1.მაშინ მღვდელმთავარმა უთხრა: ნუთუ მართლა ასეა ეს?2.ხოლო მან თქვა: კაცნო, ძმანო და მამანო, მისმინეთ: ღმერთი დიდებისა ეჩვენა მამას ჩვენსას აბრაამს შუამდინარეთში ყოფნისას, ხარანში მის დასახლებამდე,3.და უთხრა მას: გამოდი შენი ქვეყნიდან და შენი სანათესაოდან და წადი იმ ქვეყანაში, რომელსაც მე გიჩვენებ.4.მაშინ გამოვიდა ქალდეველთა ქვეყნიდან და ხარანს დასახლდა, ხოლო მამამისის სიკვდილის შემდეგ ღმერთმა გადმოასახლა ამ ქვეყანაში, სადაც ახლა თქვენ სახლობთ.5.ტერფის ოდენა მიწაც კი არ მიუცია იქ სამკვიდროდ, მაგრამ აღუთქვა, რომ მის შემდეგ სამკვიდრებლად მისცემდა მასაც და მის თესლსაც, თუმცა ჯერ კიდევ არ ჰყავდა შვილი.6.და უთხრა ღმერთმა, რომ მისი თესლი ხიზნად იქნებოდა უცხო ქვეყანაში, დამონებული და დაბეჩავებული ოთხას წელიწადს.7.„მაგრამ მე განვსჯი იმ ხალხს, რომელიც მას დაიმონებს, თქვა ღმერთმა; ამის შემდეგ კი გამოვა იქიდან და ამ ქვეყანაში მემსახურება მე“.8.და მისცა მას წინადაცვეთის აღთქმა; შეეძინა ისააკი და წინადასცვითა მას მერვე დღეს, ხოლო ისააკმა - იაკობს, იაკობმა კი - თორმეტ მამამთავარს.9.მამამთავრებს შურდათ იოსებისა და ეგვიპტეში გაყიდეს იგი; მაგრამ ღმერთი იყო მასთან.10.განარიდა იგი ყველა გასაჭირს და მისცა მას მადლი და სიბრძნე ფარაონის, ეგვიპტელთა მეფის წინაშე, რომელმაც ეგვიპტისა და მთელი თავისი სახლის გამრიგედ დაადგინა იგი.11.ჩამოვარდა შიმშილობა და დიდი გაჭირვება მთელს ეგვიპტესა და ქანაანში, და ვეღარ შოულობდნენ საზრდოს ჩვენი მამები.12.ხოლო იაკობმა გაიგო, რომ ეგვიპტეში არის პური, და გაგზავნა პირველად ჩვენი მამები.13.მეორედ კი გამოეცნაურა იოსები თავის ძმებს, და შეიტყო ფარაონმა იოსების გვარი.14.გაგზავნა იოსებმა ხალხი და მოიხმო მამამისი იაკობი და მთელი თავისი საგვარეულო, სამოცდათხუთმეტი სული.15.ჩავიდა იაკობი ეგვიპტეში, სადაც აღესრულა ისიც და ჩვენი მამებიც.16.გადმოასვენეს ისინი სიქემს და დაკრძალეს სამარხში, ვერცხლის ფასად რომ ეყიდა აბრაამს ემორ სიქემელის ძეთაგან.17.როდესაც მოახლოვდა აღთქმის აღსრულების ჟამი, ღმერთმა რომ მისცა აბრაამს, გამრავლდა და გაძლიერდა ხალხი ეგვიპტეში18.იმ დრომდე, როცა ეგვიპტეში აღდგა სხვა მეფე, რომელიც არ იცნობდა იოსებს.19.ის მზაკვრობდა ჩვენი მოდგმის მიმართ, ავიწროებდა ჩვენს მამებს და აიძულებდა გადაეყარათ თავიანთი ახალშობილნი, რომ არ ეცოცხლათ.20.ამ დროს დაიბადა მოსე; უყვარდა იგი ღმერთს და სამი თვე იზრდებოდა მამამისის სახლში.21.ხოლო როდესაც გადააგდეს, ფარაონის ასულმა აიყვანა და შვილივით გაზარდა იგი.22.განისწავლა მოსე ეგვიპტელთა მთელი სიბრძნით და იყო ძლიერი სიტყვით და საქმით.23.