იესო პილატეს სამსჯავროზე
11. ხოლო იესო წარდგა მთავრის წინაშე, და ჰკითხა მას მთავარმა: შენა ხარ იუდეველთა მეფე? ხოლო იესომ მიუგო: შენ ამბობ.12. და როდესაც მღვდელმთავრებმა და უხუცესებმა ბრალი დასდეს, არაფერი მიუგო მათ.13. მაშინ უთხრა მას პილატემ: არ გესმის, რამდენ რასმე გწამებენ?14. მაგრამ არცერთ სიტყვაზე არაფერი მიუგო მას; ასე რომ, დიდად უკვირდა მთავარს.15. ხოლო დღესასწაულზე ჩვევად ჰქონდა მთავარს, გაეთავისუფლებინა ხალხისთვის ერთი პატიმარი, რომელსაც მოისურვებდნენ.16. იმხანად ჰყავდათ ერთი ცნობილი პატიმარი, რომელსაც ერქვა ბარაბა.17. ამრიგად, როცა შეიკრიბნენ ისინი, უთხრა მათ პილატემ: ვინ გინდათ გაგითავისუფლოთ: ბარაბა თუ იესო, რომელსაც ჰქვია ქრისტე?18. რადგანაც იცოდა, რომ შურით გასცეს იგი.19. და როცა სამსჯავრო სავარძელზე იჯდა, ცოლმა კაცის პირით შემოუთვალა: ნურაფერს დაუშავებ მაგ მართალს, ვინაიდან წუხელ სიზმარში ბევრი ვიტანჯე მის გამო.20. მაგრამ მღვდელმთავრებმა და უხუცესებმა წააქეზეს ხალხი, გამოეთხოვათ ბარაბა, ხოლო იესო გაეწირათ.21. და როცა მთავარმა ჰკითხა მათ: ვინ გინდათ გაგითავისუფლოთ ამ ორთაგანო, ხალხმა მიუგო: ბარაბა.22. ჰკითხა მათ პილატემ: კი მაგრამ, რა ვუყო იესოს, რომელსაც ჰქვია ქრისტე? ყველამ მიუგო: ჯვარს ეცვას!23. ხოლო მთავარმა იკითხა: რა დააშავა? მაგრამ ისინი უფრო ხმამაღლა აყვირდნენ: ჯვარს ეცვას!24. და რაკი იხილა პილატემ, რომ ვერაფერს შველის, არამედ უფრო იზრდება შფოთი, მოითხოვა წყალი, ხალხის წინაშე დაიბანა ხელები და თქვა: მე უბრალო ვარ ამ მართლის სისხლში. თქვენ იკითხეთ.25. მიუგო მთელმა ხალხმა და უთხრა: ჩვენზე იყოს და ჩვენს შვილებზე მაგისი სისხლი.26. მაშინ გაუთავისუფლა მათ ბარაბა, ხოლო იესო გაამათრახებინა და ჯვარზე საცმელად მისცა მათ.
1. ინათა თუ არა, ბჭობა გამართეს მღვდელმთავრებმა უხუცესებთან, მწიგნობრებსა და მთელ სინედრიონთან ერთად. შეკრეს იესო, წაიყვანეს და მისცეს პილატეს.2. პილატემ ჰკითხა მას: შენა ხარ იუდეველთა მეფე? ხოლო იესომ მიუგო და უთხრა: შენ ამბობ.3. მღვდელმთავრები ბევრ რასმე სდებდნენ ბრალად.4. ხოლო პილატემ კვლავ ჰკითხა მას: რატომ არაფერს იტყვი პასუხად? ხედავ, რამდენ რასმე გწამებენ?5. მაგრამ იესომ ამჯერადაც არა მიუგო რა, ასე რომ, უკვირდა პილატეს.6. ხოლო ყოველ დღესასწაულზე ათავისუფლებდა იგი ერთ პატიმარს, რომელსაც სთხოვდა ხალხი.7. და იყო მაშინ ვინმე ბარაბა, ბორკილდადებული მეამბოხეებთან ერთად, რომლებსაც მკვლელობა ჩაედინათ ამბოხებისას.8. მოვიდა ხალხი და დაუწყო იმისი თხოვნა, რასაც პილატე ყოველთვის უსრულებდა მათ.9. ხოლო პილატემ მიუგო და უთხრა მათ: თუ გნებავთ გაგითავისუფლებთ იუდეველთა მეფეს.10. რადგან იცოდა, რომ მღვდელმთავრებმა შურით გასცეს იგი.11. მაგრამ მღვდელმთავრებმა წააქეზეს ხალხი, რათა უმალ ბარაბა გაეთავისუფლებინა მათთვის.12. ხოლო პილატემ მიუგო და კვლავ უთხრა მათ: კი მაგრამ, რა გსურთ, რა ვუყო იმას, ვისაც იუდეველთა მეფეს უწოდებთ?13. ისინი კვლავ აყვირდნენ: ჯვარს აცვი იგი!14. პილატემ თქვა: რა დააშავა? მაგრამ ისინი უფრო ხმამაღლა აყვირდნენ: ჯვარს აცვი იგი!15. მაშინ პილატემ, ხალხის მოსამადლიერებლად, გაათავისუფლა ბარაბა, ხოლო იესო გაამათრახებინა და ჯვარზე საცმელად მისცა მათ.
