1.იუდა, იესო ქრისტეს მონა და იაკობის ძმა, - მოწოდებულთ, რომელნიც შეიყვარა მამა ღმერთმა და დაცულნი არიან იესო ქრისტესათვის.2.წყალობა, მშვიდობა და სიყვარული გიმრავლოთ.3.საყვარელნო, რაკიღა მთელი გულმოდგინებით ვცდილობ მოგწეროთ ჩვენი საერთო ხსნის თაობაზე, საჭიროდ ვცანი მომეწერა შეგონება: იღვწოდეთ რწმენისათვის, ერთხელ რომ მიეცა წმიდათ.4.ვინაიდან შემოგვეპარნენ ზოგიერთნი, ადრიდანვე რომ ეწერათ ეს სასჯელი; უღმერთონი, გარყვნილებად რომ აქციეს ჩვენი ღვთის მადლი და უარყოფენ ჩვენს ერთადერთ მბრძანებელსა და უფალს იესო ქრისტეს.5.მინდა შეგახსენოთ, თუმცა ყველაფერი იცით, რომ ღმერთმა ეგვიპტის ქვეყნიდან იხსნა თავისი ხალხი, შემდეგ კი შემუსრა ურწმუნონი.6.ხოლო ანგელოზები, რომლებმაც არ დაიცვეს თავიანთი დასაბამიერობა, არამედ დაუტევეს თავიანთი სავანე, საუკუნო ბორკილებით შეკრულნი, ქვესკნელის წყვდიადში გამოამწყვდია რათა განეკითხა დიად დღეს.7.ისევე, როგორც სოდომი, გომორი და მათი მოსაზღვრე ქალაქები, მათსავით მემრუშენი და უცხო ხორცს ადევნებულნი, საუკუნო ცეცხლით დასჯილნი და ნიმუშად დადებულნი.8.იგივე ელით ამ მეოცნებეთაც, რომელნიც ბილწავენ ხორცს, მთავრობათა უარმყოფლებსა და დიდებათა მგმობელთ.9.მიქაელ მთავარანგელოზმა, ეშმაკს რომ ეპაექრებოდა მოსეს სხეულის გამო, ვერ გაბედა გმობის მსჯავრი წარმოეთქვა მის მიმართ, არამედ თქვა: შეგრისხოს უფალმა!10.ისინი კი ჰგმობენ იმას, რაც არ იციან, ხოლო რაც ბუნებით იციან, როგორც უგონო პირუტყვებმა, იმითვე იხრწნიან თავს.11.ვაი მათ, რადგან კაენის გზას დაადგნენ, საზღაურისთვის აჰყვნენ ბალაამის საცთურს და ურჩობით დაიღუპნენ, როგორც კორე.12.ისინი არიან თქვენი სიყვარულის სერობათა შემბილწველნი, დაურიდებლად რომ ილხენენ თქვენთან ერთად და თავიანთ თავს მასპინძლობენ; უწყლო ღრუბელნი, ქარის მიერ მიმოფანტულნი, შემოდგომის უნაყოფო ხენი, ორგზის გამხმარნი, ფესვებითურთ ამოძირკვულნი;13.ზღვის მძვინვარე ტალღები, თავიანთივე სირცხვილით აქაფებულნი, ცთომილი ვარსკვლავნი, რომელთათვისაც საუკუნოდ გამზადებულია ბნელეთის უკუნი.14.მათთვის იწინასწარმეტყველა ენოქმა, მეშვიდემ ადამის შემდეგ, რომელმაც თქვა: აჰა, მოვიდა უფალი მისივე წმიდათა სიმრავლით,15.რათა განსაჯოს ყველანი და ამხილოს უღმერთონი მათივე უღვთო საქმეთა და ღვთისმგმობლურ სიტყვათა გამო, მის მიმართ რომ იტყოდნენ უღვთო ცოდვილნი.16.ისინი არიან მდრტვინავნი, მოდავენი, თავიანთ გულისთქმას აყოლილნი, მაღალფარდოვნად მოუბარნი და - ანგარების გამო - პირფერნი.17.თქვენ კი, საყვარელნო, გახსოვდეთ სიტყვები, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოციქულთა მიერ წინასწარ თქმული.18.ისინი გეუბნებოდნენ, რომ უკანასკნელ ჟამს მოვლენ მკრეხელნი, თავიანთი უკეთური გულისთქმისამებრ მავალნი.19.ესენი არიან განხეთქილების მიზეზნი, მშვინვიერნი, სულის არმქონენი.20.ხოლო თქვენ, საყვარელნო, უწმიდესი რწმენით დაიმკვიდრეთ თავი, ილოცეთ სულით წმიდით.21.ღვთის სიყვარულით დაიცავით თავი და ელოდეთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს წყალობას საუკუნო სიცოცხლისათვის.22.ზოგიერთ მეჭველს სწყალობდეთ.23.ზოგიერთი ცეცხლს გამოსტაცეთ და იხსენით: ზოგის მიმართაც შიშნარევი სიბრალული გქონდეთ. გძულდეთ ხორცისაგან შებღალული თვით სამოსელიც.24.ხოლო ვისაც შეუძლია დაცემისაგან დაგიცვათ და უმწიკვლონი სიხარულით დაგადგინოთ თავისი დიდების წინაშე,25.ღმერთს, ერთსა და ბრძენს, მაცხოვარს ჩვენსას უფალ იესო ქრისტეს მიერ, დიდება და სიდიადე, ძალა და ხელმწიფება, აწ და მარადის, უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
იუდა, იესუ ქრისტეს მონაჲ და ძმაჲ იაკობისი, თქუენ ღმრთისა მიერ მამისა განწმედილთა, და იესუ ქრისტეს მიერ დამარხულთა ჩინებულთა. წყალობაჲ თქუენდა და მშჳდობაჲ და სიყუარული განმრავლდინ (1,1-2).
