სიმართლისა და ცდუნების საზღაური
6. ხოლო ვინც აცდუნებს ერთ ამ მცირეთაგანს, რომელსაც მე ვწამვარ, უჯობს წისქვილის დოლაბი დაჰკიდონ ყელზე და ზღვის უფსკრულში დანთქან.7. ვაი ამ ქვეყანას საცდურთაგან, ვინაიდან საცდური გარდუვალია: მაგრამ ვაი იმ კაცს, ვისგანაც მოდის საცდური.8. თუ შენი ხელი ანდა შენი ფეხი გაცდუნებს, მოიკვეთე და გადააგდე: გიჯობს უხელოდ ან უფეხოდ შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორივე ხელით ან ორივე ფეხით ჩავარდე საუკუნო ცეცხლში.9. თუ შენი თვალი გაცდუნებს, ამოითხარე და გადააგდე: გიჯობს ცალთვალა შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორივე თვალის მქონე ჩავარდე ცეცხლის გეენაში.10. ეკრძალეთ, ნუ შეურაცხყოფთ ნურცერთ ამ მცირეთაგანს, რადგანაც გეუბნებით თქვენ, რომ მათი ანგელოზები ცაში თვალს არ აშორებენ ჩემი ზეციერი მამის სახეს.11. რადგან ძე კაცისა მოვიდა, რათა იხსნას დაკარგულნი.
41. იმას, ვინც ჭიქა წყალს მოგაწვდით ჩემი სახელით, ვინაიდან ქრისტესი ხართ, ჭეშმარიტად გეუბნებით: არ დაეკარგება თავისი საზღაური.42. და ვინც აცთუნებს თუნდაც ერთ ამ მცირეთაგანს, რომელსაც მე ვწამვარ, უჯობს წისქვილის დოლაბი დაჰკიდონ ყელზე და ზღვაში დანთქან.43. თუ შენი ხელი გაცთუნებს, მოიკვეთე იგი: გიჯობს სახიჩარი შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორივე ხელის მქონე ჩავარდე გეენაში, გაუნელებელ ცეცხლში,44. სადაც ულევია მათთვის მატლი და უშრეტი - ცეცხლი.45. თუ შენი ფეხი გაცთუნებს, მოიკვეთე იგი: გიჯობს კოჭლი შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორივე ფეხის მქონე ჩავარდე გეენაში, გაუნელებელ ცეცხლში,46. სადაც ულევია მათთვის მატლი და უშრეტი - ცეცხლი.47. ხოლო თუ შენი თვალი გაცთუნებს, ამოითხარე იგი: გიჯობს ცალთვალა შეხვიდე ღმრთის სასუფეველში, ვიდრე ორივე თვალის მქონე ჩავარდე ცეცხლის გეენაში,48. სადაც ულევია მათთვის მატლი და უშრეტი - ცეცხლი.49. რადგან ყველაფერი ცეცხლით დამარილდება და ყოველი შესაწირავი მარილით დამარილდება.50. კარგი რამ არის მარილი; მაგრამ თუ მარილი უმარილო გახდა, რაღათი შეანელებთ მას? გქონდეთ მარილი თქვენში და მშვიდობით იყავით ერთმანეთს შორის.