1.პავლე, ღვთის ნებით იესო ქრისტეს მოციქული, თანახმად სიცოცხლის აღთქმისა ქრისტე იესოში, -2.ტიმოთეს, საყვარელ შვილს: მადლი, წყალობა და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და ჩვენი უფლის ქრისტე იესოსაგან.3.ვმადლობ ღმერთს, რომელსაც, წინაპართა კვალდაკვალ, წმიდა სინიდისით ვემსახურები, - რომ გამუდმებით გიხსენებ ჩემს ლოცვებში, დღისით თუ ღამით;4.შენი ცრემლების გახსენებისას ერთი სული მაქვს, როდის გიხილავ, რათა აღვივსო სიხარულით.5.მახსენდება შენი უპირფერო რწმენა, რომელიც პირველად დაემკვიდრა დიდედაშენ ლოიდესა და დედაშენ ევნიკეში, და, მწამს, შენშიაც.6.ამიტომაც შეგახსენებ გააღვივო ნიჭი ღვთისა, ჩემი ხელდასხმით რომ მოგეცა.7.რადგანაც ღმერთმა მოშიშების სული როდი მოგვცა, არამედ ძლიერების, სიყვარულისა და თავდაჭერისა.8.მაშ, ნუ გრცხვენია ჩვენი უფლის მოწმობისა, და ნურც ჩემი, მისი ტყვისა, არამედ ჩემთან ერთად ევნე სახარებისათვის, ღვთის ძალით,9.რომელმაც გვიხსნა და წმიდა ხმობით გვიხმო, ჩვენს საქმეთა გამო კი არა, არამედ თავისი ნებით და მადლით, საუკუნეთა უწინარეს რომ მოგვეცა ქრისტე იესოში,10.ახლა კი გამოჩნდა ჩვენი მხსნელის ქრისტე იესოს გამოცხადებით, ვინც განაქარა სიკვდილი და გაანათლა სიცოცხლე და უხრწნელება სახარებით;11.ვის ქადაგად, მოციქულად და მოძღვრადაც ვარ დადგენილი,12.ვისი მიზეზითაც ვევნები ასე, მაგრამ სულაც არა მრცხვენია, რადგანაც ვიცი, ვინც ვირწმუნე, და მწამს, რომ ძალუძს შეინახოს ჩემი წინდი იმ დღისათვის.13.სიყვარულითა და რწმენით მისდიე მასულდგმულებელ სიტყვათა ნიმუშს, ჩემგან რომ ისმინე ქრისტე იესოში.14.შეინახე კეთილი წინდი სულით წმიდით, რომელიც მკვიდრობს ჩვენში.15.შენ იცი, რომ ასიაში ყველამ მიმატოვა, მათ შორის ფიგულუსმა და ჰერმოგენემაც.16.წყალობა მისცეს უფალმა ონისიფორეს სახლს, რადგანაც მრავალგზის მომიფონა და სირცხვილად არ უჩნდა ჩემი ბორკილები.17.არამედ რომში ჩამოსული გულმოდგინედ მეძებდა და მიპოვა კიდეც.18.ღმერთმა ინებოს, რომ უფლის მიერ წყალობა ჰპოვოს იმ დღეს, ხოლო რაც ეფესოში მემსახურა, შენ უკეთ იცი.
თარგმანი: ფიგელოზ ებისკოპოზი იყო ეფესოჲსაჲ, და ერმოგინე ებისკოპოსი იყო მეღარისაჲ და იქმნეს მწვალებელ და წინა-აღუდგეს მოციქულსა. ხოლო ონისიფორე (1,16) ებისკოპოსი იყო კორონიისაჲ.
პავლესი: მოეცინ უფალმან პოვნად წყალობაჲ უფლისა მიერ (1,18).
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: მამამან ძისა მიერ.
