1.იმხანად მეფე ჰეროდემ ბოროტი ზრახვით აღმართა ხელი ეკლესიის ზოგიერთ წევრზე.2.და მახვილით მოაკვლევინა იაკობი, იოანეს ძმა.3.რაკი დაინახა, რომ ამით აამა იუდეველებს, პეტრეს შეპყრობაც ბრძანა (უფუარობის დღეები იყო).4.როგორც კი შეიპყრო, საპყრობილეში ჩასვა და ჯარისკაცთა ოთხ ათეულს უბრძანა მისი დარაჯობა, რადგანაც აპირებდა ნაპასექევს ხალხის წინაშე გამოეყვანა.5.ასე რომ, პეტრეს დარაჯობდნენ საპყრობილეში, ეკლესია კი გულმხურვალედ ლოცულობდა მისთვის ღვთის მიმართ.6.იმ ღამეს, როცა ჰეროდემ მისი გამოყვანა დააპირა, პეტრეს ორ ჯარისკაცს შორის ეძინა, ორმაგი ჯაჭვით შეკრულს, კართან მდგარი მცველები კი საპყრობილეს დარაჯობდნენ.7.და, აჰა, წარმოსდგა ანგელოზი უფლისა და ნათელმა მოიცვა მთელი საკანი; ფერდში წაჰკრა პეტრეს, გააღვიძა და უთხრა: ადექი ჩქარა! და ხელებიდან დასცვივდა ჯაჭვი.8.ანგელოზმა თქვა: სარტყელი მოირტყი და ჩაიცვი შენი ხამლები. ასეც მოიქცა. მან კი უბრძანა: მოისხი შენი მოსასხამი და მომყევი.9.გავიდა და პეტრეც გაჰყვა, მაგრამ არ იცოდა, რომ ცხადი იყო, რასაც იქმოდა ანგელოზი, არამედ ეგონა სიზმარს ვხედავო.10.პირველსა და მეორე საგუშაგოს რომ გასცდნენ, ქალაქში შესასვლელ რკინის ბჭეს მიადგნენ, თავისით რომ გაიღო მათ წინაშე, და როცა გამოსულებმა ერთი ქუჩა გაიარეს, მყისვე გაშორდა მას ანგელოზი.11.გონს რომ მოეგო, პეტრემ თქვა: ახლა კი ვხედავ ჭეშმარიტად, რომ უფალმა მოავლინა თავისი ანგელოზი, რომელმაც დამიხსნა ჰეროდეს ხელიდან და ყოველივე იმისაგან, რასაც მოელოდნენ იუდეველნი.12.ამ ფიქრით მიადგა მარკოზად წოდებული იოანეს სახლს, სადაც მრავალნი შეკრებილიყვნენ და ლოცულობდნენ.13.როდესაც პეტრემ ჭიშკარზე დააკაკუნა, მისაყურადებლად გამოვიდა ერთი მხევალი, სახელად როდე.14.პეტრეს ხმა რომ შეიცნო, სიხარულისაგან ჭიშკარიც კი არ გაუღია, არამედ შინ შევარდა და შეკრებილთ შეატყობინა, ჭიშკართან პეტრე დგასო.15.მათ უთხრეს, ხომ არ შეიშალეო, ის კი თავისას გაიძახოდა. მაშინ თქვეს: მისი ანგელოზი იქნებაო.16.პეტრე კი განაგრძობდა კაკუნს. როცა გაუღეს, დაინახეს და სახტად დარჩნენ.17.ხოლო მან ხელით ანიშნა, ჩუმად იყავითო, და უამბო მათ, როგორ გამოიყვანა უფალმა საპყრობილედან; მერე თქვა: ეს ამბავი იაკობს და ძმებსაც შეატყობინეთო; გამოვიდა და სხვაგან წავიდა.18.განთიადისას ჯარისკაცებს შორის განგაში ატყდა: პეტრე რა იქნაო?19.ჰეროდემ ბევრი ეძება, მაგრამ ვერ მიაგნო. მაშინ დაჰკითხა მცველები და მათი დახოცვა ბრძანა. მერე კი იუდეიდან კესარიაში ჩავიდა და იქ დარჩა.20.ჰეროდე გულმწყრალად იყო ტიროსელთა და სიდონელთა მიმართ. ამიტომაც ისინი ერთად მივიდნენ, გადაიბირეს ბლასტოსი, მეფის მესაწოლე, და ზავი ითხოვეს, ვინაიდან მათი ქვეყანა ჰეროდეს სამეფოდან იღებდა სარჩოს.21.დათქმულ დღეს სამეფო სამოსით მოსილი ჰეროდე ტახტზე დაჯდა და სიტყვით მიმართა მათ.22.ხალხი კი ღაღადებდა: ღმერთის ხმა გვესმის და არა კაცისაო.23.მაგრამ უფლის ანგელოსმა ანაზდეულად დაამხო იგი, რადგანაც დიდება არ მიაგო ღმერთს, და მატლებისაგან შეჭმულმა სული განუტევა.24.ღვთის სიტყვა კი იზრდებოდა და ფრთებს შლიდა.25.თავიანთი მსახურება რომ აღასრულეს, ბარნაბა და სავლე იერუსალიმიდან კვლავ ანტიოქიაში დაბრუნდნენ და თან ჩაიყვანეს იოანე, ვისაც მარკოზადაც უხმობდნენ.
მას ჟამსა შინა ჴელი მიყო ჰეროდე მეფემან ძჳრის-ყოფად რომელთამე ეკლესიისაგანთა, და მოკლა იაკობ, ძმაჲ იოვანესი, მახჳლითა (12,1-2).
