1.პასექის დღესასწაულის წინ იცოდა იესომ, რომ მოაწია მისმა ჟამმა, რათა გასულიყო ამ ქვეყნიდან მამამისთან მისასვლელად, ვინაიდან შეიყვარა თავისიანები, რომლებიც იყვნენ ამ ქვეყნად, და შეიყვარა ისინი აღსასრულამდე.2.სერობის ჟამს, როცა ეშმაკს უკვე ჩაენერგა სიმონის იუდას, ისკარიოტელის გულში მისი გაცემა,3.იესო, რომელმაც იცოდა, რომ მამამ ყველაფერი ხელთ მისცა და ღმრთისგან გამოსული ღმრთისკენვე მიდის,
4.წამოდგა სერობიდან, მოიძრო მოსასხამი, აიღო პირსახოცი და წელზე მოირტყა.5.მერე საბანელში ჩაასხა წყალი და შეუდგა მოწაფეთა ფეხების ბანას და პირსახოცით შემშრალებას, წელზე რომ ერტყა.6.მივიდა სიმონ-პეტრესთან, და უთხრა პეტრემ: უფალო, შენა მბან ფეხებს?7.მიუგო იესომ და უთხრა მას: რასაც ვაკეთებ, ჯერ არ იცი, მხოლოდ ამის შემდეგ გაიგებ.8.უთხრა მას პეტრემ: არ დამბან ფეხებს უკუნისამდე. მიუგო მას იესომ: თუკი არ დაგბან, ჩემთან არ გექნება წილი.9.უთხრა მას სიმონ-პეტრემ: უფალო, მარტო ფეხებს კი არა, არამედ ხელებსაც და თავსაც.10.უთხრა მას იესომ: განბანილს არაფერი სჭირდება, ფეხების დაბანის გარდა, ვინაიდან სულ მთლად სუფთაა, და თქვენც სუფთანი ხართ, მაგრამ ყველანი არა.11.ვინაიდან იცნობდა თავის გამცემს. ამიტომაც თქვა: ყველანი როდი ხართ სუფთანიო.12.ფეხები, რომ დაბანა მათ, აიღო თავისი მოსასხამი, კვლავ ინახად დაჯდა და უთხრა მათ: იცით, რა გიყავით?13.თქვენ მე მოძღვარსა და უფალს მიწოდებთ, და სწორსაც ამბობთ, რადგანაც ვარ.14.ხოლო თუ მე, მოძღვარმა და უფალმა, დაგბანეთ ფეხები, თქვენც ასევე უნდა ჰბანდეთ ფეხებს ერთმანეთს.15.რადგან მაგალითი მოგეცით, რათა, როგორც მე მოგექეცით, თქვენც ასევე მოიქცეთ.16.ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ არის მონა თავის მბრძანებელზე უმეტესი, და არც მოციქული - თავის მომავლინებეღზე უპირატესი.17.თუ ეს იცით, ნეტარნი ხართ, თუკი ასრულებთ ამას.18.ყველა თქვენგანზე როდი ვამბობ; მე ვიცი, ვინც ავირჩიე. მაგრამ უნდა აღსრულდეს წერილი: ჩემთან პურის მჭამელმა ჩემზე აღმართა თავისი ქუსლი.19.ახლა გეუბნებით, ვიდრე ეს ახდებოდეს, რათა, როცა ახდება, ირწმუნოთ, რომ მე ვარ.20.ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც შეიწყნარებს ჩემს მიერ მოვლინებულს, მე შემიწყნარებს, ხოლო ვინც მე შემიწყნარებს, შეიწყნარებს ჩემს მომავლინებელს.
21.ეს რომ თქვა, შეიძრა იესო სულით, იმოწმა და თქვა: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით: ერთი თქვენგანი გამცემს მე.22.მოწაფეები ერთმანეთს მისჩერებოდნენ და ვერ გაეგოთ, ვისზე თქვა ეს.23.ხოლო ერთი მოწაფეთაგანი, რომელიც უყვარდა იესოს, მკერდზე მიყრდნობოდა მას.24.სიმონ-პეტრემ ანიშნა მას და უთხრა: ჰკითხე, ვინ არის, ვისზედაც ამას ამბობსო.25.ხოლო ის მკერდზე მიეკრა იესოს და უთხრა: უფალო, ვინ არის?26.იესომ მიუგო: ის არის, ვისაც ჩაწებულ ლუკმას მივცემ. ჩააწო ლუკმა და მისცა იუდას, სიმონის ძეს, ისკარიოტელს.27.ამ ლუკმის შემდეგ შევიდა მასში სატანა. და უთხრა მას იესომ: რასაც აკეთებ, მალე გააკეთე.28.მაგრამ ინახად მსხდომთაგან ვერავინ მიხვდა, რად უთხრა ეს.29.ვინაიდან ზოგიერთს ეგონა, რაკი ყულაბა იუდას ებარა, იესო ეუბნება მას: იყიდე, რაც სადღესასწაულოდ გვჭირდება, ან კიდევ გლახაკთა გასაკითხადო.30.ხოლო ის, ლუკმის მიღებისთანავე, გავიდა. და იყო ღამე.
