1.დაე, ყოველი სული უზენაეს ხელმწიფებას დაემორჩილოს, რადგანაც არ არსებობს ხელმწიფება თუ არა ღვთისაგან; ყოველი ხელმწიფება ღვთის მიერ დადგენილია.2.ამიტომ, ვინც ეწინააღმდეგება ხელმწიფებას, ღვთის განჩინებას ეწინააღმდეგება; ხოლო წინააღმდგომნი თავიანთ თავზე თვითონვე მოიწევენ სასჯელს.3.ვინაიდან მთავარნი კეთილის მოქმედთათვის კი არა, ბოროტმოქმედთათვის არიან საშიშნი. შენ გინდა, არ გეშინოდეს ხელმწიფებისა? კეთილი აკეთე და ნაქები იქნები მისგან.4.რადგანაც ის ღვთის მსახურია შენდა სასიკეთოდ. მაგრამ თუ ბოროტს სჩადიხარ, გეშინოდეს, ვინაიდან ტყუილად როდი არტყია ხმალი, არამედ იმიტომ, რომ ღვთის მსახურია, რისხვით შურისმგებელი ბოროტმოქმედთა მიმართ.5.ამიტომაც გვმართებს მორჩილება, არა მარტო სასჯელის შიშით, არამედ სინიდისითაც.6.სწორედ იმიტომ იხდით ხარკს, რომ ღვთის მსახურნი არიან ამ საქმეზე გადაგებულნი.7.ამრიგად, ყველას მიაგეთ მისი კუთვნილი: ვისაც ხარკი ეგება - ხარკი, ვისაც ბაჟი - ბაჟი, საშიშარს - შიში, პატივსაცემს - პატივისცემა.8.არავისი არა გემართოთ რა, გარდა ურთიერთსიყვარულისა, რადგან ვისაც უყვარს მოყვასი, მან აღასრულა რჯული.9.ვინაიდან: „არა იმრუშო, არა კაც-ჰკლა, არა-იპარო, არა ცილი სწამო, არა ინდომო“ და ყველა სხვა მცნება ამ სიტყვებშია მოქცეული: „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“.10.სიყვარული ბოროტს არ უზამს მოყვასს; რჯულის აღსრულება სიყვარულია.11.მაშ, ასე მოიქეცით, რაკიღა იცით დრო, ვინაიდან მოახლოვდა ძილისგან თქვენი გამოფხიზლების ჟამი, და ხსნა ახლა უფრო ახლოა ჩვენთან, ვიდრე მაშინ, როცა ვირწმუნეთ.12.ღამე მიიწურა და მოახლოვდა დღე; მაშ, განვიშოროთ ბნელის საქმენი და შევიმოსოთ ნათლის საჭურვლით.13.და როგორც დღისით, ღირსეულად ვიაროთ: არა ღორმუცელობით და სიმთვრალით, არა სიმრუშით და სიბილწით, არა შუღლით და შურით,14.არამედ შეიმოსეთ უფალი ქრისტე, და ხორცზე ზრუნვას ნუ აქცევთ ავხორცობად.
მოციქულისაჲ: ყოველი სული ჴელმწიფებასა მას უმთავრესისასა დაემორჩილენ, რამეთუ არა არს ჴელმწიფებაჲ, გარნა ღმრთისაგან, და რომელნი-იგი არიან ჴელმწიფებანი, ღმრთისა მიერ განწესებულ არიან (13,1).
თარგმანი: ჯეროვნად ცხად ჰყოფს, ვითარმედ შჯული ქრისტესი არა არს მიზეზ შფოთისა და უწესოებისა, რომელ არს უმთავროებაჲ. არამედ ესრეთ სთნავს ღმერთსა, რაჲთა თითოეული ნათესავი ერთისა მის მთავრისა ნებასა დაემორჩილნენ.
ხოლო კუალად, ვინაჲთგან არა ყოველნი მთავარნი წესიერად მთავრობენ, ამისთჳს არა იტყჳს, ვითარმედ...
ძმანო მართლ-მადიდებელნო! დღესა პირველ დაწყებამდე ჩვეულებრივისა სწავლისა და ქადაგებისა, მსურს აღვასრულო საზოგადო ქრისტიანული ჩვეულება აწინდელისა დღისა. იცით თქვენცა, რომ დღეს მწუხრზე ყოველნი ბეჯითნი და ერთგულნი ქრისტიანენი, თანახმად დღევანდელი სახარების ბრძანებისა, გამოითხოვენ შენდობასა პირველად სულიერთა მამათაგან, მერმე ერთი მეორისაგან, რათა ყოველ კაცთან შერიგებულნი, დამშვიდებულითა გულითა და სულითა შეუდგნენ სულიერსა მოღვაწებასა დიდისა მარხვისასა. მეცა, აღმასრულებელი ამ მშვენიერისა ჩვეულებისა და...
ესრეთ მისწერა ოდესმე რომაელთა წმიდამან პავლე მოციქულმა; ხოლო წმიდამან ეკლესიამან განგებ დააწესა წაკითხვა სიტყვათა ამათ თვით შესავალსა დიდისა მარხვისასა და მით გვასწავლა ჩვენ, რომელ იგინი უმეტესად შეეფერებიან პატიოსანთა ამათ დღეთა დიდისა მარხვისათა.
ჭეშმარიტად, ძმანო ქრისტიანენო, თუ ოდესმე შესაძლებელი არის განღვიძება ცოდვილისა ძილისაგან ცოდვათასა, ეს ახლა, დღეთა ამათ შინა მარხვისათა; თუ ოდესმე შეიძლება სთქვას კაცმა, ახლა არის ჟამი განღვიძებად და ახლა არის უმახლობელეს ჩვენდა ცხოვნება, ეს იქნება...