იესო ქრისტეს წინასწარმეტყველება იერუსალიმის ტაძრის დანგრევისა და მეორედ მოსვლის შესახებ
1. გამოვიდა იესო ტაძრიდან და წავიდა; მიუახლოვდნენ მისი მოწაფეები, რათა ტაძრის შენობები ეჩვენებინათ მისთვის.2. ხოლო იესომ მიუგო მათ: ხომ ხედავთ ყოველივე ამას? ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ქვა ქვაზე არ დარჩება აქ, არამედ ყველაფერი დაინგრევა.3. ხოლო როცა ზეთისხილის მთაზე იჯდა განმარტოებით, მიუახლოვდნენ მისი მოწაფეები და ჰკითხეს: გვითხარი, როდის მოხდება ეს? ან რა იქნება ნიშანი შენი მოსვლისა და საუკუნის დასასრულისა?4. იესომ პასუხად მიუგო მათ: ფხიზლად იყავით, რათა არავინ გაცდუნოთ.5. ვინაიდან მრავალნი მოვლენ ჩემი სახელით და იტყვიან: მე ვარ ქრისტეო, და მრავალს აცდუნებენ.6. გაიგებთ აგრეთვე ომებსა და ომების ამბებს. თქვენ იცით, ნუ შეძრწუნდებით, ვინაიდან ყოველი ეს უნდა მოხდეს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის დასასრული.7. რადგან აღდგება ხალხი ხალხის წინააღმდეგ, და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ: და იქნება შიმშილობა და ჟამიანობა და მიწისძვრანი აქა-იქ.8. ხოლო ყოველივე ეს სალმობათა დასაბამია.9. მაშინ მიგცემენ სატანჯველად და მოგკლავენ თქვენ; და მოგიძულებთ ყველა ხალხი ჩემი სახელის გამო.10. მრავალი შეცდება მაშინ, გასცემენ და შეიძულებენ ერთურთს.11. მრავალი ცრუწინასწარმეტყველი აღდგება და აცდუნებს მრავალს.12. და ურჯულოების მომრავლების გამო მრავალში განელდება სიყვარული.13. ხოლო ვინც ბოლომდე დაითმენს, იგი ცხონდება.14. და იქადაგება სასუფევლის ეს სახარება მთელს ქვეყანაზე, ყველა ხალხის სამოწმებლად; და მაშინ მოიწევა დასასრული.15. ხოლო როდესაც იხილავთ გაპარტახების სიბილწეს, დანიელ წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამს, რაც წმინდა ადგილას დევს (წამკითხველმა გაიგოს),16. მაშინ იუდეას მყოფნი მთებს შეეფარონ.17. და ერდოზე მყოფი ნუ ჩამოვა ძირს, თავისი სახლიდან რაიმეს გამოსატანად.18. ხოლო მინდვრად მყოფი ნუ მიბრუნდება შინ, თავისი სამოსის წამოსაღებად.19. ვაი ფეხმძიმეთ და მეძუძურთ იმ ხანად.20. ილოცეთ, რათა გაქცევამ არ მოგიწიოთ ზამთარში, ანდა შაბათს.21. რადგან იქნება მაშინ დიდი ჭირი, რომლის მსგავსი არ ყოფილა ქვეყნის დასაბამიდან დღემდე, და არც იქნება.22. და რომ არ შემოკლებულიყვნენ ის დღენი, ვერ გადარჩებოდა ვერცერთი ძე ხორციელი, მაგრამ რჩეულთათვის შემოკლდებიან ის დღენი.23. მაშინ, თუ ვინმე გეტყვით: აჰა, აქ არის ქრისტე, ან კიდევ - იქო, ნუ ერწმუნებით.24. რადგან აღდგებიან ცრუქრისტენი და ცრუწინასწარმეტყველნი, და მოახდენენ დიდ სასწაულებსა და ნიშებს, რათა, აცდუნონ, თუკი შესძლეს, თვითონ რჩეულნიც.25. აჰა, წინასწარ გაუწყეთ თქვენ.26. ასე რომ, თუ გეტყვიან: აჰა, უდაბნოშიაო, ნუ გახვალთ; და, აჰა, თავის სენაკშიაო, ნუ ერწმუნებით.27. ვინაიდან როგორც ელვა იელვებს აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე, ისე იქნება კაცის ძის მოსვლაც.28. რადგან სადაც ეგდება მძორი, იქვე შეიყრებიან სვავებიც.29. და