31.როგორც კი გავიდა, იესომ თქვა: აწ იდიდა ძე კაცისა, და ღმერთი იდიდა მის მიერ.32.ხოლო თუ ღმერთი იდიდა მის მიერ, ღმერთიც ადიდებს მას თავის მიერ, და ადიდებს მას მალე.33.შვილებო, ცოტა ხანსღა ვარ თქვენთან; ძებნას დამიწყებთ, და რაც ვუთხარი იუდეველებს: სადაც მე მივალ, თქვენ ვერ მოხვალთ-მეთქი, იმასვე გეუბნებით თქვენც ახლა.34.ახალ მცნებას გაძლევთ: გიყვარდეთ ერთმანეთი. და როგორც მე შეგიყვარეთ, ასევე გიყვარდეთ თქვენც ერთმანეთი.35.იმით გიცნობთ ყველა, რომ ჩემი მოწაფეები ხართ, თუ გექნებათ სიყვარული ერთმანეთს შორის.
36.ჰკითხა მას სიმონ-პეტრემ: უფალო, სად მიხვალ? იესომ მიუგო: სადაც მე მივალ, შენ ვერ გამომყვები ამჟამად, შემდეგ კი გამომყვები.37.უთხრა მას პეტრემ: უფალო, რატომ ვერ გამოგყვები ამჟამად? სულს დავდებ შენთვის.38.იესომ მიუგო: სულს დადებ ჩემთვის? ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები: მამლის ყივილამდე სამჯერ უარმყოფ მე.
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და უწინარჱს დღესასწაულისა მის პასექისასა, რომელ არს ვნებაჲ, იცოდა იესუ, რამეთუ მოიწია ჟამი მისი, რაჲთა განვიდეს ამიერ სოფლით და მივიდეს მამისა, რამეთუ შეიყუარნა თჳსნი იგი, ამას სოფელსა მყოფნი, და სრულიად შეიყუარნა იგინი“ (13,1).
თ ა რ გ მ ა ნ ი: „მსგავს ჩემდა იქმნენითო“, - იტყჳს პავლე, - „ვი-თარცა-ესე მე - ქრისტჱსა“, რამეთუ ამისთჳს ჴორცნი შეიმოსნა და ბუნებაჲ ჩუენი მიიღო, რაჲთა მის მიერ გუასწავოს ჩუენ სათნოებაჲ;...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და მოიღო სამოსელი თჳსი და ინაჴ-იდგა და ჰრქუა მათ: იცითა, რაჲ-ესე გიყავ თქუენ?“ (13,12).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ბოროტ არს, საყუარელო, ბოროტ არს მოსლვაჲ სი-ღრმესა ბოროტთასა, რამეთუ მიერითგან განუმართლებელ იქმნების. ამისთჳს ჯერ-არს მოსწრაფებით ღუწოლაჲ, რაჲთა არა გუეუფლოს უკე-თურებაჲ, რამეთუ უადვილეს არს არაშთავრდომაჲ ბოროტსა, ვიდრე-ღა შთავრდომილისა აღმოსლვაჲ. რამეთუ იხილეთ იუდა, ვინაჲთგან შთააგდო თავი თჳსი ბოროტსა მას უკეთურებასა შინა, რაზომი შეწევნაჲ პოვა, და ვერვე განერა...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: უკუეთუ ვინმე შეიწყნაროს, რომელი მე მივავლინო, მან მე შემიწყნაროს, და რომელმან მე შემიწყნაროს, შეიწყნაროს მომავლინებელი ჩემი“ (13,20).
თ ა რ გ მ ა ნ ი: დიდ არს მონათა ღმრთისათა მსახურებისა და განსუენებისა სასყიდელი, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „რომელმან თქუენ შეგიწყნარნეს, მან მე შემიწყნარა, და რომელმან მე შემიწყნაროს, შეიწყნაროს მომავლინებელი ჩემი“. ხოლო რაჲმცა სწორ იყო ქრისტჱს და მამისა მისისა შეწყნარებისა? ხოლო რაჲსათჳს, რომელ თქუა რაჲ, ვითარმედ:...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ჰრქუა მას სიმონ-პეტრე: უფალო, ვიდრე ხუალ? ჰრქუა მას იესუ: მე ვიდრე ვალ, შენ ვერ ძალ-გიც მოდევნებად აწ, ხოლო მომდევდე ამისა შემდგომად“ (13,36).