თარგმანი: რაოდენ პატიოსან იყო წინაშე იუდაჲსსა მონებაჲ ქრისტესი, ეგოდენვე შეიმკვების ძმობითა იაკობისითა, რომელნი-ესე ზოგად სახელ-იდებოდეს ძმა უფლისა ძეობისათჳს იოსებისსა, რამეთუ ესენი ჴორციელად ბუნებით შვილ იყვნეს იოსებისსა, ხოლო უფალი სიტყჳთ ოდენ ითქუმოდა ვიეთგანმე...
თარგმანი: "საჩუენებელსა იხილვენ" — ესე იგი არს, ვითარცა სიზმარსა შინა, არა იციან ჭეშმარიტებაჲ, და ქადაგებენ ურჩულოებასა და ჴორცთა ჩუენთა იტყჳან უკეთურისა ნაწილად და ერთსა მას უფლებასა და ძალსა წმიდისა...
მოციქულისაჲ: ვაჲ მათდა, რამეთუ გზასა მას კაენისსა ვლენან და საცთურსა მას ბალამის სასყიდლისასა აღერინეს და ცილობითა მით კორესითა წარწყმდეს (1,11).
თარგმანი: ძმის მკლველ უწოდს მათ სახელითა კაენისითა, რამეთუ მათ მიერ განსწავლულთა მათ სულებსა მომკლველ ექმნებიან. ხოლო ბალაამს მიამსგავსებს, რამეთუ, ვითარ-იგი პეტრეცა და აწ იუდა ცხად ჰყოფენ კათოლიკეთა თჳსთა შინა, უნდა ბალამს, რაჲთა წყევითა ისრაელისაჲთა ფრიადნი საფასენი მოიხუნეს სასყიდლად ბალაკისაგან, და ამისთჳს წარვიდა წყევად, ხოლო უფალმან უნებლიეთ...
მოციქულისაჲ: ხოლო თქუენ, საყუარელნო, წმიდასა მას სარწმუნოებასა თქუენსა ზედა აღაშენებდით თავთა თქუენთა; სულითა წმიდითა ილოცევდით. თავნი თქუენნი სიყუარულითა ღმრთისაჲთა დაიცვენით და მოელოდეთ წყალობასა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა ცხორებად (1,20-21).
თარგმანი: საფუძველსა მას ზედა სარწმუნოებისასა კეთილთა საქმეთა მიერ ჯერ-არს დაშენებაჲ ჩუენი ხუროთმოძღურებითა სულისა წმიდისაჲთა და სუეტთა მიერ ლოცვისათა განმტკიცებად ნაშენებსა მას ჩუენსა. ხოლო სიყუარული სართულ ყოფად სულიერისა მის სახლისა ჩუენისა და...
მოციქულისაჲ: გძულდინ ჴორცთაგან შეგინებულიცა იგი სამოსელი (1,23).
თარგმანი: სამოსელ კაცისა არს ქცევაჲ საქმითი და მოქალაქობისა მისისა ცხორებაჲ, ვითარ-იგი ცხად ჰყოფს "რომელსა არა აქუნდა საქორწინე სამოსელი" (), ესე იგი არს ღირსებაჲ საქმეთაჲ, ცხორებად საუკუნოდ შემყვანებელთაჲ. ამისთჳს აწ მოციქული შეგინებულად სამოსელად უწოდს საქმეთა ბილწებისათა, რომელნი ჴორცთა მიერ ჩუენთა აღესრულებიან, — სიძვაჲ და არაწმიდებაჲ და შეგინებაჲ, რომელსა ჰყოფდეს სიმონიანნი,...
გვახსენდება ბოლო დროის შესახებ მოციქულთა სიტყვები: „უკანასკნელ ჟამს მოვლენ მკრეხელნი, თავიანთ უკეთურ გულისთქმათაებრ მავალნი; ესენი არიან განხეთქილების მოქმედნი, მშვინვიერნი, სულის არმქონენი... მდრტვინავნი, უკმაყოფილონი, რომელთა ბაგენი მედიდურობენ და სარგებლის გამო პირფერობენ“()
_ * * _
დაახლოებით ასეთად აღიქმება თანამედროვე მდგომარეობაც.
სამწუხაროდ, ამ სივრცეში კარგად არავინ არის და ყველას დიდი განსაცდელი აქვს: „ახალი სამყაროს“ წარმომადგენლებს თუნდაც იმიტომ, რომ ტექნიკური პროგრესი იმდენად წინ წავიდა და საზოგადოების სულიერი განვითარება მას იმდენად ჩამორჩა, რომ ინოვაციების დამნერგავი ადამიანი თვითონ დამცირდა თავისი ქმნილების წინაშე და მისგან მართული ხდება. მათ შორის უფსკრული მომავალში უფრო გაღრმავდება და სწორედ ესაა ერთ-ერთი არსებითი პრობლემა, თორემ ტექნიკურ მიღწევებს, რა თქმა უნდა, სიკეთეც მოაქვს, მაგრამ უღვთო და სულიერებისაგან დაცლილი პიროვნებების ხელში იგი სავალალო შედეგებამდე აუცილებლად მიგვიყვანს.
არც მოწმუნეთათვის არის ცხოვრება ადვილი; მათი გული ბოროტსა და კეთილს შორის სულიერი ბრძოლის ისეთ ასპარეზად იქცა, რომლის მსგავსი უწინ არასოდეს ყოფილა (აღარაფერს ვამბობთ საერთო ეკონომიკურ გაჭირვებაზე,...