნეს იგინი მთავართა თანა ქალაქისათა, და მათ მიერ განასხნეს მოციქულნი არა ხოლო ქალაქისაგან, არამედ ყოველთაგანვე საზღვართაცა მათთა, რამეთუ ყოვლად განცოფებულ იყვნეს იგინი შურისა მიერ.
ხოლო მათ განიყარეს მტუერი ფერჴთა მათთაჲ მათ ზედა და მივიდეს იკონიად, და მოწაფენი იგი აღივსებოდეს მადლითა და სულითა წმიდითა (13,51-52).
თარგმანი: მტუერი ფერჴთაჲ სახე არს შრომისაჲ, რომელი თავს-იდვეს მისლვასა მათდა; ამისთჳსცა მასცა განიყრიან, მცნებისაებრ უფლისა, რაჲთა არარაჲ თანაწარიტანონ მათ, არცაღა კნინ-ოდენი მტუერი ქუეყანისაგან მათისა, რომელთა არა შეიწყნარეს ქადაგებაჲ საღმრთოჲ, არამედ მათვე ზედა დასდვან ტჳრთი შრომისაჲ, რომელ ცუდ ყვეს მათთჳს დაშურომაჲ იგი ქადაგთა ქრისტესთაჲ. გარნა ვიეთიმე ურწმუნოდ დაშთომაჲ მორწმუნეთა მათ მოწაფეთა არარას სავნებელ ეყო, არამედ თჳთ ჭირსა მას ზედა და დევნულებასა მოძღუართასა ესრეთ ითქუმის მათთჳს, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს: და მოწაფენი იგი აღივსებოდეს სიხარულითა და სულითა წმიდითა. რამეთუ მაშინღა სცნობდეს, ვითარმედ არათუმცა უეჭუელ იყო ქრისტეს მიერ მიმთხუევაჲ ცხორებისა საუკუნოჲსაჲ, არა-მცა თავს-იღებდეს ქადაგნი მისნი მისთჳს ჭირთა და დევნულებათა. ხოლო ესევითარი გულისჴმის-ყოფაჲ ვერ-ვინაჲ მიემადლების კაცთა, თჳნიერ მიფენითა სულისა წმიდისაჲთა.