თ ა რ გ მ ა ნ ი: დიდ არს სიყუარული და ცეცხლისა უმჴურვალჱს, და ზეცისა სიმაღლედ მიიწევის, და არარაჲ სოფლისა საქმეთაგან იქმნების დამაყენებელ მისა. რამეთუ მჴურვალესა მას გულითა პეტრეს ესმა რაჲ, ვითარმედ: „სადა მე წარვალ, თქუენ ვერ ჴელ-გეწიფების მოსლვად“, მეყსეულად ჰრქუა მას:
ძმანო მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო! აწინდელსა დღესა, დიდისა ხუთშაბათისა, თითქმის საჭიროც არ არის და ნამეტანი იქმნება ჩვენი მხრითგან თქმა ქადაგებისა. პირველად მისთვის, რომ დღეს თვით მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე გვაძლევს სახარებისაგან დიდსა და ვრცელსა დარიგებასა, მეორედ, ძნელია დღეს ქადაგების თქმა: მქადაგებელმა არ იცის რა საგანზე იწყოს დღეს უბნობა, რომელი სიტყვა მაცხოვრისა, დღეს თქმული, ანუ რომელი საქმე მისი, დღეს აღსრულებული აღიღოს საგნად ქადაგებისა; ისე მრავალნი არიან სიტყვანი, დღეს მისგან...
მოციქულნი ყოველნი იყნენ განცვიფრებულ, ოდეს მაცხოვარმან იწყო ხელითა თვისითა ბანვა ფერხთა მათთა, გარნა უმეტესად ყოველთა პეტრე მოციქული. ამან უწინარეს რაოდენისამე დღისა იცნო, ირწმუნა და აღიარა, რომელ მოძღვარი მათი, იესო ქრისტე, არის ძე ღვთისა ცხოველისა და აჰა ესერა ხედავს, რომელ იგი აღსდგა სერობისაგან, აღიღო ჭურჭელი წყლისა, მოიდრიკა მუხლნი და ვითარცა მონამან, იწყო ბანვა ფერხთა მოწაფეთასა. უფალო, შენ დამბანა ფერხთა ჩემთა? ჰკითხა მას განცვიფრებულმან პეტრე, ოდეს უფალი მივიდა მასთან დაბანვად...
„ამენ გეტყჳ თქუენ: ერთმან თქუენგანმან“ ათორმეტთა მაგათ, რომელნი მარადის ჩემ თანა ხართ, რომელთა ფერჴნი დაგბანენ, რომელთა ესოდენნი კეთილნი აღგითქუენ, „ერთმან თქუენგანმან მიმცეს მე. და იგინი შეწუხნეს ფრიად“.
და იოვანე იტყჳს: „იხედვიდესო ურთიერთას მოწაფენი და ვერ იცოდეს, ვისთჳს იტყოდა“. ხოლო მათე იტყჳს: „შეწუხნესო ფრიად; და იწყო კაცად-კაცადმან სიტყუად: ნუუკუე მე ვარ, უფალო? ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ: რომელმან შთამოყოს ჩემ თანა ჴელი პინაკსა, ამან მიმცეს მე“ (26,22-23).
ესე იქმნა და ვერვე დაიდასტურეს მოწაფეთა. ამისთჳს კუალადცა წამუყვნა პეტრე იოვანეს, ვითარცა მისსა მას სახარებასა წერილ არს, კითხვად, თუ ვინ არს, რომლისათჳს იტყჳს. - „მიეყრდნა იგი მკერდსა იესუჲსსა და ჰრუქა მას: უფალო, ვინ არს? მიუგო იესუ და ჰრქუა: იგი არს, რომელსა მე დავაწო პური და მივსცე“.
იხილე, თუ ოდეს გამოუცხადა. ოდეს იხილნა სხუანი დიდსა მწუხარებასა შინა და ურვასა ფრიადსა, მაშინ აუწყა.
