იესოს გაცემა და შეპყრობა
47. სიტყვა არ დაესრულებინა, რომ, აჰა, იუდა, ერთი თორმეტთაგანი, მოვიდა და მასთან ერთად დიდძალი ხალხი მახვილებითა და წათებით, მღვდელმთავართა და ხალხის უხუცესთაგან.48. ხოლო მის გამცემს ნიშანი მიეცა მათთვის და ეთქვა: ვისაც მე ვეამბორები, ის არის: შეიპყარით იგი.49. მსწრაფლ მიეახლა იესოს და უთხრა: გიხაროდეს, რაბი! და ეამბორა.50. ხოლო იესომ უთხრა მას: მოყვასო, რისთვის მოსულხარ? მაშინ მისცვივდნენ, ხელი სტაცეს იესოს და შეიპყრეს იგი.51. და აჰა, იესოს ერთმა თანამდგომმა ხელი გაიწოდა, მახვილი იშიშვლა, დაჰკრა მღვდელმთავრის მონას და ყური ჩამოათალა.52. მაშინ იესომ უთხრა მას: ჩააგე მახვილი ქარქაშში, რადგანაც ყველა, ვინც აიღებს მახვილს, მახვილითვე დაიღუპება.53. ან იქნებ გგონია, რომ არ შემიძლია შევევედრო მამას ჩემსას, და წარმომიდგენს ანგელოზთა თორმეტ ლეგიონს და უფრო მეტსაც.54. როგორღა აღსრულდება წერილი, რომ ასე უნდა მოხდეს?55. მაშინ იესომ უთხრა ხალხს: როგორც ავაზაკს, მახვილებითა და წათებით მომიხტით შესაპყრობად; დღენიადაგ ტაძარში მჯდომი გასწავლიდით და არ შეგიპყრივართ მე.56. ყოველივე ეს იქმნა, რათა აღსრულდეს დაწერილი წინასწარმეტყველთა მიერ. მაშინ ყველა მოწაფემ მიატოვა ის და გაიქცა.
43. სიტყვა არ დაესრულებინა, რომ მოვიდა იუდა, ერთი თორმეტთაგანი, და მასთან ერთად დიდძალი ხალხი მახვილებითა და წათებით მღვდელმთავართა, მწიგნობართა და უხუცესთაგან.44. ხოლო მის გამცემს ნიშანი მიეცა მათთვის და ეთქვა: ვისაც მე ვეამბორები, ის არის; შეიპყარით და ფრთხილად წაიყვანეთ.45. მოსვლისთანავე მიეახლა და უთხრა: რაბი, რაბი! და ეამბორა მას.46. ხოლო მათ ხელი სტაცეს და შეიპყრეს იგი.47. ერთმა იქ მდგომთაგანმა ხმალი იშიშვლა, დაჰკრა მღვდელმთავრის მონას და ყური ჩამოათალა.48. მიუგო იესომ და უთხრა მათ: როგორც ავაზაკს, მახვილებითა და წათებით მომიხტით შესაპყრობად.49. დღენიადაგ თქვენთან ვიჯექი და გასწავლიდით ტაძარში, და არ შეგიპყრივართ. მაგრამ აღსრულდეს წერილი.50. მაშინ ყველამ მიატოვა ის და გაიქცა.51. ერთი ჭაბუკი, რომელსაც შიშველ ტანზე ტილო შემოეხვია, მისდევდა მას, და მეომრებმა შეიპყრეს იგი.52. ხოლო მან ტილო შეატოვა ხელში და შიშველი გაექცა მათ.
47. სიტყვა არ დაესრულებინა, რომ, აჰა, გამოჩნდა ხალხი, რომელსაც წინ მოუძღოდა ერთი თორმეტთაგანი, იუდად წოდებული, და საამბოროდ მიეახლა იესოს,48. ხოლო იესომ უთხრა მას: იუდა, მაშ, ამბორით გასცემ კაცის ძეს?49. როცა მასთან მყოფებმა დაინახეს, რაც ხდებოდა, უთხრეს: უფალო, ხომ არ დავცეთ მახვილი?50. ერთმა მათგანმა დაჰკრა ხმალი მღვდელმთავრის მონას და მარჯვენა ყური ჩამოათალა.51. ხოლო იესომ თქვა: მოეშვით, კმარა; შეეხო მის ყურს და განკურნა იგი.52. ხოლო მის შესაპყრობად მოსულ მღვდელმთავრებს, ტაძრის წინამძღვრებსა და უხუცესებს იესომ უთხრა: როგორც ავაზაკს, მახვილებითა და წათებით მომიხტით;53. დღენიადაგ თქვენთან ვიყავი ტაძარში და ხელი არ აღგიმართავთ ჩემზე; მაგრამ ახლა თქვენია დრო და ბნელის მეუფება.
2. იცოდა იუდამაც, მისმა გამცემმა, ეს ადგილი, ვინაიდან იესო და მისი მოწაფეები ხშირად იკრიბებოდნენ იქ.3. მაშინ წაიყვანა იუდამ რაზმი და მღვდელმთავართა და ფარისეველთა მსახურნი, და მივიდა იქ ლამპრებით, ჩირაღდნებითა და საჭურვლით.4. ხოლო იესომ იცოდა ყველაფერი, რაც მოელოდა; გამოვიდა და უთხრა მათ: ვის ეძებთ?5. მიუგეს: იესო ნაზარეველს. უთხრა მათ იესომ: მე ვარ. ხოლო იუდაც, მისი გამცემი, მათთან იდგა.6. როცა უთხრა მათ: მე ვარო, უკან დაიხიეს და მიწაზე დაემხნენ.7. კვლავ ჰკითხა მათ: ვის ეძებთ? ხოლო მათ თქვეს: იესო ნაზარეველს.8. მიუგო იესომ: აკი გითხარით, მე ვარ-მეთქი. თუ მე მეძებთ, გაუშვით ესენი, წავიდნენ.9. რათა აღსრულდეს სიტყვა, რომელიც ითქვა: ვინც მე მომეცი, არც ერთი მათგანი არ დამიღუპავს.10. ხოლო სიმონ-პეტრეს მახვილი ჰქონდა; იშიშვლა, დაჰკრა მღვდელმთავრის მონას და მარჯვენა ყური ჩამოათალა. ხოლო სახელი მონისა იყო მალქოსი.11. მაგრამ იესომ უთხრა პეტრეს: ჩააგე მახვილი ქარქაშში! ნუთუ არ უნდა შევსვა სასმისი, რომელიც მამამ მომცა?12. მაშინ მეომარმა, ათასისთავმა და იუდეველთა მსახურებმა შეიპყრეს იესო და შეკრეს იგი.