იესოს დაკრძალვა
57. მწუხრის ჟამს მოვიდა მდიდარი არიმათიელი კაცი, სახელად იოსები, რომელიც აგრეთვე იესოს მოწაფე იყო.58. მივიდა იგი პილატესთან და გამოითხოვა იესოს გვამი; და მაშინ ბრძანა პილატემ, მიეცათ მისთვის.59. წამოიღო მისი გვამი იოსებმა, და შეახვია წმიდა ტილოში.60. და დაასვენა იგი ახალ სამარხში, რომელიც კლდეში გამოეკვეთა; დიდი ლოდი მიაყუდა სამარხის კარს და წავიდა.61. იყო იქ მარიამ მაგდალელი, და მეორე მარიამიც, რომლებიც სამარხის წინ ისხდნენ.
42. მწუხრის ჟამს - ვინაიდან პარასკევი იყო, შაბათის წინა დღე, -43. მოვიდა იოსებ არიმათიელი, მრჩეველთა კეთილშობილი წევრი, თვითონაც რომ მოელოდა ღმრთის სასუფეველს, თამამად შევიდა პილატესთან და გამოითხოვა იესოს გვამი.44. ხოლო პილატეს გაუკვირდა, განა უკვე მოკვდაო? მოუხმო ასისთავს და ჰკითხა: დიდიხანია მოკვდა?45. და როცა შეიტყო ასისთავისგან, მისცა იოსებს მისი გვამი.46. ხოლო მან იყიდა ტილო და ჩამოხსნა იგი ჯვრიდან, გახვია ტილოში და სამარხში დაასვენა, რომელიც კლდეში იყო გამოკვეთილი, და ლოდი მიაყუდა სამარხის კარს.47. ხოლო მარიამ მაგდალელი და მარიამ იოსესი ხედავდნენ, სადაც დაასვენეს იგი.
50. და, აჰა, ერთი კაცი, სახელად იოსები, წარჩინებული მრჩეველი, კაცი კეთილი და სამართლიანი,51. რომელიც არ მონაწილეობდა მათ თათბირსა და მათ საქმეში და თავადაც მოელოდა ღმრთის სასუფეველს, იუდეის ქალაქ არიმათეის მკვიდრი,52. მივიდა პილატესთან და გამოითხოვა იესოს გვამი.53. ჩამოხსნა იგი, გაახვია ტილოში და დაასვენა კლდეში გამოკვეთილ სამარხში, სადაც ჯერ კიდევ არავინ დაესვენებინათ.54. პარასკევი დღე იყო და თენდებოდა შაბათი.55. უკან მიჰყვნენ გალილეიდან იესოსთან ერთად მოსული ქალებიც და იხილეს სამარხიცა და ისიც, თუ როგორ დაიდო მისი გვამი.56. ხოლო შემდეგ დაბრუნდნენ, მოამზადეს სურნელოვანი საკმეველი და ნელსაცხებელი და, მცნებისამებრ, უქმად იყვნენ შაბათს.
38. ამის შემდეგ იოსებ არიმათიელმა (რომელიც იესოს მოწაფე იყო, მაგრამ ფარულად, ვინაიდან იუდეველებისა ეშინოდა) სთხოვა პილატეს, რათა ჩამოეხსნა იესოს გვამი. პილატემ ნება დართო; ისიც მივიდა და ჩამოხსნა იესოს გვამი.39. მოვიდა ნიკოდემეც (ერთხელ ღამით რომ მივიდა იესოსთან) და მოიტანა სმირნისა და ალოეს ნაზავი, ასიოდ ლიტრა.40. აიღეს იესოს გვამი და ტილოებში გახვიეს, ნელსაცხებელთან ერთად, როგორც მოითხოვს იუდეველთა დაკრძალვის წესი.41. იმ ადგილას, სადაც ჯვარს აცვეს, ბაღი იყო, ბაღში კი - ახალი სამარხი, რომელშიაც ჯერ კიდევ არავინ დაესვენებინათ.42. იქ დაასვენეს იესო, იუდეველთა პარასკევის გამო, რადგანაც ახლოს იყო სამარხი.