ხოლო როცა ორმოცი წლისა შესრულდა, თავისი ძმების, ისრაელის ძეთა სანახავად გაუწია გულმა.24.დაინახა, რომ ერთს ჩაგრავდნენ, გამოესარჩლა, განგმირა ეგვიპტელი და ჩაგრულის შური იძია.25.ეგონა გაუგებდნენ ძმები, რომ ღმერთი მისი ხელით იხსნიდა მათ, მაგრამ ვერ გაუგეს.26.მეორე დღეს გამოჩნდა მათ შორის, როცა ერთმანეთში ჩხუბობდნენ, ზავისკენ მოუწოდა და უთხრა მათ: კაცნო, ძმები ხართ, რატომ შეურაცხყოფთ ერთმანეთს?27.მაგრამ მოყვასის შეურაცხმყოფელმა ხელი ჰკრა მას და უთხრა: ვინ დაგაყენა შენ ჩვენს მთავრად და მსაჯულად?28.იქნებ ჩემი მოკვლაც გწადია, როგორც მოჰკალი გუშინ ეგვიპტელი?29.ამ სიტყვების გაგონებისას გაიქცა მოსე და მადიამის მხარეში გადაიხვეწა, სადაც შეეძინა ორი ვაჟი.30.ორმოცი წელი რომ გავიდა, ეჩვენა მას უფლის ანგელოზი ცეცხლმოდებული მაყვლოვანის ალში.31.გაოგნდა ამ ჩვენების შემყურე მოსე, ხოლო როცა სამზერად მიუახლოვდა, უფლის ხმა შემოესმა:32.„მე ვარ შენი მამების ღმერთი, ღმერთი აბრაამისა, ისააკისა და იაკობისა“. შეძრწუნებულმა მოსემ ვეღარ გაბედა შეხედვა.33.უთხრა მას უფალმა: „გაიძრე ხამლები ფეხზე, ვინაიდან ეგ ადგილი, სადაც დგახარ, წმიდა მიწაა.34.ხილვით ვიხილე ჩემი ხალხის გაჭირვება ეგვიპტეში, ვისმინე მისი გმინვა და ჩამოველ მის დასახსნელად; ახლა კი წადი, ეგვიპტეში წარგგზავნი შენ“.35.ეს მოსე, რომელიც მათ უარყვეს და უთხრეს: ვინ დაგაყენა შენ ჩვენს მთავრად და მსაჯულადო, სწორედ ეს წარგზავნა ღმერთმა მთავრად და მხსნელად ანგელოზის ხელით, მაყვლოვანში რომ ეჩვენა მას.36.მან გამოიყვანა ისინი და მოახდინა სასწაულები და ნიშები ეგვიპტის ქვეყანაში, მეწამულ ზღვაზე და უდაბნოში ორმოცი წლის მანძილზე.37.ეს არის მოსე, რომელმაც უთხრა ისრაელის ძეთ: უფალი ღმერთი თქვენს ძმათაგან აღგიდგენთ ჩემნაირ წინასწარმეტყველს: მას უსმინეთ.38.ეს არის, ვინც იყო უდაბნოს საკრებულოში, სინას მთაზე მასთან მოსაუბრე ანგელოზსა და ჩვენს მამებთან ერთად; ვინც მიიღო სიტყვანი სიცოცხლისა, რათა მოეცა ჩვენთვის;39.ვისი მორჩილებაც არ ისურვეს ჩვენმა მამებმა, არამედ განუდგნენ და ეგვიპტისაკენ მიიქცნენ თავიანთი გულით.40.და უთხრეს აარონს: შეგვიქმენი ღმერთები, რომლებიც გვიწინამძღვრებენ: ვინაიდან არ ვიცით, რა შეემთხვა მოსეს, რომელმაც გამოგვიყვანა ეგვიპტის ქვეყნიდან.41.შექმნეს იმ დღეებში ხბო. მსხვერპლი შესწირეს და შეჰხაროდნენ მათივე ხელით ქმნილს.42.მაშინ ღმერთმა პირი იბრუნა მათგან და ციური ლაშქრის სამსახურს მიანება ისინი, როგორც წერია წინასწარმეტყველთა წიგნში: „სახლო ისრაელისა, თუ მოგიტანიათ ჩემთვის მსხვერპლი და ძღვენი უდაბნოში ორმოც წელიწადს?43.