თარგმანი: ამათ სიტყუათა მიერ ასწავებს კაცთა ღონესა ჭირთა სუბუქად შერაცხვისასა, რაჲთა არარად აღუჩნდებოდინ ხილულნი ესე წარმავალობისათჳს, არამედ ყოვლითურთ უხილავთა მათ კეთილთა შეამშჭუალონ გონებისა იგი ხედვაჲ სიმტკიცითა ამის სასოებისაჲთა, ვითარმედ ყოვლად წარუვალ არიან.
2 კორინთელთა მიმართ 4:18
...ად, მოგების მოლოდინში არაფერ მძიმეს არ გრძნობენ, — ასევე ჩვენც უნდა გვიხაროდეს და ვმხიარულობდეთ, ამგვარი გზით დაგროვებულ სიმდიდრესა და სულიერ შემოსავალზე ვფიქრობდეთ და — არა ხილულს, არამედ უხილავს ვუმზერდეთ, როგორც პავლე გვარიგებს და ამბობს: „რამეთუ არა ვხედავთ ჩუენ ხილულსა ამას, არამედ უხილავსა მას" (). რწმენა სწორედ იმაში მდგომარეობს, როცა არ ვკმაყოფილდებით მხოლოდ იმით, რასაც ხორციელი თვალებით ვხედავთ, არამედ გონების თვალებით უხილავს ვჭვრეტთ. და ეს უფრო სარწმუნოდ უნდა მივიჩნიოთ, ვიდრე ის, რასაც ხორციელი თვალებით ვხედავთ. ასე იყო ღვთის სათნო პატრიარქი, რომელმაც ღვთის აღთქმა ირწმუნა და ბუნებისა და ყველა ადამიანური ფიქრის ზემოთ ავიდა; და ეს „შეერაცხა მას სიმართლედ" (). იცოდე, რომ „სიმართლე" სწორედ ღვთის სიტყვების რწმენაში მდგომარეობს. როცა ის თავის აღთქმებს გამოთქვამს, ნუ განიხილავ, გთხოვ, ადამიანური მსჯელობით, არამედ, ჩვეულებრივ ზრახვებს აღემატე და მტკიცედ ესავდე აღმთქმელის ყოვლისშემძლეობას. ასე იყო ღვთის სათნო ყოველი მართალი კაცი. ასე საკვირველი ეს იოსებიც, როცა სიზმრების შემდეგ ასეთი დიდი გამოცდები წამოიჭრა, არ შეშფოთებულა, არ მიცემია შიშს; არამედ სულის სიმტკიცით ყოველივეს მ...
...კადნიერებას გვანიჭებს, ოღონდ ამ ქვეყნიერების მოძღვრის (მოციქული პავლეს) შეგონებას მივყვეთ. იფიქრე, საყვარელო: ის, რაც აქ ჩვენ გვემართება, თუმცა სამწუხაროა, მაგრამ ხანმოკლეა; ხოლო სიკეთენი, რომლებიც იქ გველოდებიან, დაუსრულებელი და საუკუნოა. „რამეთუ ხილული ესე საწუთრო არს, ხოლო არა-ხილული იგი საუკუნო" (). ამრიგად, დროებითი კეთილგანწყობით ავიტანოთ და სათნოების ღვაწლს ნუ ავარიდებთ თავს, რათა საუკუნო და უცვალებელი სიკეთენი ვიგემოთ, რომელთა ღირსნიც ყველანი გავხდეთ — ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლითა და კაცთმოყვარეობით, რომლის თანა მამასა, სულიწმიდითურთ, დიდება, ძალა, პატივი, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.