...ა: ის, ვინც ახლა თავისი სიტყვით მიწას ასე მრავალრიცხოვანი თესლის აღმოცენებისკენ აღძრა და ამით თავისი ძალა გამოავლინა, ადამიანის გონებას რომ აღემატება, სწორედ ეს მიწა, მძიმე და თავის ზურგზე ასეთ სამყაროს მზიდავი, წყალთა ზედა დაამყარა, როგორც წინასწარმეტყველი ამბობს: „რომელმან დაამტკიცა ქუეყანა წყალთა ზედა" (). რომელი ადამიანურ გონებას შესწევს ამის ჩაწვდომის უნარი? როცა ადამიანები სახლებს აშენებენ და საძირკვლის ჩაყრა სურთ, ჯერ მიწას თხრიან და, სიღრმეში ჩასულნი, თუ ცოტა წყალსაც კი შეამჩნევენ, ცდილობენ მთელი ამოქაჩონ და მხოლოდ მერე აგებენ საძირკველს; ყოვლის შემოქმედი კი ყველაფერს არა ისე ქმნის, როგორც ადამიანები, რათა ამითაც შეიცნო მისი გამოუთქმელი ძალა და ის, რომ თუ მას სათნოდ მიაჩნია, თავად სტიქიონებიც, შემოქმედის ბრძანებას მორჩილნი, თავიანთი ბუნებრივი მოქმედების საპირისპიროს აკეთებენ.
3. სტიქიონთა მორჩილება და ადამიანის ვნებები
და, რომ ჩემი სიტყვები თქვენთვის უფრო ნათელი იყოს, კიდევ ცოტა ვისაუბროთ ამ საგანზე, და შემდეგ სხვაზეც გადავიდეთ. მართლაც, წყლის ბუნებას ეწინააღმდეგება ასეთი მძიმე სხეულის თავზე ტარება, ისევე მიწისთვის არაბუნებრივია ასეთ საფუძველზე წოლა. მაგრამ მიწა წყალთა ზედა ასვენია. და რას გაუკვირდეს! თუ ისურვებ, ყოვე...