1.რადგანაც რჯული, მომავალ სიკეთეთა მხოლოდ ჩრდილის და არა თვით ნამდვილ საგანთა მქონე, ერთი და იმავე მსხვერპლით, გამუდმებით რომ სწირავენ ყოველწლიურად, ვერასოდეს ვერ შესძლებს სრულყოს მასთან მიმსვლელნი.2.ასე რომ არა, ვინღა შესწირავდა მსხვერპლს, რადგანაც ერთხელ განწმედილთ წარმოდგენაც აღარ ექნებოდათ, რა არის ცოდვა.3.მაგრამ მსხვერპლშეწირვა ყოველწლიურად იწვევს ცოდვათა გახსენებას.4.რადგანაც შეუძლებელია ცოდვათა წარხოცა კაცთა და ხართა სისხლით.5.ამიტომ ქვეყნად შემოსვლისას ქრისტე ამბობს: „მსხვერპლი და შესაწირავი შენ არ ისურვე, მაგრამ სხეული კი განმიმზადე მე.6.სრულდასაწველი და ცოდვის გამოსასყიდი ძღვენი არ ინებე.7.მაშინ მე ვთქვი: აჰა, მოვდივარ (როგორც წიგნის დასაწყისში წერია ჩემზე), რათა აღვასრულო შენი ნება, ღმერთო“.8.ზემოთ რომ ამბობს: მსხვერპლი და შესაწირავი, სრულდასაწველი და ცოდვის გამოსასყიდი ძღვენი არ ისურვე და ინებეო,9.შემდეგ დასძენს: აჰა, მოვდივარ, რათა აღვასრულო შენი ნება, ღმერთო, რითაც აუქმებს პირველს, რათა მეორე დაადგინოს.10.სწორედ ამ ნებით ვართ განწმედილნი, იესო ქრისტეს სხეულის ერთგზის შეწირვით.11.რამდენი მღვდელი ყოველდღე დგას მსახურებად და რამდენგზის სწირავს ერთსა და იმავე მსხვერპლს, რომელიც ვერასოდეს წარხოცავს ცოდვას.12.მან კი ერთადერთი მსხვერპლი შესწირა ცოდვებისათვის და სამუდამოდ დაჯდა ღვთის მარჯვნივ.13.მას შემდეგ ელის, როდის დაემხობიან მისი მტრები მის ფეხქვეშ.14.რადგანაც ერთი შეწირვით სამარადისოდ სრულყო განწმედილნი.15.ამასვე გვიმოწმებს სული წმიდაც, რადგანაც ნათქვამია:16.„ეს არის აღთქმა, რომელსაც აღვუთქვამ მათ იმ დღეთა შემდეგ, - ამბობს უფალი, - ჩავდებ ჩემს რჯულს მათ გულებში და მათ გონებაში ჩავწერ.17.აღარ გავიხსენებ მათ ცოდვებს და ურჯულოებას“.18.ხოლო იქ, სადაც ცოდვათა მიტევებაა, შესაწირავი ზედმეტი ხდება.19.ამრიგად, ძმანო, რაკი გვაქვს სითამამე საწმიდარში შესვლისა იესოს სისხლის მეოხებით,20.ახალი და ცოცხალი გზით, რომელიც გაგვიხსნა მან ფარდით, ესე იგი თავისი ხორცით,21.და გვყავს მღვდელმთავარი ღვთის სახლში,22.მივეახლოთ მას წრფელი გულითა და რწმენის სისრულით, უკეთური სინიდისისაგან სხურებით გულგაწმენდილნი და სუფთა წყლით ტანგაბანილნი,23.მტკიცედ მივსდიოთ აღსარებას სასოებისას, რადგან სარწმუნოა აღმთქმელი.24.ყურადღებას ნუ მოვაკლებთ ერთიმეორეს, რათა სიყვარულისა და კეთილ საქმეთათვის წავაქეზოთ ერთმანეთი.25.