...რადგან დიდი საქმეა მადლიერება და სიბრძნისმოყვარეობა, აგრეთვე სიმტკიცე, რომელიც ამდენ უბედურებაში იწვრთნება; და ეს ყოველივეზე დიდი ღვაწლია. ამიტომ იობიც გვირგვინდებოდა, და ამიტომ ეშმაკიც ამბობდა: „ტყავი ტყავისა წილ და რავდენი-რაჲ არს კაცისა, სულისა თჳსისათჳს მიუზღვის“ (); „არამედ მიავლინე შენი ხელი და შეეხე მის ხორცს“ ().1 რადგან მცირე საქმე არ არის, ტკივილში მყოფი სული აღვირით დაიჭირო, რათა არაფერში შესცოდოს. ეს მოწამეობის ტოლია, ეს სიკეთეთა მწვერვალია.
3. მადლიერება ჭირში და დამატებული სიკეთეები
ამიტომ შენც, საყვარელო, როცა ხშირად სნეულებას, ცხელებას ან ტკივილებს შეუპყრიხარ და ტანჯვა გაიძულებს, რაიმე მკრეხელური თქვა, თუ თავს შეიკავებ, მადლიერებას აღავლენ და ღმერთს დიდებისმეტყველებას შესწირავ, იმავე საზღაურს მიიღებ. მითხარი, რისთვის გმობ და მწარე სიტყვას წარმოთქვამ? ...