...ეხვევით, — დაძაბული გონებით მოვუსმინოთ ნათქვამს, რათა კეთილშობილი და მაღალი შეძენით სახლში დავბრუნდეთ. მაშ, რას ნიშნავს: „შჳდნი შურის-ძიებანი დაჴსნნეს"? უპირველეს ყოვლისა, რიცხვი შვიდი საღვთო წერილში სიმრავლის მნიშვნელობით გამოიყენება და ეს ბევრგან შეიძლება ნახოთ, მაგალითად: „ბერწსა მას ესხნეს შჳდ შვილ" () და სხვა მსგავსი. აქ კი ცოდვის სიმძიმეზე მიგანიშნებენ, იმაზე, რომ მან (კაინმა) არა ერთი ცოდვა ჩაიდინა, არამედ შვიდი, და თითოეული ცოდვისთვის დიდი სასჯელი ეკუთვნოდა. როგორ ჩამოვთვალოთ ისინი? თუ დავთვლით, პირველი ცოდვა ის არის, რომ ძმას შეშურდა ღვთის მისადმი კეთილგანწყობისთვის: და ეს ერთი ცოდვაც საკმარისი იყო მის სიკვდილით დასასჯელად; მეორე — რომ საკუთარ ძმას შეშურდა; მესამე — რომ ხერხი იხმარა; მეოთხე — რომ მკვლელობა ჩაიდინა; მეხუთე — რომ ძმა მოკლა; მეექვსე — რომ პირველმა ჩაიდინა მკვლელობა; მეშვიდე — რომ ღმერთს მოუტყუა. ხომ დაიმახსოვრეთ ნათქვამი? ან თუ გინდათ, კვლავ ჩამოვთვალოთ ეს ცოდვები, რათა ნახოთ, როგორ თითოეული მათგანი ცალკეც საკმარისი იყო მის (კაინის) უმძიმესი სასჯელისთვის. ვინ მიუტევებს ადამიანს, რომელიც სხვას ღვთის კეთილგანწყობის გამო შურს? აჰა, ერთი, მაგრამ უდიდესი და მიუტევებელი ცოდვა. შემდეგ ეს ცოდვა კიდევ უფრო მძიმდება...