თქვენ მიიღეთ მოლოხის კარავი და ვარსკვლავი თქვენი ღმერთის რაიფანისა, ხატებანი, რომელნიც შეჰქმენით, რათა თაყვანი გეცათ მათთვის; ამიტომაც გადაგასახლებთ ბაბილონს მიღმა“.44.მოწმობის კარავი ჩვენს მამებთან იყო უდაბნოში, როგორც უბრძანა მოსეს მასთან მოლაპარაკემ, შეექმნა იგი მის მიერ ხილული ხატის მსგავსად.45.ჩვენმა მამებმა მიიღეს იგი და იესოსთან ერთად შედგანეს იმ ხალხების სამკვიდრებელში, რომლებიც განდევნა ღმერთმა ჩვენი მამების წინაშე; ასე იყო დავითის დრომდე.46.მან ჰპოვა მადლი ღვთის წინაშე და ითხოვა, რომ ეპოვა იაკობის ღმერთის სავანე.47.სახლი კი სოლომონმა აუგო მას.48.მაგრამ უზენაესი ხელთქმნილ ტაძრებში როდი მკვიდრობს, როგორც ამბობს წინასწარმეტყველი:49.„ცა ტახტია ჩემი და მიწა - ჩემი ფეხის კვარცხლბეკი, ამბობს უფალი, როგორ სახლს ამიგებთ, ან რა ადგილს მომიჩენთ განსასვენებლად?50.განა ჩემმა ხელმა არ შექმნა ყოველივე ეს?“51.ქედფიცხელნო, გულითა და ყურით წინადაუცვეთელნო, გამუდმებით რომ ეურჩებით წმიდა სულს, თქვენცა და თქვენი მამებიც.52.რომელ წინასწარმეტყველთაგანს არ დევნიდნენ თქვენი მამები? მათ დახოცეს წინასწარმაუწყებელნი მართლის მოსვლისა, ვისი გამცემნი და მკვლელები ახლა თქვენ გახდით.53.თქვენ, რომელთაც მიიღეთ რჯული ანგელოზთა ბრძანებით, მაგრამ არ შეინახეთ იგი.54.ამას რომ ისმენდნენ, გულზე სკდებოდნენ და კბილებს ილესავდნენ მასზე.55.ხოლო მან, სულით წმიდით აღვსილმა, ცას ახედა და იხილა დიდება ღვთისა და ღვთის მარჯვნივ მდგომი იესო.56.მაშინ თქვა: აჰა, ვხედავ გახსნილ ცას და კაცის ძეს, ღვთის მარჯვნივ მდგომს.57.ხოლო ისინი ხმამაღლა აყვირდნენ, ყურები დაიცვეს და ერთად მისცვივდნენ მას.58.ქალაქგარეთ გაიყვანეს და ქვები დაუშინეს; მოწმეებმა კი თავიანთი სამოსი ფერხთით დაუწყვეს ერთ ჭაბუკს, რომელსაც ერქვა სავლე.59.ქვებს რომ უშენდნენ, სტეფანე ღაღადებდა და ამბობდა: უფალო იესო, მიიბარე ჩემი სული.60.მუხლი მოიყარა და შესძახა: უფალო, ნუ მიუთვლი მათ ამას ცოდვად. ესეცა თქვა და სული განუტევა.
ხოლო სტეფანე სავსე იყო მადლითა და ძალითა, იქმოდა ნიშებსა და სასწაულებსა დიდ-დიდსა ერსა შორის (6,8).
თარგმანი: იხილე, ვითარ შჳდთა დიაკონთაცა შორის ჯერ-იყო ყოფაჲ უპირატესისაჲ, ვითარ-ესე იყო სტეფანე, რომელი ვინაჲთგან ნათლისღებისა მიერ სავსე იყო სულითა წმიდითა და აქუნდა არა ლიტონი ოდენ, არამედ ძლიერი და მდიდარი სარწმუნოებაჲ, რამეთუ ორ-სახე არს სარწმუნოებაჲ: პირველი-იგი — ახალთაჲ, რაჲთა ჰრწმენეს და ნათელიღონ, ხოლო მეორე — სრულთაჲ, რაჲთა აქუნდეს სარწმუნოებაჲ სასწაულთა მოქმედებისაჲ, ვიდრე მთათა...
