1.სიქადული საჭიროა, მაგრამ სარგო როდია ჩემთვის; მაშ, უფლის ხილვებსა და გამოცხადებებს მივუბრუნდები.2.ვიცი ერთი კაცი ქრისტეში, რომელიც ამ თოთხმეტი წლის წინათ (არ ვიცი, სხეულით თუ უსხეულოდ; ღმერთმა იცის) ატაცებულ იქნა მესამე ცამდე;3.და ვიცი ამ კაცისა (მხოლოდ არ ვიცი, სხეულით თუ უსხეულოდ; ღმერთმა იცის),4.რომ ატაცებულ იქნა სამოთხეში, სადაც ისმინა ენითუთქმელი სიტყვები, რომელთა წარმოთქმის ნებაც არა აქვს კაცს.5.სწორედ ამნაირი კაცით ვიქადი, ჩემსას კი, აბა, რას დავიქადი, საკუთარი უძლურების გარდა?6.ხოლო თუ ქადილს დავაპირებ, უგუნური როდი ვიქნები, რადგანაც სიმართლეს ვიტყვი, მაგრამ თავს ვიკავებ, რათა ვინმეს იმაზე მეტი არ ვაფიქრებინო, რასაც ჩემში ხედავს, ან ჩემგან ესმის.7.თავს რომ არ გამსვლოდა გამოცხადების უჩვეულობით, ჩემდა საწამებლად მომეცა ნესტარი ხორცში, სატანის ანგელოზი, რათა დაეთრგუნა ჩემი ზვაობა.8.სამგზის ვევედრე უფალს, მომაშორე-მეთქი.9.მომიგო: „შენთვის საკმარისია ჩემი მადლიც, რადგანაც ჩემი ძალა უფრო სრულად ვლინდება უძლურებაში“. ამიტომაც მეტი ხალისით დავიქადი ჩემს უძლურებას, რათა ქრისტეს ძალა დამკვიდრდეს ჩემში.10.მიტომაც ვტკბები უძლურებით, შეურაცხყოფით, გაჭირვებით, დევნითა და შევიწროებით, რადგან როცა უძლური ვარ, მაშინა ვარ ძლიერი.11.უგუნური გავხდი ქადილით; თქვენ მაიძულეთ, ვინაიდან თქვენ უნდა გექეთ; რადგანაც არაფრითა ვარ ესოდენ მაღალ მოციქულებზე ნაკლები, თუმცაღა არარა ვარ.12.მოციქულის ნიშნები გამოჩნდა თქვენში მთელი მოთმინებით, სასწაულებით, ნიშებითა და ძალით.13.ვინაიდან თუ რამეთი ჩამორჩებით სხვა ეკლესიებს, მხოლოდ იმით, რომ მძიმე ტვირთად არ დაგწოლივართ, მომიტევეთ ეს უსამართლობა.14.აჰა, მე მზად ვარ მესამედაც მოვიდე თქვენთან, და არც ამჯერად შეგაწუხებთ, რადგანაც თქვენსას კი არ ვეძებ, არამედ - თქვენ. შვილები კი არ უნდა უგროვებდნენ საუნჯეს მშობლებს, არამედ მშობლები - შვილებს.15.ამიტომაც ხალისით დავიხარჯები და დავიწრიტები თქვენი სულისთვის; მაგრამ რაკი ასე ძლიერ მიყვარხართ, განა ნაკლებ უნდა გიყვარდეთ?16.ან იქნებ თავად არ გაწუხებდით, მაგრამ ცბიერი ვიყავი და ზაკვით დაგიმორჩილეთ?17.მაგრამ რამე თუ მისარგებლია თქვენგან მათი მეშვეობით, ვინც თქვენთან წარმოვგზავნე?18.ვთხოვე ტიტეს, თქვენთან მოსულიყო, და ერთი ძმაც გამოვაყოლე: ან ტიტე თუ გამოგრჩათ რასმე? განა ერთი სულით არ ვმოქმედებდით? განა ერთ გზას არ ვადექით?19.იქნებ გგონიათ, თქვენს წინაშე ვიმართლებთ თავს? არა, ღვთის წინაშე, ქრისტეში. ხოლო ყოველივე ამას, საყვარელნო, თქვენს ასაშენებლად ვამბობთ.20.რადგანაც ვშიშობ, ვაითუ ჩემი მოსვლისას ისეთი გნახოთ, როგორნიც არ მსურხართ, და მეც ისეთი მნახოთ, როგორსაც არ მისურვებდით; მაშ, ნუ იქნება თქვენში შუღლი, შური, მრისხანება, ცილობა, ცილისწამება, მითქმა-მოთქმა, ქედმაღლობა, არეულ-დარეულობა.21.რათა კვლავ მოსვლისას თქვენს წინაშე არ დამამდაბლოს ღმერთმა და არ მაგლოვებინოს მრავალნი, რომელთაც უწინ სცოდეს, მაგრამ არ მოინანიეს უწმინდურება, სიმრუშე და სიბილწე, რასაც სჩადიოდნენ.
