...მეტყუელი იტყჳს: „კეთილ არს ჩემდა, რამეთუ დამამდაბლე მე“; და თავადი მოწაფეთა ეტყოდა: „სოფელსა შინა ჭირი გაქუნდეს“; და პავლე იტყჳს: „მომეცა მე საწერტელი ჴორცთაჲ, ანგელოზი მჴდომი, რაჲთა დამქენჯნიდეს მე“. ამისთჳსცა ევედრა განყენებად მისგან ჭირი იგი განსაცდელთაჲ და არა მიემთხჳა თხოასა მას, რამეთუ დიდად სარგებელ ეყოფოდა, ვითარცა ჰრქუა უფალმან, ვითარმედ: „ძალი ჩემი უძლურებასა შინა სრულ იქმნების“. უძლურებად თქუა ჭირი იგი განსაცდელთა და წინააღმდგომთაჲ, რომელთაცა საქენჯნელად უწოდა.
ხოლო დავითის ცხორებაჲ უკუეთუ ვაჴსენოთ, ვპოოთ იგი განსაცდელთა შინა განბრწყინვებული და სხუანი იგი მსგავსნი მისნი. ესრეთ განბრწყინდა იობ, ესრეთ მძლედ გამოჩნდა იოსებ, ესრეთ აღასრულა ცხორებაჲ თჳსი იაკობ და თავადმანცა აბრაჰამ. და სხუანი ყოველნივე, რომელნიცა განბრწყინდეს სიწმიდითა და გჳრგჳნნი ძლევისანი მიიხუნეს, ჭირთა და განსაცდელთა მიერ წარემართნეს და რჩეულ იქმნეს უფლისა.
აწ უკუე ჩუენცა ესე ყოველი გულისჴმა-ვყოთ, და ოდეს განსაცდელი რაჲ მოიწიოს, ნუ სულმოკლე ვიქმნებით და ვისწრაფით განგდებად ჩუენგან სარგებელი...