სვლა გოლგოთისკენ და ჯვარცმა
32. გზაში შემოხვდათ ერთი კირენელი კაცი, სახელად სიმონი; და აიძულეს წამოეღო იესოს ჯვარი.33. და როცა მიაღწიეს იმ ადგილს, რომელსაც ჰქვია გოლგოთა, რაც ნიშნავს თხემის ადგილს,34. მისცეს მას სასმელად ნაღველნარევი ძმარი, და როცა გემო გაუსინჯა, აღარ მოუნდა დალევა.35. და როცა ჯვარს აცვეს, წილი ყარეს და გაიყვეს მისი სამოსი, რათა აღსრულდეს თქმული წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს: ერთმანეთში გაიყვეს ჩემი სამოსი და ჩემს კვართზე იყარეს წილი.36. ისხდნენ და იქ დარაჯობდნენ მას.37. და დაუდგეს თავთით დაწერილი ბრალდება: ეს არის იესო, იუდეველთა მეფე!38. მაშინ ჯვარს აცვეს მასთან ერთად ორი ავაზაკი, ერთი მარჯვნივ და მეორე მარცხნივ.39. ხოლო გამვლელნი აგინებდნენ, თავებს აქნევდნენ40. და ამბობდნენ: ტაძრის დამრღვევო და სამ დღეში აღმშენებელო, იხსენი შენი თავი; თუ ღმერთის ძე ხარ, ჩამოდი ჯვრიდან.41. ასევე მღვდელმთავრები მწიგნობრებთან, უხუცესებსა და ფარისევლებთან ერთად დასცინოდნენ და ამბობდნენ:42. სხვები იხსნა და თავის ხსნა კი არ შეუძლია; თუ ისრაელის მეუფეა, დე, ჩამოვიდეს ჯვრიდან და ვიწამებთ მას.43. ღმერთს იყო მინდობილი, და, თუ ნებავს, დე, იხსნას ახლა ღმერთმა, ვინაიდან თქვა: ძე ვარო ღმრთისა.44. მის გვერდით ჯვარცმული ავაზაკნი ასევე აგინებდნენ მას.45. ხოლო მეექვსე საათიდან მეცხრე საათამდე წყვდიადმა მოიცვა მთელი ქვეყანა.
21. და აიძულეს მინდვრიდან მომავალი ერთი კირენელი კაცი, სახელად სიმონი, ალექსანდრესა და რუფუსის მამა, ეტვირთა იესოს ჯვარი.22. მიიყვანეს იგი იმ ადგილას, რომელსაც ჰქვია გოლგოთა, რაც ნიშნავს თხემის ადგილს.23. და მისცეს მას სასმელად მურნარევი ღვინო, მაგრამ არ მიიღო.24. ჯვარს აცვეს იგი და წილისყრით გაიყვეს მისი სამოსი: ვის რა შეგვხვდებაო.25. ხოლო იყო მესამე საათი, როცა ჯვარს აცვეს იგი.26. და მისი ბრალი ამ წარწერით იყო გადმოცემული: იუდეველთა მეფე.27. მასთან ერთად ჯვარს აცვეს ორი ავაზაკი, ერთი მის მარჯვნივ და მეორე - მარცხნივ.28. და აღსრულდა წერილი, რომელიც ამბობს: ბოროტმოქმედთა შორის შეირაცხაო.29. ხოლო გამვლელნი აგინებდნენ, თავებს აქნევდნენ და ამბობდნენ: ეჰა, ტაძრის დამრღვევო და სამ დღეში აღმშენებელო!30. იხსენი შენი თავი; ჩამოდი ჯვრიდან!31. ასევე მღვდელმთავრები, მწიგნობრებთან ერთად, დასცინოდნენ და ერთმანეთს ეუბნებოდნენ: სხვები იხსნა და თავის ხსნა კი არ შეუძლია;32. ქრისტე, მეფე ისრაელისა, დე, ჩამოვიდეს ახლა ჯვრიდან, რათა ვიხილოთ და ვიწამოთ. და მასთან ერთად ჯვარცმულნი აგინებდნენ მას.33. ხოლო მეექვსე საათის დამდეგს მეცხრე საათამდე წყვდიადმა მოიცვა მთელი ქვეყანა.
