1.პავლე, ღვთის ნებით იესო ქრისტეს მოციქული, - ეფესოში მყოფ წმიდათ და მორწმუნეთ იესო ქრისტეში:2.მადლი და მშვიდობა ჩვენი მამა ღმრთისა და უფალ იესო ქრისტესაგან.3.კურთხეულ იყოს ღმერთი და მამა ჩვენი უფლის იესო ქრისტესი, რომელმაც გვაკურთხა იესო ქრისტეს მიერ ყოველი სულიერი კურთხევით ცაში.4.ვინაიდან ქვეყნიერების შექმნამდე ამოგვირჩია მასში, რათა წმიდანი და უბიწონი ვყოფილიყავით მის წინაშე სიყვარულით;5.თავისი ნებისამებრ წინასწარვე რომ განსაზღვრა ვეშვილებინეთ იესო ქრისტეს მეშვეობით,6.რათა გვექო დიდება მისი მადლისა, რომელიც მოგვმადლა თავის საყვარელ ძეში,7.ვის მიერაც გვაქვს გამოსყიდვა მისი სისხლით და ცოდვათა მოტევება მისივე მადლის სიმდიდრით,8.ესოდენ უხვად რომ გვიბოძა ყოველგვარი სიბრძნითა და გონიერებით,9.და გვაუწყა თავისი ნების საიდუმლო თავისივე კეთილმოსურნეობით,10.რითაც წინასწარ განსაზღვრა თავის თავში, განეგო ჟამთა სისრულე და ყოველივე ზეციურისა და მიწიერისთვის თავი მოეყარა ქრისტეში,11.რომელშიაც გავხდით მემკვიდრენი, რაც წინასწარვე განკუთვნილი იყო ჩვენთვის მისი განჩინების თანახმად, ვინც ყველაფერს აღასრულებს თავისი ნებით,12.რათა მისი დიდების მაქებარნი ვყოფილიყავით, იმთავითვე ქრისტეს მოიმედენი;13.მასშივე მოისმინეთ თქვენც ჭეშმარიტების სიტყვა, თქვენი ხსნის სახარება, რაც იწამეთ და კიდევაც აღიბეჭდეთ აღთქმული წმიდა სულით,14.რომელიც არის ჩვენი მემკვიდრეობის წინდი საბოლოო გამოხსნამდე, როცა დავიმკვიდრებთ ჩვენს წილხვედრს მისი დიდების საქებრად.15.ამიტომ მეც, როცა გავიგე თქვენი რწმენა უფალ იესოსადმი და თქვენი სიყვარული ყველა წმიდის მიმართ,16.გამუდმებით მადლს ვწირავ ღმერთს თქვენს გამო და ჩემს ლოცვებში გიხსენებთ,17.რათა მოგცეთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ღმერთმა დიდების მამამ, სიბრძნისა და გამოცხადების სული მის შესაცნობად;18.და გაანათლოს თქვენი გონების თვალი, რათა შეიცნოთ, რა არის მისი ხმობის იმედი და როგორია მისი დიადი მემკვიდრეობის სიმდიდრე წმიდათა შორის,19.ან რარიგ განუზომელია მისი ძალმოსილების სიდიადე ჩვენში, რომელთაც გვწამს მისი მძლეთამძლე ძალის წყალობით,20.რომლითაც იმოქმედა ქრისტეში, მკვდრეთით აღადგინა და მარჯვნივ დაისვა ცაში,21.ყველა მთავრობასა თუ ხელმწიფებაზე, ყველა ძალსა თუ უფლებაზე, ყველა იმ სახელზე მაღლა, სახელად რომ ითქმის არა მარტო ამ საწუთროში, არამედ მომავალშიც;22.ყველაფერი ფეხქვეშ გაუგო და დაუმორჩილა, და მისცა მას მთავრობა ყოველი ეკლესიისა,23.რომელიც არის მისი სხეული, ყოვლის აღმვსები ყოვლით.
პავლე მოციქული ნებითა ღმრთისაჲთა, წმიდათა მაგათ, რომელნი ხართ ეფესოს შინა (1,1).
გუაკურთხენ, მამაო.
ეფესოჲ დედაქალაქი არს ასიაჲსაჲ, სადა-იგი იყო სახელგანთქუმული ტაძარი არტემისი, და ამას ქალაქსა შინა შეკრებულ იყვნეს მრავალგანსმენილნი იგი ბრძენნი ასიაჲსანი, რომელთა მიმართ, ვითარცა მრავალჴელოვანთა, სიღრმით და მოქცევობით ჰყოფს სიტყუათა თჳსთა ყოველსავე ამას შინა ებისტოლესა, რამეთუ, აჰა, მყის დასაბამსა ცხად ჰყოფს, ვითარმედ მოციქულებაჲ და ქადაგებაჲ ქრისტესი...
მოციქულისაჲ: ამისთჳს მეცა მესმა თქუენი ეგე სარწმუნოებაჲ უფლისა იესუჲს მიერ და სიყუარული იგი, რომელ გაქუს ყოველთა მიმართ წმიდათა. არა დავსცხრები მადლობითა თქუენთჳს, ჴსენებასა თქუენსა ვჰყოფ ლოცვათა შინა ჩემთა (1,15-16).
თარგმანი: რაჲსა "ამისთჳს"? — გარნა ყოფადისა მისთჳს მოლოდებისა საუკუნეთა კეთილთა მიმთხუევისაჲსა განიხარა მოციქულმან სარწმუნოებასა ზედა ეფესელთასა, და უფროჲსღა ამისთჳს, რამეთუ სარწმუნოებაჲ მათი საქმითა მით სიყუარულისაჲთა სრულ იქმნა, ვინაჲთგან ესე მარადის ჩვეულებად აქუს...