მიიწია იგი დერბედ და ლუსტრად და აჰა-ესერა მოწაფე ვინმე იყო მუნ, სახელით ტიმოთეოს, ძე დედაკაცისა ჰურიისა მორწმუნისაჲ და მამისა წარმართისაჲ, რომელი იწამებოდა ლუსტრელთაგან და იკონიელთა ძმათა (16,1-2).:
...წამებულ იყო სათნოებისათჳს ყოველთაგან ლუსტრელთა და იკონიელთა მორწმუნეთა, და დედასა მისსა თჳთ პავლე ეწამების, მიუწერდეს რაჲ ტიმოთეს, ვითარმედ: "მომეჴსენების შეუორგულებელი სარწმუნოებაჲ შენი, რომელმან დაიმკჳდრა პირველად დედის დედისა შენისა ლოიდის თანა და დედისა შენისა ევნიკის თანა, და მრწამს, ვითარმედ შენ თანაცა" (). ცხად არს, ვითარმედ დედულნი ტიმოთესნი ნათესავით ჰურიანი იყვნეს, ხოლო დედაჲ, და დედის დედაჲ — მორწმუნენი ქრისტესნი, და ამათგან იშვა ტიმოთე ჟამსა მას ოდენ ქრისტეს ქადაგებისა განფენისასა. აღიზარდა უკუე და განისწავლა შჯულიერად, ვითარცა პავლე მისწერს მისსა, ვითარმედ: "სიყრმითგან საღმრთონი წიგნნი იცნი" (), გარნა წინა-დაუცუეთელ იყო, რამეთუ ჟამსა მას იყო, ოდეს იქადაგებოდა დაჴსნაჲ წინა-დაცუეთისაჲ.
ამისი სათნო-უჩნდა პავლეს მის თანა განსლვაჲ. და მოიყვანა და წინა-დასცჳთა მას ჰურიათა მათთჳს, რომელნი იყვნეს მათ ადგილთა, რამეთუ უწყოდეს ყოველთა, ვითარმედ წარმართი იყო მამაჲ მისი (16,3).
თარგმანი: ვინაჲთგან ქადაგ წინა-დაცუეთის დაჴსნისა ჰყოფდა პავლე ტიმოთეს, ამისთჳს წინა-დასცჳთა მას, რაჲთა ვერვინ თქუას ორთავე ამათთჳს, ვითარმედ: ამისთჳს დაჰჴსნიან წინა-დაცუეთასა, რამეთუ თჳთ წინა-დაუცუეთელ არია...
...ვრისათვის მან თავისი ნებით მიიღო სასჯელი და მოწამებრივი სიკვდილით დაასრულა სიცოცხლე რომში; იგი მოციქულ პეტრეს მსგავსად ჯვარზე არ უცვიათ. მას, როგორც რომის მოქალაქეს, მახვილით მოჰკვეთეს თავი. საკვირველია წმიდა პავლეს უსაზღვრო სიყვარული ღვთისა და ხალხისადმი. ამიტომაც ბრძანებს ასე: ვიცი, რომელი იგი მრწმენა (); ეს სიტყვები შეუძლია გაიმეოროს ყველამ, ვინც კი ღრმად ჩასწვდა წმიდა წერილის აზრს, ვიცი ცხოვრებაცა და საქმიანობაც შეესატყვისება ღვთის მცნებებს: რადგან ამ შემთხვევაში იქნება რწმენა მისი ურყევი და წყარო სიყვარულისა - დაუშრეტელი მასში. ასეთი პიროვნება თვითონ იქცევა იმ დიდებულ ტაძრად, რომელშიც ივანებს უფალი და ჩვენ ხომ სწორედ ამისთვის ვართ მოწოდებულნი; მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ „სიკეთის ქმნა შეუძლია მხოლოდ მას, ვინც თავისი სურილით მიდის სიკეთესთან და გონებით იღებს მას“ (ვ.ს. სოლოვიოვი, რჩეული თხზულებანი, ტ.7, გვ.147).
ჩვენს წინაშე მეტად მნიშვნელოვანი კითხვა დგას: სად არის დღევანდელ მსოფლიოში ადამიანის ადგილი?
კაცობრიობის მთელ ისტორიაში ადამიანის პრობლემა ყოველთვის ერთ-ერთი უმთავრესთაგანი იყო. ჩვენს დროში კი იგი იმდენად აქტუალური და ძნელად გადასაწყვეტი გახდა, რომ ზოგჯერ გვეჩვენება, - ამ სამყაროში აღარ დარჩა ადგილი კაცისთვის....