...არამედ დავისაჯო კიდეც, თუკი შურისა ან სიზარმაცისა გამო არ ვასწავლიდი.
20. ხოლო გეტყჳ თქუენ: უკუეთუ არა აღემატოს სიმართლე თქუენი უფროჲს მწიგნობართა და ფარისეველთა, ვერ შეხჳდეთ სასუფეველსა ცათასა. - უფალი სიმართლეს ყველა სათნოებას უწოდებს, როგორც ეს იობზეა ნათქვამი: "ხოლო იყო იობი კაცი მართალი და ყოვლისაგან უბიწო" (). ამგვარად, შეძრწუნდი, კაცო, რაჟამს მოიაზრებ, რამდენი რამ მოგვეთხოვება. შემდეგ გვასწავლის, როგორ აღვემატოთ (მწიგნობრებსა და ფარისევლებს) და სათნოებებს ჩამოთვლის.
5:21-26 — რისხვა და შერიგება
21. გესმა, რამეთუ ითქუა პირველთა მათ მიმართ: არა კაც-ჰკლა; ხოლო რომელმან მოკლას, თანა-მდებ არს სასჯელისა (). - მაგრამ ვინ თქვა, არ ამბობს, რადგანაც რომ ეთქვა: მამამან ჩემმან უთხრა ძველებს, ხოლო მე თქვენ გეუბნებითო, მამის საწინააღმდეგო სჯულის დამდგენლად გამოჩნდებოდა. რომ ეთქვა, "მე ვეუბნებოდი ძველებსო", მის სიტყვებს აღარავინ მოუსმენდა. ამიტომაც განუსაზღვრელად ამბობს: ითქუა პირველთა მათ მიმართ-ო. ამ სიტყვებით იგი აჩვენებს, რომ სჯული მოძველდა, ხოლო უკეთუ მოძველდა და გაქრობას მიუახლოვდა, მისი დატევება და ახლისკენ სწრაფვაა საჭირო.
**22. ხოლო მე გეტყჳ თქუენ, რამეთუ რომელი განურისხნეს...