...ცდომილებას, არამედ გამოავლინა მოშურნეობა ღვთისადმი სათნოყოფაში, ამიტომ ჯერ კიდევ ქალდეის მიწაზე ზეციური მოხილვის ღირსი გახდა. ამის შესახებ ძალიან ნათლად მოწმობს ნეტარი სტეფანე, რომელიც ამბობს: „ღმერთი დიდებისაჲ ეჩუენა მამასა ჩუენსა აბრაჰამს, ვიდრე იყო-ღა იგი შუა მდინარეს, პირველ დამკჳდრებისა მისისა ქარანს შინა" (). შენ იცი, როგორ გამოიწვია ამ გამოცხადებამ მისი წამოსვლა იქიდან. რასაკვირველია, ის ღვთისადმი სათნოყოფით, მშობლების მიმართაც პატივისცემას იჩენდა; მაგრამ მამამაც ისე უყვარდა, რომ მისი გულისთვის თავადაც წავიდა იქიდან და შვილისადმი სიყვარულის გამო სამშობლოს დატოვება და უცხო ქვეყანაში დამკვიდრება გადაწყვიტა. მაგრამ ყურადღებით შეხედე, როგორ სწორედ ღვთის ეს მოხილვა, რომელიც მისი პირველი სათნოებებისთვის ეღირსა, ამ სათნოებებს კიდევ უფრო ბრწყინვალეს ხდის. მან გადაწყვიტა სამშობლოს მიწა დაეტოვებინა და უცხოეთში დამკვიდრებულიყო, რათა ღვთის ბრძანება აღესრულებინა. და მზად იყო, მეჩვენება, ნათესავების გარეშეც, მარტომ თავისთავად დაეწყო მოგზაურობა, მაგრამ, როგორც ადრე ვთქვი, ამ კაცის სათნოებამ და მშობლებისადმი სიყვარულმა მამაც წამოყოლებას აიძულა.
როცა ხარანში მივიდნენ, იქ კარავი აღმართეს. ხოლო თარას სიკვდილის შემდეგ (ასე ერქვა მის მამას), ღმერთი...
...ოცვამდე მიიყვანა; კაცთმოყვარეობის სიმზადრე კი ის, რომ როგორც კი მოუხმეს, მაშინვე მოიხედა მათკენ. ეს მან წინათ ეგვიპტეში მყოფთათვისაც გააკეთა. ამიტომაც ამბობს: „ხილვით ვიხილე ჭირი ერისა ჩემისაჲ რომელ არს ეგჳპტეს და სულ-თქუმანი მათნი შეისმინეს და გარდამოვჴედ განრინებად მათა“ ().ამიტომ შენც, საყვარელო, როცა ჭირში იქნები, ნუ სასოწარკვეთ და ნუ მოდუნდები, არამედ მაშინ განსაკუთრებით აღიმართე; რადგან მაშინ ლოცვები უფრო წმინდაა და ღმრთისგან მომავალი კეთილგანწყობა უფრო დიდია. მთელი ცხოვრებაც ისე გაატარე, თითქოს სიცოცხლე შენთვის შრომით სავსე იყოს, იმის ცოდნით, რომ „და ყოველთავე რომელთა ჰნებავს ღმრთის მსახურებით ცხორებაჲ ქრისტე იესუჲს მიერ, იდევნენ.“ (), და რომ „მრავლითა ჭირითა ჯერ-არს ჩუენდა შესლვაჲ სასუფეველსა ღმრთისასა.“ ()ამიტომ ნუ შეიყვარებ ნებიერ და მოდუნებულ ცხოვრებას, ნურც ფართო გზაზე სვლას მოისურვებ (რადგან ეს გზა ზეცისკენ არ მიდის), არამედ ვიწროსა და შეჭირვებულს.
...თხვევაში თვით ქმნილებაც ირყეოდა, უწყვეტი მუქარები იყო, განუწყვეტელი სასჯელები, ზედიზედ სასწაულები, წინასწარმეტყველთა სრბანი, სჯულმდებლის შიში, ომების მუქარები, ბარბაროსთა თავდასხმები, ღვთივმოვლენილი რისხვები და ციდან მოვლენილი შიშები; და მაინც რჩებოდნენ, როგორც წერილი ამბობს, „ქედ-ფიცხელნო და წინა-დაუცუეთელნო“ (), ჯიუტნი და დაუთმობელნი; წარმართების შემთხვევაში კი საკმარისი აღმოჩნდა უბრალო სიტყვა და მხოლოდ სმენა, და ყველანი მაშინვე მიისწრაფვოდნენ. ამასვე მიანიშნებდა დავითიც, როცა ამბობდა: „ერმან, რომელ არა ვიცოდე, მმონა მე“ (); და, გაოცებული იმით, თუ როგორ დაემორჩილა ის ხალხი, ამატებდა: „მორჩილებითა ყურისათა ისმინა ჩემი“ ().ამავე აზრს იაკობიც უფრო საიდუმლოდ წარმოაჩენდა, როცა ამბობდა: „და გამოაბას ვენაჴსა კიცჳ მისი და რქასა ვენაჴისსა კიცჳ ვირისა მისისაჲ“ ().და მაინც, ვინ უნახავს ვაზის რქაზე გამობმული კვიცი, ვენახთან მდგარი და ნაყოფს რომ არ აფუჭებდეს?...