მოციქულისაჲ: მე თავადი პავლე გლოცავ თქუენ სიმშჳდითა მით და სახიერებითა ქრისტესითა (10,1).
თარგმანი: დიდ არიან პატივნი მოციქულისანი, გესმოდის რაჲ, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს: "მე თჳთ პავლე" (ესე იგი არს მოციქული და მოძღუარი სოფლისაჲ), რამეთუ დაასრულა რაჲ ერისა მიმართ სიტყუაჲ მოწყალებისათჳს, ამიერ იწყებს სიტყუათა მხილებისათა, ცრუმოციქულთა და მაგინებელთა თჳსთა მიმართ, რამეთუ მოშიშ არს, ნუუკუე მისსა შეურაცხ-ყოფასა თანა შეურაცხ იქმნეს მის მიერ ქადაგებულიცა იგი სახარებაჲ ჭეშმარიტებისაჲ. ამისთჳს...
პავლესი: მომეცა მე საწერტელი ჴორცთაჲ — ანგელოზი მჴდომი, რაჲთა დამქენჯნიდეს მე, რაჲთა არა აღვიმაღლო (12,7).
თარგმანი: ანგელოზი ქადაგად გამოითარგმანების, ხოლო სატანა წინააღმდგომად ითქუმის ებრაულითა ენითა, ვითარცა წერილ არს წიგნსა შინა მეფეთასა, ვითარმედ: "დღეთა სოლომონისთა არა იყო სატანა", ესე იგი არს, ვითარმედ არა იყო წინააღმდგომი, რომელიმცა ებრძოდა. ამას უკუე იტყჳს მოციქული, ვითარმედ არა ინება ღმერთმან, რაჲთამცა ქადაგებაჲ ესე ჩუენი უშრომელად წარემართა, რაჲთამცა ესრეთ დაამდაბლა გონებაჲ...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ესე თქუა იესუ და შეძრწუნდა სულითა და წამა და თქუა: ერთმან თქუენგანმან მიმცეს მე“ (13,21).:
...ე სხუა-თა მახარებელთაგანმან მისთჳს, რამეთუ უყუარდეს ყოველნი უფალსა, ხოლო ესე უმეტეს ყოველთასა უყუარდა. ხოლო უკუეთუ სხუასა არავის უთქუამს ესე მისთჳს, არამედ თჳთ იტყჳს, ნუ გიკჳრს, რამეთუ ამას იქმს პავლეცა თჳსსა ჟამსა, რაჟამს ესრეთ ჯერ-იყოს, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: „ვიცი კაცი უწინარეს ათოთხმეტისა წლისა“, და სხუათაცა უკუე მახარებელთა არამცირედ წარმოთქუეს მისთჳს შესხმაჲ. ანუ მცირე გგონიესა, რომელ იტყჳან, ვითარმედ: „ჰრქუა: შემომიდეგ მე. და მეყსეულად დაუტევა მამაჲ თჳსი და ყოველივე და შეუდგა მას“? ; და პეტრეს თანა აღვიდა მხოლოჲ იაკობითურთ თაბორს, ; ; და კუალად სხუასა ადგილსა სახლად იგი ოდენ შეიყვანა. და რაჟამს წარვიდა ლოცვად, იგინი განიყვანნა მის თანა. ; ანუ ამან მცირედი შესხმაჲ წარმოთქუა პეტრესი, რომელსა იტყჳს, ვითარმედ: „ჰრქუა ქრისტემან, ვითარმედ: პეტრე, გიყუარა?“...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და დასდვეს თავსა ზედა მისსა ბრალად მისა დაწერილი: ესე არს იესუ, მეუფჱ ჰურიათაჲ. მაშინ ჯუარს-აცუნეს მის თანა ორნი ავაზაკნი: ერთი მარჯუენით მისა და ერთი მარცხენით. ხოლო თანაწარმავალნი იგი ჰგმობდეს მას, ყრიდეს თავთა მათთა და იტყოდეს: ეჰა რომელი დაჰჴსნიდ ტაძარსა მას და მესამესა დღესა აღაშენებდ, იჴსენ აწ თავი თჳსი; უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაჲ, გარდამოჴედ მაგიერ ჯუარით! ეგრეთვე მღდელთმოძღუარნი იგი ემღერდეს მწიგნობართა თანა და ხუცესთა და იტყოდეს: სხუანი აცხოვნნა, თავი თჳსი ვერ ძალ-უცა ცხოვნებად? უკუეთუ მეუფე ისრაჱლისაჲ არს, გარდამოჴედინ აწ მაგიერ ჯუარით. უკუეთუ ესვიდა ღმერთსა, იჴსენინ იგი, უკუეთუ ჰნებავს იგი, რამეთუ თქუა: ძე ღმრთისაჲ ვარი მე. ეგრეთვე ავაზაკნი იგი, მის თანა ჯუარცუმულნი, აყუედრებდეს მას“ (27,37-44).:
...ზეცისაჲ მოიგეს ჴორც-თა შინა და განკიცხეს მთავარი იგი ამის სოფლისაჲ. ესევითარნი კეთილნი იქმნეს ჯუარ-ცუმითა უფლისაჲთა.
