იგავი მთესველზე
3. ბევრ რასმე ასწავლიდა მათ იგავებით და ამბობდა: აჰა, გამოვიდა მთესავი თესვად.4. ხოლო თესვისას ზოგი მარცვალი გზის პირას დავარდა, და მოფრინდნენ ფრინველები და აკენკეს ისინი.5. ზოგიც ქვიან ადგილას დავარდა, სადაც ბლომად არ იყო მიწა, და მალე აღმოცენდა, ვინაიდან ნიადაგი არ იყო ღრმა.6. მაგრამ ამოვიდა თუ არა მზე, დაჭკნა, და რადგან ფესვი არ ჰქონდა, გახმა.7. ზოგი კი ეკალ-ბარდებში ჩაცვივდა; იზარდა ეკალი და ერთიანად მოაშთო ყველა.8. ხოლო ზოგი პოხიერ ნიადაგზე დაეცა და ნაყოფიც გამოიღო: ზოგმა ასი, ზოგმა სამოცი და ზოგმაც ოცდაათი.9. ვისაც აქვს ყურნი სმენად, ისმინოს!10. მივიდნენ მოწაფეები და უთხრეს მას: რატომ ელაპარაკები მათ იგავებით?11. ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: იმიტომ, რომ თქვენ მოგეცათ ცათა სასუფევლის საიდუმლოთა ცოდნა, ხოლო ამათ არ მისცემია.12. რადგან ვისაც აქვს, მას მიეცემა და მიემატება, ხოლო ვისაც არა აქვს, წაერთმევა ისიც, რაცა აქვს.13. იგავებით იმიტომ ველაპარაკები მათ, რომ მხედველნი ვერას ხედავენ, მსმენელნი ვერას ისმენენ, და არც არა გაეგებათ რა.14. და მართლდება მათ მიმართ წინასწარმეტყველება ესაიასი, რომელიც ამბობს: სმენით მოისმინეთ და ვერას გაიგებთ, ხილვით იხილავთ და ვერ დაინახავთ.15. რადგან გამქისდა ამ ხალხის გული, დაეხშოთ ყური და დაევსოთ თვალი, რათა არ იხილონ თვალით, არ ისმინონ ყურით, არ იგრძნონ გულით, და არ მოიქცნენ, რათა განვკურნო ისინი.16. ხოლო ნეტარ არიან თქვენი თვალნი იმიტომ, რომ ხედავენ, და თქვენი ყურნი იმიტომ, რომ ისმენენ.17. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მრავალ წინასწარმეტყველსა და მართალს სურდათ ეხილათ ის, რასაც ხედავთ, და ვერ იხილეს; და ესმინათ ის, რასაც ისმენთ, და ვერ ისმინეს.18. მაშ, ისმინეთ მთესავის იგავი:19. ყველას, ვინც ისმენს სასუფევლის სიტყვას, მაგრამ არ ესმის იგი, მიადგება უკეთური და მოსტაცებს გულში ჩათესილს: ეს არის თესლი, გზის პირას რომ დაითესა.20. ხოლო ქვიან ადგილას დათესილი ის არის, ვინც ისმენს სიტყვას და მაშინვე სიხარულით იღებს მას.21. მაგრამ ფესვი არა აქვს მასში, და ამიტომ უდღეურია; და როდესაც მოაწევს ჭირის დღე ან დევნა სიტყვის გამო, მყისვე ცდუნდება.22. ხოლო ეკალ-ბარდებში დათესილი ის არის, ვინც ისმენს სიტყვას, მაგრამ სოფლის საზრუნავი და სიმდიდრის საცდური აშთობენ სიტყვას და უნაყოფოს ხდიან მას.23. პოხიერ ნიადაგზე დათესილი კი ის არის, ვინც ისმენს და კიდეც შეიგნებს სიტყვას, და ამიტომაც გამოაქვს ნაყოფი; ერთი ასად, ერთი სამოცად თუ ერთი ოცდაათად.