თარგმანი: მასვე ჟამსა სიყმილისასა, რომელი იყო დღეთა მათ კლავდის კეისრისათა, ჴელი მიყო ჰეროდე. საცნაურ არს, ვითარმედ სხუაჲ იყო ჰეროდე ჩჩჳლთა მსრველი, და სხუა —ჰეროდე, რომელმან თავი მოჰკუეთა იოვანეს ნათლისმცემელსა, და ესევე ჰეროდე იყო ჯუარ-ცუმასა უფლისასა. ხოლო აწ თქუმული ესე ჰეროდე, მომკლველი იაკობისი, აღრიპპადცა სახელდებულ არს და ჰეროდედცა. რამეთუ, ვითარ-იგი მეფეთა...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამისთჳს აჰა ესერა მე მოვავლინნე თქუენდა წინაჲსწარმეტყუელნი, ბრძენნი და მწიგნობარნი, და მათგანნი მოსწყჳდნეთ და ჯუარს-აცუნეთ და მათგანნი სტანჯნეთ შესაკრებელთა შორის თქუენთა და სდევნიდეთ ქალაქითი ქალაქად“ (23,34).:
...ლ არს, ვითარმედ: სათნოებისათჳს ჰურიათაჲსა ქმნა ესე ბოროტმან ჰეროდე და შესუა იგი საპყრობილედ და მისცა ოთხთა ოთხეულთა ერისაგანთა ცვად. ესე ედვა გულსა, ვითარმედ დღეთა მათ შემდგომად ზატიკობისათა აღმოჰგუაროს იგი და მისცეს ჴელთა ერისათა, რამეთუ წადიერ იყვნეს მოკლვად მისა და წყურიელ იყვნეს სისხლისა მისისა დათხევად. კუალად პავლესთჳს დიდი მოსწრაფებაჲ დადვეს მოკლვად და შეჩუენებულ-ყვნეს თავნი თჳსნი არარაჲსა გემოჲს-ხილვად, ვიდრემდე მოკლან იგი. და ყოვლით კერძო გამოაჩინნეს თავნი თჳსნი, ვითარმედ ნაშობნი არიან მკლველთა წინაჲსწარმეტყუელთანი და მიმსგავსებულნი გონებათა მათთა, უფროჲსღა ფრიად უძჳრესნი და უბოროტესნი მათსა.
რამეთუ ამათ ქმნეს თავი იგი და აღსასრული ყოველთა ბოროტთაჲ. მამათა მათთა მონანი იგი მოვლინებულნი მოღებად ნაყოფისა მისგან ვენაჴისა მოსწყჳდნეს, ხოლო ამათ ძე იგი მხოლოდშობილი, უფალი და მეუფე ყოველთაჲ, მოკლეს, და მონანი იგი, ქორწილად მწოდებელნი, აგინნეს და მოსწყჳდნეს. ამისთჳსცა ეტყჳს უფალი: „გუელნო, ნაშობნო იქედნეთანო, ვითარ-მე განერნეთ საშჯელსა მას გეჰენიისასა?“ ამათ სიტყუათა მიერ ქადაგებაჲცა იგი იოვანესი მოაჴსენა, რომელმანცა ესრეთ უწოდა მათ, და სასჯელი იგი მერმისაჲ მის საუკუნოჲსაჲ წინაუყო....
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო იგინი შეუვრდეს ფერჴთა მისთა და თაყუანისსცეს მას. მაშინ ჰრქუა მათ იესუ: ნუ გეშინინ; წარვედით და უთხართ ძმათა ჩემთა, რაჲთა წარვიდენ გალილეას და მუნ მიხილონ მე“ (28,9-10).:
...ილა და ესმა მისგან: „გიხაროდენ!“ ღირსად და სამართლად იქმნა ესე საქმე.
ხოლო მარიამ მაგდანელი, მივიდოდა რაჲ წმიდისა ღმრთისმშობელისა თანა, განკჳრვებულ იყო კაცობრივითა გულისსიტყჳთა, და ვითარცა პეტრე, გამოიყვანა რაჲ ანგელოზმან საპყრობილით და წარვლეს ბჭე ქალაქისაჲ, მუნამდე ვერ იცოდა, თუ ჭეშმარიტ არს ხილვაჲ იგი, ეგრეთვე მაგდანელი ჰგონებდა, თუ ნუუკუე ჩუენებაჲ იყო საქმე იგი, შეორგულდა და კუალად მიიქცა საფლავად „ერთსა მას შაბათსა განთიად, ვიდრე ბნელღა იყო“; და ამას მოსლვასა იტყჳს იოვანე.
რამეთუ ვითარცა-იგი შეუნდო უფალმან თომას თქუმად ურწმუნო ებით, ვითარმედ: „უკუეთუ არა ვიხილო ჴელთა მისთა სახე იგი სამსჭუალთაჲ და დავდვა ჴელი ჩემი გუერდსა მისსა, არასადა მრწმენეს“, რაჲთა მისითა გამოძიებითა ჩუენ სარწმუნოებით დავემტკიცნეთ და ვცნათ, ვითარმედ ჴორცითა მით, რომლითა ივნო, აღდგა; ეგრეთვესახედ მაგდანელსაცა შეუნდო განკჳრვებისაგან შეორგულებად, რაჲთა უმეტესითა გამოძიებითა მისითა უმეტესად გამოცხადნეს აღდგომისა იგი საკჳრველებაჲ. ამით უკუე ესევითარითა გულისსიტყჳთა მოიქცა მაგდანელი საფლავად და იხილა ლოდი იგი აღებული კარისა მისგან საფლავისა, ხოლო ანგელოზი არღარა ი...