1.თოთხმეტი წლის შემდეგ კვლავ ავედი იერუსალიმს ბარნაბასთან ერთად, და თან ვიახლე ტიტეც.2.ასვლით კი გამოცხადებით ავედი და იქაურებს (უპირატესად - ყველაზე ცნობილთ) წარვუდგინე სახარება, რომელსაც ვქადაგებ წარმართთა შორის: ამაოდ ხომ არ მიწვალია, ან ვწვალობ-მეთქი.3.მაგრამ თვით ჩემთან მყოფი ტიტეც კი, მიუხედავად იმისა, რომ ბერძენია, არ გაუხდიათ იძულებული, წინადაეცვითა.4.შემოპარულ ცრუ ძმებს კი, მალულად რომ შემოძვრნენ, რათა ეთვალთვალებინათ ჩვენი თავისუფლებისათვის, რომელიც გვაქვს ქრისტე იესოში, და ამრიგად, დავემონებინეთ, -5.წამითაც არა დავუთმეთ რა და არ დავემორჩილეთ, რათა სახარების ჭეშმარიტება დარჩენილიყო თქვენში.6.ხოლო მათ, ვინც ყველაზე ცნობილნი ჩანდნენ (როგორნი იყვნენ ისინი უწინ, მე არ დავეძებ: ღმერთი არ უყურებს სახეს კაცისას), მეტი არაფერი დაუვალებიათ ჩემთვის.7.პირიქით, როცა დაინახეს, რომ მე მომენდო ხარება წინადაუცვეთელთათვის, ისევე, როგორც პეტრეს - წინადაცვეთილთათვის8.(რადგან ვინც წინადაცვეთილთა შორის მოციქულობაში შეეწია პეტრეს, მეც შემეწია წარმართთა შორის)9.და შეიცნეს მადლი, რომელიც მომეცა, ბურჯებად მიჩნეულმა იაკობმა, კეფამ და იოანემ თანაზიარობის მარჯვენა გამოგვიწოდეს მე და ბარნაბას, რათა ჩვენ წარმართებთან წავსულიყავით, ისინი კი - წინადაცვეთილებთან.10.მხოლოდ უნდა გვხსომებოდა ღატაკნი, და მე გულმოდგინედ ვცდილობდი ამესრულებინა ეს.11.მაგრამ, როცა ანტიოქიაში მოვიდა პეტრე, წინ აღვუდექი მას, რადგანაც გასაკიცხი იყო;12.ვინაიდან იაკობის მიერ ზოგიერთი წარმოგზავნილის მოსვლამდე წარმართებთან ერთად ჭამდა, ხოლო მათი მოსვლის შემდეგ განდგა და განცალკევდა წინადაცვეთილთა შიშით.13.მასთან ერთად თვალთმაქცობდნენ დანარჩენი იუდეველნიც, ასე რომ, თვით ბარნაბაც კი ჩაითრია მათმა თვალთმაქცობამ.14.მაგრამ, როდესაც დავრწმუნდი, რომ წრფელი გზით როდი მიდიან სახარებისეული ჭეშმარიტებისკენ, ყველას წინაშე ვუთხარი კეფას: თუკი შენ, იუდეველი, წარმართულად ცხოვრობ და არა იუდეურად, რატომღა აიძულებ წარმართებს, რომ იუდეველობდნენ?15.ჩვენ ბუნებით იუდეველნი ვართ და არა ცოდვილი წარმართნი.16.მაგრამ რაკიღა გავიგეთ, რომ კაცი რჯულის საქმეთაგან როდი გამართლდება, არამედ იესო ქრისტეს რწმენით, ჩვენც ვირწმუნეთ იესო ქრისტე, რათა ქრისტე იესოს რწმენით გავმართლდეთ და არა რჯულის საქმით, რადგანაც რჯულის საქმით ვერ გამართლდება ვერცერთი ხორციელი.17.ხოლო თუ ქრისტეში ვეძებთ გამართლებას, მაგრამ თვითონ კი ვცოდეთ, ნუთუ ქრისტე ცოდვის მსახურია? არამც და არამც.18.რადგანაც თუ კვლავ ვაგებ იმას, რაც დავანგრიე, ხომ შემცოდედ ვავლენ ჩემს თავს?19.ვინაიდან მე რჯულით მოვკვდი რჯულისათვის, რათა ვიცოცხლო ღვთისათვის.20.ქრისტესთან ერთად ვეცვი ჯვარს, და მე კი აღარა ვცოცხლობ, არამედ ქრისტე ცოცხლობს ჩემში, ხოლო თუ ახლა ხორციელად ვცოცხლობ, რწმენითა ვცოცხლობ ღვთის ძეში, რომელმაც შემიყვარა მე და თავისი თავი მისცა ჩემთვის.21.არ უგულებელვყოფ ღვთის მადლს, რადგან თუ გამართლება რჯულისგანაა, მაშინ ამაოდ მომკვდარა ქრისტე.
