იესო ქრისტეს სიტყვა ამ ქვეყნად თავისი მოსვლის შესახებ
24. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუკი მიწაზე დავარდნილი პურის მარცვალი არ მოკვდა, ცალად დარჩება, ხოლო თუ მოკვდა, უამრავ ნაყოფს გამოიღებს.25. ვისაც თავისი სული უყვარს, დაკარგავს მას: და ვისაც თავისი სული სძულს ამ ქვეყნად, საუკუნო სიცოცხლისათვის შეინახავს მას.26. ვინც მე მემსახურება, მევე გამომყვეს, და სადაც მე ვიქნები, იქვე იყოს ჩემი მსახურიც. ვინც მე მემსახურება, მას პატივს მიაგებს მამა.27. აწ შეძრწუნდა ჩემი სული და რა უნდა ვთქვა? მამაო, მიხსენ ამ ჟამისაგან; მაგრამ სწორედ ამისთვის მოვედი ამ ჟამს.28. მამაო, განადიდე შენი სახელი! და გაისმა ხმა ზეცით: განვადიდე და კვლავაც ვადიდებ!29. იქ მდგომმა ხალხმა ამის გაგონებაზე თქვა: იქუხაო; სხვები კი ამბობდნენ: ანგელოზი ეუბნა მას.30. მიუგო იესომ და თქვა: ჩემთვის კი არ იყო ეს ხმა, არამედ თქვენთვის.31. აწ განისჯება ეს ქვეყანა, აწ განდევნიან ამ ქვეყნის მთავარს.32. და როცა ავმაღლდები ქვეყნით, ყველას ავიტაცებ ჩემთან.33. ხოლო ამას ამბობდა, რათა ენიშნებინა, როგორი სიკვდილით უნდა მომკვდარიყო.34. მიუგო ხალხმა: რჯულიდან გვსმენია, რომ ქრისტე უკუნისამდე უნდა ეგოს: მაშ, როგორღა ამბობ, კაცის ძე ამაღლდებაო? ვინ არის ეს კაცის ძე?35. უთხრა მათ იესომ: ცოტა ხანს კიდევ იქნება ნათელი თქვენთან. იარეთ, სანამ გინათებთ, რათა არ მოგიცვათ ბნელმა: ვინაიდან ბნელში მოარულმა არ იცის, საით მიდის.36. სანამ გინათებთ გწამდეთ ნათელი, რათა გახდეთ ძენი ნათლისა. ეს რომ თქვა იესომ, წავიდა და გაუჩინარდა მათგან.37. ამდენი სასწაული მოახდინა მათ წინაშე, მაგრამ არ იწამეს იგი.38. რათა აღსრულდეს სიტყვა ესაია წინასწარმეტყველისა, რომელმაც თქვა: უფალო, ვინ იწამა ჩემი ნათქვამი? ან ვის გამოეცხადა მკლავი უფლისა?39. ამიტომაც ვერ იწამეს, რომ ესეც თქვა ესაიამ:40. დაუვსო მათ თვალი და გაუქვავა გული, რათა არ იხილონ თვალით, არ იგრძნონ გულით და არ მოიქცნენ, რომ განვკურნო ისინი.41. ესა თქვა ესაიამ, როცა იხილა მისი დიდება და იუბნა მისთვის.42. ასევე მთავართაგანაც მრავალმა იწამა იგი, მაგრამ ფარისეველთა გამო ვეღარ აღიარეს, სინაგოგიდან მოკვეთის შიშით.43. რადგანაც კაცთა დიდება უფრო შეიყვარეს, ვიდრე დიდება ღმრთისა.44. ხოლო იესომ შეღაღადა და თქვა: ვისაც მე ვწამვარ, მე კი არ ვწამვარ, არამედ ჩემი მომავლინებელი.45. და ვინც მე მხედავს, ჩემს მომავლინებელს ხედავს.46. მე, ნათელი, მოვედი ქვეყნად, რათა არცერთი მათგანი, ვისაც მე ვწამვარ, არ დარჩეს ბნელში.47. თუ ვინმე მოისმენს ჩემს სიტყვებს და არ დაიცავს, არ განვსჯი მას, ვინაიდან ქვეყნის განსასჯელად კი არ მოვსულვარ, არამედ ქვეყნის სახსნელად.48. ხოლო მას, ვინც უარმყოფს და არ შეიწყნარებს ჩემს სიტყვებს, თავისი მსაჯული ჰყავს: სიტყვა, რომელიც მე ვთქვი; ის განსჯის უკანასკნელ დღეს.49. ვინაიდან ჩემდა თავად არაფერი მითქვამს, არამედ მამამ, რომელმაც მომავლინა, მომცა მე მცნება, რა ვთქვა, ან რა ვილაპარაკო.50. მე ვიცი, რომ მისი მცნება საუკუნო სიცოცხლეა, და რასაც ვიტყვი, როგორც მამამ მაუწყა, ისე ვიტყვი.