ნუ მივატოვებთ ჩვენს შესაკრებელს, როგორც ზოგიერთებს სჩვევიათ, არამედ შევაგონოთ ერთმანეთს, და მით უფრო მეტად, რაც უფრო აშკარად გრძნობთ იმ დღის მოახლოებას.26.რადგან თუ მას შემდეგ, რაც შევიცნეთ ჭეშმარიტება, კვლავ ჩვენი ნებით ვცოდავთ, უკვე აღარა რჩება მსხვერპლი ცოდვათათვის.27.არამედ რაღაც საზარელი მოლოდინი მსჯავრისა და მტერთა შთასანთქმელად მოგიზგიზე შურის ცეცხლი.28.თუკი მოსეს რჯულის უარმყოფელს, ორი თუ სამი კაცის მოწმობით, უწყალოდ უსჯიან სიკვდილს,29.როგორ გგონიათ, რამდენად უფრო მძიმე იქნება მისი სასჯელი, ვინც ფეხქვეშ თელავს ძეს ღვთისას, უღირსად მიიჩნევს აღთქმის სისხლს, რომლითაც განიწმიდა, და აგინებს მადლის სულს?30.რადგანაც ვიცნობთ ამის მთქმელს: „ჩემია შურისგება და მე მივაგებ“. ან კიდევ: „უფალი განიკითხავს თავის ხალხს“.31.მტერი ჩავარდა ცოცხალი ღმრთის ხელში!32.გაიხსენეთ უწინდელი დღენი, როცა განათლდით და დაითმინეთ ვნებათა დიადი ღვაწლი;33.როცა თქვენივე ურვითა და უბედურებით ან სხვების სასეიროდ იყავით ქცეულნი, ანდა სხვებს თანაუგრძნობდით, თქვენსავე დღეში ჩაცვენილთ.34.ვინაიდან ჩემს ტყვეობასაც თანაუგრძნეთ და თქვენი ქონების დატაცებასაც სიხარულით შეხვდით, რადგანაც იცოდით, რომ უკეთესი და წარუვალი საუნჯე გაქვთ ცაში.35.მაშ, ნუ გიღალატებთ მხნეობა, რომელსაც დიადი საზღაური ელის.36.მოთმინება გმართებთ, რათა აღასრულოთ ღვთის ნება და მიიღოთ აღთქმული.37.ვინაიდან ცოტაც, სულ ცოტაც, და არ დააყოვნებს, მოვა მომავალი.38.მართალი რწმენით იცოცხლებს, ხოლო თუ უკუიქცევა, არ შეიწყალებს მას ჩემი სული.39.მაგრამ ჩვენ უკუქცეულნი როდი ვართ წარსაწყმედად, არამედ მტკიცედ მორწმუნენი სულის სახსნელად.
პავლესი: რამეთუ აჩრდილი აქუნდა რჩულსა მერმეთა მათ კეთილთაჲ, არა თჳთ იგი ხატი საქმეთაჲ (10,1).
თარგმანი: საქმედ უწესს მის საუკუნოჲსა ცხორებასა, ხოლო ხატად საქმეთა — მოქალაქობასა ამას სახარებისასა და აჩრდილად საქმეთა ხატისა — ძუელსა მას რჩულსა, რამეთუ ხატი გამოცხადებულად-რე გამოაჩინებს სახესა მას პირმშოსა, ხოლო აჩრდილი ხატისაჲ — უბნელესად-რე. და ამისთჳს აჩრდილსა ხატისასა ამსგავსა უძლურებაჲ ძუელისა რჩულისაჲ, რამეთუ მრავალთა მსხუერპლთა აღასრულებდა წლითი-წლად, და სრულ-ყოფად კაცთა ვერ ეძლო.
...ნა მე არა უმეცართათჳს ვიტყჳ, არამედ რომელთა მეცნიერ იყვნეთ და იცოდით, ვითარმედ არა ღირს არიან.