მსწრაფლ, იმ დღეთა პირის შემდეგ, დაბნელდება მზე, მთვარე აღარ გამოსცემს ნათელს, ვარსკვლავები ჩამოცვივიან ციდან და შეიძვრიან ციურნი ძალნი.30. და მაშინ გამოჩნდება კაცის ძის ნიშანი ცაზე; მაშინ მოთქმას მოჰყვება დედამიწის ყოველი ტომი, და იხილავენ ძეს კაცისას, მომავალს ზეცის ღრუბლებზე ძალითა და დიდებით მრავლით.31. მოავლინებს თავის ანგელოზებს მგრგვინავი საყვირით, და შეკრებენ მის რჩეულთ ოთხთავ ქართაგან, ცათა კიდიდან მათ კიდემდე.32. ლეღვის ხისაგან ისწავლეთ იგავი: როცა მისი ტოტები რბილდება და ფოთლები გამოაქვს, იცით, რომ ახლოა ზაფხული.33. ასევე თქვენც, როცა იხილავთ ყოველივე ამას, იცოდეთ, რომ უკვე ახლოა, კარზეა მომდგარი.34. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ გადავა ეს მოდგმა, ვიდრე ყოველივე ეს არ აღსრულდება.35. ცა და მიწა გადავლენ, ხოლო ჩემი სიტყვები არ გადავლენ.36. მაგრამ ის დღე და ის საათი არავინ იცის: არც ციურმა ანგელოზებმა, არამედ მხოლოდ მამამ.37. და როგორც იყო ნოეს დღეებში, ისე იქნება კაცის ძის მოსვლაც.38. ვინაიდან როგორც წარღვნის წინა დღეებში ჭამდნენ და სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ და თხოვდებოდნენ, იმ დღემდე, როცა ნოე შევიდა კიდობანში,39. და არას დაგიდევდნენ, ვიდრე არ მოვიდა წარღვნა და წალეკა ყველანი; ასე იქნება კაცის ძის მოსვლაც.40. მაშინ ორნი იქნებიან ველად: ერთი წარიტაცება, მეორე კი დარჩება.41. ორი ქალი იქნება წისქვილში: ერთი წარიტაცება, მეორე კი დარჩება.42. მაშ, იფხიზლეთ, ვინაიდან არ იცით, რომელ დღეს მოვა თქვენი უფალი.43. ესეც გახსოვდეთ: სახლის პატრონმა რომ იცოდეს, რომელ საათზე მოვა ქურდი, ფხიზლად იქნებოდა და ძირს არ გამოათხრევინებდა თავისი სახლისათვის.44. ამიტომ თქვენც მზად იყავით, ვინაიდან, როცა არ ელით, სწორედ იმ საათს მოვა ძე კაცისა.
1. ტაძრიდან რომ გამოდიოდა, ერთმა მოწაფეთაგანმა უთხრა: მოძღვარო, შეხედე, რა ქვებია და რა შენობები!2. მიუგო იესომ და უთხრა მას: ხედავ ამ დიდებულ შენობებს? ქვა ქვაზეც არ დარჩება აქ, არამედ ყველაფერი დაინგრევა.3. ხოლო როცა ზეთისხილის მთაზე, ტაძრის პირდაპირ იჯდა, განცალკევებით ჰკითხეს მას პეტრემ და იაკობმა, იოანემ და ანდრიამ:4. გვითხარი, როდის მოხდება ეს, ან იქნება ნიშანი იმისა, რომ ყოველივე ეს აღსრულდება?5. მიუგო იესომ და უთხრა მათ: ფხიზლად იყავით, რათა არავინ გაცდუნოთ.6. ვინაიდან მრავალნი მოვლენ ჩემი სახელით, და იტყვიან: მე ვარო, და მრავალს აცდუნებენ.7. ხოლო როდესაც გაიგებთ ომებსა და ომების ამბავს, ნუ შეძრწუნდებით, ვინაიდან ყოველივე ეს უნდა მოხდეს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის დასასრული.8. რადგან აღდგება ხალხი ხალხის წინააღმდეგ და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ, და იქნება მიწისძვრანი ადგილ-ადგილ, იქნება შიმშილობა და შფოთი. და ეს - სალმობათა დასაბამია.9. არამედ მიხედეთ თქვენს თავს, რადგანაც მიგცემენ სამართალში, მათრახით გცემენ სინაგოგებში, და მიგიყვანენ ჩემს გამო მთავრებისა და მეფეების წინაშე, რათა უმოწმოთ მათ.10. და პირველად ყველა ხალხს უნდა ექადაგოს სახარება.11. ხოლო როდესაც წაგიყვანენ გასაცემად, წინასწარ ნუ იზრუნებთ, რა ვთქვათო, და ნურც წინასწარ მოიფიქრებთ სათქმელს; არამედ რაც მოგეცემათ იმ ჟამად, ის ილაპარაკეთ; რადგან თქვენ კი არ ილაპარაკებთ, არამედ - სული წმიდა.12. და გასცემს ძმა სასიკვდილოდ ძმას, და მამა - შვილს; შვილები აღდგებიან მშობლების წინააღმდეგ და დახოცავენ მათ.13. და მოგიძულებთ ყველა ჩემი სახელის გამო; ხოლო ვინც ბოლომდე დაითმენს, იგი ცხონდება.14. როდესაც იხილავთ გაპარტახების სიბილწეს, დანიელ წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამს, რაც უადგილო ადგილას დევს (წამკითხველმა გაიგოს), მაშინ ვინც იუდეაშია, მთებს მიაშუროს.15. და ერდოზე მყოფი ნუ ჩამოვა ძირს თავისი სახლიდან რაიმეს გამოსატანად.16. მინდვრად მყოფი კი ნუ მიბრუნდება შინ თავისი სამოსის წამოსაღებად.17. ვაი ფეხმძიმეთ და მეძუძურთ იმ ხანად.18. ილოცეთ, რათა გაქცევამ არ მოგიწიოთ ზამთარში.19. რადგან იქნება იმ დღეებში ჭირი, რომლის მსგავსი არ ყოფილა ქვეყნის დასაბამიდან, რომელიც შექმნა ღმერთმა, დღევანდელ დღემდე, და არც იქნება.20. და უფალს რომ არ შეემოკლებინა ის დღენი, ვერ გადარჩებოდა ვერც ერთი ძეხორციელი; მაგრამ რჩეულთათვის შეამოკლა ის დღენი.21. მაშინ, თუ ვინმე გეტყვით: აჰა, აქ არის ქრისტე, ან კიდევ - იქო, ნუ ერწმუნებით.22. რადგან აღდგებიან ცრუქრისტენი და ცრუწინასწარმეტყველნი და მოახდენენ სასწაულებსა და ნიშებს, რათა აცდუნონ, თუკი შესძლეს, თვითონ რჩეულნიც.23. ხოლო თქვენ ფხიზლად იყავით. აჰა, ყოველივე წინასწარ გაუწყეთ თქვენ.24. და მაშინ, იმ ჭირის შემდეგ, დაბნელდება მზე და მთვარე აღარ გამოსცემს ნათელს.25. ვარსკვლავები ჩამოცვივიან ციდან და შეიძვრიან ციურნი ძალნი.26. მაშინ იხილავენ ძეს კაცისას, ღრუბლებზე მომავალს დიდებით და მრავალი ძალით.27. მაშინ მოავლინებს თავის ანგელოზებს და შეკრებს თავის რჩეულთ ოთხთავ ქართაგან, მიწის კიდიდან ცის კიდემდე.28. ლეღვის ხისაგან ისწავლეთ იგავი: როცა მისი ტოტები რბილდება და ფოთლები გამოაქვს, იცით, რომ ახლოა ზაფხული.29. ასევე თქვენც, როცა იხილავთ, რომ ყოველივე ეს ხდება, იცოდეთ, რომ უკვე ახლოა, კარზეა მომდგარი.30. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ გადავა ეს მოდგმა, ვიდრე ყოველივე ეს არ აღსრულდება.31. ცა და მიწა გადავლენ, ხოლო ჩემი სიტყვები არ გადავლენ.32. მაგრამ იმ დღისა და იმ საათისა არავინ არაფერი იცის, არც ანგელოზებმა ცაში, არც ძემ, არამედ მხოლოდ მამამ.33. ფრთხილად იყავით, იფხიზლეთ და ილოცეთ, რადგან არ იცით, როდის მოაწევს ჟამი.34. მსგავსად კაცისა, შორს რომ გაემგზავრა, მიატოვა თავისი სახლი და მისცა თავის მონებს გამგებლობა, თვითეულს თავისი საქმე მიუჩინა და უბრძანა კარის მცველს, ფხიზლად სჭეროდა თვალი.35. მაშ, იფხიზლეთ, ვინაიდან არ იცით, როდის მოვა სახლის პატრონი: საღამოს, შუაღამისას, მამლის ყივილისას თუ განთიადისას.36. რათა ანაზდად არ მოგისწროთ მძინარეთ.37. ხოლო რასაც თქვენ გეუბნებით, ყველას ვეუბნები: იფხიზლეთ.