26. ის რომ მიჰყავდათ, შეიპყრეს ვინმე სიმონ კირენელი, მინდვრიდან მომავალი, და აჰკიდეს მას ჯვარი, რათა წამოეღო იესოს კვალდაკვალ.27. უკან მისდევდა ურიცხვი სიმრავლე ხალხისა და ქალებისა, რომლებიც ტიროდნენ და გლოვობდნენ მას.28. ხოლო იესო შემობრუნდა და უთხრა მათ: იერუსალიმის ასულნო, მე კი ნუ დამტირით, არამედ დაიტირეთ თქვენი თავი და თქვენი შვილები.29. რადგან, აჰა, მოვლენ დღენი, როცა იტყვიან: ნეტარ არიან უნაყოფონი და საშონი, რომელთაც არ უშობიათ, და ძუძუნი, რომელთაც არ უწოვებიათ.30. მაშინ ეტყვიან მთებს: თავზე დაგვემხეთ; და ბორცვებს: დაგვმარხეთ ჩვენ;31. რადგან თუ ნედლ ხეს ასე ექცევიან, რაღას უზამენ ხმელს?32. მასთან ერთად სასიკვდილოდ მიჰყავდათ ორი ბოროტმოქმედიც.33. და როცა მიაღწიეს იმ ადგილს, რომელსაც ჰქვია თხემის ადგილი, ჯვარს აცვეს იქ ისიცა და ბოროტმოქმედნიც, ერთი მის მარჯვნივ და მეორე - მარცხნივ.
17. თან მიჰქონდა თავისი ჯვარი, და მივიდა იმ ადგილას, რომელსაც ჰქვია თხემისა, ხოლო ებრაულად - გოლგოთა,18. სადაც ჯვარს აცვეს იგი, და მასთან ერთად ორი სხვაც, აქეთ და იქით, ხოლო შუაში იესო.19. დაწერა წარწერა პილატემ და ჯვარზე გააკრა; ხოლო წარწერა ასეთი იყო: იესო ნაზარეველი, იუდეველთა მეფე.20. იუდეველთაგან ბევრმა წაიკითხა ეს წარწერა (ვინაიდან ადგილი, სადაც ჯვარს აცვეს იესო, ახლოს იყო ქალაქთან), და დაწერილი იყო ებრაულად, ლათინურად და ბერძნულად.21. ხოლო იუდეველთა მღვდელმთავრებმა უთხრეს პილატეს: ნუ დაწერ: იუდეველთა მეფე, არამედ როგორც მან თქვა: მე ვარ მეფე იუდეველთა.22. მიუგო პილატემ: რაც დავწერე, დავწერე.23. ჯარისკაცებმა, რომლებმაც ჯვარს აცვეს იესო, აიღეს მისი სამოსი და ოთხ ნაწილად გაყვეს, თვითეულ ჯარისკაცს თავისი წილი ერგო, აგრეთვე კვართი; ხოლო კვართი ნაკერი კი არ იყო, არამედ თავიდან ბოლომდე ნაქსოვი.24. და ერთმანეთს უთხრეს: ნუ დავხევთ ამას, არამედ წილი ვყაროთ მასზე, ვნახოთ ვის შეხვდებაო. რათა აღსრულდეს წერილი, რომელიც ამბობს: გაიყვეს ჩემი სამოსი ერთმანეთს შორის, და ჩემს კვართზე იყარეს წილი.25. იესოს ჯვართან იდგნენ დედამისი, დედამისის და, მარიამ კლეოპასი და მარიამ მაგდალელი.