1. საღვთო წერილი — სულიერი საუნჯე
საღვთო წერილის კითხვა საუნჯეს ჰგავს. როგორც საუნჯიდან მცირე ნაწილის მომპოვებელიც დიდ სიმდიდრეს იძენს, ისევე საღვთო წერილში მოკლე გამონათქვამშიც კი შეიძლება დიდი სულიერი ძალისა და აზრთა გამოუთქმელი სიმდიდრის პოვნა. და არა მხოლოდ საუნჯეს ჰგავს ღვთის სიტყვა, არამედ წყაროსაც, რომელიც უხვ ნაკადებს აღმოადინებს და ბევრ წყალს შეიცავს: ეს ყოველივე გუშინ საქმით შევიტყვეთ. შესაქმის წიგნის პირველ სიტყვებს რომ მოვკიდეთ ხელი, მთელი სწავლება სიტყვებს მივუძღვენით: „დასაბამად ქმნნა ღმერთმან ცაჲ და ქუეყანაჲ", და მაინც ვერ მოვიცავთ ყველაფერს, რადგან დიდია ამ საუნჯის სიმდიდრე და უხვია ამ სულიერი წყაროს ნაკადები. ნუ გიკვირს, რომ ასე მოხდა ჩვენთან: ჩვენს წინაპრებსაც თავიანთი ძალისამებრ ეწაფნენ ამ ნაკადებს, ჩვენი შთამომავლებიც იგივეს იზამენ, მაგრამ მაინც ვერ შეძლებენ ამოწურვას; პირიქით, წყალი მოემატება და ნაკადები გამრავლდება. ასეთია სულიერი ნაკადების თვისება: რაც უფრო მეტს დაეწაფებიან მათ, მით უფრო მეტად იწყებს მატებასა და გამრავლებას სულიერი მადლი. ამიტომაც თქვა ქრისტემ: „უკუეთუ ვისმე სწყუროდის, მოვედინ ჩემდა...