მოგვების მიერ ყრმა იესოს თაყვანისცემა
1. ხოლო როცა იუდეის ბეთლემში დაიბადა იესო ქრისტე, ჰეროდეს მეფობის ჟამს, აჰა, აღმოსავლეთით მოვიდნენ მოგვნი იერუსალიმს,2. და თქვეს: სად არის იუდეველთა ახალშობილი მეფე? ვინაიდან ვიხილეთ მისი ვარსკვლავი აღმოსავლეთში და მოვედით, რათა თაყვანი ვცეთ მას.3. ეს რომ გაიგო, შეძრწუნდა მეფე ჰეროდე და მთელი იერუსალიმი მასთან ერთად.4. შეკრიბა ყველა მღვდელმთავარი და ერის მწიგნობარნი და გამოიკითხა მათგან, სად უნდა შობილიყო იესო ქრისტე.5. ხოლო მათ უთხრეს: იუდეის ბეთლემში; ვინაიდან ასე დაიწერა წინასწარმეტყველის მიერ:6. და შენ, ბეთლემ, იუდას ქვეყანაო, არაფრითა ხარ უმცირესი იუდას მთავართა შორის, ვინაიდან შენგან გამოვა მთავარი, რომელიც დამწყემსავს ჩემს ერს ისრაელს.7. მაშინ ჰეროდემ ფარულად მოუწოდა მოგვებს და გამოიკითხა მათგან ვარსკვლავის გამოჩენის ჟამი.8. წარგზავნა ისინი ბეთლემს და უთხრა: წადით და გამოწვლილვით გამოიძიეთ ყრმის ამბავი, და როდესაც ჰპოვებთ, მაცნობეთ მე, რათა თავადაც მივიდე და თაყვანი ვცე მას.9. ხოლო მათ უსმინეს მეფეს და წავიდნენ. და, აჰა, ვარსკვლავი, რომელიც იხილეს აღმოსავლეთით, წინ მიუძღოდა მათ, სანამ არ მივიდა და თავს დაადგა იმ ადგილს, სადაც ყრმა იყო.10. ხოლო მათ, ვარსკვლავის დანახვისას, ძალიან დიდი სიხარულით გაიხარეს.11. როდესაც შევიდნენ სახლში, იხილეს ყრმა მარიამთან, თავის დედასთან ერთად, დაემხნენ და თაყვანი სცეს მას; გახსნეს თავიანთი საუნჯე და მიართვეს მას ძღვენი: ოქრო, გუნდრუკი და მური.12. და ეუწყათ სიზმრად, არ დაბრუნებულიყვნენ ჰეროდესთან და სხვა გზით მიიქცნენ თავიანთ ქვეყნად.