დავრდომილის განკურნება კაპერნაუმში
1. მაშინ ჩაჯდა ნავში, უკანვე გამოცურა და მივიდა თავის ქალაქში.2. და, აჰა, სარეცლით მიჰგვარეს მას დავრდომილი; იხილა იესომ მათი რწმენა და უთხრა დავრდომილს: გამხნევდი, შვილო, მოგეტევა შენი ცოდვები.3. ზოგიერთი მწიგნობარი გულში ამბობდა: ღმერთს გმობსო იგი.4. ხოლო იესო მიხვდა მათ ზრუნვას და თქვა: რატომ იზრახავთ ბოროტს თქვენს გულში?5. რა უფრო ადვილია: ამის თქმა - მოგეტევოს შენი ცოდვები: თუ ამისა - აღდეგ და წადი?6. ხოლო რათა იცოდეთ, რომ ძეს კაცისას ძალა შესწევს ამ ქვეყნად ცოდვების მიტევებისა, - ასე უთხრა დავრდომილს - აღდეგ, აიღე შენი სარეცელი და წადი შენს სახლში.7. ისიც მაშინვე აღდგა და წავიდა თავის სახლში.8. ამის მხილველი ხალხი განცვიფრდა და ადიდებდა ღმერთს, რომელმაც ასეთი ძალა მისცა ადამიანებს.9. იქიდან წამოსულმა იესომ დაინახა საბაჟოში მჯდომარე კაცი, რომელსაც მათე ერქვა სახელად, და უთხრა მას გამომყევიო; ისიც ადგა და გაჰყვა.10. და როცა ინახად იჯდა სახლში, აჰა, მოვიდა მრავალი მებაჟე და ცოდვილი, და ინახად დასხდნენ იესოსა და მის მოწაფეებთან.11. ეს რომ დაინახეს, ფარისევლებმა მის მოწაფეებს უთხრეს: რატომ ჭამს და სვამს თქვენი მოძღვარი მებაჟეებსა და ცოდვილებთან ერთად?12. ხოლო იესომ გაიგონა ეს და უთხრა მათ: კარგად მყოფთ კი არ სჭირდებათ მკურნალი, არამედ ავადმყოფთ.13. თქვენ კი წადით და ისწავლეთ, რას ნიშნავს ეს: წყალობა მნებავს და არა მსხვერპლი; ვინაიდან მართალთა სახმობლად კი არ მოვსულვარ, არამედ ცოდვილთა სინანულად.14. მაშინ მივიდნენ მასთან იოანეს მოწაფეები და უთხრეს: რატომ ვმარხულობთ ჩვენ და ფარისევლები, შენი მოწაფეები კი არ მარხულობენ?15. ხოლო იესომ მიუგო მათ: განა შეიძლება წუხდნენ მექორწილენი, ვიდრე მათთანაა სიძე? მოვა დრო, როცა სიძე აღარ ეყოლებათ, და მაშინ იმარხულებენ.16. არავინ ადებს ახალ საკერებელს დახეულ სამოსს, ვინაიდან ახალს ვერ დაიჭერს ძველი, და უფრო დაიხევა.17. არც ახალ ღვინოს ასხამენ ძველ ტიკებში, თორემ დასკდება ტიკები, ღვინოც დაიქცევა და ტიკებიც უვარგისი გახდება; არამედ ახალ ღვინოს ასხამენ ახალ ტიკებში და ორივე ინახება.18. ამ საუბარში გართულს მიუახლოვდა ერთი მთავარი, თაყვანი სცა და უთხრა: ჩემი გოგონა ეს-ესაა მოკვდა; წამოდი, ხელი დაადე და გაცოცხლდება.
