1.ახლა კი გაუწყებთ, ძმანო, ღვთის მადლს, რომელიც მიეცა მაკედონიის ეკლესიებს.2.ვინაიდან, დიდი ჭირნაცადობის მიუხედავად, მათი სიხარულის სავსება და მათი სიღატაკის სიღრმე მოჭარბებულად გამოჩნდა მათივე სიწრფელის სიუხვით.3.რადგანაც ვმოწმობ, რომ შეძლებისდაგვარად გულუხვნი იყვნენ და უფრო მეტადაც.4.თვითონვე დაჟინებით გვთხოვეს მადლი და მონაწილეობის ნება წმიდათა მსახურებაში.5.და არა მარტო ის, რისი იმედიც გვქონდა, არამედ თავიანთი თავი მისცეს ჯერ უფალს და მერე ჩვენც, ღვთის ნებით.6.ამიტომაც ვთხოვეთ ტიტეს, როგორც დაიწყო, ასევე დაესრულებინა ეს სამადლო საქმე თქვენს შორის.7.და რაკი უხვად გაქვთ ყველაფერი: რწმენა და სიტყვა, ცოდნა და გულმოდგინება, ისევე, როგორც ჩვენმიერი სიყვარული თქვენში, მაშ, უხვად გქონდეთ ეს მადლიც.8.ბრძანებით კი არ ვამბობ, არამედ სხვების გულმოდგინებით ვცდი თქვენი სიყვარულის სიწრფელეს.9.რადგანაც იცით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი, რომ ის, მდიდარი, გაღატაკდა თქვენი გულისთვის, რათა გამდიდრებულიყავით მისი სიღატაკით.10.მე გირჩევთ იმას, რაც სარგოა თქვენთვის: აღასრულეთ ის, რაც ხალისით წამოიწყეთ ჯერ კიდევ შარშან.11.მაშ, ახლა ბოლომდე მიიყვანეთ საქმე, რათა როგორი გულმოდგინებითაც გსურდათ, ისევე დაასრულოთ თქვენი შეძლებისამებრ.12.ვინაიდან, როცა არის გულმოდგინება, შეწირულობა მიიღება იმის მიხედვით, ვის რა აქვს, და არა იმისა, რაც არა აქვს.13.ისე ნუკი იქნება, რომ სხვებს ლხინი, ხოლო თქვენ - ჭირი, არამედ თანასწორობით იყოს.14.ამჟამად თქვენმა ნამეტმა შეავსოს მათი ნაკლულება, შემდეგ კი თქვენი ნაკლულება შეივსოს მათი ნამეტით, რათა არ დაირღვეს თანასწორობა.15.რადგანაც დაწერილია: „ვინც ბევრი შეაგროვა, არ მოსჭარბდა, და ვინც ცოტა, არ დააკლდა“.16.მადლობა ღმერთს, რომელმაც ასეთი სწრაფვა ჩაუნერგა ტიტეს გულს თქვენს მიმართ.17.რადგანაც არა მარტო შეიწყნარა თხოვნა, არამედ გულმოდგინებით აღძრული თავისი ნებით გამოეშურა თქვენსკენ.18.მასთან ერთად წარმოვგზავნეთ ძმა, რომელსაც ყველა ეკლესიაში აქებენ სახარების ქადაგებისთვის.19.მეტიც, ეკლესიების მიერვე არჩეულ იქნა ჩვენს თანამგზავრად ამ სამადლო საქმეში, რომელსაც ვემსახურებით უფლის სადიდებლად და ჩვენი კეთილი ზრახვის აღსასრულებლად.20.თანაც ვფრთხილობთ, რომ არავინ დაგვგმოს იმ უხვი შემოწირულობის გამო, რაც შეგროვებულ იქნა ჩვენი მსახურებით.21.რადგანაც სიკეთეა ჩვენი საზრუნავი არა მარტო ღმერთის, არამედ კაცთა წინაშეც.22.მათთან ერთადვე გამოვგზავნეთ ჩვენი ძმა, ვისი გულმოდგინებაც ბევრჯერ გამოგვიცდია სხვადასხვა საქმეში, ხოლო ამჟამად კიდევ უფრო გულმოდგინეა, რადგანაც დიდი ნდობა აქვს თქვენი.23.ტიტე კი ჩემი მეგობარი და თანამოსაქმეა თქვენს შორის, ხოლო ჩვენი ძმები ეკლესიის წარგზავნილნი არიან და დიდება ქრისტესი.24.მაშ, ეკლესიების წინაშე დაუდასტურეთ თქვენი სიყვარული და ისიც, რის გამოც მართებულად ვიქადით თქვენით.
მოციქულისაჲ: ხოლო გაუწყებ თქუენ, ძმანო, მადლსა მას ღმრთისასა, რომელი მოცემულ არს ეკლესიათა მაკედონიაჲსათა (8,1).
თარგმანი: ფრიად რაჲმე სიბრძნით ჰყოფს, რამეთუ არა მხილებისა მიერ და სიფიცხისა იწყებს სწავლად, არამედ შესხმისა სიტყუათა მიერ წადიერ ჰყოფს მათ მოწყალებისა მიმართ, და მადლად ღმრთისა უწოდს მას, რამეთუ ჭეშმარიტად, ვითარცა მადლი კურნებათაჲ, ეგრეთვე ესეცა ღმრთისა მიერი მადლი არს, რაჲთა იყოს კაცი მოწყალე. ხოლო ამის ესევითარისა სათნოებისა სახედ მოართუამს ეკლესიათა, რომელ არიან შესაკრებელთა...
...საყრელ დროს რომ გამოვტოვებთ, შემდეგ ამაოდ არ ვინანოთ. განა კაცთმოყვარე უფალმა იმისთვის მოგცა ბევრი, რომ მიცემული მხოლოდ საკუთარ სარგებლობაში მოიხმარო, ხოლო დანარჩენი სკივრებსა და საცავებში ჩაკეტო? არა, არა ამისთვის, არამედ იმისთვის, რომ, მოციქულის შეგონებისამებრ, შენი სიჭარბე სხვათა ნაკლულობას შეავსებდეს (). შენ, შეიძლება, საჭიროზე მეტს ხარჯავ, ბევრ ფულს ისვრი განცხრომაზე, ტანისამოსზე და სხვა ფუფუნების საგნებზე, ნაწილს კი მსახურებსა და პირუტყვზე; ხოლო ღარიბი არა ზედმეტს გთხოვს, არამედ მხოლოდ იმას, რომ თავისი შიმშილი იკლოს და აუცილებელი მოთხოვნილება დაიკმაყოფილოს — დღის პური ჰქონდეს, რომ სიცოცხლე შეინარჩუნოს და არ მოკვდეს. შენ კი ამის გაკეთებაც არ გინდა და არ ფიქრობ, რომ სიკვდილმა შეიძლება მოულოდნელად გიტაცოს; და მაშინ შენ მიერ შეგროვებული ყოველივე აქ დარჩება და, შესაძლოა, შენი მტრებისა და მოძულეთა ხელში გადავა, ხოლო შენ წახვალ, მხოლოდ ყველა ცოდვას წაიღებ, რომლებითაც ამას აგროვებდი. და რას იტყვი მაშინ, იმ საშინელ დღეს? რით გამართლდები, ვინც ასე უდარდელი ხარ საკუთარი ცხონების მიმართ? ამიტომ მომისმინე და, სანამ ჯერ კიდევ დროა, ზედმეტი ფული გაუნაწილე, რათა ამგვარად იქ შენი ცხონება მოამზადო და იმ საუკუნო სიკეთეთა საზღაურის ღირსი გახდე...