ხედავ, საყვარელო, (ღვთის) ქველმოქმედების უფსკრულს? ხედავ, რამდენი ჩამოვთვალეთ და მაინც ვერ შევძელით მათი მცირე ნაწილიც კი გადმოგვეცა? როგორ შეიძლება, მართლაც, ადამიანის ენამ სიტყვით გამოხატოს ის, რაც ღმერთმა ჩვენთვის ქმნა? და, ამასთანავე, რამდენადაც მრავალრიცხოვანნი და დიდნი არიან ესენი (ქველმოქმედებანი), კიდევ ბევრად უფრო დიდი და გამოუხატავია ის სიკეთეები, რომლებიც მან აღგვითქვა აქაური ცხოვრების შემდეგ, მომავალ საუკუნეში, სათნოების გზით მავალთათვის. ნეტარი პავლე, სურდა რა, მცირე სიტყვებით წარმოგვედგინა მათი უზომო სიდიადე, ამბობს: "რომელი თუალმან არა იხილა, და ყურსა არა ესმა, და გულსა კაცისასა არა მოუჴდა, რომელი განუმზადა ღმერთმან მოყუარეთა თჳსთა" (). ხედავ ნიჭთა უზომოებას? ხედავ, რომ მისი ქველმოქმედებანი ადამიანის ყოველგვარ ცნებას აღემატება? "გულსა", — ამბობს, — "კაცისასა არა მოუჴდა". ამრიგად, თუ მოვინდომებთ მათზე ფიქრს და ჩვენი ძალის მიხედვით მადლობას (ღმერთს) აღვავლენთ, მაშინ შეგვიძლია მისი კეთილგანწყობა კიდევ უფრო მოვიპოვოთ და სათნოებისადმი უფრო ძლიერი მისწრაფება...
დაბადება 8:21
20. აუგო ნოემ სამსხვერპლო უფალს, თითო-თითო ამოარჩია ყოველი წმიდა პირუტყვიდან და ყოველი წმიდა ფრინველიდან და აღსავლენად მიიტანა სამსხვერპლოზე.21. იყნოსა უფალმა კეთილსურნელება და თქვა უფალმა თავისთვის: ამიერიდან აღარ დავწყევლი მიწას ადამიანის გამო, რადგან ბოროტისკენაა მიდრეკილი ადამიანის გულისთქმა მისი სიყრმიდანვე. მეტად აღარ გავანადგურებ ცოცხალ არსებას, როგორც მოვიქეცი.22. ვიდრე ქვეყანა იქნება - არც თესვა და მკა, არც ყინვა და სიცხე, არც ზაფხული და ზამთარი, არც დღე და ღამე არ გაუქმდება.
დაბადება თავი 8