2. და მაშინვე იმდენმა ხალხმა მოიყარა თავი, რომ კართანაც აღარ დარჩა ადგილი; და ეუბნებოდა მათ სიტყვას.3. მოვიდნენ და მოჰგვარეს დავრდომილი, რომელიც ოთხ კაცს მოჰყავდა.4. და რაკი ხალხის სიმრავლის გამო ვერ შესძლეს მასთან მისვლა, სახურავი ახადეს სახლს, სადაც ის იმყოფებოდა, და ჭერიდან ჩაუშვეს სარეცელი, რომელზედაც დავრდომილი იწვა.5. მათი რწმენა რომ იხილა, იესომ უთხრა დავრდომილს: შვილო, მოგეტევა შენი ცოდვები.6. იჯდა იქ ზოგიერთი მწიგნობარი და გულში ამბობდა:7. ამას რას ამბობს? ღმერთსა ჰგმობს: ვის შეუძლია ცოდვათა მიტევება, გარდა ერთის - ღმერთისა?8. ხოლო იესომ მყისვე შეიცნო სულით, რასაც ფიქრობდნენ, და უთხრა მათ: რად ფიქრობთ მაგას თქვენს გულში?9. რა უფრო ადვილია: ამისი თქმა დამბლადაცემულის მიმართ: მოგეტევოს შენი ცოდვები; თუ ამისა: აღდეგ, აიღე შენი სარეცელი და წადი?10. მაგრამ რათა იცოდეთ, რომ ძეს კაცისას ძალი შესწევს ამ ქვეყნად ცოდვათა მიტევებისა, - უთხრა დავრდომილს:11. შენ გეუბნები: აღდეგ, აიღე შენი სარეცელი და წადი შენს სახლში.12. ისიც მაშინვე აღდგა, აიღო თავისი სარეცელი და გამოვიდა ყველას წინაშე, ისე რომ, უკვირდა ყველას, ადიდებდნენ ღმერთს და ამბობდნენ: არასოდეს ამგვარი რამ არ გვინახავსო.
17. ერთ დღეს, როცა ასწავლიდა ხალხს, იქ ისხდნენ გალილეისა და იუდეის ყოველი კუთხიდან და იერუსალიმიდან ჩამოსული ფარისეველნი და რჯულის მოძღვარნი; და იღვწოდა ძალა უფლისა მათ განსაკურნავად.18. და, აჰა, რამდენიმე კაცმა სარეცლით მოიყვანა დავრდომილი, და ცდილობდნენ შინ შესულიყვნენ და მის წინაშე დაეწვინათ.19. მაგრამ რაკი ხალხმრავლობის გამო ვერსაით გაიკაფეს გზა, სახურავზე ავიდნენ და ჭერიდან ჩაუშვეს დავრდომილი იესოს წინაშე.20. მათი რწმენა რომ იხილა, დავრდომილს უთხრა: კაცო, მოგეტევა შენი ცოდვები.21. ხოლო მწიგნობრებმა და ფარისევლებმა ბჭობა გამართეს და ამბობდნენ: ვინ არის ეს ღვთისმგმობი? ვის შეუძლია ცოდვათა მიტევება, გარდა ერთის - ღმერთისა?22. მაგრამ იესომ შეიცნო მათი ზრახვანი და უთხრა მათ: ამას რას ფიქრობთ თქვენს გულში?23. რა უფრო ადვილია: ამისი თქმა: მოგეტევოს შენი ცოდვები; თუ ამისა: აღდეგ და წადი?24. მაგრამ რათა თქვენ იცოდეთ, რომ ძეს კაცისას ძალა შესწევს ამ ქვეყნად ცოდვების მიტევებისა, - ასე უთხრა დამბლადაცემულს: შენ გეუბნები: აღდეგ, აიღე შენი სარეცელი და წადი შენს სახლში.25. ისიც მაშინვე აღდგა მათ თვალწინ, აიღო, რაზედაც იწვა და წავიდა თავის სახლში, და ადიდებდა ღმერთს.26. განცვიფრებამ შეიპყრო ყველა, ადიდებდნენ ღმერთს და თავზარდაცემულნი ამბობდნენ: საოცრებანი ვიხილეთ დღეს.