1. ადგა მთელი ხალხი და წაიყვანეს იგი პილატესთან.2. დაიწყეს მისი ბრალდება და თქვეს: ჩვენ ვნახეთ, რომ ეს აქეზებს ხალხს და უკრძალავს კეისრისთვის ხარკის მიცემას, ხოლო თავის თავს უწოდებს ქრისტეს, მეუფეს.3. პილატემ ჰკითხა მას: მაშ შენა ხარ იუდეველთა მეფე? ხოლო მან მიუგო და უთხრა: შენ ამბობ.4. და უთხრა პილატემ მღვდელმთავრებს და ხალხს; მე ვერაფერ ბრალს ვპოულობ ამ კაცში.5. მაგრამ ისინი დაჟინებით გაიძახოდნენ, რომ ის აშფოთებს ხალხს და ასწავლის მთელს იუდეაში, გალილეადან მოყოლებული ვიდრე აქამდე.
28. ხოლო კაიაფასაგან პრეტორიუმში წაიყვანეს იესო. განთიადი იყო, და თვითონ არ შესულან პრეტორიუმში. ვაითუ შევიბილწოთო, - რათა შესძლებოდათ პასექის ჭამა.29. გამოვიდა მათთან პილატე და თქვა: რა ბრალსა სდებთ ამ კაცს?30. მიუგეს და უთხრეს: ეს რომ ბოროტმთქმედი არ იყოს. შენ როდი გადმოგცემდით.31. უთხრა მათ პილატემ: წაიყვანეთ და თქვენი რჯულისამებრ განსაჯეთ. იუდეველებმა მიუგეს: ჩვენ არა გვაქვს ვისიმე მოკვლის ნება.32. რათა აღსრულდეს იესოს სიტყვა, რომელიც თქვა იმის მისანიშნებლად, თუ როგორი სიკვდილით უნდა მომკვდარიყო.33. კვლავ შევიდა პილატე პრეტორიუმში, უხმო იესოს და უთხრა: შენა ხარ იუდეველთა მეფე?34. იესომ მიუგო: შენ თვითონ ამბობ მაგას, თუ სხვებმა გითხრეს ჩემზე?35. მიუგო პილატემ: განა მე იუდეველი ვარ? შენმა ხალხმა და მღვდელმთავრებმა გადმომცეს შენი თავი. მაინც რა ჩაიდინე?36. მიუგო იესომ: ჩემი მეუფება არ არის ამქვეყნიური; ამქვეყნიური რომ იყოს, ჩემი მსახურნი იბრძოლებდნენ, რომ ხელში არ ჩავვარდნოდი იუდეველებს. მაგრამ აწ ჩემი მეუფება არ არის ამქვეყნიური.37. უთხრა მას პილატემ: მაშ, მეფე ხარ? მიუგო იესომ: შენ ამბობ, რომ მეფე ვარ. იმიტომ დავიბადე და იმიტომ მოველ ამ ქვეყნად, რომ ჭეშმარიტება ვიმოწმო. ყველა, ვინც ჭეშმარიტებისაგან არის, ყურს უგდებს ჩემს ხმას.38. უთხრა მას პილატემ: რა არის ჭეშმარიტება? ეს რომ თქვა, კვლავ გამოვიდა იუდეველებთან და უთხრა მათ: მე ვერავითარ ბრალს ვერ ვპოულობ მასში.39. ხომ გაქვთ ჩვეულება, რომ ერთი კაცი გაგითავისუფლოთ პასექისას? თუ გინდათ, გაგითავისუფლებთ იუდეველთა მეფეს.40. მაგრამ ყველანი აყვირდნენ და თქვეს: ეგ კი არა, არამედ ბარაბა; ხოლო ბარაბა ყაჩაღი იყო.