2. ბევრ რასმე ასწავლიდა იგავებით და თავისი სწავლით ამბობდა:3. ისმინეთ: აჰა, გამოვიდა მთესავი თესვად.4. ხოლო თესვისას ზოგი მარცვალი გზის პირას დავარდა; მოფრინდნენ ცის ფრინველები და აკენკეს ისინი.5. ზოგიც ქვიან ადგილას დავარდა, სადაც ბლომად არ იყო მიწა და მალე აღმოცენდა, ვინაიდან ნიადაგი არ იყო ღრმა.6. მაგრამ ამოვიდა თუ არა მზე, დაჭკნა, და რადგან ფესვი არ ჰქონდა, გახმა.7. ზოგი კი ეკალ-ბარდებში ჩაცვივდა; წამოიზარდა ეკალი და ერთიანად მოაშთო ყველა; და ვეღარ გამოიღეს ნაყოფი.8. ხოლო ზოგი პოხიერ ნიადაგზე დაეცა, იზარდა, ნაყოფი გამოიღო და იმატა: ერთი ოცდაათად, ერთი სამოცად თუ ერთი ასად.9. და უთხრა მათ: ვისაც ყური აქვს სმენად, ისმინოს!10. როდესაც ხალხი დაიშალა, მასთან დარჩენილებმა თორმეტ მოწაფესთან ერთად ჰკითხეს იგავის აზრი.11. და უთხრა მათ: თქვენ მოგეცათ ღმრთის სასუფევლის საიდუმლოთა ცოდნა, ხოლო გარეშეთათვის ყველაფერი იგავში ხდება.12. რადგან თვალით მხედველნი ვერას ხედავენ, და ყურით მსმენელნი ვერას ისმენენ, რათა არ მოიქცნენ და არ მიეტევოთ ცოდვები.13. და უთხრა მათ: ეს იგავი არ გესმით და როგორღა გაიგებთ დანარჩენთ?14. მთესავი სიტყვას თესავს.15. გზის პირას დაცვენილი თესლი ისინი არიან, რომლებშიაც ითესება სიტყვა, მაგრამ სიტყვის მოსმენისთანავე მიადგებათ სატანა და მოსტაცებთ სიტყვას, რომელიც მათ გულში ჩაითესა.16. ასევე, ქვიან ადგილას დაცვენილი თესლი ისინი არიან, რომელნიც სიტყვის მოსმენისთანავე სიხარულით იღებენ მას;17. მაგრამ ფესვი არა აქვს მათში, და როდესაც მოაწევს ჭირის დღე ან დევნა სიტყვის გამო, მყისვე ცდებიან.18. ეკალ-ბარდებში ჩაცვენილი თესლი სიტყვის მსმენელნი არიან,19. რომლებშიაც სოფლის საზრუნავი, სიმდიდრის საცდური და სხვა გულისთქმანი, მათში შესვლისას, აშთობენ სიტყვას და უნაყოფოს ხდიან მას.20. ხოლო პოხიერ ნიადაგზე დაცვენილი თესლი ისინი არიან, რომელნიც ისმენენ და კიდევაც იღებენ სიტყვას, და ნაყოფიც გამოაქვთ: ერთი ოცდაათად, ერთი სამოცად თუ ერთი ასად.
4. ხოლო როდესაც დიდძალი ხალხი შეგროვდა და ქალაქების მცხოვრებნიც მივიდნენ მასთან, უთხრა მათ იგავით:5. გამოვიდა მთესავი თავისი თესლის თესვად; თესვისას ზოგი მარცვალი გზის პირას დავარდა, გაითელა და ცის ფრინველებმა აკენკეს ისინი.6. ზოგი კლდეზე დავარდა და აღმოცენებისთანავე გახმა, ვინაიდან სინესტე აკლდა.7. ზოგი კიდევ ეკალ-ბარდებში ჩაცვივდა; წამოიზარდა ეკალი და ერთიანად მოაშთო ყველა.8. ხოლო ზოგი პოხიერ ნიადაგზე დაეცა, აღმოცენდა და ნაყოფიც გამოიღო ასმაგად. ეს რომ თქვა, შეღაღადა: ვისაც ყური აქვს სმენად, ისმინოს!9. მოწაფეებმა ჰკითხეს: რას უნდა ნიშნავდეს ეს იგავი?10. ხოლო მან თქვა: თქვენ მოგეცათ ღმრთის სასუფევლის საიდუმლოთა ცოდნა, ხოლო დანარჩენთ იგავებით ეთქმის, რათა მხედველნი ვერას ხედავდნენ, და მსმენელთ არა ესმოდეთ რა.11. აი, რას ნიშნავს ეს იგავი: თესლი სიტყვაა ღმრთისა;12. გზის პირას დაცვენილი მარცვლები მსმენელები არიან, ხოლო შემდეგ მოდის ეშმაკი და იტაცებს სიტყვას მათი გულიდან, რათა არ იწამონ და არა ცხონდნენ;13. კლდეზე დაცვენილი მარცვლები ისინი არიან, რომლებიც სიტყვის მოსმენისთანავე სიხარულით იღებენ მას, მაგრამ ფესვი არა აქვთ და ამიტომაც დროებით სწამთ, ხოლო განსაცდელის ჟამს განდგებიან;14. ეკალ-ბარდებში ჩაცვენილი მარცვლები ისინი არიან, რომლებიც ისმენენ სიტყვას, მაგრამ მიდიან და ზრუნვით, სიმდიდრისა და ამქვეყნიური განცხრომის სურვილით მომშთვარნი, უნაყოფონი რჩებიან.15. პოხიერ ნიადაგზე დაცვენილნი კი ისინი არიან, რომლებიც ისმენენ სიტყვას, კეთილსა და სუფთა გულში იმარხავენ მას და ნაყოფიც გამოაქვთ მოთმინებით.