და არა მათთჳს ხოლო, არამედ რაჲთა მიმცემელსაცა მისსა ამხილოს, რამეთუ მრავალგზის ჰრქუა მიფარულად და იგავისსახით, და არა შეიგონა მან. ამისთჳს აწ განცხადებულადრე ამხილებს, ნუუკუე შეიგონოს. ამისთჳს შესძინ...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო იოვანე აყენებდა მას და ეტყოდა: მე მიჴმს შენ მიერ ნათლის-ღებაჲ, და შენ ჩემდა მოხუალა?“ (3,14).:
...ეტყოდა მას: „მე მიჴმს შენ მიერ ნათლის-ღებად, და შენ ჩემდა მოხუალა?“ არა თქუა, თუ: შენ ნათელ-იღებ ჩემგან, რამეთუ ამისაცა თქუმად შეძრწუნდა, არამედ: „შენ ჩემდა მოხუალო“. ხოლო ქრისტემან, ვითარცა უკუანაჲსკნელ, ოდეს-იგი პეტრე აყენებდა დაბანად ფერჴთა, ჰრქუა მას: „რომელსა მე ვიქმ, არა იცი აწ, ხოლო სცნა ამისა შემდგომად“, ეგრეთვე აქა, აყენებდა რაჲ იოვანე, ჰრქუა მას იესუ:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „აცადე აწ, რამეთუ ესრეთ შეჰგავს ჩუენდა აღსრულებად ყოველი სიმართლე“ (3,15).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ესმა ბრძანებაჲ მეუფისაჲ და მეყსეულად მორჩილ ექმნა, რამეთუ არა იყო მაცილობელ უწესოდ, არამედ შიშიცა იგი და სიყუარული აჩუენა და მორჩილებაჲცა წინაუყო. ხოლო იხილე, ვითარ უბრძანებს უფალი, „ესრეთ შეჰგავსო“, რამეთუ ვინაჲთგან იგი ჰგონებდა, თუ შეუმსგავსებელ არს საქმე ესე, რაჲთამცა მონისაგან ნათელ-იღო უფალმან, ამისთჳს ეტყჳს, ვითარმედ: რომელსა-ეგე ჰგონებ შეუმსგავსებელად, უფროჲსღა შეჰგავს და ჯეროან არს. აცადე უკუე აწ, რამეთუ არა მარადის ესრეთ ყოფად არს, გარნა აწ განგებულებისა მისთჳს.
„აცადე აწ, რამეთუ ესრეთ შეჰგავს ჩუენდა აღსრულებად ყოველი სიმართლე“. სიმართლედ ამას ადგილსა აღსრულებასა მას იტყჳს მცნებათა რჩულისათა: ვინაჲთგან ყოველნი მცნებანი აღმისრულებიან და ესე ხოლო ნაკლულევან...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და მოუჴდა მას პეტრე და იწყო ბრალობად მისა და ჰრქუა: შენდობა იყავნ შენდა, უფალო, არა იყოს ეგრე. ხოლო თავადი მიექცა პეტრეს და ჰრქუა: წარვედ ჩემგან, სატანა! საცთურ ჩემდა ხარ, რამეთუ არა ჰზრახავ ღმრთისასა, არამედ კაცთასა“ (16,22-23).:
...ააწყნარა გონებაჲ პეტრესი და განაგდო მისგან შიში და უმეცრებაჲ. ვითარცა-იგი იოვანე აყენებდა რაჲ მისგან ნათლის-ღებად, ჰრქუა მას: „ესრეთ შეჰგავსო ჩუენდა“; და კუალად, აყენებდა რაჲ პეტრე დაბანად ფერჴთა, ჰრქუა მას: „უკუეთუ არა დაგბანნე ფერჴნი, არა გაქუს ნაწილი ჩემ თანა“. ეგრეთვე აქა სიფიცხითა მით შერისხვისაჲთა დააწყნარა შიში იგი და ურვაჲ, რომელი შეუჴდა პეტრეს ვნებისათჳს უფლისა.
ისმენდედ ყოველნი, რომელთა სირცხჳლ-უჩნს ვნებაჲ იგი ქრისტეს ჯუარ-ცუმისაჲ! უკუეთუ თავსა მას მოციქულთასა პირველ ცნობადმდე საიდუმლოჲსა მის ესრეთ ემხილა და ესმა: „წარვედ ჩემგან, სატანა! რამეთუ არა ჰზრახავ ღმრთისასა, არამედ კაცთასა“, რაჲ-მე იყოს მათდა, რომელნი შემდგომად ესოდენისა მის გამოცხადებისა საქმეთაჲსა შეურაცხ-ჰყოფენ საიდუმლოსა მას ჯუარისასა?
სწავლაჲ ნდ რაჲთა ვიქადოდით ჯუარ-ცუმისათჳს ქრისტესისა და საცოდ ჩუენდა გუაქუნდეს ჯუარი წმიდაჲ მისი; და სახიერებისათჳს უფლისა
ნუმცა ვის უკუე სირცხჳლ-უჩნს მიზეზი იგი ცხორებისა ჩუენისაჲ და თავი ყოველთა კეთილთაჲ, რომლისა მიერ ცხოველ ვართ, ესე იგი არს ჯუარი ქრისტესი; არამედ ვითარცა გჳრგჳნი ბრწყინვალე გუაქუნდინ იგი, რამეთუ ყოველი ცხორებაჲ ჩუენი მის მიერ იქმნების. უკუეთუ ვინ ნათელიღებდე...