თარგმანი: პირველისა მის აღსლვისა მიზეზ იყო ხილვაჲ პეტრესი, ხოლო აწ კუალად წარავლინებს მას გამოცხადებაჲ საღმრთოჲ ბარნაბაჲთურთ და ტიტეთ, რაჲთა მრავალთა მოწამეთა წინაშე განაცხადოს ქადაგებაჲ თჳსი.
მოციქულისაჲ: ხოლო აღვედ გამოცხადებით და ვაუწყე მათ სახარებაჲ იგი, რომელსა ვქადაგებდ წარმართთა შორის (2,2).
თარგმანი: რაჲსათჳს არა პირველ ესოდენთა ამათ წელთა აუწყა, არამედ აწღა აუწყებს?...
მოციქულისაჲ: და რაჟამს მოვიდა პეტრე ანტიოქიად, წინაშე პირსა მისსა აღუდეგ, რამეთუ შეკდემულ იყო, და რამეთუ პირველ მოსლვადმდე ვიეთამე იაკობისგან, წარმართთა თანა ჭამდა; ხოლო რაჟამს მოვიდეს, იჯმნა და განაშორა თავი თჳსი, რამეთუ ეშინოდა წინადაცუეთილთა მათგან (2,11-12).
თარგმანი: კეთილად და მტკიცედ უწყოდე, ვითარმედ ვითარ-იგი ჟამ ერთ მიშუებაჲ წინადაცუეთისაჲ, ეგრეთვე აწინდელიცა ესე წინააღდგომაჲ პავლესი პეტრეს მიმართ განგებულებაჲ იყო და არა გულითადი მკსინვარებაჲ. ამისთჳს თჳთვე იტყჳს, ვითარმედ: "წინაშე...
მოციქულისაჲ: უკუეთუ მით ვეძიებდეთ განმართლებასა ქრისტეს მიმართ, ვიპოვნეთ ჩუენცა ცოდვილ; აწ უკუე ქრისტე ცოდვისა-მე მსახურ იქმნაა? — ნუ იყოფინ (2,17).
თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ: ხოლო უკუეთუ მეძიებელნი ქრისტეს მიერ განმართლებისანი, ვიპოვენით ჩუენცა ცოდვილ, ნუუკუე ქრისტე არსა ცოდვისა მსახურ? — ნუ იყოფინ! ესე იგი არს, ვითარმედ: უკუეთუ მეძიებელთა ამათთჳს განმართლებისათა და მის ძლით მოსრულთა ქრისტესსა, არა კმა არს სარწმუნოებაჲ ქრისტესი განმამართლებელად, და მის ზედა საჴმარ არს კუალად დართვაჲ...
უწყით, რამეთუ არა განმართლდების კაცი საქმეთაგან შსჯულისათა,გარნა სარწმუნოებითა იესო ქრისტესითა (გალატელთა, 2,16).
დღევანდელი სამოციქულო, ძმანო მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო, იპყრობს თვის შორის დიდსა და ფრიად საჭიროსა ყოველსა ქრისტიანესათვის სწავლასა. იგი აგვიხსნის ჩვენ, რით განმართლდება კაცი ღვთის წინაშე. გარნა ვინც კარგა ვერ გაიგებს დღევანდელი სამოციქულოისა აზრსა, მას გულში გაუჩნდება ბევრი ეჭვი და შეიძლება ჩავარდეს შეცდომაში. ამისათვის ჩვენ წინაპირველად უნდა წავიკითხოთ იგი და შევიტყოთ...
შვილნო ჩემნო, რომელთათვის კვალად მელმის,ვიდრემდე გამოიხატოს ქრისტე თქვენ შორის (გალ. ით).
მართლმადიდებელნო ძმანო ქრისტიანენო!
წმიდა ეკლესია ადრითგან გვამზადებს ჩვენ, მიგებებად ქრისტეს შობის დღესასწაულისა. მრავალის დღის მარხვა მისთვის დააწესა წმიდამან ეკლესიამა, რათა ჩვენ, განწმედილნი სულითა და ხორცითა, ღირსებით შევეგებოთ ქრისტესა, ქვეყნად მომავალსა. ყოველნი საღმრთონი საკითხავნი, საგალობელნი, ლოცვანი, რომელნი გესმოდათ თქვენ ეკლესიასა შინა განმავლობასა შინა ამა მარხვისასა, წინადვე...