ვიტყჳ ამასცა, ვითარმედ: არა ესრეთ ძნელ არს ეშმაკეულთა ყოფაჲ ეკლესიასა შინა ჟამისწირვასა, ვითარ ესევითართაჲ მათ, ვითარცა პავლე იტყჳს: „რომელმან ძჱ ღმრთისაჲ შეურაცხ-ყოს და სისხლი იგი აღთქუმისაჲ არაღირსად შეჰრაცხოს“, და შემდგომი ამისი.
რამეთუ უძჳრეს ეშმაკეულისა არს, რომელი ცოდვიდეს და ეზიარებოდის. რამეთუ იგინი ეშმაკეულობისათჳს სატანჯველად არა მიეცემიან, ხოლო ესენი უღირსად ზიარებისათჳს დაისაჯებიან.
აწ უკუე ნუ ეშმაკეულთა ოდენ ვაყენებთ, არამედ ყოველთა უღირსებით მომავალთა, რაჲთა არავინ ეზიაროს იუდაჲსებრ, რაჲთა არა მისებრ დაისაჯოს.
ასოებ ქრისტესა არს ერი ესე. ამისთჳს ეკრძალენით, მღდელნო, ნუუკუე განარისხოთ უფალი, რომელ არაწმიდა-ჰყოფთ ასოთა მათ მისთა; რაჲთა იყვნენ ჭეშმარიტ ასო მისა.
ეკრძალენით, რაჲთა არავის მახჳლი მისცეთ საზრდელისა წილ, რამეთუ ესრეთ არს უღირსთა ზიარებაჲ. დაღაცათუ ვინმე უღირსი უმეცრებით მოვიდოდის ზიარებად, დააყენეთ, ნუ შეშინდებით, გეშინოდენ ღმრთისაგან და ნუ კაცთაგან.
უკუეთუ კაცთაგან გეშინოდის, თჳთ მებრ იგინი გეცინოდინ; უკუეთუ ღმრთისა შიში ოდენ იპყრათ, კაცთა მიერცა პატიოსან იყვნეთ. ხოლო უკუეთუ თქუენ ვერ იკადრებთ, მე მაუწყეთ. არ...
ეგრეთვე პავლე არა ტანჯვათა ხოლო და დევნულებათა, არამედ ყუედრებათაცა დიდად საქებელ-ჰყოფს და მიუწერს: „მოიჴსენებდით პირველთა მათ დღეთა, რომელთა შინა ნათელ-იღეთ და მრავალი ღუაწლი დაითმინეთ ვნებათაჲ, ესე არს, ყუედრებათა და ჭირთა შინა სოფლის სახილველ იქმნენით“. ვინაჲთგან უკუე ესრეთ საჭირო არს და შესაწუხებელ საქმე ესე, ამისთჳს სასყიდელი ფრიადი აღუთქუა უფალმან არა ამას საწუთროსა, არამედ ცათა შინა, სასოებითა მით საუკუნოჲთა, დაუსრულებელითა მით და წარუვალითა. და იხილე, რავდენთა მცნებათა შემდგომად დადვა ესე. არა თუ ცუდად ქმნა, არამედ რაჲთა აუწყოს, ვითარმედ უკუეთუ ვინ არა პირველად იგი ყოველივე მოიგოს და ყოვლითავე შეიჭუროს, ვერ ჴელ-ეწიფების ამას ასპარეზსა შესლვად. ამისთჳსცა პირველითგან იწყო და შემდგომითი შემდგომად ვითარცა ჯაჭჳ ოქროჲსა შეგჳთხზნა, რამეთუ რომელი მდაბალ იყოს და შემუსრვილ გულითა, უეჭუელად იგლოვს იგი ცოდვათა თჳსთათჳს; რომელი მგლოარე იყოს, იგი მშჳდ არს და დაშნ და უმანკო; ესევითარი იგი სამართლად მოწყალე არს, ხოლო მოწყალე და მართალი და ლმობიერი სიწმიდესა მოიგებს გულისასა; ეგევითარი იგი მშჳდობისმყოფელ არს სახითა მით ზემოთქუმულითა. ხოლო რომელმან ესე ყოველი წარჰმართოს, იგი განწყობილ არს...