დავრდომილის განკურნება ბეთეზდაში
2. ხოლო იერუსალიმში, ცხვრის ჭიშკართან არის ხუთბჭიანი აუზი, რომელსაც ებრაულად ჰქვია ბეთეზდა.3. იქ იწვა უამრავი სნეული, ბრმა, კოჭლი და დავრდომილი, რომლებიც მოელოდნენ წყლის ძვრას.4. ვინაიდან ანგელოზი დროდადრო ჩადიოდა აუზში და ამღვრევდა წყალს; ხოლო ვინც წყლის ძვრისას პირველი ჩავიდოდა შიგ, რა სენითაც უნდა ყოფილიყო სნეული, იკურნებოდა.5. იყო იქ კაცი, რომელიც ოცდათვრამეტ წელიწადს იტანჯებოდა თავისი სენით.6. როცა იესომ მწოლარე იხილა იგი, მიხვდა, რომ დიდი ხანია ამ დღეში იყო, და უთხრა: გინდა განიკურნო?7. ხოლო სნეულმა მიუგო: უფალო, კაცი არა მყავს, რომ წყლის ძვრისას ჩამიშვას აუზში; ვიდრე მე მივალ, სხვა მასწრებს ჩასვლას.8. და უთხრა იესომ: აღდეგ, აიღე შენი სარეცელი და წადი.9. მაშინვე განიკურნა იგი; აიღო თავისი სარეცელი და წავიდა. ხოლო ის დღე შაბათი იყო.10. ამიტომაც იუდეველები ეუბნებოდნენ განკურნებულს: დღეს შაბათია, ასე რომ, ნება არ გქონდა აგეღო შენი სარეცელი.11. მან კი მიუგო: ვინც განმკურნა, მანვე მითხრა: აიღე შენი სარეცელი და წადი.12. ჰკითხეს: ვინ არის ის კაცი, რომელმაც გითხრა, აიღე შენი სარეცელი და წადიო?13. მაგრამ განკურნებულმა არ იცოდა, ვინ იყო, რადგან იესო იქვე მყოფ ხალხში გაუჩინარდა.14. ამის შემდეგ ტაძარში დაინახა იგი იესომ და უთხრა: აჰა, განიკურნე; ნუღარა სცოდავ, რათა უარესი არ დაგემართოს.15. მაშინ ის კაცი წავიდა და იუდეველებს უთხრა, რომ იესომ განკურნა იგი.16. ამიტომაც იუდეველები მოსაკლავად დასდევდნენ იესოს, ვინაიდან ამას იქმოდა შაბათს.