5. როდესაც ზოგიერთები ამბობდნენ ტაძარზე, პატიოსანი თვლებითა და შესაწირავებით შემკულიაო, მან თქვა:6. მოვლენ დღენი, როცა ყოველივე ამისაგან, რასაც ხედავთ, ქვა ქვაზედაც აღარ დარჩება, არამედ ყველაფერი დაინგრევა.7. ჰკითხეს: მოძღვარო, როდის მოხდება ეს? ან რა იქნება ნიშანი იმისა, რომ ეს უნდა მოხდეს?8. ხოლო მან თქვა: ფხიზლად იყავით, რათა არ შეცდეთ; ვინაიდან მრავალნი მოვლენ ჩემი სახელით, და იტყვიან: მე ვარ; და: მოახლოვდა ჟამი; ნუ შეუდგებით მათ კვალს.9. როდესაც გაიგებთ ომებისა და აშლილობების ამბავს, ნუ შეძრწუნდებით, ვინაიდან ჯერ ეს უნდა მოხდეს, მაგრამ მაშინვე როდი დადგება აღსასრული.10. მაშინ უთხრა მათ: აღდგება ხალხი ხალხის წინააღმდეგ და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ;11. და იქნება დიდი მიწისძვრანი, აქა-იქ - შიმშილობა და ჟამიანობა, საშინელებანი და დიადი სასწაულნი ზეცით.12. უწინარეს ყოვლისა კი ხელს დაგადებენ და დევნას დაგიწყებენ, სინაგოგებსა და საპყრობილეებს მიგცემენ, და მიგიყვანენ მეფეებისა და მთავრების წინაშე ჩემი სახელის გამო.13. და ეს იქნება თქვენს სამოწმებლად.14. მაშ, გულს ჩაიბეჭდეთ, რომ წინასწარ არ იზრუნებთ, რითი იმართლოთ თავი.15. ვინაიდან მე მოგცემთ სიტყვას და სიბრძნეს, რომელსაც წინ ვეღარ აღუდგება და ვერც შეეპასუხება ვერც ერთი თქვენი მოპირისპირე.16. გაგცემენ მშობლებიც და ძმებიც, ნათესავებიც და მეგობრებიც, ხოლო ზოგიერთ თქვენგანს მოკლავენ.17. და მოგიძულებთ ყველა ჩემი სახელის გამო.18. მაგრამ თქვენი თავიდან ერთი ბეწვიც არ დაიკარგება.19. მოთმინებით მოიპოვეთ თქვენი სული.20. ხოლო როდესაც იხილავთ ლაშქრით გარშემორტყმულ იერუსალიმს, იცოდეთ, რომ მოახლოვდა მისი მოოხრების ჟამი.21. მაშინ იუდეას მყოფნი მთებში გაიქცნენ, ვინც მის შუაგულშია, გადაიხვეწოს და ველად მყოფნი ნუ შევლენ მასში.22. ვინაიდან ესენი არიან შურისგების დღენი, რათა აღსრულდეს მთელი წერილი.23. ვაი ფეხმძიმეთ და მეძუძურთ იმ დღეებში, ვინაიდან მოიწევა მაშინ დიდი ჭირი ამ ქვეყნად და რისხვა ამ ხალხის თავზე.24. დაეცემიან მახვილის პირით, ტყვედ წაისხმებიან ყველა ქვეყანაში და იერუსალიმი გადაიქელება წარმართთა მიერ, ვიდრე არ აღსრულდება წარმართთა ჟამი.25. და იქნება ნიშები მზეზე, მთვარესა და ვარსკვლავეთში, ხოლო მიწაზე - ზღვის ღრიალითა და ტალღების ზათქით შეძრწუნებული ხალხების ურვა.26. შიშით გახევდებიან კაცნი, სამყაროს თავზე მოწევნადი უბედურების მოლოდინში, ვინაიდან შეიძვრიან ციური ძალნი.27. მაშინ იხილავენ ძეს კაცისას, ღრუბლით მომავალს დიადი ძალითა და დიდებით.28. ხოლო როცა დაიწყება ყოველივე ამის ახდენა, აღიმართეთ და მაღლა ასწიეთ თავი, ვინაიდან ახლოვდება თქვენი გამოხსნა.29. და უთხრა მათ იგავი: შეხედეთ ლეღვს და ყველა სხვა ხესაც:30. როცა ფოთლები გამოაქვთ, შეხედავთ და იცით, რომ უკვე ახლოა ზაფხული.31. ასევე თქვენც, როცა იხილავთ, რომ ყოველივე ეს ხდება, იცოდეთ, რომ ახლოა ღმრთის სასუფეველი.32. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ გადავა ეს მოდგმა, ვიდრე ყოველივე არ აღსრულდება.33. ცა და მიწა გადავლენ, ხოლო ჩემი სიტყვები არ გადავლენ.34. ფრთხილად იყავით, რათა არ დამძიმდეს თქვენი გული განცხრომით, სიმთვრალითა და ამქვეყნიური საზრუნავით, და ანაზდეულად არ გიწიოთ იმ დღემ.35. რადგანაც მახესავით დაეცემა მთელი დედამიწის მკვიდრთ.36. მაშ, იფხიზლეთ და ილოცეთ მარადჟამ, რათა შეგეძლოთ თავი დააღწიოთ ყველაფერს, რაც მოიწევა, და კაცის ძის წინაშე წარსდგეთ.