ხოლო გზაჲ იგი სამოთხისაჲ, რომელი პირველ ცოდვისა მიერ ჩუენისა დაჴშულ იყო, აწ განღებულ არს, რომელთაცა ენებოს შესლვაჲ, ვითარცა წამებს პავლე, რომელი ჴორცითავე მუნ მიიტაცა და ზეცად აღიტაცა. და ყოვლით კერძო დაიჴსნა ძალი ეშმაკისაჲ და ვითარცა გუელი ჭამს მიწასა; და რომელი იქადოდა სიმდიდრესა, განშიშულდა. ხოლო ჩუენ, დაგლახაკებულნი ესე, განვმდიდრდით. რამეთუ ამისთჳს დაგლახაკნა უფალი, რაჲთა ჩუენ სიგლახაკითა მისითა განვმდიდრდეთ. ხოლო ეშმაკი განშიშულდა და დაითრგუნა. და იქმნა დიდი ესე საკჳრველი სოფელსა შინა, რომელ კაცნი წადიერ არიან სიკუდილად, რაჲთა მივიდენ საუკუნესა მას, და სურის მეორედ მოსლვისათჳს მაცხოვრისა. ხოლო ბოროტსა მას ეშმაკსა, რომელსა პირველ ჴელმწიფებაჲ აქუნდა სიკუდილისაჲ, აწ ეშინის მოსლვისა მისგან დიდებულისა და სასჯელისა მისგან ძრწის, რამეთუ იცის ცეცხლი იგი, განმზადებული მისთჳს და მსახურთა მისთათჳს, რამეთუ ამისთჳს დაისაჯა უფალი ჩემი ჴორცითა, რაჲთა ჩუენ გჳჴსნეს სასჯელისაგან და ეშმაკი დასაჯოს.
ხოლო ღმრთისმეცნიერებისა მისთჳს, რომელი განეფინა სოფელსა შინა, რადღა საჴმარ არს თქუმად, ვინაჲთგან საქმენი თჳთ ქადაგებენ; რამე...
...მეტყუელი იტყჳს: „კეთილ არს ჩემდა, რამეთუ დამამდაბლე მე“; და თავადი მოწაფეთა ეტყოდა: „სოფელსა შინა ჭირი გაქუნდეს“; და პავლე იტყჳს: „მომეცა მე საწერტელი ჴორცთაჲ, ანგელოზი მჴდომი, რაჲთა დამქენჯნიდეს მე“. ამისთჳსცა ევედრა განყენებად მისგან ჭირი იგი განსაცდელთაჲ და არა მიემთხჳა თხოასა მას, რამეთუ დიდად სარგებელ ეყოფოდა, ვითარცა ჰრქუა უფალმან, ვითარმედ: „ძალი ჩემი უძლურებასა შინა სრულ იქმნების“. უძლურებად თქუა ჭირი იგი განსაცდელთა და წინააღმდგომთაჲ, რომელთაცა საქენჯნელად უწოდა.
ხოლო დავითის ცხორებაჲ უკუეთუ ვაჴსენოთ, ვპოოთ იგი განსაცდელთა შინა განბრწყინვებული და სხუანი იგი მსგავსნი მისნი. ესრეთ განბრწყინდა იობ, ესრეთ მძლედ გამოჩნდა იოსებ, ესრეთ აღასრულა ცხორებაჲ თჳსი იაკობ და თავადმანცა აბრაჰამ. და სხუანი ყოველნივე, რომელნიცა განბრწყინდეს სიწმიდითა და გჳრგჳნნი ძლევისანი მიიხუნეს, ჭირთა და განსაცდელთა მიერ წარემართნეს და რჩეულ იქმნეს უფლისა.
აწ უკუე ჩუენცა ესე ყოველი გულისჴმა-ვყოთ, და ოდეს განსაცდელი რაჲ მოიწიოს, ნუ სულმოკლე ვიქმნებით და ვისწრაფით განგდებად ჩუენგან სარგებელი...